რა ტკივილს შეეჯახა ადრეულასაკში ფიქრია ჩიხრაძე და რატომ არ სჯეროდა არავის, როცა ის აშავებდა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 01.11, 2023 წელი
ფიქრია ჩიხრაძის „უცნობი მხარე“ 👇
– ვინ არის ფიქრია ჩიხრაძე?
ფიქრია ჩიხრაძე: ქართველი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი სამშობლო, მაგრამ არა იზოლირებულად, არამედ სამყაროს ნაწილად და რომლისთვისაც ყველაფერი სამშობლოს გარშემო ტრიალებს.
– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?
– ალბათ, კი. რაღაც მომენტებში გიწევს ასე მოქცევა. მაგალითად, სულ არ მიყვარს უთოობა და ფანჯრების წმენდა, მაგრამ რას ვიზამთ, მიწევს (იცინის).
– გულჩვილი ხართ?
– ყოველთვის ასეთი ვიყავი და რაც ასაკი მემატება, კიდევ და კიდევ უფრო გულჩვილი ვხდები. ძალიან ბანალურ ამბავზეც შეიძლება, თვალებზე ცრემლები მომადგეს და თავი ვერ შევიკავო. სტუდენტობის დროს, როდესაც ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში ვიყავი ჩართული, თუ წინ რამე გადაგვეღობებოდა, ძალიან მარტივად ვიწყებდი ტირილს. სასაცილო ამბავი გამოდიოდა და მალე მოვიშალე ეს ჩვევა.
– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?
– რაჭაში გახლდით ბოლო პერიოდში, სტიქიური უბედურების შემდგომ. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი ცრემლი დაიღვარა იქ, არა მხოლოდ ჩემი. ძალიან ბევრ ამ ადამიანს პირადად ვიცნობდი, იქიდან გამომდინარე, რომ რაჭველი ვარ. გარდაცვლილებიდან ზოგი ნათესავი, ზოგი ახლობლის ახლობელი იყო, ზოგის შესახებ წარმოდგენა მქონდა და ასე შემდეგ. ძალიან ძლიერი ემოცია იყო. ცნობილი ტრაგიკული პერსონა, რომელმაც მთელი ოჯახი დაკარგა და თოჯინათი ხელში ფოტოთი იცნობენ, რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგა ჩემგან, მაგრამ იმდენად მოსიარულე ტკივილად ქცეული ადამიანი იყო, არ მეყო ძალა, რომ მივსულიყავი და დავლაპარაკებოდი.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე ცუდ საქციელად?
– განზრახ ჩადენილი ცუდი საქციელი, საბედნიეროდ, არ მახსენდება. რაც ყოველთვის მაწუხებდა ჩემს თვისებებში, ეს არის საქმის გადადება. მაგალითად, გადამიდია ადამიანისთვის მადლობის თქმა, თუნდაც, სიხარულის მინიჭება მისთვის. მერე დრო გასულა და მიფიქრია, რომ უკვე ხელოვნური იქნებოდა და შანსი ხელიდან გამიშვია. არაერთხელ მომხდარა ისე, რომ მერე ეს ადამიანები გარდაცვლილან და გულში დარდად დამრჩა ის, რაც მათდამი ვერ გამოვხატე, სიხარული ვერ მივანიჭე სრულიად უაზრო თვისების – გადადების გამო.
– რა გააკეთეთ ბოლო პერიოდში პირველად?
– ორი წლის წინ საჭესთან დავჯექი და მინდა, გითხრათ, რომ ძალიან წარმატებულად. სულ მქონდა განცდა, რომ მარტივად ვისწავლიდი მართვას, მაგრამ ამ დრომდე არ გამომივიდა, რომ საკუთარი მანქანა მყოლოდა.
– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ...
– მაინცდამაინც ორგანიზებული და მოწესრიგებული ადამიანი არ ვარ. ამიტომ ძალიან გამიჭირდა, როდესაც გიორგი მარგველაშვილთან ვმუშაობდი პოლიტიკურ მრჩევლად. თქვენ წარმოიდგინეთ, როგორია პრეზიდენტის პროტოკოლი. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ მობილიზებას მოითხოვს, განსაკუთრებით ოფიციალური ვიზიტების დროს, არსად არ უნდა დაგაგვიანდეს. ისე ვიტანჯებოდი, მით უმეტეს, უცხოეთში, რომ ჩვენი ადმინისტრაციის პროტოკოლის თანამშრომლები ჩემ გამო ოფლში იწურებოდნენ (იცინის). ყველაზე გვიან მე ვჯდებოდი მანქანაში, ყველაზე გვიან მე ვდგებოდი მისალმების ხაზზე და ასე შემდგომ. მუდმივად მიჭირდა ამ საკითხების ორგანიზება და ამიტომ არ მიყვარს ამ ტიპის სამსახური. მირჩევნია, ბევრად თავისუფალი ვიყო. იყო შემთხვევა, როცა ხელს დამავლებდნენ და ლამის ჰაერში აწეულს მიმაქანებდნენ მანქანისკენ (იცინის).
– ოდესმე რამე მოგიპარავთ?
– კი (იცინის). სტუდენტობის პერიოდში აწყურში დავდიოდით ფილოლოგები, აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის წინასარესტავრაციო სამუშაოებს ვატარებდით. იქ იყო კოლექტივის ბაღები და ხშირად წაგვიცდებოდა ხოლმე ხელი ხილზე თუ ტაროზე. სოფელშიც, ბავშვობაში მე და ჩემი მეგობრები ხშირად ერთმანეთის ბაღებშიც შევსულვართ და ბებია-ბაბუებისთვის ხილი მოგვიპარავს. ერთხელ, გამოგვიჭირეს და ბებიასა და ბაბუასთან მივიდნენ იმის სათქმელად, რომ მათი შვილიშვილები ხილს ჰპარავდნენ. ბაბუა ყველაფერს წარმოიდგენდა, მაგრამ ჩემგან ამას ვერ დაიჯერებდა და მე მეკითხებოდა, რა მოხდა სინამდვილეშიო. ვუთხარი, რომ ეს სიმართლე იყო, მაგრამ მაინც დარწმუნებული იყო, რომ სხვის დანაშაულს ვიღებდი ჩემს თავზე (იცინის). სკოლაშიც მქონდა მსგავსი შემთხვევა. მე და ჩემი მეგობრები ძალიან ცელქები ვიყავით, თან, უკვე საკმაოდ დიდები. ერთხელ, ძალიან სწრაფად გამოვრბოდით დერეფანში და კარს ისეთი ძალით დავეჯახე, რომ მოვგლიჯე. სკოლის ხელმძღვანელობა რომ მოვიდა, ვთქვი, რომ ეს მე გავაკეთე. სასწავლო ნაწილმა გამიხმო და მითხრა, ნუ იღებ შენს თავზე, მითხარი, სინამდვილეში ვინ გააკეთა და არ დავსიჯითო (იცინის). მაშინაც ეგონათ, რომ ცოტნე დადიანობას ჰქონდა ადგილი (იცინის).
– ბოლოს როდის მოიტყუეთ და რა?
– უმტკივნეულო ტყუილი ხშირად მითქვამს. მაგალითად, სადმე რომ არ მინდა წასვლა, ვამბობ, რომ სადღაც მივდივარ დაკრძალვაზე. მეტი დამაჯერებლობისთვის, ერთი პერიოდი, თბილისთან ახლოს მდებარე ქალაქი მქონდა ამოჩემებული და ასეთ დაკრძალვებზე სულ იქ დავდიოდი (იცინის). მერე მეუბნებოდნენ, გაეშვი ამ ქალაქს, სხვა მოიფიქრეო (იცინის). ასეთ მარტივ ტყუილებზეც იმდენს ვფიქრობ, სერიოზულის თქმა ნამდვილად არ შემიძლია (იცინის).
– რისი კეთება გსიამოვნებთ ყოფითი საქმეებიდან?
– არ მიყვარს საჭმელების კეთება. არასდროს მომიმზადებია ხორციანი კერძი. არ მიყვარს ხორცთან შეხება. მთლად ვეგეტარიანელი არ ვარ, მაგრამ მაგალითად, ქათმის ხორცი არასდროს მიჭამია, რადგან ქათმები ძალიან მიყვარს. თუ მოვინდომებ, უფრო სალათებს ვაკეთებ. ტკბილი დიდად არ მიყვარს და არც არასდროს გამიკეთებია. სამაგიეროდ, მიყვარს სახლის დალაგება. ეს შინ ყოფნის განცდას მიძლიერებს. ადრე უფრო გარეთ გავარდნილი ადამიანი ვიყავი, ახლა ვცდილობ – ნაკლებად. თბილისში ეზო არ მაქვს, მაგრამ რაჭაში ძალიან მიყვარს ეზოს საქმეები.
– ყველაზე დიდი ტკივილი როდის განიცადეთ?
– საყვარელი ადამიანების გარდაცვალება არის ძალიან ძლიერი ტკივილი. ადრეული ბავშვობიდან შევეხე ამ ტკივილს. თანაკლასელი გარდაგვეცვალა მეოთხე კლასში რომ ვსწავლობდით – გია კირვალიძე. ეს დიდი ტკივილი იყო ჩვენთვის. პატარები ვიყავით იმის აღსაქმელად, თუ რა მოხდა. მერე დრო გადის და ხვდები, რომ ცხოვრება სავსეა ასეთი ტკივილებით. ჩემი უსაყვარლესი მეგობრის – დალი გვენცაძის სიკვდილს დღემდე ვერ ვეგუები, მიუხედავად იმისა, რომ დიდხანს ვიცოდით, რაც იყო მოსალოდნელი.
– ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ, არის...
– დიდად ამაყი ადამიანი არ ვარ, თუმცა, ბევრი ისეთი ნაბიჯი გადამიდგამს, რომელიც შეიძლება, საზოგადოების მცირე ნაწილს ესმოდა, მაგრამ მე მიმაჩნდა, რომ სწორი იყო და გავაკეთე. შეიძლება, ჩემი პოლიტიკური იმიჯი დამიზიანებია კიდეც ამით, მაგრამ როცა ფიქრობ, რომ სწორად იქცევი, უკან არ უნდა დაიხიო და ჩემს მეგობრებთან ერთად ბევრჯერ მოვქცეულვარ ასე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




