რა ტკივილმა უბიძგა მარია ჭიჭიაშვილ-სიყმაშვილს მინიატურული ფიგურების შექმნისკენ და როგორ მიაღწია მან წარმატებებს უცხოეთში
ავტორი: მარიამ დვალაშვილი 14:21 08.11
მარია ჭიჭიაშვილი-სიყმაშვილის ნამუშევრები გულგრილს არავის ტოვებს. სხვადასხვა მასალისგან ნაძერწი მინიატურული ფიგურები მნახველზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს და ჯადოსნურ სამყაროში გადაჰყავს. მარია ემიგრაციაში ცხოვრობს და ოცნებობს, რომ სამშობლოში გამოფენით დაბრუნდეს.
– ხელოვნებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ბავშვობიდანვე ჩამომიყალიბდა. ჩემზე გავლენა მშობლებმა და იმ გარემომ მოახდინა, რომელშიც ვიზრდებოდი: მამა მხატვარი და მოქანდაკე იყო, დედა კი – საუკეთესო კულინარი იყო, ამიტომ სახლში მუდამ რაღაც საინტერესო იქმნებოდა. ეს იყო სივრცე, სადაც ყოველდღიურობა ხელოვნებით იყო გაჟღენთილი. მახსოვს, როგორ ვუყურებდი მამას, როცა ხატავდა ან თიხას აქცევდა ფიგურებად და ვგრძნობდი, რომ ეს პროცესი რაღაც მაგიური იყო – არაფრისგან რაღაც მშვენიერი იბადებოდა.
ამასთან ერთად, ხელოვნებისადმი ჩემი სიყვარული ბავშვობიდანვე იყო ერთგვარი თავშესაფარი. ხელოვნება ჩემთვის ის ადგილი იყო, სადაც შემეძლო მეპოვა სიმშვიდე, საკუთარ ფიქრებს ჩავწვდომოდი და თავისუფლად გამომეხატა ის, რასაც სხვებთან ვერ ვამბობდი. თითოეული ფერი, ფორმა და დეტალი საკუთარ ემოციებთან და მოგონებებთან მაკავშირებდა. მახსოვს, ბავშვობაში, როცა რაიმე ხის ფუღუროს დავინახავდი, აგურის ჩამოტეხილ ნაწილებს თუ ძველი ხის სკამის გაცვეთილ კიდეებს, ჩემს წარმოსახვაში მაშინვე ვაძლევდი „დანიშნულებას“, წარმოვიდგენდი, რომ იყო პატარა სახლი, სადაც ცხოვრობდნენ პატარა ადამიანები და თითოეულ მათგანს ჰქონდა საკუთარი ცხოვრება.
– რა პროფესიის ხართ?
–პროფესიით უცხო ენების ფილოლოგი ვარ, მაგრამ, არასოდეს მიმუშავია ჩემი სპეციალობით. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემი ადგილი უფრო შემოქმედებითი სამყაროსკენ იყო მიმართული.
– როგორია თქვენი ემიგრაციაში წასვლის ისტორია?
– ეს ისტორია, დაახლოებით, 25 წლის წინ დაიწყო. ეს იყო ძალიან დიდი ცვლილება ჩემს ცხოვრებაში, რადგან მომიწია სამშობლოდან შორს წასვლა და სრულიად უცხო გარემოში საკუთარი ადგილის პოვნა. თავიდან ევროპაში სასწავლო პროგრამით მოვხვდი – პირველ ეტაპზე იყო დროებითი, მაგრამ საბოლოოდ ეს აღმოჩნდა ჩემი ცხოვრების ახალი და საინტერესო ფურცლის დასაწყისი.
რამდენიმე ქვეყანაში ვცხოვრობდი – გერმანიაში, ინგლისში, ასევე, ვმოგზაურობდი ევროპის ქვეყნებში. თუმცა, საბოლოოდ ესპანეთში დავრჩი. ესპანეთმა ჩემში განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია. აქ ცხოვრება ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ემიგრაცია. აქ შევქმენი ოჯახი, მყავს ერთი შვილი და ესპანეთი ჩემი მეორე სამშობლო გახდა.
თავიდან ეს ყველაფერი არ იყო ადვილი – ახალი გარემო, ახალი ენა, კულტურული განსხვავებები. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და შევეჩვიე.
– საკუთარი შესაძლებლობები ბევრ სფეროში მოსინჯეთ და საკმაოდ წარმატებულად, ამაზეც მოგვიყევით.
– მართლაც, ჩემი კარიერული გზა მრავალფეროვანი და თავგადასავლებით სავსეა, რადგან ყოველთვის ვცდილობდი, საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში მომესინჯა. თავდაპირველად განსაკუთრებული ინტერესი ფოტოგრაფიამ გამიჩინა. ჩემთვის 2007 წელი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც ჩემი ფოტოები წლის საუკეთესო ფოტოებად აირჩიეს. ეს აღიარება ჩემთვის დიდი სტიმული გახდა და დამეხმარა, რომ შემოქმედებითი თვალსაზრისით უფრო ღრმად ჩამეძია და ახალი ხედვები აღმომეჩინა.
შემოქმედებით სფეროში ერთ-ერთი გამორჩეული ეტაპი კულინარია აღმოჩნდა. ფოტოგრაფიიდან კულინარიაზე გადასვლა თითქოს ბუნებრივი გაგრძელება იყო – ისევ ვიზუალურ და ესთეტიკურ სილამაზესთან მჭიდრო კავშირი, მაგრამ ამჯერად გემოებთან და არომატებთან შერწყმული. მონაწილეობა მივიღე სხვადასხვა კულინარიულ შეჯიბრებებში, სადაც წარმატებასაც მივაღწიე – რამდენჯერმე პირველი ადგილი ავიღე და კიდევ უფრო მიმიზიდა ამ სფერომ. გარდამტეხი მომენტი კი ინგლისში, მანჩესტერში დაიწყო, სადაც ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში მთავარი კონდიტერი გავხდი. ეს იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და გამოწვევა. ჩვენს რესტორანს სხვადასხვა ცნობილი პიროვნება სტუმრობდა და ჩემთვის უდიდესი სიამოვნება იყო, როცა ისინი ჩემი ხელით მომზადებულ დესერტებს აგემოვნებდნენ. მალევე მივიღეთ ყველაზე პრესტიჟული ჯილდო – მიშლენის ვარსკვლავი. ეს იყო უდიდესი მიღწევა, რომელიც მთელი გუნდის შრომის შედეგი იყო. თუმცა, ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. მალევე გადავწყვიტე ახალი გამოწვევების მიღება და საცხოვრებლად ლონდონში გადავინაცვლე, სადაც „ჰოლიდეი ინის“ მთავარი კონდიტერი გავხდი. აქაც მივიღე არაერთი ახალი გამოცდილება და გავიცანი ბევრი საინტერესო ადამიანი, რაც კიდევ უფრო მომცემდა მოტივაციას, რომ ჩემი საქმე უფრო და უფრო მაღალ დონეზე შემესრულებინა.
– როდის გაიხსენეთ „მივიწყებული“ ხელოვნება და დაიწყეთ მუშაობა?
– მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ხელოვნების სამყაროში ვიზრდებოდი, მინიატურების შექმნა ჩემთვის ყოველთვის წარმოუდგენელი იყო. ვფიქრობდი, რომ ამის გაკეთება დიდი შრომასა და ნებისყოფას მოითხოვდა. ყველაფერი დედის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც თან ახლდა დიდი ტკივილი. დედის წასვლის შემდეგ, დიდხანს ვგრძნობდი სიცარიელეს, სიტყვებით ვერ ვხსნიდი იმ ემოციებს, რომლებიც ჩემში იყო დაგროვილი. მინიატურების შექმნის იდეაც სრულიად მოულოდნელად დაიბადა. ვერც წარმოვიდგენდი, რომ სიმშვიდეს მილიმეტრების ზომის რაღაც ფიგურაზე მუშაობა მომიტანდა. დავიწყე და თითქოს ყველაფერი შეიცვალა და თითოეული დეტალი, თუნდაც, უმნიშვნელო, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის. როდესაც მინიატურულ კომპოზიციებს ვქმნი, ვგრძნობ, რომ ერთდროულად ვიწყებ რაღაც ახალს, მაგრამ ამავე დროს ვაბრუნებ ძველ, ბავშვობის მოგონებებს. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ თავიდან არ ვიცოდი, როგორ უნდა გამეკეთებინა ეს პატარა ფიგურები. პროცესი იმდენად იდუმალი და მაგიური იყო, ვგრძნობდი, რომ ჩემთან ერთად სხვა ძალაც მუშაობდა. თითქოს დედა მკარნახობდა, როგორ უნდა გამეკეთებინა, რომელი ფერები გამომეყენებინა და როგორ მიმეღო სასურველი ეფექტი.
– „ფერადი ქალბატონი“, „ლუარსაბი და დარეჯანი“ და არა მხოლოდ… თქვენი ძალიან შთამბეჭდავი მინიატურებია და მთელი კომპოზიცია საკუთარი ხელით გაქვთ შექმნილი. ძალიან შრომატევადი ჩანს ეს ყველაფერი და საინტერესოა, რა შინაარსისა და ემოციების გადმოცემას ცდილობთ მათი მეშვეობით.
– ჩემთვის მინიატურული კომპოზიციების შექმნა ყოველთვის ემოციურია. „ფერადი ქალბატონი“ – ეს არის რეალური პერსონაჟი, რომელიც მიუხედავად ცხოვრების სირთულეებისა, ჰარმონიაშია თავის შინაგან სამყაროსთან. მისი ფერადოვნება გვახსენებს, რომ თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და შინაგანი სიმდიდრე აქვს.
„ლუარსაბი და დარეჯანი” კი სრულიად განსხვავებული კომპოზიციაა, დაფუძნებული ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებზე. ეს პერსონაჟები, თავიანთი ცხოვრების სტილით, თითქოს, სასაცილოა, თუმცა სინამდვილეში მათ ტრაგიკული ხასიათიც აქვთ. ლუარსაბი და დარეჯანი მთელი ცხოვრება ელოდნენ შვილის დაბადებას, ნანატრ ბედნიერებას, რომელიც არასოდეს მიეცათ. მათ უყვარდათ ცხოვრება, სმა-ჭამა და გარკვეულწილად ტკბებოდნენ იმით, რაც ჰქონდათ. თუმცა, ეს ყველაფერი ფუჭი აღმოჩნდა. ამ მინიატურაში მე ვცდილობდი, არა მხოლოდ მათი კომიკური ბუნება წარმომეჩინა, არამედ ის ტრაგიკული ფონი, რომელიც მათ ხასიათს თან ახლავს.
„ნიკალა” ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და ემოციური ნამუშევარია. ფიროსმანი ჩემთვის მხოლოდ მხატვარი არ არის. ის იყო ადამიანი, რომელიც სამყაროს სულ სხვა თვალით უყურებდა. ის იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო, ხელოვნებისა და გრძნობების გამო ყველაფერი დაეთმო. მისთვის მატერიალური არ არსებობდა, მისთვის შემოქმედება იყო სულის საზრდო.
რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, თითოეული კომპოზიციის შექმნა მართლაც შრომატევადი პროცესია. როცა იდეა ჩნდება, მაშინვე მუშაობას არ ვიწყებ. პირველ რიგში, ვცდილობ, ვიგრძნო ის ხასიათი, რომელიც ამ პერსონაჟს უნდა ჰქონდეს, წარმოვიდგინო დეტალურად ის, მისი გარემო, ჩემში დავაგროვო ემოციები და მერე ერთდროულად გადმოვიტანო მინიატურაში... შესაძლოა, რამდენიმე კვირა ან თვეც დამჭირდეს. ძალიან დიდ დროსა და მოთმინებას მოითხოვს თითოეული დეტალი: ფერები, ფორმები, ტექსტურები. ამ ყველაფერს მე საკუთარი ხელით ვაკეთებ, რათა თითოეული ნამუშევარი უნიკალური და განსაკუთრებული გამოვიდეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან