საზოგადოება

რა ტკივილმა დააწყებინა ხატვა მაიკო ბირკაძეს და როგორ მოიპოვა აღიარება მისმა ნამუშევრებმა

№24

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 20:00 19.06

მაიკო ბირკაძე
დაკოპირებულია

მაიკო ბირკაძემ ხატვა საკმაოდ დიდ ასაკში, დიდ ტკივილთან გასამკლავებლად დაიწყო. მიღებულმა შედეგმა, პირველ რიგში, თავად გააოცა, ნამუშევრების გამოქვეყნების შემდეგ კი მისმა საოცარმა ნიჭმა ყველას აღფრთოვანება გამოიწვია.

მაიკო ბირკაძე: ხატვა ჩემი ცხოვრების მეორე ნახევარში დავიწყე. ამ საქმემ დიდი სიხარული და ბედნიერება მაჩუქა. ეს ჩემთვის ღვთის საჩუქარია.

ყველაფერი სრულიად მოულოდნელად დაიწყო. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საშინელ მდგომარეობაში ვიყავი. ეს ძალიან მძიმე განცდა იყო, სევდა მგუდავდა. ერთხელაც, როდესაც ჩვეულებრივ, შვილიშვილს ვამეცადინებდი, მისი გუაშის გამომშრალი საღებავები მომხვდა თვალში და ხატვა მომინდა. დავიწყე და ნელ-ნელა საოცარი ნამუშევრები გამომივიდა. ჩემი ნახატები რამდენჯერმე სოციალურ ქსელებში განვათავსე და ხალხისგან ისეთი ემოცია და აღფრთოვანება წამოვიდა, რომ ძალიან დიდი სტიმული მომეცა. მგონია, რომ სტიმული ყველა ადამიანს სჭირდება, როცა პირველ ნაბიჯებს დგამს და ზუსტად ამან გააღვივა ჩემში არსებული ნაპერწკალი. ალბათ, ეს რომ არ ყოფილიყო, მაინც გავაგრძელებდი, მაგრამ შეიძლება ასე აქტიურად არ მეხატა. უნდა ვაღიაროთ, რომ ტაში და ოვაცია ყველა ადამიანს უხარია (იცინის).

– და თქვენ წინაშე სრულიად ახალი არეალი გადაიშალა...

– ასე მოხდა. თავის დროზე, მე ისეთ სპეციალობას დავეუფლე, რომელიც სიმართლე გითხრათ, ძალიანაც არ მაინტერესებდა. სამედიცინო ინსტიტუტში ვაბარებდი, მაგრამ იქ ვერ მოვხვდი და სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი დავამთავრე. გული მწყდებოდა, რომ სასურველი პროფესია ვერ ავირჩიე და მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერ სამსახურში ვმუშაობდი, თავს რეალიზებულ ადამიანად არ ვთვლიდი. ეს განცდა ხატვამ მომაშორა. უფლის მადლობელი ვარ, ხელოვნებამ ბევრი მოყვარული ადამიანი შემძინა, როგორც პიროვნებას და როგორც შემოქმედს, ძალიან მაბედნიერებს.

– ხატვა თვითონ ისწავლეთ?

– აბსოლუტურად. ისიც კი არ ვიცოდი, როგორი საღებავით უნდა მემუშავა, მაგრამ ყველაფერი ვისწავლე.

– ძალიან დიდი ტკივილი და სევდა ნიჭად და შესაძლებლობად გარდაგიქმნიათ.

– ნამდვილად ასე იყო. ერთხელ მითხრეს, შენი მეუღლის გარდაცვალება დასჭირდა შენს მხატვრად ჩამოყალიბებასო. ხატვას ძალიან დიდი დრო სჭირდება, რა თქმა უნდა, ემოციასთან ერთად. თუ ეს დრო არ გაქვს, მე ვფიქრობ, რომ ვერ შედგები ნორმალურ მხატვრად, რომელმაც ხელოვნებაში თავისი სიტყვა უნდა თქვას. მე მაშინ მომეცა დრო, როცა მარტო დავრჩი. ღვთის წყალობით, ოჯახი მაქვს, შვილი, შვილიშვილი, მაგრამ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მაინც სხვა ეტაპი იწყება, უფრო მეტად მარტოობის. მეც ეს დრო ხატვისთვის გამოვიყენე.

– თქვენს ნამუშევრებს საოცარი ფერები გამოარჩევს, როგორ არჩევთ მათ, ასევე თემებს ნახატებისთვის?

– როცა ხატვას ვიწყებ, არასდროს ვიცი, საბოლოოდ რა გამომივა. ნელ-ნელა მეხატება. ჩემს შემოქმედებას ნაწილებად ვყოფ. პირველი პერიოდის ნამუშევრები ადამიანთა სევდას გამოხატავს. ყველა მეუბნება, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ნათელ და მხიარულ ფერებს იყენებთ, თქვენი ნამუშევრები მაინც სევდიანიაო. ერთმა მითხრა კიდეც, თქვენ მაინც სევდიან ქალად რჩებითო. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ასე გამოდის. პირველი პერიოდის ნამუშევრებში, ძირითადად, პორტრეტული გამოსახულებებია. ჩემი ქალები ძალიან კდემამოსილები და განცდიანები არიან, იმავდროულად, მშვიდები და სევდიანები. მიუხედავად იმისა, რომ ნახატში ფერადი და მკვეთრი ფერებია, ნამუშევარი მაინც სევდიანი გამოდის.

რაღაც პერიოდში სიმშვიდე მოვიდა ჩემთან და იმ დროს ჩემი შემოქმედების ლურჯ ნაწილს ვეძახი. ამ პერიოდში ჩემს ნახატებში შაბიამნისფერი, ლურჯი და ოქროსფერი გახდა დომინანტი.

ჩემს ყველა ნახატს აქვს თვალი, რაც არ უნდა იყოს მასზე გამოსახული. თვალი სიმშვიდეს გამოხატავს. ერთმა ადამიანმა ჩემს „ჟირაფზე“ თქვა, ეს არის ადამიანი, რომელმაც ქარცეცხლიანი ცხოვრება გამოიარა, მაგრამ ღირსეულ ადამიანად დარჩაო. ჩემს ცხოველებს ყველა ადამიანებს ადარებს (იცინის).

– ნახატებში მტაცებელი ცხოველებიც ძალიან გაკეთილშობილებული გყავთ.

– დიახ, ადამიანურები. თვითონ ადამიანდებიან, მე ასე მგონია. მადლობა უფალს და მადლობა ჩემს მუზას, რომელიც მგონია, რომ მარჯვენა მხარზე მაზის (იცინის).

სანამ ხატვას დავიწყებ, ძალიან დიდხანს ვფიქრობ კომპოზიციაზე, რომ მეც მომეწონოს, მყიდველსაც და დროსაც გაუძლოს. მერე ვიწყებ მუშაობას ჩემს დიდ ტილოებზე და თუ შედეგი ჩემს გემოვნებაში არ ჩაჯდა, ბევრჯერ ვცვლი. ბევრჯერ გადავშლი, გადმოვშლი, სანამ სასურველ შედეგს არ მივაღწევ. ზოგი ნამუშევარი საკმაოდ დიდხანს იქმნება. მაგალითად, ჩემი შაბიამნისფერი ავაზა დიდხანს იხატებოდა. თან საოცარი ფონი აქვს, რომელიც ძალიან ბევრჯერ გადავაკეთე. ხატვის პროცესში ძალიან კარგ კომპოზიციებს ვქმნი და ნახატებიც მათი განწყობის შესაბამისი გამომდის.

– როგორც დირიჟორს არც თქვენ გაკლიათ აპლოდისმენტები. მუდმივად იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვისთვისაც თქვენი ნამუშევრები ძალიან ძვირფასია...

– ხალხის ასეთი სიყვარული უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე მაყენებს. ბევრ ნამუშევარზე მწერენ, რომ არ უნდა გაიყიდოს, რომ არ შეიძლება ის საქართველოდან გავიდეს. პროფესიონალისგან მომისმენია ძალიან სასიამოვნო კომენტარი „დადგა დრო, როცა თქვენი ნამუშევრები უნდა შეიძინონ მუზეუმებმა და არა მხოლოდ საქართველოშიო“. ცოტა არ იყოს, მერიდება ადამიანების, ზოგჯერ მეტირება კიდეც, ასე რომ მაფასებენ.

მხატვარი მხატვარს იშვიათად ეუბნება კომპლიმენტს და მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი ნამუშევრები მოსწონთ კულტურულ, განათლებულ ადამიანებს, ვისაც ბევრი აქვს ნანახი. ჩემს ნახატებს რომ კლიმტს ამსგავსებენ, ძალიან მიხარია. სრულიად უცნობი ადამიანები აზიარებენ ჩემს ნამუშევრებს და კითხულობენ, ეს კლიმტის დეიდაა? (იცინის)

საბოლოო ჯამში, ხატვამ ძალიან საინტერესო გახადა ჩემი ცხოვრება. მეორე სიცოცხლე დავიწყე და ამის შემდეგ რომც ვეღარაფერი შევქმნა, ვიტყვი, რომ ჩემი სიცოცხლე ჩემს ნახატებში სამუდამოდ იცოცხლებს.

ჩემი ძალიან ბევრი ნამუშევარია გაყიდული. ყველა მფლობელს ვეუბნები, რომ ის ჩემი სულით ნათესავი ხდება. მაქვს ნამუშევრები, რომელსაც არასდროს გავყიდი. თუმცა, დრო როგორც მოიტანს, იმის მიხედვით გადავწყვეტ. ძალიან აქტიურად ვმუშაობ. ჩემი ერთი ნამუშევარი 10 500 დოლარად გაიყიდა. ცოცხალ მხატვრებში ეს დიდ წარმატებად ითვლება. ფული ჩემთვის ნამდვილად არაფერია, მაგრამ ეს ერთგვარი აღიარებაა და ძალიან მიხარია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა