საზოგადოება

რა თანხა აჩუქა ტრამპმა ხათუნა იოსელიანს და რა ეწერა მის გამოგზავნილ წერილში

№3

ავტორი: ეკა პატარაია 18:00 26.01, 2021 წელი

ხათუნა იოსელიანი
დაკოპირებულია

ხათუნა იოსელიანი საქართველოდან ამერიკაში წლების წინ წავიდა. მთელი ამ წლების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული ოცნება აიხდინა, ბევრი სირთულეც გადაიტანა – მეხუთე ინფარქტი. 

სცენაზე უწინდებურად ვეღარ დგას, პლუს პანდემია, მაგრამ იმედი აქვს, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება, ფეხზე დადგება და სცენაზეც გავა. ის პირველი მსახიობი ქალია, ვინც მაყურებლის წინაშე გაიხადა და მას შემდეგ – არა ერთხელ. მაგალითად, ვახტანგ კოტეტიშვილის „ანემიაში“, სადაც ლევან აბაშიძის გმირს უფროსი ასაკის ქალი შეუყვარდება და მასთან ვნებები აქვს. მაშინ ხათუნა იოსელიანი 44 წლის იყო. „ხათუნა დეიდა, ხათუნა დეიდას“ მეძახდა. იმ სცენების მერე ყურს მჭრიდა ეს „დეიდა“ და ვუთხარი კიდეც: ბიჭო, რა ამბებში ხარ, დეიდას როგორღა მეძახი-მეთქი…“ – იხსენებს თავად და აქვე დასძენს, რომ მთლად შიშვლებიც არც ყოფილან. ასე იყო ნანა ჯორჯაძის „შეყვარებულ კულინარის 1001 რეცეპტშიც“, სადაც პიერ რიშარის გმირს უწვება ლოგინში. პიერ რიშარი, თურმე, ჭირვეულობდა – ხელი წამიცდებაო. ყვებიან იმასაც რომ ამ სცენის გადაღებისას ხათუნა იოსელიანმა იაქტიურაო. მოკლედ, ეს არაორდინარული ხათუნა იოსელიანია, რომელიც თავისი სითამამითა და კომუნიკაბელურობით ირგვლივ ყველას ატყვევებდა და ახლაც, ამ ასაკში, ამერიკელებს აგიჟებს. თავის ამაერიკულ ცხოვრებაზე ხათუნა იოსელიანი „თბილისელებს“ ესაუბრა.

– ქალბატონო ხათუნა, თქვენ როცა საქართველოდან ამერიკაში წახვედით, ვფიქრობ, იმ ასაკში უცხო ქვეყანაში ცხოვრების თავიდან დაწყება, ძალიან რთულია. როგორ დამკვიდრდით, მით უმეტეს, რომ ენა არ იცოდით.
– ამერიკაში 61 წლის ასაკში წამოვედი. დიდი ხანი ვოცნებობდი, მენახა ამერიკა და აი, აქ ვარ. ისე მოხდა, რომ იმ დროს გოგი ქავთარაძესთან ერთად ახალი წამოსული ვიყავი რუსთავის თეატრიდან. მე, ასევე, გამოვდიოდი „თავისუფალი თეატრის“ სცენაზე, „სარდაფში“... თავისუფალი პერიოდი მქონდა, გერმანელებთან დავამთავრე გადაღებები. შევედი კონსულთან, ვიზა ყველანაირი მოწვევისა და პრობლემის გარეშე ჩამირტყეს... არ ვიცი როგორ, შეიძლება, ცნობადი სახე რომ ვიყავი. ჩამოვედი და დავინახე თუ არა ნიუ-იორკი, გადავწყვიტე, რომ ჩემი ქვეყანაა და აქ უნდა დავრჩე. ცოტა ხნით დავბრუნდი თბილისში, ჩემი საქმეები, საბუთები მოვაწესრიგე და წამოვედი. აქ არის ასეთი სტატუსი – ექსტრაორდინარი, რაზეც შეგიძლია საბუთები შეიტანო. ეს არის სტატუსი ქვეყნისთვის საჭირო ხალხისა და ცნობადი სახეებისთვის. მე და ცუცამ შევიტანეთ და სამ თვეში მივიღეთ მწვანე ბარათი. ამერიკაში თავის დამკვიდრებაში არავინ დამხმარებია, მხოლოდ ჩემი სახელი და გვარი დამეხმარა. მე უკვე „ოსკარზე“ ვიყავი წარდგენილი ნანა ჯორჯაძის ფილმით „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“, ბევრი პრემია მქონდა მიღებული... ეს ყველაფერი შეჯამდა. ამიტომ, მალევე მივიღე Green card.
– მაინც, არ გაგიჭირდათ უცხო ქვეყანაში ადაპტირება? სხვა ქალაქი, სხვა მენტალიტეტი, სხვა ცხოვრების წესი...
– მე ყოველთვის ვიყავი და ვარ ის, რაც ვარ. არასოდეს არავის ზემოდან არ ვუყურებდი. ყველას ვეფერებოდი – დაწყებული გრიმიორიდან, დამთავრებული ავტობუსის მძღოლით, რომელსაც რუსთავის თეატრში დავყავდი. სულ კომპლიმენტებს ვეუბნებოდი, ყველას მოვიკითხავდი ხოლმე, ვინ როგორ არის, ვინმეს რამე ხომ არ უჭირს?.. იცით, ადამიანის უბრალოებაც ამაშია, ესაა ჯილდოც, რომ მაყურებელს უყვარდე. ყოველთვის ხალხთან ერთად უნდა იყო და არა „ცოტა ზემოთ“. ამ სიყვარულს ნიუ-იორკშიც ვგრძნობ. ბრაიტონზე ბევრი ქართველი ცხოვრობს და რომ გავივლი, უნდა ნახოთ, როგორ მესიყვარულებიან ჩემი ქართველები. ჩემი მაყურებელი აქაც მყავს, მათ თბილისიდან ვახსოვარ. მე აქ ბევრი სპექტაკლი ვითამაშე, დავდგი... რომ იციან თქმა, პოპულარობა შემაწუხებელიაო – არა, რა თქმა უნდა. მსახიობისთვის ერთადერთი სიხარული ეგ არის, ქუჩაში რომ გცნობენ.
– თან მინდა, გკითხოთ ანაზღაურებაზე, თან არა. როგორ ცხოვრობთ ამერიკაში.
– რა თქმა უნდა, შედარებაც არ შეიძლება, რა ხელფასიც მანდ მქონდა და რაც აქ მაქვს. „სამეფო უბნის თეტარშიც“ ვიყავი, რუსთავის თეატრში, „თეატრალურ სარდაფში... სად აღარ ვითამაშე და არსად ამის მესამედიც არ მქონდა. მახსოვს, ბოლო სპექტაკლზე ხუთი ლარი მომცეს – ლაპარაკიც ძალიან უხერხულია ამაზე. აქ ყველანაირი შრომა დაფასებულია, მით უმეტეს, როცა შენს პროფესიაში ხარ, შენს საქმეს აკეთებ. საქართველოში სახელმწიფო არავის აფასებს, თორემ მაყურებლისგან მეც და ჩემი კოლეგებიც ძალიან დაფასებულები ვიყავით.
– ბევრი სირთულე გამოიარეთ, რა ისწავლეთ ამ ცხოვრებისგან?
– ისეთ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე, სადაც მეგონა, ყველაფერი კარგად იყო, ყველა ბედნიერი ვიყავით. ცხოვრების სწავლა დავიწყე, როცა გავთხოვდი, ინსტიტუტში მოვეწყვე... ადამიანი ცხოვრების ყოველ ეტაპზე რაღაცას სწავლობ, თუნდაც იმას, როცა გიღალატებენ, როგორ აპატიო ან არ აპატიო, ან თეატრში რომ მიხვალ, ინტრიგებთან გამკლავებისას ვისთან როგორ მოიქცე... ნელ-ნელა ყველაფერს სწავლობ – თავშეკავებას, მიტევებას, ათას რაღაცას. ადამიანი თავის შეცდომებზე სწავლობს. დღემდე ვსწავლობ. წეღან ახსენეთ ფინანსური მდგომარეობა. აქ სახელმწიფო ქვეყანას უვლის, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, თითოეულ ადამიანს სათანადო ყურადღებას აქცევენ. ადამიანად გრძნობ თავს, სულ სხვა ფასეულობებია. შესაბამისად, მე აქ ყველანაირად მშვიდად ვარ, ვიდრე მანდ ვიყავი.
– როგორია თქვენი ურთიერთობა არა მხოლოდ ქართველებთან?
– კომუნიკაცია არავისთან გამჭირვებია. ჩვენ მანჰეტენზე ვცხოვრობთ. სულ ამერიკელები არიან და აქაც, ერთს რომ გავიღიმებ, მთელი მეზობლები, როგორც თბილისში იყო, გიჟდებიან ხათუნაზე. სიგიჟემდე მიყვარს შავკანიანები. კარის მეზობლები გვყავს აფროამერიკელები, ჩინელი... იმათაც ვუყვარვარ, ასე, რომ...
– საბოლოოდ აპირებთ, თბილისს დაუბრუნდეთ. ჩვენთან ხომ ახლა ნაღდი თბილისელი სანთლით საძებარია. თქვენ თბილისის კოლორიტი იყავით, ამ ქალაქის მთელი გული და სული.
– 9 იანვარს 77 წელი შემისრულდა. პანდემიის გამო ვეღარ გადავიხადეთ ჩემი იუბილე, ისე სულ აღვნიშნავდი. იცით? ისეთ ასაკში ვარ, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა ჩემს ქვეყანას დავუბრუნდები, სიცოცხლის ბოლომდე აქ ვერ დავრჩები, მაგრამ მე უფრო იმ თბილისში მინდა დაბრუნება და ის თბილისი მენატრება, ჩემი ახალგაზრდობისას რომ იყო, თუმცა ყველგან ისე ვიწყობ სიტუაციას, რომ კარგად ვიყო.
– თქვენი ოჯახი თბილისში ერთ-ერთი გამორჩეული იყო – ექიმების, ინტელიგენტთა ოჯახი. ახალგაზრდობა ახსენეთ. თქვენ სულ მსახიობობა გინდოდათ?
– კი, ბატონო. დედაჩემი, ნინო წეროძე, ექიმი იყო და მამაც – გივი იოსელიანი, მაგრამ არასოდეს, მსახიობობის გარდა, არცერთ პროფესიაზე არ მიოცნებია. სულ ჩემს თავზე ვმუშაობდი. ცეკვაზეც დავდიოდი. სერიალ „მგლების ხორუმში“ რომ მიღებდნენ, ცეკვის მასწავლებელი ავიყვანე, ტანგოს ვსწავლობდი. ჩემს პროფესიას ყოველთვის უდიდესი პასუხისმგებლობით ვუდგებოდი. რაც ამერიკაში ჩამოვედი, მსახიობობასთან ერთად, რეჟისორობაც შევითავსე.
– ალბათ, გენატრებათ წარსული, რადგან ადამიანის გონებაში, ცუდთან ერთად, ბევრი ლამაზი მოგონებაც ინახება.
– წარსული? არა. წარსული იყო და წავიდა და აი, მომავალზე კი სულ უნდა იფიქროს ადამიანმა. მე ოცნებები კი არ მაქვს, უფრო სურვილი მაქვს და ყოველთვის ამ სურვილის განხორციელებას ვცდილობ. სიცოცხლეში, რაც დამრჩენია, მინდა, ყველაფერი მოვასწრო.
– მოასწროთ რა?
– მაგალითად, მენატრება ჩემი მეგობრები, ჩემი ყველა ახლობელი. მინდა, რომ ჩამოვალ, ისევ იმ თბილისის ქუჩებში გავიარო, ლაღიძის წყლები შევსვა ჩემს მეგობრებთან, ბიჭებთან და გოგოებთან ერთად, ის თბილისი მენატრება, გესმით? ეს არა. რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ.
– მომიყევით, როგორ ცხოვრობთ, როგორია ამერიკაში ცხოვრება?
– მანქანა უფასოდ მემსახურება, ექიმთან მივყავარ, მოვყავარ. ყველანაირი წამალი აქ უფასოა, აფთიაქიდან მირეკავენ – ქალბატონო ხათუნა, მზად არის თქვენი წამლები, მობრძანდით და წაიღეთო. წელიწადში ერთხელ სათვალის გამოცვლა უფასოდ, პროთეზის გამოცვლა ყოველ მეოთხე წელს გეკუთვნის უფასოდ... მოკლედ, გეგონებათ ზღაპარში ცხოვრობო. წარმოუდგენელი გარემოა განსაკუთრებით პენსიონერებისათვის. ბევრი აქ სწავლობს და თან, მუშაობს. რა თქმა უნდა, დრო გჭირდება, რომ ფეხზე დადგე, მაგრამ ასაკოვანი ადამიანებისთვის აქ ნამდვილი სამოთხეა.
– მოდით ახლა, ტრამპის წერილსა და საჩუქარზეც მომიყევით.
– ტრამპის წერილსა და საჩუქარს რაც შეეხება, ეს იყო წამახალისებელი თანხა. ტრამპმა ყველას დაურიგა თანხა 1 000 დოლარი, მათაც, ვინც სამსახური არ დაკარგა, ხოლო ვინც დაკარგა, იმათ, ხომ, თავისთავად, ერიცხებათ ყოველთვიურად. თანხას მოჰყვა ტრამპის სამადლობელი წერილი. ეს იმხელა პატივი იყო და ყველა ისეთი გახარებული ვიყავით... წერილში მალდობას გვიხდიდა თითოეულ მოქალაქეს. ვინც მოხუცთან მუშაობს, იმათ – განსაკუთრებულად. მადლობა, რომ ჩვენი მოხუცები არ მიატოვეთ და არ გაიქეცითო. ამერიკაში ამბები რომ იყო მაშინ. ამდენი წერილი ამდენ მოქალაქეზე, რა თქმა უნდა, სასიამოვნო იყო.
– თქვენ მონაწილეობთ ქართულ დადგმებში, ასევე, თავად დგამთ წარმოდგენებს. ამერიკაში ქართული სპექტაკლებით წარსდგე მაყურებლის წინაშე და ასე გააცნო შენი ქვეყანა, მართლაც ძალიან მაგარია.
– „საბრალდებო დასკვნა“ დავდგი, ძალიან დიდი ოვაციები ჰქონდა სპექტაკლს. „ვოდევილებს“ ვდგამდი, რეპეტიციები დაწყებული გვქონდა, მაგრამ ახლა, ამ პანდემიის გამო, ჩვენი სტუდია დაკეტილია და გავჩერდით. დავდგი „შთამომავლობა“, სადაც ფატი გურიელს ვთამაშობ, რომელსაც „მარჯანიშვილში“ ვერიკო ანჯაფარიძე თამაშობდა. ბავშვებისთვის დავდგი „ნაცარქექია“, „ჰელადოსი“. ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა სპექტაკლს ნიუ-იორკშიც და გასტროლებზეც.
– გავიგე, თქვენს სპექტაკლებს მეცენატი აფინანსებსო. მართალია?
– მცდარი ინფორმაციაა მილიონების თაობაზე. ვიქტორ სირონსონი და ლია ბახტურიძე-სირენსონი აფინანსებენ ჩვენს სპექტაკლებს. მათი დამსახურებაა, რომ ჩვენ ქართული კულტურის ცენტრს ვამუშავებთ. იქ მარტო სპექტაკლები არ არის, ყველანაირი შემოქმედებითი ჯგუფია, რომ ჩვენი ემიგრანტების შვილებმა, ვინც თან ჰყავთ წამოყვანილი, არ დაკარგონ ქართული ფესვები. ქალბატონი ლიკა თვითონ დგამს მიუზიკლებს, რომელსაც დიდი წარმატებები აქვს. ასე რომ, მილიონერები არაფერ შუაშია. ამ ცენტრს ჰქვა „მოცეკვავე წეროები“. ამას გარდა, აქ არის ახალგაზრდა რეჟისორი თინა მახარაძე – „ჩემი ცოლის დაქალებში“ თამაშობს. მის ფილმში ვმონაწილეობ, მაგრამ ამჟამად ფილმიც და ყველაფერი გაჩერებულია. იმედი მაქვს, რომ გადაღებები მალე დაიწყება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი