საზოგადოება

რა სტერეოტიპები დაამსხვრია თათი მელუამ და როგორ აღმოჩნდა ის მსოფლიო სამსაჯო რეიტინგში პირველ ადგილზე

№46

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 20.11

თათი მელუა
დაკოპირებულია

ევროპის სამგზისა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი კარატეში თათი მელუა 2024 წლის მსოფლიო სამსაჯო რეიტინგში პირველ ადგილზეა. თათი მელუა პირველად დასახელდა ქართველი მსაჯებიდან მსოფლიოს TOP24 და ევროპის TOP10-ში იმ მსაჯთა შორის, რომლებიც ნოემბერში ესპანეთის ქალაქ პამპლონაში, მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში იმსაჯებენ.

– დარწმუნებული ვარ, ამ სიახლით თითოეულმა ქართველმა გაიხარა. თათი, პირველ რიგში, თქვენს ემოციებზე მომიყევით და შემდეგ გავუზიაროთ ჩვენს მკითხველს, როგორ მიაღწიეთ ამას, რა გზის გავლა დაგჭირდათ?

თათი მელუა: მსოფლიოს სამსაჯო რეიტინგი უკვე მრავალი წელია, არსებობს და ყველა შეჯიბრებაზე, სადაც ვიღებთ მონაწილეობას, ა კატეგორიის მსაჯები ავტომატურად ხვდებიან ამ რეიტინგში. ჩვენ გვაფასებენ მსოფლიოს კარატის ფედერაციის კომისიის წევრები. პირველად რომ რეიტინგი გამოქვეყნდა, სრულ რეიტინგში მეექვსე ადგილზე ვიყავი და ასე ნელ-ნელა წავიწიე წინ. ახლა 2024 წლის რეიტინგში პირველ ადგილზე ვარ, ხოლო სრულ რეიტინგში – მეორე ადგილზე. ეს ჩემთვის უდიდესი მიღწევა და აღიარებაა. რეიტინგი რომ გამოქვეყნდა, ჩემმა მეგობარმა, რომელიც ჩემ შემდეგ ადგილს იკავებს, მომწერა: „თათი, გილოცავ, ტოპ 1 ხარ”. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ შორის არ არის შური, არამედ ჯანსაღი კონკურენციაა და ერთმანეთის კარგი გვიხარია. რეიტინგის შესანარჩუნებლად, ყველა შეჯიბრება მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი კონკურენციაა და ერთი შეცდომა შეიძლება, ძალიან ძვირად დაგვიჯდეს. ძალიან დიდი შრომა ჩავდე იმაში, რომ პირველი ვყოფილიყავი. მიხარია, რომ ამხელა აღიარება მივიღე. ეს, რა თქმა უნდა, სპორტის სამინისტროს, ოლიმპიური კომოტეტისა და ჩვენი ფედერაციის უდიდესი დამსახურებაა. ნოემბრის ბოლოს, პირველად ისტორიაში, იმართება გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც პირველ ნომერ მსაჯად ვარ მივლენილი. ყველას არ აქვს უფლება, რომ ამ შეჯიბრებაზე იმსაჯოს. მიხარია, რომ ეს ყველაფერი შევძელი. 12 ურთულესი სალიცენზიო გამოცდა მაქვს ჩაბარებული.

– ნათქვამი გაქვთ, დაბადების დღეებსაც კი არ აღვნიშნავდიო, რა მსხვერპლი მოითხოვა მსოფლიო აღიარებამ?

– ჩემი სპორტული კარიერა 7 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მშობლებმა, უფროს ძმასთან ერთად, კარატეზე შემიყვანეს. უკვე 31 წელია, რაც ამ სპორტში ვარ. თავიდანვე ძალიან შემიყვარდა ეს სპორტი და ბავშვობიდან ჩემი ყოველდღიურობა მის გარეშე წარმოუდგენელია. შოტოკან კარატეში ევროპის ჩემპიონი პირველად 15 წლის ასაკში გავხდი, მსოფლიოს ჩემპიონატი კი ქალაქ ოდესაში მოვიგე. რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერი სპორტი, ჩემი სპორტიც საკმაოდ რთულია, მით უმეტეს, მე როცა დავიწყე, არ იყო კარგი პირობები ვარჯიშისთვის. რამდენჯერ ყინვაში, უშუქობასა და წვიმაშიც კი გვივარჯიშია. მახსოვს, დარბაზში ხელთათმანებით და დუტის ქურთუკებით ვვარჯიშობდით, სანთლის შუქზე... სპორტული კარიერის დასრულების შემდგომ, მსაჯობა დავიწყე. ასევე, მაქვს მწვრთნელობის დიდი გამოცდილება. ზოგადად, ვფიქრობ, რომ თუ სპორტს პროფესიონალურად მისდევ, რაღაცებზე უარი უნდა თქვა. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. დაბადების დღეებიც გამიცდენია და კიდევ ბევრი რამ, რასაც საერთოდ არ ვნანობ. ჩემთვის პრიორიტეტი ყოველთვის ვარჯიში იყო და არ არსებობდა მიზეზი, რასაც ვარჯიშზე წინ ვაყენებდი.

– გოგონა კარატეში... ეჯახებოდით სტერეოტიპულ შეხედულებებს?

– რა თქმა უნდა, როდესაც აქტიური სპორტსმენი ვიყავი, ყველას უკვირდა ჩემი ამ სფეროში ყოფნა. ზოგადად, ქალი და კარატე ჩემი ვარჯიშის პერიოდში საზოგადოებისთვის ძალიან რთულად მისაღები იყო. მახსოვს, ყველასთან ვმალავდი, რომ კარატისტი ვიყავი. ჩემს გურულ დიდ ბებოს, თამროს, ძალიან არ უყვარდა ჩემი კარატისტობა. ექიმი უნდა გამოხვიდე, ვინ წაგიყვანს, ბებია, შენ, ვერ გათხოვდებიო. ტელევიზორში, როცა ჩემს ბრძოლებს უყურებდა და დაინახავდა, რომ მომხვდა, „ე, მასე გინდა, ბებია!” – ასე მომაძახებდა ხოლმე – იქნებ დაანებოს თავიო. ერთადერთი თემა, რაზეც მე და თამრო ვერ ვთანხმდებოდით, ჩემი კარატისტობა იყო.

– როგორ გახსენდებათ პირველი წარმატებები და მოგვიყევით თქვენი ყველაზე დიდი მიღწევების შესახებ...

– ჩემი პირველი წარმატება 8 წლის ასაკში იყო, როდესაც პირველ შეჯიბრებაზე, ქუთაისში, მესამე ადგილი დავიკავე. მახსოვს, როგორ ამიყვანა ხელში ჩვენი გუნდის უფროსმა სპორტსმენმა და მთელი დარბაზი ტაშს მიკრავდა. მართლა ძალიან პატარა ვიყავი და ალბათ, არავინ ელოდა ჩემს წარმატებას. ყველაზე დიდ წარმატებად კი მსოფლიოს სტილობრივ ჩემპიონატზე აღებული ოქროს მედალი მახსენდება.

– როგორ შეიქმნა კლუბი „ალიგატორი“ და რა არის თქვენი მიზანი?

– კლუბი „ალიგატორი“ ჩემი მშობლების დახმარებით შეიქმნა, როდესაც მე 17 წლის ვიყავი. ზუსტად ისეთი კლუბია, როგორზეც სულ ვოცნებობდი. ჩემდა საამაყოდ, უნდა ვთქვა, რომ ჩვენს კლუბში საქართველოს კარატეს ისტორია დაიწერა. კლუბში გვყავს მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი WKF-ის ეგიდით – იკა სულამანიძე. იკა ის ბიჭია, რომელმაც ჩვენს კლუბს პირველად მოუტანა ევროპის ჩემპიონატის ოქრო. ასევე, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები EKF-ის ეგიდით ანრი ბიწკინაშვილი, ნიკიტა ბელიავსკი. სერია ა-ს გამარჯვებულები და პრიზიორები. ჩვენი კლუბის გოგონებიდან გამოვარჩევ თამუნა თურმანიძეს, რომელიც თავის დროზე ძალიან წარმატებული სპორტსმენი იყო, ახლა კი მსოფლიოსა და ევროპის ფედერაციის ლიცენზირებული მსაჯია. გვყავს უამრავი წარმატებული სპორტსმენი, რომლითაც ძალიან ვამაყობ. ბავშვებს 7 წლის ასაკიდან ვავარჯიშებთ. გოგიტა არქანია არის ჩვენი კლუბის მთავარი მწვრთნელი. აქვე მინდა, აღვნიშნო გიორგი კარანაია, ჩვენი კლუბის მწვრთნელი, რომელსაც ამ ბავშვების წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის. დედა – მანანა ვადაჭკორია კი, კლუბის პრეზიდენტია, რომელსაც ჩვენი კლუბის აღსაზრდელები საკუთარი შვილებივით უყვარს და პატრონობს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ბავშვი გამოვგლიჯოთ ქუჩას და ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ ჯანსაღი თაობისა და სასახელო სპორტსმენების აღზრდაში.

– ასეთ კარიერასთან ერთად როგორი მეოჯახე ხართ, გრჩებათ დრო სახლის საქმეებისთვის?

– როდესაც თვეში ორ კვირას მაინც, საზღვარგარეთ შეჯიბრებებზე ატარებ, ძალიან რთულია, რომ მეოჯახის როლი მოირგო. მე რომ ახლა გითხრათ, მეოჯახე ვარ-მეთქი, ჩემები ძალიან იცინებენ.

ჩემდა სამარცხვინოდ, ვაღიარებ, რომ პირველად რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტე, თავად მომეხარშა პელმენები და ამაზეც ჩემი უახლოესი ადამიანის დახმარება დამჭირდა.

– გამორჩეული გარეგნობა და სტილი გაქვთ. შეიძლება, ბევრმა თქვენს ადგილას თქვას, რომ ამისთვის, უბრალოდ, არ სცალია. თქვენ როგორ ახერხებთ, ასე გამოიყურებოდეთ და ამდენად მრავალფეროვანი იყოთ?

– ჩემს თმას ლაპარაკი რომ შეეძლოს, ალბათ, კარგად გამომლანძღავდა. ყველა სტრესის, სიხარულისა თუ სირთულის საშველად, თმის შესაცვლელად გავრბივარ. მიყვარს მრავალფეროვანი სტილი და ვცდილობ, სულ ფორმაში ვიყო. მინდა, დაინგრეს ის ძველი სტერეოტიპი, როდესაც კარატისტი ქალი არც ისე ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს. ყველა შეჯიბრებაზე, სადაც მივდივარ, მსოფლიო კარატეს ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარე, ჰავიერ ესკალანტე, პირველ რიგში, თმას მიმოწმებს. ხუმრობს ხოლმე, ფეის კონტროლი წარმატებით გაიარეო. ეს ყველაფერი იმის გამო, რომ მსაჯებს გვაქვს ჩვენი წესები, რასაც არ უნდა გადავაბიჯოთ. მოკრძალებული სტილი, მცირე მაკიაჟი და ასე შემდეგ. ჩვენი სამსაჯო სფეროს განუყოფელი ნაწილია. ასე რომ, თუ მალე აფრიკული ნაწნავები აგვეკრძალება, ესეც ჩემ გამო მოხდება (იცინის).

– და ბოლოს, საქართველოს სპორტული კარატეს ფედერაციის წარმატებებზეც მოვყვეთ...

– საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაცია ძალიან წარმატებულად მუშაობს, მან მოახერხა, რომ ორი წლის მუშაობის შემდეგ წარმატებით ჩაატარა საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი და ასევე, სულ ახალი სასიხარულო ამბავი გვაქვს ის, რომ თბილისში იანვრის თვეში პირველად გაიმართება უდიდესი სარეიტინგო შეჯიბრება სერია ა. სამსაჯო სფეროშიც დიდი ნახტომი გვაქვს, რამდენიმე დღის წინ დავინიშნე ევროპის სამსაჯო კომისიის წევრად. ეს მართლაც დიდი მიღწევაა. სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის რეიტინგში პირველი ვარ, არ ველოდი კომისიაში შეყვანას. ჩვენ აქტიურად ვახდენთ მსაჯების გადამზადებას. მე და საქართველოს სამსაჯო კომისიის წევრი, გელა ახალაძე ბევრს ვმუშაობთ მსაჯების განვითარებისთვის და ფედერაციაში უკვე გვყავს მსოფლიოს 6 ლიცენზირებული მსაჯი და ევროპის 7 ლიცენზირებული მსაჯი. მსოფლიო რეიტინგს რაც შეეხება, 2024 წლის პირველ ადგილთან ერთად, სრულ 6 წლის რეიტინგში უკვე მეორე ადგილზე ვარ და აუცილებლად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ იქაც პირველი გავხდე. რეიტინგში არის შეყვანილი მსოფლიოს ა კატეგორიის 1 000-მდე მსაჯი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა