საზოგადოება

რა შრომა გასწია „ჰოლივუდში“ მცხოვრებმა ქართველმა მეცნიერმა სამშობლოსთვის და რა ჯოჯოხეთი გამოიარა ვახტანგ ჯობაძემ

№20

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 25.05

ვახტანგ ჯობაძე
დაკოპირებულია

ამერიკაში მოღვაწე ცნობილი მეცნიერი, არქეოლოგი, ხელოვნებათმცოდნე, ტაო-კლარჯეთისა და შავი მთის ქართველთა კოლონიის უბადლო მკვლევარი, ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის დეპარტამენტის გამგე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს საისტორიო საზოგადოების საპატიო წევრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, პროფესორი ვახტანგ ჯობაძე დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი ცხოვრება აკადემიური გზით ვითარდებოდა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომმა ყველაფერი ძირფესვიანად შეცვალა. როგორც უნივერსიტეტის ასპირანტს, ომში „ჯავშანი ჰქონდა“ და ფრონტზე გაწვევა არ ეხებოდა, მაგრამ მოხალისედ წავიდა, ტყვედ ჩავარდა და ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარა.

ის ცოცხალი გადარჩა, მაგრამ იცოდა, რომ სამშობლოში დაბრუნებულს დახვრეტა ან გადასახლება არ ასცდებოდა. ამიტომ იძულებული გახდა, უცხოეთში დარჩენილიყო.

ტანჯვითა და წვალებით მოახერხა, ესწავლა გიოტინგენის, ფრაიბურგის, ერლანგენისა და სორბონის უნივერსიტეტებში, სადაც მისი ლექტორები იყვნენ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები – ეგზისტენციალიზმის უდიდესი წარმომადგენელი, ფილოსოფოსი კარლ იასპერსი, არქეოლოგი ალფონს შნაიდერი და ცნობილი ანდრე გრაბარი.

ჯობაძე ფილოსოფიის დოქტორი გახდა ქართული ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშის – ხახულის ხატის შესახებ დაცული დისერტაციისთვის. მუშაობდა ევროპის ქვეყნების სიძველეთსაცავებში, სადაც იკვლევდა იქ გაფანტულ ქართულ ძეგლებს.

1953 წელს ამერიკაში დასახლდა. მუშაობდა ჰარვარდის, იუტისა და ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტებში, სადაც ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტს განაგებდა. იგი უცხოეთში მოღვაწე ერთადერთი მკვლევარი იყო, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ქართული ხელოვნების ისტორიის შესწავლას მიუძღვნა.

მან დიდხანს იმუშავა ტაო-კლარჯეთის, ანტიოქიისა და კვიპროსის ქართულ ძეგლებზე, რაშიც განუზომელი იყო მისი მეუღლის, ფილოსოფიის დოქტორის, საფრანგეთის, ინგლისისა და ესპანეთის თანამედროვე ლიტერატურის სპეციალისტის, ირინე ბიბერის ღვაწლი. მან საკუთარი ექვს-სართულიანი სახლი გერმანიაში, თავის მაღაზიებით, გაყიდა და აღებული თანხით, თითქმის მეოთხედი საუკუნე ამუშავა ნოსტალგიამოძალებული მეუღლე ტაო-კლარჯეთის ქართულ ძეგლებზე.

ვახტანგმა ისტორიული ტაო-კლარჯეთის ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების გამოვლენასა და შესწავლას შეალია მთელი თავისი ენერგია.

ანტიოქიაში 13 ქართული მონასტერი მოიძია, გათხარა მხოლოდ სამი, მათგან ორი – წმიდა სვიმეონ საკვირველმოქმედის სავანე და წმიდა ბარლაამის მონასტერი – ადრექრისტიანული ხანის. უფრო გვიანდელი პერიოდისაა შავი ჯვრის უნიკალური, ქართული ტაძარი „ძელი ცხოვრების“, იგივე ჯვრის მონასტერი.

მეცნიერმა მოცემული ეპოქისთვის ნიშნეული სივრცითი ფორმებისა და ხუროთმოძღვრული სკულპტურის საშუალებით მოახდინა ამ იშვიათი ძეგლის ლოკალიზება, დაასაბუთა ქართველ კირითხუროთა და ადგილობრივ ოსტატთაგან მისი აგების თარიღი – 1040 წელი. ნათელყო, რომ ქართველ ოსტატთა ხელობის კვალი სხვა მონასტრებსაც ჭარბად ატყვია.

ვახტანგ ჯობაძემ თითქმის მეოთხედი საუკუნე შეალია ისტორიული ტაო-კლარჯეთის ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების გამოვლენასა და შესწავლას. ამ მიზნით ხანმოკლე თუ ხანგრძლივი შემოქმედებითი მივლინებით არაერთხელ იმოგზაურა თურქეთში. მას აქ გრიგოლ ხანძთელის მიერ მერვე საუკუნის მიწურულსა და მეცხრე საუკუნის პირველ ნახევარში აგებული და ამოქმედებული ყველა მონასტერი აინტერესებდა. დიდი იყო მისი დაინტერესება დავით კურაპალატის დროს მეათე საუკუნის შუახანსა და მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში აგებული მონასტრებითაც. არაერთგზის მოიარა არტანუჯი, ენირაბატის ეკლესია, რომელიც მისი ფიქრით, შესაძლოა, შატბერდი იყოს, აგრეთვე, ბორჩხისა და იმერხევის ქართული დასახლებანი. სამწუხაროდ, რიგ მიზეზთა გამო, აქ არქეოლოგიური კვლევების ჩატარება ვერ შეძლო. არადა, იქ უნიკალურ ძეგლთა საქართველოა.

1973 წელს ჯობაძემ ოშკის ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ გუმბათქვეშა ბურჯის აღმოსავლეთ მხარეს ჩასმულ ფილაზე აღმოაჩინა ბაგრატ მეოთხე ერისთავთ-ერისთავისა და დავით მესამე მაგისტროსის (შემდგომში დავით დიდი კუროპალატის) გამოსახულებანი, რომელთა არსებობა მანამდე არცერთ მკვლევარს არ აღუნიშნავს.

ლოს-ანჯელესში, „ჰოლივუდის“ მეზობლად, ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ უბანში, მთის კალთაზე შეყუჟულ ულამაზეს კარ-მიდამოში, ცხოვრობდა თავისი ქვეყნის სიყვარულით გულსავსე ქართველი მეცნიერი, რომლის ფერფლიც, ანდერძის თანახმად, მისმა ქალიშვილმა – ეთერმა საქართველოში ჩამოასვენა და კუკიის სასაფლაოზე, მშობლიურ მიწას მშობლების გვერდით მიაბარა.

ჯობაძის წერილი დას – თინა ჯობაძეს: „სიბერის მიუხედავად, კიდევ ვემსახურები ჩემს სამშობლოს: გერმანულ ენაზე დავწერე საშუალო საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების კატალოგი ბიბლიოგრაფიითურთ, დავურთე ნახაზები და 50 სურათიც. გამოვფინე გერმანიის უნივერსიტეტებში, რომ გერმანელებმა საქართველოს დადებითი მხარეც დაინახონ. ვაპირებ ამ გამოფენის მოწყობას ევროპის სხვა ქვეყნებშიც. 1999 წელს ავსტრიაში შედგება სიმპოზიუმი „ქრისტიანობის გავრცელება კავკასიაში“, სადაც წავიკითხავ მოხსენებას და მოეწყობა გამოფენა „საშუალო საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების შესახებ“.

გამოყენებული მასალების წყარო: ივანე ჯაფარიძე; ჟურნალი – „თანამემამულე“; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...