საზოგადოება

რა შესთავაზა კარლ მარქსმა ნიკო ნიკოლაძეს, რაზედაც დელიკატური უარი მიიღო

№29

ავტორი: ეკატერინე პატარაია 20:00 26.07, 2021 წელი

ნიკო ნიკოლაძე
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #28(1072)

„ნიკო ნიკოლაძე იყო იდეების გენერატორი. არ ყოფილა არც ერთი მუნიციპალური პროექტი, მისი ავტორობით ან პრაქტიკული მხარდაჭერით რომ არ განხორციელებულიყო. მის გარეშე ყველა იდეა ჩასავარდნად იყო განწირული. საკრებულოში მოღვაწეობის დროს ნიკო ნიკოლაძეს ჰქონდა იდეები, რომლებიც მაშინვე განხორციელდა და იდეები, რომლებსაც ოდნავ მოგვიანებით, საბჭოთა დროს შეესხა ხორცი.

სადაც დღეს თბილისის საკრებულოა, ის შენობა თბილისის პოლიცმეისტერის სახლი იყო. სწორედ, აქ საქმიანობდა ნიკო ნიკოლაძე. 1874 წლიდან ეს, ესე იგი, ქალაქის სახლია, სადაც თვითმმართველი ორგანო მუშაობს. ნიკო ნიკოლაძის პირველი იდეა იყო, რომ შენობა გადაეკეთებინათ და აღარ ყოფილიყო ტლანქი და უხეში. მართლაც, გამოცხადდა კონკურსი და შტერნისა და ოზეროვის პროექტმა გაიმარჯვა, რომლის მიხედვითაც განახლდა მუნიციპალური სახლის იერსახე... ასევე დაჟინებით მოითხოვდა ქალაქს ჰყოლოდა სანიტარიული ექიმი და ჰქონოდა სადეზინფექციო კამერა, ძლივს გაიტანა ეს საკითხი. საბოლოოდ, ორივე დაფინანსდა. კამერის პროექტის მომზადება ოდესაში, ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელს, პეტრე მელიქიშვილს სთხოვა.

ნიკო ნიკოლაძემ მოახერხა და 1886 წლიდან თბილისში დაინიშნა სანიტარიული ექიმი და მადათოვის კუნძულზე აშენდა სადეზინფექციო კამერა, რაც ქალაქში მანამდე არ არსებობდა და შესაბამისად, ძალიან მძიმე სანიტარიული პირობები იყო. ქალაქში სანიტარიულ პირობებს კიდევ უფრო ამძიმებდა წესი, რომლის მიხედვითაც, გასაყიდ პირუტყვს პირდაპირ მოედნებზე ან ბაზრებში კლავდნენ. რასაკვირველია, ეს იყო ეპიდემიის წყარო. ნიკო ნიკოლაძე დაჟინებით მოითხოვდა, გაკეთებულიყო ცენტრალიზებული სასაკლაო, ეგრეთ წოდებული, ბოინი, დასაკლავი და გასაყიდი პირუტყვისთვის, რაც სანიტარიული პირობების გაუმჯობესების გარდა, ქალაქს დამატებით შემოსავალსაც მისცემდა. ეს პროექტი, მოგვიანებით, 1912 წელს განხორციელდა. ნიკო ნიკოლაძემ ასევე წამოაყენა დედაქალაქში კანალიზაციის ქსელის მოწყობის იდეა. პროექტი, რომელიც მაშინდელმა საკრებულომ დააფინანსა, ფრანგმა ინჟინერმა ლინდ ლეიმ შეიმუშავა. მანამდე ქალაქში, ფაქტობრივად, არ არსებობდა ერთიანი სისტემა. მხოლოდ შეძლებულ ოჯახებს ჰქონდათ მცირე ზომის კოლექტორები, საიდანაც კანალიზაცია უახლოეს არხში ან მდინარეში ჩადიოდა. ახალი პროექტი ითვალისწინებდა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე მდინარის გასწვრივ, ორი მაგისტრალური არხის გაყვანას, ზედა ფერდობებიდან პატარ-პატარა არხების გაკეთებას, რომლებიც ცენტრალურ მაგისტრალებს შეუერთდებოდა. შემდეგ შეიკრიბებოდა ქალაქგარეთ, ნავთლუღის გაღმა, გაიწმინდებოდა და მტკვარში ჩავიდოდა. მაშინდელმა ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა უკვე შედგენილი პროექტის განხორციელებაზე, რაც, მათი თქმით, 4 600 000 მანეთი დაჯდებოდა და დროებით მცირე ზომის საკანალიზაციო ქსელები გაიყვანეს. პროექტი მოგვიანებით, საბჭოთა პერიოდში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ თბილისში 1883 წლამდე მხოლოდ ფაეტონები და ომნიბუსები იყო, მაგრამ მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არსებობდა. სწორედ, ნიკოლაძის დაჟინებული მოთხოვნით შემოიღეს თბილისში ცხენის ტრამვაი – ვაგონში შებმული იყო 2 ცხენი და ტრანსპორტი ლიანდაგზე მოძრაობდა. ქალაქი ვითარდებოდა, თუმცა პარალელურად, არ არსებობდა კომუნიკაცია ჩუღურეთისა და ვერეს დასაკავშირებლად. სწორედ, ამიტომ, ნიკო ნიკოლაძის მოთხოვნით, აშენდა ვერის ხიდი (დღევანდელი გალაკტიონის ხიდი) და გაკეთდა ვერის დაღმართი (დღევანდელი მიხეილ ჯავახიშვილის დაღმართი).

ამ პროექტით თბილისის ორი ნაწილი დაუკავშირდა ერთმანეთს. ნიკო ნიკოლაძე დაეხმარა მშენებლებს მთაწმინდის რკინიგზის შუა ადგილზე რკინა–ბეტონის კონსტრუქციის აგებაში. მისი იდეა იყო, რკინიგზა კოჯორშიც გაეყვანათ. ნიკო ნიკოლაძეს სურდა „აბანოთუბანში“, „ხარფუხსა“ და ორთაჭალის ნაწილში თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი გაშენებულიყო. ეს პროექტი მოგვიანებით ნაწილობრივ განვითარდა, რადგან დღეს „აბანოთუბანს“ მხოლოდ ჰიგიენური და გასართობი დანიშნულება აქვს და სამკურნალო ცენტრად ვერ ჩამოყალიბდა, რაც ნიკოლაძეს ჰქონდა გეგმაში. ასევე, მისი იდეა იყო თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ხელოვნური ტბების კასკადის გაკეთება, სადაც დაგუბებული და ერთმანეთთან დაკავშირებული წყალი ხრიოკ და ქარიან კლიმატს გარდატეხდა და აღნიშნული ადგილი საკურორტო ზონად იქცეოდა, თუმცა, მაშინ იდეაც „თაროზე შემოიდო“ (ალ. ელისაშვილი, ლექცია: „ქალაქი გუშინ, დღეს, ხვალ“. არტ არეა 2015).

თბილისის შემდეგ იყო ფოთი. 1895 წელს 52 წლის ნიკო ნიკოლაძე ქალაქის თავად აირჩიეს. საქმიანობას დიდი ენთუზიაზმით შეუდგა, თუმცა, გარე ხელშეწყობა არ ჰქონდა და იმაზე ბევრად ნაკლების გაკეთება შეძლო, ვიდრე სურდა. ფოთი ამ დროს ჭაობიანი ადგილი იყო. ყოველ წვიმაზე ქუჩები ტალახითა და წყლით ივსებოდა. ნიკო ნიკოლაძემ ფოთის გარშემო გააკეთა სპეციალური არხი, რომლითაც წვიმის წყალი ქალაქიდან ზღვაში ჩადიოდა. გარდა ამისა, ააშენა 2 ხიდი და დააგო ქვაფენილი. ამ ყველაფერს, ბუნებრივია, ფინანსები სჭირდებოდა. ამიტომ დააარსა ბანკი და გამოუშვა ობლიგაციები. ზოგი იგებდა, ზოგი ყიდულობდა ამ ფასიან ქაღალდებს და შემოსული თანხა სრულად ფოთის აღმშენებლობას ხმარდებოდა. ნიკო ნიკოლაძემ მიზნად დაისახა, ქალაქის ცენტრში აეშენებინა ტაძარი, რომელიც იქნებოდა „აია სოფიას“ მსგავსი და შეასრულა კიდეც. ასევე, მისი ინიციატივით, ქალაქში გაკეთდა 12 ქუჩა, რომელიც ამ ტაძართან მიდის. გარდა ამისა, ააშენა ქალთა და ვაჟთა გიმნაზიისა და პოლიციის შენობები. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი, დღესაც ერთ-ერთ გამორჩეულ ნაგებობად ითვლება ქალაქში.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რაც ფოთში ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება, ნავსადგურის მშენებლობის დასრულებაა. 8-ჯერ იმოგზაურა ევროპაში, რომ მშენებარე ან ახლად აშენებული პორტის შესახებ ყველაფერი გაეგო და შესაბამისად ემოქმედა. პეტერბურგში მიაღწია იმას, რომ ნება დართეს, ყოველ 16 კილოგრამ ტვირთზე დაეწესებინა ნახევარკაპიკიანი გადასახადი. ეს იყო, ფაქტობრივად, პირველი საბაჟო მოსაკრებელი და ეხებოდა ყველა იმ ტვირთს, რომელიც პორტიდან გემით გადიოდა. მართალია, თავიდან ამ ინიციატივას დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა, თუმცა, საბოლოოდ დაარწმუნა მეწარმეები, რომ თითოეული მათგანისთვის ეს ფული არაფერს ნიშნავდა, სამაგიეროდ ერთად შეგროვებული უკვე მნიშვნელოვანი თანხა იყო, რომლითაც ქალაქისთვის აუცილებელი ბევრი პროექტი განხორციელდებოდა.

ნიკო ნიკოლაძემ ფოთში ააგო სპეციალური კედელი, რომელიც ღელვის დროს აპობდა ზღვის ტალღებს. ამით, სანაპიროზე დიდი გემების გაჩერების პრობლემა მოიხსნა. მან ფოთში ააგებინა ელევატორი. ამბობდა, ევროპასთან რომ ვიყოთ, აუცილებელია მისი გვერდით მდგომი (თანასწორი) გავხდეთ, ევროპას მონები კი არა თანამგრძნობები სჭირდებაო. ნიკო ნიკოლაძემ გაანათა ფოთი და შემდეგ, იმავე სქემით – თბილისი. ამ პერიოდში მას გაუჩნდა იდეა, სვანეთის მთებში, საიდანაც ენგური ჩამოდის, ელექტროენერგიის მისაღებად, ელექტროსადგური გაკეთებულიყო. ეს პროექტი მოგვიანებით განხორციელდა. თუმცა, გერმანელმა სპეციალისტებმა მაშინვე დაიწყეს ამ ტერიტორიის კვლევა, რომლებიც საქართველოში ნიკოლაძის ვაჟის, გიორგის მოწვევით ჩამოვიდნენ. ნიკო ნიკოლაძე, თითქმის, 20 წელი ემსახურა ფოთს. როგორც მერმა, დააწესა სპეციალური სტიპენდია უცხოეთში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის. კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, თუმცა, მისი ისტორია ფოთთან არც ისე კეთილად დასრულდა. მას ქრთამის აღება დააბრალეს. რეალურად კი, როგორც მკვლევარი დალი ჩიკვილაძე ამბობს, ელევატორის მშენებლისაგან ფული ისესხა, რადგან პეტერბურგში მიდიოდა, შაბათი დღე იყო და ბანკიდან თანხა ვერ გამოიტანა. რა თქმა უნდა, ვალი ჩამოსვლისთანავე დააბრუნა, მაგრამ ცილი მაინც დასწამეს. მოსახლეობა თავგამოდებით იცავდა ნიკოლაძეს. ძიება 4 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. საბოლოოდ, ბრალი ვერ დაუმტკიცეს და ბრალდება გაბათილდა. ნიკოლაძე, ამ დროს უკვე პეტერბურგში იყო და არც სასამართლო პროცესზე და არც მის შემდეგ, გარკვეული პერიოდი, ფოთში არ ჩასულა.

ნიკო ნიკოლაძე ქალაქისა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პროექტებს მხოლოდ თბილისსა და ფოთში არ ახორციელებდა. ამ პერიოდში იმერეთში თითქმის არ იყო გზები. ამიტომ, ნიკო ნიკოლაძემ წამოაყენა იდეა, მდინარე რიონი სანაოსნო მდინარედ ქცეულიყო, რომ აქამდე ერთმანეთს მოწყვეტილი სოფლები და ცენტრი დაკავშირებულიყო. ფიქრობდა, რომ ასე ხალხს ერთმანეთში მისვლა-მოსვლა ექნებოდა, ივაჭრებდნენ, სოფლებიდან ქალაქებში გლეხები პროდუქტს ჩაიტანდნენ გასაყიდად და ყველა კმაყოფილი დარჩებოდა. ბაზრობების მოწყობის იდეას თავდაპირველად დიდი აღტაცება არ გამოუწვევია, თუმცა, ამ საქმით მოგვიანებით დაინტერესდნენ. დიდ ჯიხაიშში კი ნიკო ნიკოლაძემ პარასკევ დღეს დააწესა ბაზრობა და რამდენადაც ცნობილია, ეს ტრადიცია დღემდეა შემორჩენლი.

ნიკო ნიკოლაძის სახელი დაკავშირებულია 1918 წელს საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნასთან. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, ნიკოლაძე პეტერბურგიდან საქართველოში დაბრუნდა. აქ ყველანაირად ცდილობდა, სიტუაცია მოემზადებინა დამოუკიდებლობის აღდგენისთვის. მისი უშუალო მონაწილეობით დაარსდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და თავად იყო ამ პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ნიკო ნიკოლაძეს დიდი გამოცდილება ჰქონდა თურქეთთან ურთიერთობაში. რუსეთ-თურქეთის ომის დროს გამოცემა „გოლოსის“ სამხედრო კორესპონდენტი იყო. ამ გამოცდილებისა და თავისი კონტაქტების გამო 1918 წელს, გაზაფხულზე ნიკო ნიკოლაძე და აკაკი ჩხენკელი ბათუმში გაემგზავრნენ. უკვე არსებობდა გერმანიის მხარდაჭერა და დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლად მხოლოდ თურქეთთან ზავი იყო საჭირო.

ნიკო ნიკოლაძე 25 მაისს ბათუმიდან წერდა ნოე ჟორდანიას, არ გადაედო დამოუკიდებლობის გამოცხადება. დამოუკიდებლობის აქტის ტექსტი ნიკო ნიკოლაძემ შეადგინა. თურქეთთან ზავს 26 მაისს მოაწერეს ხელი, ერთ საათში კი თბილისში დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხეს და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა შემქნილად გამოაცხადეს. ნიკო ნიკოლაძე და აკაკი ჩხენკელი თბილისში არ ჩამოსულან, ბათუმიდან ფოთში წავიდნენ, რათა ქვეყნის ეკონომიკური პროგრამა შეემუშავებინათ და მესამე დღეს, ამ დოკუმენტის წარსადგენად გერმანიაში გაემგზავრნენ. ნიკო ნიკოლაძე ქვეყნის მომავალს მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებასა და განათლებაში ხედავდა. მიაჩნდა, რომ ქვეყანა, სადაც თითქმის ყველაფერი შემოაქვთ და თავად არ ქმნის პროდუქტს, ვერ განვითარდება.

დალი ჩიკვილაძე: ნიკო ნიკოლაძე „დემოკრატებიდან“ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი ორგანოს – დამფუძნებელი კრების საპატიო თავმჯდომარე გახდა. 1920 წელს მას დაევალა მანგანუმის მადნის საექსპორტო საზოგადოება „ჩემოს“ საქმეების შესწავლა და ამ მისიით ლონდონში მიავლინეს. საქმე ისაა, რომ ამ დროს ჭიათურიდან მანგანუმი გააქვთ, ამ პროცესებს ინგლისელები ხელმძღვანელობენ და საქართველოს არანაირ გადასახადს არ უხდიან. აქ არც ის იციან, რა მოცულობის ნედლეული გადის ქვეყნიდან. „ჩემოს“ ოფისი ლონდონშია, ხელმძღვანელობის ნაწილი პარიზში, ნაწილი კი ლონდონში ცხოვრობს. სიტუაცია იმდენად ჩახლართული იყო, ნიკო ნიკოლაძე წერდა, აქ ყველას შენჩემობა სჭირს, ყველა თავისკენ მეძახის, სხვას უღალატე და მე მიერთგულეო. „ჩემოს“ თბილისის ორგანიზაციას ნიკოს ვალი ემართა, რამდენიმე ხნით ადრე დიდი თანხა უსესხებია, რომ ორგანიზაციას ემუშავა და არ გაუქმებულიყო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მას ვალი არ დაუბრუნეს: არც თანხის და არც ნედლეულის სახით, რომ ევროპაში მაინც გაეყიდა. საბოლოოდ, ვალის დასაბრუნებლად საქართველოში ჩამოვიდა, რათა თბილისში „ჩემოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის კრებას დასწრებოდა, სადაც უფრო იყო შესაძლებლობა საკუთარი სიმართლე დაემტკიცებინა. ნიკო ნიკოლაძე საქართველოში 1924 წელს დაბრუნდა. დააარსა კერძო სტამბა და დაიბრუნა სახლი დიდ ჯიხაიშში, რომელიც ჯარისკაცებს ჰქონდათ დაკავებული. ნიკო ნიკოლაძე, ოფიციალურად ორჯერ იყო დაქორწინებული და 7 შვილი ჰყავდა, თუმცა, ერთი ჩვილობაშივე გარდაიცვალა.

ნიკო ნიკოლაძე 1928 წლის 5 აპრილს გარდაიცვალა. თბილისის ყველა ეკლესიაში ამ დღეს გლოვის ზარი ისმოდა. უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებთან ერთად, საქართველოს იმჟამინდელმა კათოლოკოს-პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ გააცილა. ნიკო ნიკოლაძე ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. ნიკო ნიკოლაძის მრავალმხრივი განათლების, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობიდან გამომდინარე, სპეციალური განკარგულებით გადაწყდა, რომ მისი ტვინი მეცნიერულ დონეზე, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში შეესწავლათ.

🔘 🔘 🔘

ნიკო ნიკოლაძემ პეტერბურგში ცხოვრების პერიოდში გაიცნო ცნობილი რუსი ფილოსოფოსი ნიკოლოზ ჩერნიშევსკი, რომელთანაც ბინაში ხშირად იკრიბებოდნენ ცბობილი რუსი საზოგადო მოღვაწეები, მოაზროვნეები. მათ შორის იყვნენ ქართველი სტუდენტები. ერთხელ, ქართველი და რუსი სტუდენტები ისხდნენ და ჩაის სვამდნენ და ლიტერატურაზე საუბრობდნენ. მათ შორის იყო ნიკო ნიკოლაძე. ნიკოლოზის მშვენიერმა თანამეცხედრემ, ოლგა ვასილევამ ქმარს ნიკო ნიკოლაძე წარუდგინა. „ამ ყმაწვილის ძალიან მადლიერი უნდა იყოთ და გიყვარდეთო.“ ოლგას სიტყვებმა არამხოლოდ ნიკოლოზი, ნიკო ნიკოლაძეც დააბნია. რატომო, – გაიკვირვა ჩერნიშევსკიმ. იმიტომ, რომ ეს ერთადერთი კავკასიელია, რომელიც მე არ მეარშიყებაო, – უპასუხა ოლგამ ქმარს და გულიანად გაიცინა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი