საზოგადოება

რა შემოთავაზება მიიღო ბორენა ცერცვაძემ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ორგანიზაციისგან და როგორ გახდა ის MMA-ს მებრძოლი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად

№24

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 25.06

ბორენა ცერცვაძე
დაკოპირებულია

MMA-ს ქართველი მებრძოლი ბორენა ცერცვაძე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ორგანიზაციის PFL- ის წევრი გახდა. ბორენა Memete Fight Club-ის წევრია, ძალიან საინტერესო გამარჯვებებით, გამართლებული რისკებითა და საამაყო მიღწევებით.

ბორენა ცერცვაძე: ბავშვობიდანვე აქტიური და სპორტული ვიყავი, მაგრამ სპორტის არცერთ სახეობაზე არ დავდიოდი. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. მე ძალიან მომწონდა ძალისმიერი სპორტი, მაგრამ მაშინდელი შეხედულებების მიხედვით, ეს გოგოს საქმე არ იყო. ჩემი ოჯახის წევრები მეუბნებოდნენ, როგორ შეიძლება, გოგო სპორტში იყოსო. შვიდი დედმამიშვილი ვართ, ძმები, ძირითადად, წინააღმდეგები იყვნენ. ყველა არა, მაგრამ რამდენიმე თავს იგიჟებდა, პირდაპირი გაგებით (იცინის). საქართველოს ჩემპიონი რომ გავხდი, ძალიან გაუხარდათ და აღარაფერი უთქვამთ, თუმცა, რომ გაიგეს, MMA-სთვის დავიწყე მზადება, ჩემი ძმები, დაახლოებით, ერთი თვე ხმას არ მცემდნენ.

სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე, იურიდიული მიმართულებით. ჩემი ოჯახის დამოკიდებულების გათვალისწინებით, არც კი მიოცნებია, ცხოვრება სპორტისთვის დამეკავშირებინა. სამომავლოდაც არ ვფიქრობდი ამ მიმართულებაზე, ეს თემა თითქოს დაბლოკილი იყო ჩემში. ვვითარდებოდი, როგორც იურისტი, გავდიოდი სტაჟირებებს სასამართლოში, ვაბარებდი გამოცდებს, ერთი პერიოდი არასამთავრობო ორგანიზაციაში ვიყავი. ვერ ვიტყვი, რომ ეს საქმე არ მაინტერესებდა. ბავშვობიდან მაინტერესებდა გამომძიებლის პროფესია. ჩემი უფროსი და იურისტია და მის საქმიანობას რომ ვუყურებდი, ჩემი სურვილი კიდევ უფრო ღრმავდებოდა. იურისტად მუშაობა 2019 წელს დავიწყე. სამსახურში „ფიტპასი“ ავიღე და დარბაზში დავიწყე სიარული. ერთ დღესაც, მწვრთნელი მოვიდა ჩემთან და მითხრა, მძიმე წონით ვარჯიში, მისი აწევა მეცადა. ისე მოხდა, რომ პირველივე ცდაზე მაღალი მაჩვენებელი დავაფიქსირე. მითხრა, ერთ თვეში საქართველოს ჩემპიონატი ტარდება, მოგამზადებ და გადიო. ძალიან ვორჭოფობდი, მაგრამ ბოლოს დავთანხმდი. გადავწყვიტე, ამ შეჯიბრებაზე ოჯახისგან ჩუმად გავსულიყავი. მოსამზადებელ პერიოდში ჩემს ძმას ვეუბნებოდი, არ გინდა, რომ და საქართველოს ჩემპიონი გყავდეს-მეთქი და ის ამას სერიოზულად არ აღიქვამდა (იცინის). ისე მოხდა, რომ პირველი ადგილი ავიღე – საქართველოს ჩემპიონი გავხდი.

დედა მთელი დღე მირეკავდა, შაბათ-კვირას მაინც დაისვენე და სახლში მოდი, სად ხარ მთელი დღეო (იცინის). სახლში მოვედი და სერტიფიკატი და მედალი რომ ვაჩვენე, გაგიჟდნენ. მერე დედაჩემი ამბობდა, რომ მითხრა, მთვარეზე მივფრინავ, ესეც კი აღარ გამიკვირდებაო. ამ გამარჯვების შემდეგ, სამ დღეში, ევროპაზე გასვლა შემომთავაზეს. თუ მინდოდა წავსულიყავი, 70 %-ს სახელმწიფო აფინანსებდა, დანარჩენი თვითონ უნდა დამეფარა. ოჯახს ჩემი გამარჯვება ისე გაუხარდა, რომ მეთქვა ჩემი საჭიროების შესახებ, შეიძლება, მხარში დამდგომოდნენ, მაგრამ ვარჩიე, ყველაფერს დამოუკიდებლად გავმკლავებოდი და ჩემს სამსახურს მივმართე. დამპირდნენ, რომ ყველაფერში დამეხმარებოდნენ. მართლაც, დამაფინანსეს და მივდიოდი, მაგრამ ეს ის პერიოდია, როცა პანდემია იწყებოდა და აეროპორტიდან მოგვაბრუნეს. არ გავჩრებულვარ, ვვარჯიშობდი. იმ პერიოდში მეგობარმა მორაგბე გამაცნო, მირჩია, სპორტის ეს სახეობა მეცადა. მითხრა, ძალიან მოგეწონებაო. მაშინ 28 წლის ვხდებოდი. არც ეს მითქვამს ჩემი ოჯახისთვის. სამი თვე დავდიოდი რაგბიზე და ეს ამბავი რომ გასკდა, დედაჩემი ძალიან განიცდიდა, იმის გამო, რომ შეიძლებოდა, ტრავმა მიმეღო. სანამ ჩემი ოჯახი ამ ფაქტს ეგუებოდა, მე, პარალელურად, უკვე ემემეისთვის, დავიწყე მზადება, ანუ გადავწყვიტე, შერეულ ორთაბრძოლებში გადავსულიყავი (იცინის).

– საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა აიღე, როგორ მოხდა ეს?

– მე მიყვარს ჯერ დაფიქრება და საქმის მერე წამოწყება, მაგრამ იმავდროულად, გარისკვაც მიყვარს. გავრისკავ ისე, რომ არც საკუთარ თავს და არც სხვას ზიანს არ მოვუტან.

ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ჩვენი პასუხისმგებლობაა. ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით ვსწავლობთ ცხოვრებას და ვპოულობთ საკუთარ თავს. ცხოვრებამ მომცა შანსი და მე ის, უბრალოდ, გამოვიყენე. ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი, როცა გარკვეული ნაბიჯებით გავრისკე, რადგან გაამართლა. კი, რთულია, მე იურისტი ვარ, გვიან დავიწყე სპორტში აქტიურობა და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც უნდა მომხდარიყო. კი, გულდასაწყვეტია, რომ სპორტით ბავშვობიდან არ დავკავდი, ასე რომ მომხდარიყო, ახლა გაცილებით წინ ვიქნებოდი და კიდევ უფრო დიდი პერსპექტივით, თუმცა, არ მექნებოდა ეს აზროვნება და ასეთი პასუხისმგებლობა. ასევე, არ მექნებოდა ცოდნა, რომელიც იურისტის პროფესიამ მომცა. ჩემი განათლება ბევრი გადაწყვეტილების მიღებაში მეხმარება. ელემენტარული, ხელშეკრულებას რომ წავიკითხავ, რისკების განსაზღვრა კარგად შემიძლია და ასე შემდეგ, ეს ჩემთვის პრიორიტეტულია. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ რამეში დრო დავკარგე. ჩემი მხრიდან რისკი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს შორის, მან დადებითი შედეგი მომიტანა.

ერთხელაც, მეგობარმა მითხრა, ემემეის თემები უფრო და უფრო გააქტიურდა და მოდი, სცადე, რა გამოგივაო. უცებ მომინდა, რომ მართლა მეცადა. პირველად რომ შევაბიჯე ტატამზე, რომ ამბობენ ხოლმე „ის ის არის და მე მე ვარ“, ზუსტად ეს დამემართა (იცინის). დავიწყე ვარჯიში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამასაც ვმალავდი. ეს ის პერიოდია, როცა პანდემიის მეორე ტალღა დაიწყო და ისევ ჩავიკეტეთ. საბედნიეროდ, აღმოვაჩინეთ დარბაზი, სადაც ვარჯიშთან ერთად, ცხოვრებაც შესაძლებელი იყო, მაგრამ ეს ხომ ოჯახისთვის უნდა ამეხსნა, ამიტომ დავჯექი და დედას დაველაპარაკე. მას ვუთხარი, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ამას ჩემთვის და მითხრა, კარგი, არ არის პრობლემაო, მაგრამ ჩემმა ერთ-ერთმა ძმამ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ რომ გაიგო, მითხრა, ან ახლავე წამოხვალ ან ხმას არ გაგცემო და ვუპასუხე, კარგი, მირჩევნია, ხმა არ გაგცე-მეთქი (იცინის). დისტანციურად ვმუშაობდი, აქტიურად ვვარჯიშობდი და ამასობაში საზღვრებიც გაიხსნა. 2021 წლის მაისში ჩაინიშნა ევროპის ჩემპიონატი, რომელიც თავის დროზე გადამედო. სამი თვე იყო გასული, რაც ემემეიში ვვარჯიშობდი. გადავწყვიტე, ეს ცოტა ხნით გვერდზე გადამედო და წონებით ვარჯიშს დავუბრუნდი. ჩემმა პატარა ძმამ მითხრა, თუ შენ ამ ჩემპიონატს მოიგებ, მე აეროპორტში დამკვრელებით დაგხვდებიო (იცინის). როცა გამარჯვება მოვიპოვე, პირველი მას დავურეკე, მზად ხარ-მეთქი?! (იცინის). ამას ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა – ბიჭები და მე, მხოლოდ ერთი გოგო ვიყავით ამ ჩემპიონატზე. ჩამოვედით და აეროპორტში დამხვდნენ დამკვრელებით, ცეკვითა და სიმღერით, ძალიან ხალისიანად აღვნიშნეთ ეს გამარჯვება.

საზღვარგარეთ გამარჯვების გემო და მასშტაბებით გამოწვეული ბედნიერებაც განვიცადე, ვიგრძენი, რას ნიშნავდა, როცა შენს ქვეყანას ასახელებ, ეს იმდენად მომეწონა, მივედი ჩემს ტრენერთან და ვუთხარი, გეხვეწები, მაჩხუბე-მეთქი. მითხრა, ბორენა, შენთვის ემემეი ძალიან ადრეა. ერთი არასწორი ნაბიჯი და შეიძლება, ყველაფერი დამთავრდესო. მე ყველაფერი კარგად მქონდა გააზრებული. მზად ვიყავი მოგებისთვისაც და წაგებისთვისაც. კარგი, დაგაკვირდები როგორ ივარჯიშებ და გადავწყვეტო. ერთ დღესაც მითხრა, დებიუტანტი გოგო გამოჩნდა, მაგრამ ის შენზე ბევრად გამოცდილია, სპორტული წარსული აქვს, ამიტომ ძალიან კარგად უნდა მოემზადოო. მახსოვს, რომ გავდიოდი, ყველა მეუბნებოდა, ბორენა, შენთვის ჯერ ადრეაო. ბრძოლის დღე რომ მოვიდა, ჩემს ტრენერს ყველა ეუბნებოდა, რომ შეცდომას უშვებდა, რომ მე არ უნდა გავეყვანე ბრძოლაზე. მაცადეთ-მეთქი, ჩემთვის ვფიქრობდი (იცინის). ყველას ეგონა, რომ მე იქ მაგრად გავილახებოდი და გამომიტანდნენ (იცინის). ისე მოხდა, რომ ეს ბრძოლა მოვიგე. რომ გამოვედი, დედაჩემი მირეკავს და მეუბნება, შვილო, ეს რა გააკეთე, არ შეგეცოდა ის გოგო, როგორ სცემე, მასზეც ისე ვლოცულობდი, როგორც შენზეო. დედა, სპორტია, გადაიტანს-მეთქი (იცინის). საოცარი წუთები იყო, ამ სიამოვნებას ვერაფერი შეედრება.

ვარჯიში გავაგრძელე. ჩემი ერთ-ერთი ძმა ისევ წინააღმდეგი იყო. მეუბნებოდა, ნეტა, ისე გაგლახავდნენ, რომ თავს დაანებებდეო, თუმცა, რატომღაც, გადაწყვიტა შემდეგ ბრძოლას დასწრებოდა. ეს ბრძოლაც მოვიგე.

2022 წელს მირეკავს ბატონი გიორგი შალამბერიძე და მეუბნება: ბორენა, GFC -ზე ჩაინიშნა ბრძოლა და თუ სურვილი გაქვს, გაჩხუბებთო. რატომაც არა-მეთქი. ჩემებმა იფიქრეს, ახლა მაინც გაილახება და თავს დაანებებსო. გავედი და ეგ ბრძოლაც მოვიგე (იცინის). პირველივე რაუნდში გამარჯვებით დავასრულე და ყველა შოკში იყო. ამან ჩემებზეც ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, უკვე ძალიან მგულშემატკივრობდნენ, თვითონაც გაგრძელებაზე ფიქრობდნენ. შემდეგ ისევ „ჯიეფსის“ ორგანიზაციაში მქონდა ბრძოლა, ჩემი სამსახურის მატერიალური დახმარებით. მსაჯების გადაწყვეტილებით, ეს ბრძოლაც მოვიგე. ჩემი ძმის რეაქცია ასეთი იყო: ეს ახლა ამისთვის თავის დამნებებელიაო?! ბოლოს და ბოლოს ხელი ჩაიქნია. მე ხომ არ მომწონს რასაც აკეთებ, მაგრამ მიდი ბოლომდე, მეამაყები მაინცო (იცინის). 2022 წლის დეკემბერში ემემეის მეოთხე ბრძოლა მოვიგე.

შემდეგ MMA-ს შეჯიბრებზე წელიწადნახევრიანი პაუზა მქონდა. წელს სამბოზე გავედი, ვცდილობ, ჩემი პროფესიონალიზმი გავაღრმავო. მესამე ადგილი ავიღე საქართველოს ჩემპიონატზე. პირველად ვიჭიდავე ჩოხაში და ძალიან მომეწონა.

მართალია, როცა აქ არ ვიყავი, სახლიდან ჩემი მედლები მომპარეს, მაგრამ ამას ჩემზე ცუდად არ უმოქმედია, პირიქით, ყველა წინააღმდეგობა ჩემთვის მოტივაციაა.

– ახლა რა ეტაპზე ხარ?

– ცოტა ხნის წინ დამიკავშირდნენ ძალიან სერიოზული ამერიკული ორგანიზაციიდან – PFL მსოფლიო მასშტაბით მეორე ორგანიზაციაა – გვინდა კონტრაქტი გაგიფორმოთო. ამდენი შრომის შემდეგ ეს ხელშეკრულება შედგა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა