საზოგადოება

რა სერიოზული ტრავმა მიიღო დათო ევგენიძემ თვითმფრინავის ბიჭების გაქცევით და როგორ სთხოვა მან მომავალი ცოლის ხელი მის ყოფილ ქმარს

№17

ავტორი: ეკატერინე პატარაია 22:00 02.05, 2023 წელი

დათო ევგენიძე
დაკოპირებულია

მან მოსკოვის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა, სადაც ჩაბარება იმ დროისთვისაც, თითქმის, წარმოუდგენელი იყო საქართველოდან ჩასული ადამიანისათვის და არა მხოლოდ. მისი ნაწარმოებები 80-იან წლებშივე შესრულდა მოსკოვის დიდი თეატრის, ამერიკის, საფრანგეთის, ესპანეთის თეატრების სცენებზე, მონაწილეობდა ჯაზ-ფესტივალებში... ამ ადამიანის წარმატებებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ მას ცოტა სხვანაირად წარვადგენ.

ეს დათო ევგენიძეა, რომელთანაც საუბარი ყველა თემაზე, განსაკუთრებით საბჭოთა სისტემაზე, ყოველთვის საინტერესოა. რატომ საბჭოთა სისტემაზე? იმიტომ რომ ამ სისტემამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა მის თაობას, ამ სისტემამ შთანთქა მისი მეგობრები – ინტელექტუალები, განათლებულები, კარგი ოჯახის შვილები, ბიჭები თვითმფრინავიდან, რომლებიც ტერორისტებად მონათლეს მხოლოდ იმიტომ, რომ თავისუფლება სწყუროდათ და ამ თავისუფლებას იმ დროს მხოლოდ გაქცევით თუ მოიპოვებდნენ.

– თქვენი შემოქმედებითი გზა, პატარა ასაკიდან განისაზღვრა. რა გახსენდებათ იმ პერიოდიდან, როგორ გახსოვთ თავი?

– ექვსი თუ შვიდი წლის ვიყავი, როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში მოვხვდი – მე ვუკრავდი, ჩემი და მღეროდა. მესამე კლასში ვიყავი, როცა უკვე გაზეთ „თბილისში“ ჩემი სიმღერის ნოტები დაიბეჭდა. სანდრო მირიანაშვილმა გამოაქვეყნა და ასე დამილოცა გზა. მერე სულხან ცინცაძემ მომისმინა. მაშინ ცამეტი წლის ვიყავი. მითხრა: შენ აუცილებლად უნდა გააგრძელო გზა, როგორც კომპოზიტორმაო. ფორტეპიანოზე მის ცოლთან დავდიოდი, მესამე სამუსიკო სკოლაში. მერე ლილი იაშვილთან ვსწავლობდი, რომელმაც მუსიკის ნოტებით ჩაწერა მასწავლა და მე უკვე ჩემს საფორტეპიანო ნაწარმოებს ნოტებზე ვიწერდი, თან, ვხატავდი – რომ დავხატავდი, მერე ამ ნახატზე ვწერდი მუსიკას... ლილი იაშვილთან, ამ საოცარ ქალბატონთან, დიდი შემოქმედებითი პერიოდი მქონდა. დიდი ცოდნა მომცა. მერე ჩავაბარე მოსკოვის კონსერვატორიაში. მაშინ ასე ვერავინ ბედავდა იქ ჩაბარებას. არც მეგონა, რომ მოვხვდებოდი. მეგონა და შეგუებული ვიყავი იმას, რომ თუ ჩავაბარებდი, მოსამზადებელ ჯგუფში ვიქნებოდი. კარგად მახსოვს გამოცდის დღე. ერთ ოთახში იყო ყველა აბიტურიენტი შეკრებილი და თავის ნაწარმოებებს უსმენდნენ. ჩანაწერი უნდა გაგეტანა, ვიღაცები ცოცხლად ასრულებდნენ. იქ იყვნენ ჩემზე უფროსებიც, ვისაც ტექნიკუმი ჰქონდა დამთავრებული და კიდევ ოთხი თუ ხუთი წელი კონსერვატორიაში აბარებდნენ. კაცებად მომეჩვენნენ. საერთოდ, სად მოვედი-მეთქი. ამხელა გენიოსებთან, რომლებსაც სომფონიური ნაწარმოებები ჰქონდათ მოტანილი, მე ვინ ვიყავი. გამოცდაზე რომ ჩემი ხუთი საფორტეპიანო პრელუდია გავიტანე, გავიგონე, ერთმანეთს როგორ ეჩურჩულებოდნენ, ეს ბიჭი არ უნდა ჩაიჭრასო.

– როგორც ვიცი, მაშინ, ბიჭი, ნოტებით ხელში მთელი უბნისა და სამეგობროსთვის ცოტა საქილიკო თემა იყო. ალბათ, ბრაზდებოდით.

– ხშირად მიწევდა ჩხუბი. პატარა ასაკში ნოტებით დავდიოდი და ბიჭები სულ მაბრაზებდნენ – ვა, მუზიკანტ და რაღაც ეგეთ ნერვების მომშლელ ფრაზებს ამბობდნენ. იცინოდნენ, მაგრამ არა ბოროტულად. სკოლის პერიოდიდან ვმეგობრობდით: მე, ირაკლი ჩარკვიანი, გეგა კობახიძე, ლევან აბაშიძე, დათო გომართელი, ლევან კერესელიძე... საკმაოდ დიდი სამეგობრო წრე იყო, სალონური ტიპის კონცერტებს ვაკეთებდით. მართლა საოცარი ბავშვობა მქონდა და მათი არყოფნით უზარმაზარი სიცარიელე დამრჩა. და მარტო მე არა, მთელ ქალაქს დააკლდნენ ეს ბიჭები. ჩვენი თაობიდან, უმრავლესობამ 30 წელსაც ვერ მიაღწია. ჩვენ 80-იანელები ვართ. თბილისში ყველა ვძველბიჭობდით. ჩვენში თუ ვინმე დანას იხმარდა – ძალიან იშვიათად, ისიც როგორ იცი? დანის წვერზე თითი ედო, რომ ჭრილობა უმნიშვნელო ყოფილიყო. ალბათ, უფრო დაშინების მიზნით, ვიდრე სერიოზულად. ერთმანეთს არ იმეტებდნენ და ჩხუბი ყოველთვის შერიგებით მთავრდებოდა. მერე ყველა ერთად სახინკლეში მივდიოდით. ერთ ოჯახად ვცხოვრობდით, ერთმანეთის სახლში გვეძინა. არ ყოფილა ისეთი პერიოდი, რომ ჩვენ ჩვენთვის წავსულიყავით სახლებში დღის ბოლოს და მარტოს დაგვეძინა. იმდენად გვიყვარდა ერთმანეთი, რომ ღამეც გვენანებოდა განსაშორებლად.

თითქოს ქვეცნობიერად ვგრძნობდით, რომ ჩვენი ურთიერთობა მოკლე იქნებოდა.

ერთხელ ბაკურიანში მე და ჩემს მეგობრებს ვაკელებთან მოგვივიდა ჩხუბი და ეს დიდხანს გაგრძელდა: ვაკელები თუ მთაწმინდაზე დაგვიჭერდნენ, ჩვენ გვცემდნენ, თუ ჩვენ დავიჭერდით იმათ მთაწმინდაზე – ჩვენ ვცემდით და ასე... ერთხელაც, გმირთა მოედანზე, პატარა ბაღი იყო იქვე. სტუმრად ვართ. მოგვაგნეს და გაგვიყვანეს. ვაკელებში იყო ერთი ჩვენზე ერთი-ორი წლით უფროსი ბიჭი, მეტსახელად „კარანდაშა“. მათზე ათი, თხუთმეტი წლით უფროსი ხალხი დიდ პატივს სცემდა. ნამდვილი ვაჟკაცი იყო. „კარანდაშასთან“ მოიყვანეს ვიღაც ტიპი. ცოტა არ იყოს, შემეშინდა. დავიწყე ლაპარაკი, ვეუბნები: შენ მართალი არ ხარ, და უცებ მომიტრიალდა ეს ბიჭი და მეუბნება: არ გრცხვენია, დათო? შენნაირი ნიჭი რომ მქონდეს, საერთოდ, ქუჩაში არ გავიდოდი. მე ტყვია როდის მომხვდება, არ ვიცი. შენ მუსიკას წერ, დიდი მომავალი გაქვს, რა გინდა ქუჩაშიო?.. მერე მოსკოვში წავედი ორი კვირით, მოსამზადებლად და გავიგე, რომ ეს ბიჭი მოკლეს. კარგად მახსოვს მისი ეს სიტყვები, ისე ჩამრჩა, იმ დღიდან სულ თავს ვარიდებდი კონფლიქტებში ჩარევას, თუმცა ხომ გეუბნებით, ყოველთვის შერიგებით მთავრდებოდა. ბევრჯერ მომხვედრია მუშტი ცხვირში, იმათაც მოხვედრიათ. მერე ვრიგდებოდით. სახინკლის ფულს ვაგროვებდით და ყველა ერთად მივდიოდით სახინკლეში.

– რა როლი გქონდათ იმ ცნობილი გაქცევის ისტორიაში? თვითმფრინავის ბიჭებს ვგულისხმობ.

– ქორწილის ღამეს, ყველა, ვინც გაფრინდა, ჩემთან სახლში მოსულან. ცარიელი ბინა მქონდა ნუცუბიძეზე, მე და ჩემი ოჯახი ჯერ გადასულები არ ვიყავით რუსთაველის სახლიდან. იქ მქონდა დასარტყამი ინსტრუმენტები, გიტარა, პიანინო... ავდიოდით, ვუკრავდით. მე და ირაკლი ჩარკვიანი ქორწილიდან ცოტა ადრე წავედით. ცოტა ვიეჭვიანეთ, იმიტომ რომ ჩვენზე ახლობელი გეგას არავინ ჰყავდა და ვერ მივხვდით, რატომ არ ვიყავით მეჯვარეები. გეგა გამოგვეკიდა, სად მიდიხართო. გეგა, არ ვსვამთ და წავალთ-მეთქი. სად იქნებითო, ნუცუბიძეზე-მეთქი... მოკლედ, მე და ირაკლი ავედით ნუცუბიძეზე. ღამის ორის ნახევარი იყო. კარზე დაგვხვდა წერილი: ვიყავით გეგა, თინიკო და კომპანია. მერე, ირაკლის ვუთხარი: რადგან გეგა მოვიდა, ხვალ „სვადებნიში“ მიდის და მივაკითხოთ-მეთქი. გეგა იქვე, კანდელაკზე ცხოვრობდა. მე უკვე მანქანა მყავდა, მამაჩემმა მიყიდა, კონსერვატორიაში რომ ჩავაბარე. გავვარდით. დავუკაკუნეთ ფანჯარაზე – პირველ სართულზე ცხოვრობდა და ქუჩაზე გამოდიოდა მისი ფანჯრები. უკვე იწვა. ტრუსებში იყო, რომ გამოიხედა. ცოლი ააყენა ლოგინიდან და ჩვენთან წამოვიდა. თინიკოს კარგად არ ვიცნობდით. რაღაც სულ მოღუშული სახით იჯდა. არაფერზე იღიმოდა. მე და ირაკლი ჩაის ვამზადებდით. ირაკლიმ თქვა: როგორი გოგოა, არც გვიცინის, არაფერი. ეტყობა, არ მოვწონვართო. ვერც წარმოვიდგენდით, სად მიდიოდნენ, რა ხდებოდა. გეგა დასარტყამ ინსტრუმენტებთან იჯდა, ირაკლი – გიტარას უკრავდა, მე – პიანინოს. რაღაცაზე ვიცინოდით. მანქანით სახლში რომ მივიყვანეთ, გეგამ „ქემელის“ „პაჩკა“ მესროლა. ვერ მივხვდით, რა მესიჯი იყო მისგან. ძალიან მაგრად ჩაგვეხუტა. ცოტა კი გაგვიკვირდა, ასე რომ დაგვემშვიდობა, მაგრამ ჩვენ ვიფიქრეთ, ნუ, რა მოხდა, ერთი კვირით მიდის საქორწინო მოგზაურობაში, ჩამოვა რა... ირაკლი მივიყვანე სახლში, პეკინზე. მე რუსთაველზე, ჩემს სახლში წამოვედი. მეორე დღეს, სადღაც შუადღე იქნებოდა, ირაკლიმ დამირეკა და მითხრა, გეგამ თვითმფრინავი გაიტაცაო. მეგონა, ხუმრობდა. ხმაზე შევატყვე, რომ სიმართლე იყო. სასწრაფოდ გავვარდით მანქანით მე და ირაკლი. აეროპორტისკენ მიმავალი მთელი გზა გადაკეტილი იყო...

ეს ჩვენი ცხოვრების სერიოზული ტრავმაა. გეგა და ჩემი და ერთ წელს, თვესა და რიცხვში დაბადებული იყვნენ. ჩემი და რომ დაიღუპა, გეგას დაბადების დღე აღარ გადაუხდია, ჩემთან მოდიოდა ხოლმე სახლში თავის დაბადების დღეზე.

– მუსიკას ვერ მოსწყდები, თუ ერთხელ მაინც შემოვიდა რაიმე ფორმით შენს ცხოვრებაში, მაგრამ ეს ერთადერთია, რაც გიზიდავდათ?

– მე ბავშვობიდან ვხატავ და ვწერ ლექსებს. ხუთი კრებული მაქვს გამოცემული. მასწავლებელი მეუბნებოდა, ხატვას უნდა გაჰყვეო. ჭადრაკზე დავდიოდი და ისე კარგად ვთამაშობდი, მასწავლებელი ამბობდა, ჭადრაკი უნდა გააგრძელოო, მაგრამ მე კი არ ავირჩიე პროფესია, პროფესიამ ამირჩია მე. ისეთი ღრმა ბავშვობიდან ვიდექი სცენაზე, ვერ წარმომიდგენია, სხვა პროფესიის ან ხელობის ადამიანი ვყოფილიყავი. 14 წლის ვიყავი, როცა მსახიობთა თეატრში ჩემი შემოქმედებითი საღამო გაიმართა, სადაც სიმებიანი კვარტეტები, საფორტეპიანო სონეტები შესრულდა. მახსოვს, მაშინ გუგული თორაძემ წარმადგინა. ასევე, მორის ფოცხიშვილი იყო ჩემი მფარველი ანგელოზი. ის მაშინ ჩემი სიმღერებისთვის სპეციალურად მიწერდა ლექსებს. ეს ბავშვობაში ჩემთვის დიდი ფუფუნება იყო. მუსიკა არის ჰაერი, რის გარეშეც მე ვერ ვსუნთქავ.

– ახლა თქვენს პირადზე. მართალია, ნინო რომ ცოლად მოგყავდათ, მისი ხელი მის ყოფილ ქმარს სთხოვეთ?

– ეს ჩვეულებრივი რაღაც მგონია.

– ჩვეულებრივი რაღაც როგორ არის – ყოფილ ქმარს მომავალი ცოლის ხელს სთხოვ. რატომ?

– არა, არა. ნინო უკვე დიდი ხნის გაშორებული იყო თავის ქმართან, მე – ჩემს ცოლთან. ის იყო თავისუფალი ადამიანი, მეც – თავისუფალი. იქ არანაირი ღალატი არ ყოფილა, არც რამე დამალული. ჩავთვალე, რომ სწორად მოვიქეცი, იმიტომ რომ მე მასთან ურთიერთობას ვაგრძელებდი, ვმეგობრობდით და არამარტო ნინოსთან, მის ოჯახთანაც. მივედი და ვუთხარი.

– და რეაქცია?

– ის რეაქცია იყო, რასაც ველოდი. ზუსტად ვიცოდი, რომ ჩვენს ამბავს ნორმალურად შეხვდებოდნენ. იმ ადამიანს უკვე თავისი ოჯახი ჰქონდა. რა აგრესია უნდა ყოფილიყო? თუ ადამიანი შემიყვარდა, იმ წუთიდანვე ვიცი, რომ მასთან ცხოვრება მინდა. ასეთი ვარ ბუნებით. აქაც ზუსტად ასე იყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა