საზოგადოება

რა სასწაული მოხდა ხატმწერ ეთერ ბულუხაძის ცხოვრებაში და როგორ შეცვალა ის ტრაგედიამ

№3

ავტორი: ეთო ხურციძე 22:00 24.01

ეთერ ბულუხაძე
დაკოპირებულია

55 წლის ასაკში აღმოჩენილი ნიჭი და ტრაგედია, რომელმაც ეთერ ბულუხაძის ცხოვრება სრულიად შეცვალა – შვილის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული ხატწერა და განსაკუთრებული სიახლოვე უფალთან. ქალბატონი ეთერი ახლა 75 წლის გახლავთ და 20 წლის განმავლობაში 1 000-მდე ხატი აქვს დაწერილი, რომლებიც საქართველოს მასშტაბით, არაერთი ეკლესიის კანკელს ამშვენებს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ქალბატონი ეთერის შექმნილი ხატების უმრავლესობას მირონი სდის და სასწაულებს ახდენენ.

ეთერ ბულუხაძე: ლაღი ბავშვობა მქონდა, უმცროსი შვილი ვიყავი და ყველა მანებივრებდა. სოფელში ვცხოვრობდით, ბევრი საქმე იყო, ჩემი და-ძმა ეხმარებოდა მშობლებს, მე კი მხოლოდ კითხვა მევალებოდა. რაც შეეხება ხატვას, სულ ვხატავდი, სკოლაში საორგანიზაციო კუთხეებს ვაფორმებდი ხოლმე. მახსოვს, ერთხელ თეატრალური სპექტაკლი დადგეს და მთელი სცენა მოვხატე. როცა ჩემი და თბილისში გათხოვდა, მეც წამომიყვანა. ჩემს სიძეს უნდოდა სამხატვრო აკადემიაში მესწავლა, თუმცა საბოლოოდ ისტორიულზე ჩავაბარე. ყოველთვის მომწონდა ფერწერა, მაგრამ არ გამომდიოდა, ეტყობა, ხატები უნდა დამეწერა. ერთხელ სასწაული მოხდა, დედა მყავდა ცუდად, ინსულტი დაემართა და სოფელში წავედი, რომ მიმეხედა. მაშინ ჩემი გოგონა ახალი წასული იყო გერმანიაში სასწავლებლად და ძალიან განვიცდიდი. გადავწყვიტე, მოძღვართან მივსულიყავი და ჩემი გულისტკივილი გამენდო. ყველა ადამიანს აქვს თავისი ცოდვა, მეც ჩემი ცოდვების გამო მოძღვარმა მითხრა, სახარება გადამეწერა და მომენანიებინა. ოთხი სახარება გადავწერე, ეტყობა, მაშინ გადმოვიდა ჩემზე მადლი. როგორც გითხარით, ყოველთვის ვხატავდი, მაგრამ ეს არ იყო პროფესიონალურ დონეზე შესრულებული ნახატები. როცა სახარების წერა დავასრულე, ჩემ წინ დის შვილიშვილი მეჯდა. ბოლო სტრიქონი დავწერე და გავიფიქრე, ბავშვს დავხატავ-მეთქი. ფურცელი ავიღე და ზუსტად გადმოვიხატე. მაშინ ჩემმა ანგელოზმა მათქმევინა, მე ხატების წერა უნდა დავიწყო-მეთქი.

– მანამდე თუ გქონდათ ხატების დაწერის მცდელობა?

– არა, არ მქონია. მაშინ 55 წლის ვიყავი და ოჯახში მითხრეს, აწი შენ რომ ხატების წერას დაიწყებ, როდის რა იქნებაო. ერთი მეც გავიფიქრე, რაღა დროს ჩემი ხატების წერაა, არაფერი გამომივა-მეთქი. ამ ამბიდან ძალიან მალე კიბეებზე დავეცი და მარჯვენა ხელი მომტყდა, სულ დამემსხვრა ძვალი. ღმერთს ვთხოვე, ოღონდ ახლა გადამარჩინე და აუცილებლად დავწერ ხატს-მეთქი. თან, ჩვენს სახლთან ეკლესია შენდებოდა. დიდი სურვილი მქონდა, ამ ტაძარში ერთი ხატი მაინც ყოფილიყო ჩემი დაწერილი, თუმცა ღმერთს სასწაულების მოხდენა შეუძლია და აღნიშნულ ეკლესიაში ყველა ხატი ჩემი დაწერილია. ხელის მოტეხვა უფლისგან ნიშანი იყო. მოტეხილობა ძალიან მალე შემიხორცდა. დაახლოებით, ერთ თვეში უკვე ვმუშაობდი, თან, ისე, რომ ტკივილსაც ვერ ვგრძნობდი. ამ შემთხვევის მერე დავიწყე ხატების წერა. ჩემი შვილი, დათო, რომელიც გარდაცვლილი მყავს, იმ ოთახში იწვა, სადაც ახლა ხატებს ვწერ.

– რა შეემთხვა თქვენს შვილს?

– დათო 8 წლამდე კლდესავით ბავშვი იყო, ხის კენწეროზე მოექცეოდა ხოლმე. 8 წლის ჩამოვარდა ხიდან და ზურგით დაეცა. 6 თვის შემდეგ სკოლამ მოითხოვა ანალიზები, რომლებიც ბავშვებს გეგმურად უტარდებოდათ. დათოს გარდა კიდევ, 4 შვილი მყავს. ორს გავუკეთე ანალიზები – ხათუნას და დათოს. თავიდან ხათუნას ანალიზები მოვიდა ცუდი. მერე, რომ გადავამოწმე და ისევ ჩავუტარე კვლევა, მშვენიერი პასუხები იყო. თურმე, შეშლიათ დათოს და ხათუნას პასუხები... ერთ დღესაც ბავშვი მთლიანად დასივდა. თირკმელებზე ჰქონია პრობლემა. მკურნალობა დავიწყეთ, სად არ გვყავდა, საქართველოში თუ უცხოეთში, საიდან არ ჩამოგვქონდა წამლები, მაგრამ არაფერმა გვიშველა. თბილისში, რომ ჩამოვიყვანეთ სულ რამდენიმე თვე იცოცხლა, თირკმელები დაეშალა, ნელ-ნელა მიმდინარეობდა ეს პროცესი. საოცარი ბავშვი იყო, მისი დიდი დამსახურებაა, რომ თავდაპირველად ხატი ჩვენს ოჯახში გაჩნდა. როცა ცუდად იყო, გვთხოვა ხატები მოგვეტანა და გველოცა. ჩვენც შევუსრულეთ სურვილი. თურმე, ზოგი ხატი არც ყოფილა მართლმადიდებლური, თუმცა მაშინ ეს არ ვიცოდი. მეუბნებოდა, დედა დაიჩოქე და ილოცეო. ვფიქრობდი, ლოცვა რას მიზამს-მეთქი, შემოვატარე ყველაფერი, ყველა პროფესორს გავასინჯე და დაჩოქვა რას მიშველიდა, მაგრამ მისი ხათრით ვიჩოქებოდი. ჩემში იყო ღმერთი, თუმცა ისეთი გულგატეხილი ვიყავი, ისეთი საშინელი გრძნობა მეუფლებოდა, გულით ვერ ვლოცულობდი – თითქოს ცეცხლი მეკიდა, მაგრამ არ ვიწვებოდი. უზომოდ ნიჭიერი ბავშვი იყო, სანამ ზეცაში გადაინაცვლებდა, მანამდე მითხრა: დედა, ძმა მეყოლება, რომელსაც დაჩი უნდა დაარქვაო. როგორ ვიფიქრებდი დათოს შემდეგ შვილი თუ მეყოლებოდა, თუმცა უფალი სასწაულებს ახდენს. დათო იანვარში გარდაიცვალა და სექტემბერში გაჩნდა დაჩი.

– ესე იგი, თქვენ შვილს დიდი როლი მიუძღვის, რომ ხატების წერა დაიწყეთ. თვითნასწავლი ხართ?

– დიახ, ნამდვილად ასეა. არანაირი კურსი არ გამივლია. ბავშვობიდან მქონდა ღვთის რწმენა, მაგრამ ეკლესიაში არ დავდიოდი. მაშინ ისეთი პერიოდი იყო, აღდგომასაც კი აკრძალული გვქონდა კვერცხის შეღებვა – კომუნისტების დრო გახლდათ. ჩუმად შევიპარებოდი ხოლმე ტაძარში, ვიცოდი იესო ქრისტეს შესახებ, მაგრამ ღვთისმშობლის შვილი თუ იყო, არ გამეგო. მერე თავად გავერკვიე ყველაფერში და როცა სახარების გადაწერა დავიწყე, ძალიან დავუახლოვდი უფალს. დათოს გარდაცვალების შემდეგ დავწერე პირველი ხატი, წმიდა ნიკოლოზის. როცა დათო წავიდა, მისი და იწვა ხოლმე მის საწოლზე, ვერ დავტოვებო იძახდა. თურმე, ძალიან ეშინოდა, მაგრამ ძმის საწოლს მაინც არ ტოვებდა. ერთ დღესაც წმიდა ნიკოლოზი გამოეცხადა და მომიყვა: დედა, თეთრებში ჩაცმული კაცი იყო, თეთრი წვერები ჰქონდა, არ მეძინა, შიშისგან ვკანკალებდი, მაგრამ, როცა დავინახე, ყველანაირი შიში გამიქრა და მითხრა: შვილო, შენ დღეის მერე არ შეგეშინდება. თავზე ხელის დადება ვიგრძენი და გაქრაო. თურმე, უფალი რას მიმზადებდა, ჩემს სახლთან რომ ტაძარი შენდებოდა, არც კი ვიცოდი, თუ წმიდა ნიკოლოზის სახელობის უნდა ყოფილიყო. დათოს ოთახში დაიწერა ყველა ხატი, რომელიც წმიდა ნიკოლოზის ტაძარშია განთავსებული.

– წინააღმდეგობა თუ გქონდათ? როცა დიდი მადლი გადადის ადამიანზე ბრძოლები უწევს ხოლმე, თქვენს შემთხვევაში იყო მსგავსი რამ?

– დიახ, იყო. რამდენჯერ ღამეები გამითენებია ტირილში, რომ ვერ შევძლებდი, ვერ გავაკეთებდი. ყველა ხატი მაქვს დასრულებული და ჩარჩოში ჩასმული, ისინიც კი, რომელიც ფანქრით დავხატე. მთელი დღე ვიჯექი ხოლმე და ვხატავდი. ამის გამო, ჩემი მეუღლე ცოტა უკმაყოფილებას გამოთქვამდა. ვაჟკაცი კაცი გახლდათ, მეოჯახე, შვილებზე თავგადაკლული მამა, მაგრამ მაშინ რწმენა არ იყო, სულ მღვდლების აუგში გავიზარდეთ. ერთ საღამოს წმიდა ნიკოლოზის ხატს ვწერდი და გაბრაზებული შემოვიდა ოთახში, რას შვრები, კიდევ ხატავო. უცებ კაცი გაჩუმდა და უკან დაიხია, ისე გავიდა ოთახიდან ხმა არ ამოუღია. ის დღე იყო და აღარასოდეს უთქვამს ჩემთვის ხატები არ დაწეროო, პირიქით, მეხმარებოდა, დაფა მინდოდა, დასაგრუნტი თუ რაც, ყველაფერი მოჰქონდა. შემდეგ გამიმხილა, იმ საღამოს წმიდა ნიკოლოზი გამომეცხადა და გამიბრაზდაო.

– თქვენ დაწერეთ ხატი, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობს და მუცლად მოწყვეტილი ბავშვების დედებისთვის შექმენით. გვიამბეთ მისი ისტორია...

– ამ ხატს ბიზანტიური წარმოშობა აქვს, უბრალოდ, მე ცოტა სხვანაირად დავწერე. ყველა ადამიანს თავისი ცოდვა აქვს, მათ შორის მეც...

– როგორც ცნობილია, თქვენ მიერ დაწერილი ხატები სასწაულებს ახდენენ...

– ჩემამდეც მოვიდა ეს ინფორმაცია. გლდანში, წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში დაბრძანებულია პანტანასას ღვთისმშობლის ხატი და ამბობენ, სასწაულებს ახდენს, იკურნებიან ადამიანებიო. ერთხელ ქალი სანთლით ევედრებოდა ხატს, მომიბრუნდა და მითხრა: იცით, ამ ხატმა სასწაული მოახდინა, განმკურნაო, არც იცოდა, რომ ჩემი დაწერილი იყო, ბუნებრივია, მეც არ მითქვამს. მიხარია, როცა მსგავს ამბავს ვიგებ. წმიდა ნიკოლოზის ხატს, რომელიც პირველად დავწერე, დღემდე მირონი სდის, ოჯახებში დააბრძანებენ და მასაც არაერთი სასწაული მოუხდენია. მირონი ჩემს უამრავ ხატს სდის, ეს კი ნამდვილად უფლის სასწაულია.

– რა შემთხვევაში გთხოვენ ხატის დაწერას?

– ბევრი „უჭკნობი ყვავილის“ ხატის დაწერას მთხოვს. ერთი ასეთი ისტორია იყო: 49 წლის ქალი მოვიდა და მითხრა: მარტო ვეღარ ვიქნები, მშობლები აღარ მყავს და იქნება თქვენმა დაწერილმა ხატმა მიშველოს – მითხრეს, ბევრი გაბედნიერდაო. დავუწერე ხატი და თან, არ ვიცი, რამ მათქმევინა, ვურჩიე 30-ჯერ ღვთისმშობლის დაუჯდომელი წაეკითხა. გაგიჟებულმა დამირეკა 30-ე დღეს, 20 წლის წინ შეყვარებულს რომ დავშორდი, მან დამირეკა და მითხრა, შენ გელოდებოდი, ცოლი არ შემირთავსო. მერე გავიგე ტყუპი შვილიც შესძენიათ.

ამ 20 წლის განმავლობაში 920 ხატი მაქვს დაწერილი, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით, და არა მარტო, სხვადასხვა ტაძარშია განთავსებული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...