საზოგადოება

რა სასწაული მოხდა დავით გველესიანის ცხოვრებაში პატრიარქის დახმარებით და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს

№44

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 06.11

დავით გველესიანი
დაკოპირებულია

დავით გველესიანის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის დავით გველესიანი?

დავით გველესიანი: რიგითი ქართველი, რომელსაც ძალიან უყვარს საქართველო.

– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?

– საოცნებოა ის, რომ გამრავლდეს საქართველოში სამშობლოს, ღმერთისა და მოყვასის მოყვარული ადამიანები. ვისურვებდი, რომ სიყვარულმა და ერთმანეთის პატივისცემამ იმატოს ჩვენს ქვეყანაში. ვოცნებობ, ვიცხოვრო საქართველოში, სადაც ადამიანებს უანგარო სიყვარული შეეძლებათ და სადაც მატერიალიზმზე მაღლა დავდგებით.

– რამდენად გულჩვილი ადამიანი ხართ?

– გულჩვილი ნამდვილად ვარ, მაგრამ ამას ვმალავ, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, დღეს ამას სისუსტეში ჩათვლიან. რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“ მრავლად არის გულჩვილობის მაგალითები, რადგან დიდი ვაჟკაცობა ყოველთვის დიდ სულიერ სიფაქიზესთან არის დაკავშირებული.

– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?

– ბოლოს მერაბ დვალიშვილის გამარჯვების ხილვისას ვიტირე. ეს სიამაყის ცრემლებია, რომელიც ყველას გვაერთიანებს. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა არ შემრცხვება, თუ ჩემს ცრემლებს სხვებიც დაინახავენ.

სამწუხაროდ, ცხოვრება მხოლოდ ბედნიერი ცრემლებისგან არ შედგება. სულ რაღაც ორი წლის წინ დედა გარდამეცვალა და ცრემლებს ვერ ვიჩერებდი. ეს საშინელი ტკივილი იყო.

– გიოცნებიათ მსოფლიო მასშტაბის ცნობადობაზე?

– ეს სურვილი მაქვს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეს სულიერი კომპრომისების გარეშე მოხერხდებოდა. სამწუხაროდ, დღეს ადამიანი მსოფლიო მასშტაბით პოპულარული რომ გახდეს, ძალიან ბევრ კომპრომისზე მიდის. ისეთ ნაბიჯებს დგამენ, რომელიც ღმერთს არ მოეწონება. ჩემთვის ეს არის ყველაზე მთავარი. რა ბედენაა, მსოფლიო შეიძინო და ღმერთი დაკარგო. თუ ამის გარეშე მოხერხდებოდა, მაშინ ძალიანაც გამიხარდებოდა. მე მაინც მაქვს იმედი, რომ ჩემი ნიჭი უფრო მეტად განვითარდება და დაფასდება. შევძლებ ისეთი საქმის გაკეთებას, რაც ადამიანებს წაადგება. ახლა მუსიკოთერაპიაზე ვმუშაობ, ეს არის მუსიკოთერაპია ქართულ ფოლკლორში. დღეს მთელ მსოფლიოში ნევროზული ფონია, დაძაბულობა სულ უფრო მატულობს და ვფიქრობ, ეს ჩანაწერები ძალიან გამოგვადგება. გარდა ამისა, ვოცნებობ, ჩემი საკონცერტო პროგრამით მთელი მსოფლიო შემოვიარო, როგორც სოლისტმა.

– რა მიგაჩნიათ თქვენს არასწორ ნაბიჯად, რასაც შეიძლება სინანული უკავშირდებოდეს?

– ალბათ, უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გამომეჩინა ოჯახის შესანარჩუნებლად. ამას ვნანობ. ერთადერთი ადამიანია ჩემი მეუღლე, რომლის წინაშეც თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ალბათ, ეს განცდა მთელი ცხოვრება გამყვება მტკივნეულ ლაიტმოტივად.

– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტყუილთან?

– საბედნიეროდ, დიდი ხანია, მივხვდი, რომ ადამიანისთვის ყველაზე სარგებლიანი გზა წესიერება და პატიოსნებაა. შეიძლება, სიმართლე იმწუთას არ ვთქვა, ნათქვამია, „ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“, მაგრამ ტყუილით არ ვნიღბავ სიმართლეს. არ არსებობს დაფარული, რომელიც არ გამჟღავნდება, ეს ყველამ კარგად ვიცით. ტყუილს ყველა ვამბობთ, თითქოს ეს ჩვენი სისუსტის ნიშანია, ლამაზ გამოსავალს ვეძებთ, მეც მომსვლია ასეთი რამ, მაგრამ შინაგანად ვგრძნობ, რომ ასეთ დროს ვიფიტები, ყველაზე დიდ სიმდიდრეს, ღირსებას ვკარგავ. ყოველი ტყუილი ანადგურებს ღირსებას. ამიტომ ბოლო პერიოდია, ვცდილობ, რაც არ უნდა უხერხული იყოს ჩემთვის, მაინც სიმართლე ვთქვა.

– როდის ყოფილხართ ცხოვრებაში ყველაზე სასტიკი?

– სისასტიკე ჩემგან ცოტა შორს არის. ვერაზე დავიბადე და გავიზარდე, ხშირად გვიჩხუბია კიდეც, ვერ ვიტანდი, ვინმეს თუ ჩაგრავდნენ და ძირითადად, სულ სხვის გამო მიწევდა ჩხუბი, თუმცა, ბოლომდე ვერავის ვიმეტებდი. მოკრივე ვიყავი და საკმარისი იყო, მთელი ძალით დამერტყა ადამიანისთვის, რომ ძალიან დამეზიანებინა, მაგრამ ამისთვის ვერავის ვიმეტებდი. ჩემში დიდია პატიების უნარი. მირჩევნია, მე დავრჩე ნაწყენი, ვიდრე სხვა დავტოვო გულნატკენი.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– ყველაზე დიდი გამარჯვება ისაა, რომ უფლის რწმენა მივიღე. ადამიანი ამისთვის უნდა ცხოვრობდეს, მე ასე მიმაჩინია. საკუთარი სულისა და გარშემო მყოფთა სულების გადასარჩენად. ცხოვრებისეული გამარჯვებები ბევრი ყოფილა, მათ შორის წარმატებული კონცერტები. გავიხსენებ 21 წლის ასაკში ანსამბლ „რუსთავში“ მისვლას. ჩემთვის ლეგენდარულ ხალხთან ერთად ყოფნა ბევრს ნიშნავდა. ანსამბლში ანზორ ერქომაიშვილმა მიმიღო, ეს ჩემთვის დიდი ზეიმი იყო. ამ მიზნისთვის ბავშვობიდან ვშრომობდი.

რაც შეეხება მარცხს, დიდ მარცხად არაფერს ვთვლი. ჩემთვის ყველაფერი გაკვეთილია, საიდანაც სწავლობ. ყველაფრის მიზეზი ჩვენივე თავშია. როგორიცაა ჩვენი ფიქრები, ისეთივეა ჩვენი ცხოვრება. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ბედნიერების მომტანი ფიქრები გვქონდეს, ანუ სიხარულით სავსე ცხოვრება. პატარ-პატარა მარცხები ყველას გვაქვს, ეს გარდაუვალია.

– როდის განიცადეთ ყველაზე დიდი შიში?

– იაპონიიდან, ტოკიოს აეროპორტიდან ავფრინდით, ანსამბლი „რუსთავი“ და „სუხიშვილები“ ვიყავით ერთად და ტაიფუნში მოვხვდით. ძალიან ძლიერი ტაიფუნი იყო. 4 500 მეტრის სიმაღლეზე ვიყავით, დრო დავინიშნე, ზუსტად 18 წუთი ებრძოდა თვითმფრინავი ამ ტაიფუნს. ეს საშინელება იყო. სიკვდილს თვალებში ვუყურებდით. ყოველი წამი უმძიმესი იყო. ბარგი ზემოდან გადმოიყარა, ტუალეტის კარები მოგლიჯა, ყველაფერი დაბლა ეყარა, საშინელებები ხდებოდა ჩვენ თვალწინ. უცებ თვითმფრინავი დიდ ორმოში ჩავარდა, დაახლოებით, 4-5 წამი ვვარდებოდით. ეს ამ მდგომარეობაში ძალიან ბევრია. მაშინ ყველას ძალიან შეგვეშინდა. თვითმფრინავში არანორმალური ხმები ისმოდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. თუმცა, იმხელა ადრენალინი გამოიწვია ამ ყველაფერმა, რომ წელიწად-ნახევარი არითმია მქონდა.

– ყველაზე დიდი უსამართლობა როდის განიცადეთ?

– ყოფილა ძალიან დიდი ცილისწამება ჩემს მიმართ. რთულ მდგომარეობაში ვიყავი, თავდასხმების ქვეშ აღმოვჩნდი სამსახურთან დაკავშირებით. მახსოვს, პატრიარქი მოვიდა, თავზე ხელები დამადო და ლოცვა დაიწყო. ცრემლები მომდიოდა გაუჩერებლად. ორ წუთში მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ყველაფერი გაირკვა და სანერვიულო აღარაფერია, ყველამ გაიგო, რომ მე არაფერში ვიყავი დამნაშავე. საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი სასწაული მომხდარა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა