საზოგადოება

რა სამხედრო წარმატებები ჰქონდა სიმონ რამიშვილს და რომელი სახელით იცნობდნენ მას ესპანეთში

№13

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 09.04

სიმონ რამიშვილი
დაკოპირებულია

პირველი ქართველი ადმირალი, სიმონ სპირიდონის ძე რამიშვილი, დაიბადა 1903 წელს, სოფელ ზემო სურებში. 17 წლის იყო, როდესაც ბათუმის საზღვაო სასწავლებელში კურსანტად ჩაირიცხა. როგორც სოფლის რევკომის წევრი. ის აქტიურად იბრძოდა ქვეყანაში ახალი ხელისუფლების გასაძლიერებლად. 1922 წელს კომპარტიის რიგებში შევიდა. ამავე წლის ოქტომბრიდან მუშაობა დაიწყო ბალტიის ფლოტში. დაამთავრა ლენინგრადის ფრუნზეს სახელობის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი.

სიმონ რამიშვილი მსახურობდა ვახტის უფროსად კასპიის სამხედრო ფლოტილიის ქვემეხიან ნავ „მარკინზე“; გაიარა საარტილერიო მომზადება მეთაურთა შემადგენლობის სპეციალურ კურსებზე; მსახურობდა არტილერისტად ქვემეხიან ნავ „წითელ აზერბაიჯანზე“, შემდეგ კი – საფლაგმანო არტილერისტად.

სიმონ რამიშვილი იყო კასპიის სამხედრო ფლოტილიის პირველი ოპერატიული ნაწილის მეთაური. შემდეგ კი სასწავლებლად ვოროშილოვის სახელობის სამხედრო-საზღვაო აკადემიის სამეთაურო ფაკულტეტზე მიავლინეს.

კაპიტანი რამიშვილი მონაწილეობდა ესპანეთის ეროვნულ-რევოლუციურ ომში. ჯერ კიდევ 1936 წელს, სამხედრო აკადემიის მსმენელი, მოხალისედ წავიდა ესპანეთის რესპუბლიკის დასაცავად ინტერნაციონალური ბრიგადის შემადგენლობაში და ესპანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შენაერთებს ხელმძღვანელობდა. 1937 წლის მაის-ოქტომბერში ის მსახურობდა ქალაქ კარტეხენის სამხედრო-საზღვაო ბაზის მეთაურის მრჩევლად და სამხედრო-საზღვაო ბაზის შტაბის უფროსად. იქ მას „დონ ხუან გარსიას” სახელით იცნობდნენ. ამ პერიოდში სიმონ რამიშვილი მესამე რანგის კაპიტანი იყო. ის დაჯილდოვდა წითელი დროშისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით.

სიმონ რამიშვილი იყო მეთაურთა შემადგენლობის სპეციალური კურსების უფროსი მასწავლებელი და დოცენტის მოვალეობის შემსრულებელი ვოროშილოვის სახელობის სამხედრო–საზღვაო აკადემიის ოპერატიული ხელოვნების კათედრაზე. მალე კი დაინიშნა ბალტიის ფლოტის შტაბის უფროსის მოადგილედ და მიენიჭა მეორე რანგის კაპიტნის წოდება.

თეთრ ფინელებთან ბრძოლის დროს სიმონ რამიშვილი განსაკუთრებული დანიშნულების რაზმს მეთაურობდა. მისი ხელმძღვანელობით, ლენინგრადის მისადგომებთან მთელი რიგი კუნძულები გაიწმინდა თეთრფინელთა ჯარებისგან. სარდლობის საბრძოლო დავალებათა წარმატებით შესრულებისათვის საბჭოთა მთავრობამ სიმონ რამიშვილი დააჯილდოვა წითელი დროშის ორდენით და მიანიჭა პირველი რანგის კაპიტნის წოდება.

ფინეთთან კონფლიქტის მოგვარების შემდეგ სიმონ რამიშვილი დაინიშნა ლენინგრადის ფრუნზეს სახელობის სამხედრო-საზღვაო უმაღლესი სასწავლებლის უფროსად. სასწავლებელში მან კიდევ უფრო აამაღლა სწავლების დონე, განამტკიცა დისციპლინა. ხელმძღვანელობის პარალელურად, მას სამოსწავლო გემების რაზმის მეთაურის მოვალეობის შესრულებაც უხდებოდა.

სიმონ რამიშვილს მიენიჭა კონტრ-ადმირალის წოდება. 1941 წლის ივლისიდან ის მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. ივლის-აგვისტოში მეთაურობდა სამხედრო–საზღვაო სასწავლებლების კურსანტთა ბრიგადას. იყო სამხედრო–საზღვაო ფლოტილიის სასწავლო დაწესებულებების სამმართველოს ხელმძღვანელი. საბჭოთა კავშირის საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისარიატის მიერ დაინიშნა შემსყიდველი კომისიის რწმუნებულად ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ პორტლენდში, რათა ხელი შეეწყო ამერიკის დახმარების შეუფერხებელი მოწოდებისთვის საბჭოთა კავშირში.

დიდი სამამულო ომის დამთავრების შემდეგ სიმონ რამიშვილმა განაგრძო სამხედრო-საზღვაო ფლოტში სამსახური. დაინიშნა რწმუნებულად იაპონიის განიარაღებისა და დემილიტარიზაციის საქმეში. იყო კიროვის სახელობის კასპიის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო სასწავლებლის უფროსი და პირნათლად ემსახურებოდა სამხედრო-საზღვაო ფლოტის ახალი კადრებით შევსებას. თადარიგში გავიდა კონტრ-ადმირალის წოდებით.

ხანგრძლივი სამხედრო სამსახურის პერიოდში სიმონ რამიშვილი დაჯილდოებული გახლდათ 9 ორდენითა და 9 მედლით. ცხოვრობდა მოსკოვში. გარდაიცვალა 1973 წელს.

გამოყენებული მასალების წყარო: http://www.nplg.gov.ge; ვიკიპედია; გაუხუნარი ფურცლები: კრებული / [შემდგ.: ნ. ღვინეფაძე, რ. ჭელიძე]; ყურაშვილი, გ. სამშობლოს ერთგული შვილები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

14–20 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა