რა სამხედრო წარმატებები ჰქონდა ალექსი ფანჩულიძეს და როგორ დაადგა ის ემიგრაციაში სასულიერო გზას
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:32
 
    პენზის გუბერნიის თავად ფანჩულიძეთა შტოს წარმომადგენელი ალექსი ნიკოლოზის ძე ფანჩულიძე (ფანჩულიძევი) დაიბადა 1884 წელს სანკტ-პეტერბურგში. მისი მამა, ნიკოლოზ ალექსის ძე, იყო გვარდიის პოლკოვნიკი, უმაღლესი სასამართლოს კამერგერი. მას 1887-1899 წლებში ეკავა პენზის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლის პოსტი. ასევე, არჩეული იყო საპატიო მომრიგებელ მოსამართლედ და ჩორთით მოსიარულე ცხენების მოყვარული საზოგადოების პრეზიდენტად.
ნიკოლოზ ფანჩულიძის სახელს ატარებს სადგური სიზრან-ვიაზემსკის გზაგასაყარზე, რომელსაც „ფანჩულიძევკა“ ეწოდება.
ალექსი ნიკოლოზის ძე ფანჩულიძემ დაამთავრა პაჟთა კორპუსი, რაც იმ დროში სწრაფ და წარმატებულ სამხედრო კარიერას განაპირობებდა. სამსახური დაიწყო 1904 წლის 1 აპრილს ციმბირის კაზაკთა ჯარის მე-2 ნერჩინსკის პოლკში, კორნეტის წოდებით. მიავლინეს 52-ე დრაგუნთა ნეჟინსკის პოლკის მე-4 ესკადრონში, რომლის შემადგენლობაშიც მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. მისი ცხოვრების ამ პერიოდის შესახებ ალექსი ფანჩულიძე მოგვითხრობს 1907 წელს გამოქვეყნებულ მოგონებებში.
1909-1910 წლებში ალექსი ნიკოლოზის ძე ფანჩულიძე იყო სამხედრო ატაშე ტოკიოში. პირველი მსოფლიო ომის დროს კი, შტაბს-როტმისტრის ჩინით, იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე ლეიბ-გვარდიის ულანთა პოლკის შემადგენლობაში (საფრანგეთი).
1914 წლის 14 ოქტომბერს დაბა ზვოლენთან გამოჩენილი გმირობისთვის, სადაც ტყვედ აიყვანა მოწინააღმდეგის 38 ჯარისკაცი, 1915 წლის 2 ივნისს დააჯილდოვეს წმიდა გიორგის იარაღით.
სამხედრო კარიერის განმავლობაში ალექსი ფანჩულიძე დაჯილდოებული იყო წმიდა ანას მე-4 ხარისხის ორდენით; წმიდა სტანისლავის მე-3 ხარისხით მახვილებითა და ბაფთით; წმიდა ანას მე-3 ხარისხით მახვილებითა და ბაფთით; წმიდა სტანისლავის მე-2 ხარისხით; საიმპერატორო ჯილდოთი გûñî÷ჭéøåå ხëჭჯîâîëåíèå; წმიდა ანას მე-2 ხარისხით მახვილებით; წმიდა ვლადიმირის მე-4 ხარისხით მახვილებითა და ბაფთით. აგრეთვე, იყო საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი.
1915 წლის შემოდგომაზე, ომში მიღებული ჭრილობის შემდეგ, ალექსი ნიკოლოზის ძე მიავლინეს საფრანგეთში, რუსეთის საელჩოში, სამხედრო აგენტის თანაშემწედ.
1915-1917 წლებში, ლეიბ-გვარდიის ულანთა პოლკის როტმისტრის წოდებით, ის იყო ხელმწიფე-იმპერატორის წარმომადგენლის ადიუტანტი საფრანგეთის არმიის მთავარ შტაბ-ბინაში.
1917 წლიდან მას ეკავა დავალებათა შტაბ-ოფიცრის თანამდებობა სამხედრო აგენტ გრაფ იგნატიევთან;
1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ალექსი ფანჩულიძე სამშობლოში აღარ დაბრუნებულა.
1923-1924 წლებში მსახურობდა საფრანგეთის გენერალური შტაბის ერთ-ერთ დეპარტამენტში. იყო პარიზის ჰუსართა გროდნოს პოლკის ვეტერანთა გაერთიანებისა და წმიდა გიორგის კავალერთა საზოგადოების წევრი;
თადარიგში ალექსი ნიკოლოზის ძე ფანჩულიძე პოლკოვნიკის წოდებით გავიდა. ემიგრაციაში იგი სასულიერო მოღვაწეობის გზას დაადგა, ჯერ დიაკვანი გახდა, 1956 წელს კი მღვდლად ეკურთხა. მსახურობდა პარიზსა და მის შემოგარენში.
სიცოცხლის ბოლოს ალექსი ნიკოლოზის ძე მღვდლის მოვალეობას ასრულებდა პოკროვოს მონასტერში, საფრანგეთის ჩრდილოეთში მდებარე პატარა ქალაქ ბუსსი ან-ოტში. აქვე გარდაიცვალა 1964 წელს. დაკრძალულია ადგილობრივ სასაფლაოზე.
გამოყენებული მასალების წყარო: ვიკიპედია; nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
 
    





