რა სახელი შეურჩია ვიქტორ იუშენკომ კახა ბასილიას ქალიშვილს და რამდენჯერ მოუხდა მას ცხოვრების ნულიდან დაწყება
ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 02.06

თადარიგის პოლკოვნიკის, ომის ვეტერანის, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების აკადემიის მომზადების ცენტრის უფროსის, კახა ბასილიას ცხოვრება არ ყოფილა მარტივად გასავლელი. მან ბევრჯერ ჩახედა სიკვდილს თვალებში, საკმაოდ სახიფათო სიტუაციებში მოუწია ბრძოლა, არც ცოლის მოყვანას აპირებდა და არც შვილის ყოლა დაუგეგმავს. თუმცა, სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება და მისი ცხოვრებაც კანონზომიერად აეწყო. დღეს კახა 60 წლისაა, თავის საქმეს პირნათლად ემსახურება, არაჩვეულებრივ ადამიანზე დაქორწინდა და ორი კვირის წინ, უსაყვარლესი ქალიშვილის მამაც გახდა.
კახა ბასილია: მარტივი ცხოვრების გზა ნამდვილად არ გამივლია, თუმცა, მეომრის გზა მამაკაცისთვის ყველაზე საპატიო გზაა, რომელიც სულზე, სხეულზე, ღირსებაზე, თავის ქვეყანაზე ფიქრზე გადის და მე ეს გზა გავიარე და დღემდე გავდივარ. ასე რომ, ჩემმა განვლილმა გზამ ჩემს სულსა და სხეულზე გაიარა. და ახლა რომ უკან დამაბრუნოთ, არც არაფერს შევცვლიდი. შემეძლო, საქართველოში დავრჩენილიყავი, საკმაოდ კარგ რაღაცებს მპირდებოდნენ, კარგი შემოთავაზებაც მქონდა, მაგრამ ვერ გადავაბიჯე ჩემს ღირსებას, ეს არ არის ამბიცია და უკრაინაში აღმოვჩნდი. ესეც ბედისწერის ამბავია. გადავწყვიტე, ამერიკაში გავფრენილიყავი, ავიღე ბილეთი კიევი-ნიუ-იორკი და უკრაინაში რომ ჩავფრინდი, ომი დაიწყო. მივხვდი, ეს ჩემი ბედი იყო და დავრჩი ომში. ზუსტად სამი წელია, აქ ვარ.
– საკმაოდ რთული ცხოვრების გზა გაიარეთ, თავისი ომებით, ბრძოლებით, წარმატება-წაუმატებლობებით, დაპირისპირებითა და ასე შემდეგ. ყველაზე რთული პერიოდი როდის იდგა თქვენთვის?
– ჩემთვის ყველაზე რთული პერიოდი, ალბათ, 90-იანი წლები იყო. როცა მართლა მეგონა, რომ დიდი შანსი გქვონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ და ერთმანეთი დავხოცეთ. ის წლები რომ მახსენდება, განუკითხაობა იყო, საშინელება, ჩემი ქვეყნის მოუშუშებელი ჭრილობა... ის ძველი ჭრილობა თითქოს მოშუშდა, მაგრამ ახლა ისევ ომში ვარ, უამრავი მეგობარი დავკარგე და პრაქტიკულად, ამ სამი წლის განმავლობაში, სულ გასვენებებში მიწევს სიარული. რთულია, როცა ადამიანთან მეგობრობ, გეგმები გაქვს, მიდის ოპერაციაზე, გეუბნება: დავბრუნდები და ეს გავაკეთოთო და ვეღარ ბრუნდება. წარმოიდგინეთ, ზიხარ სანგარში და აცნობიერებ, რომ შეიძლება, რამდენიმე წამში ჩამოვარდეს ყუმბარა და ცოცხალი აღარ იყო. კიდევ ვამბობ, სამი წელია, ყოველდღიურად მიწევს პანაშვიდზე სიარული, თითქოს ამას მივეჩვიე, მაგრამ ძალიან ძნელია. თან, სამოქალაქო ცხოვრებაში რომ გაშიფრო და დამეგობრდე ადამიანთან, ამას დრო სჭირდება, ომში კი გაცნობა და დამეგობრება ადვილია, რადგან ომში ნიღბის გაკეთება შეუძლებელია. ამას წინათ ვითვლიდი, რამდენჯერ მომიწია ცხოვრების თავიდან დაწყება-მეთქი და... იმდენჯერ, რომ სათვალავი ამერია (იცინის). მე უმაღლესი სასწავლებელი ლვოვში დავამთავრე, ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა ვიყავი – ასპირანტურაში უნდა დავრჩენილიყავი, დეკანის შვილი უნდა მომეყვანა ცოლად, მაგრამ სამშობლოში დავბრუნდი, რადგან ზვიად გამსახურდია მოვიდა სათავეში და გამოაცხადა ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ყველაფერი მივატოვე, ბინაც, კარიერაც, შეყვარებულიც და სამშობლოში დაბრუნებულმა თავიდან, ნულიდან დავიწყე ცხოვრება. ამას მოჰყვა ომი, უბედურება, დანგრეული ფსიქიკა... მაშინ ევროპა და ამერიკა დაკეტილი იყო. წავედი მოსკოვში და დიდ ფირმაში დავიწყე მუშაობა უსაფრთხოების უფროსად. ვიყიდე ბინა, მანქანა, შემოსავლიანი ბიზნესი წამოვიწყე და ისევ მომიწია ამ ყველაფრის დათმობა. ისევ სამშობლოში მომიწია ჩამოსვლა და ნულიდან ცხოვრების დაწყება. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მერე ისევ მომიწია სამშობლოს დატოვება, ისევ ცხოვრების თავიდან დაწყება უკვე უკრაინაში.
– თქვით, ბევრჯერ დავიწყე ცხოვრება თავიდან და ნულიდანო. თუმცა, ბოლოს თავიდან დაწყებულმა ცხოვრებამ გაგიმართლათ - გაქვთ საქმე, რომელშიც პროფესიონალი ხართ, შექმენით ოჯახი და ახლახან პატარა გოგონას მამაც გახდით.
– იმდენად ვიყავი ჩემს საქმეზე გადართული, არ ვაპირებდი ოჯახის შექმნას, ცოლის მოყვანას და შვილის ყოლას. ვფიქრობდი, ადამიანი მარტო უფრო მეტს მიაღწევს-მეთქი. თუმცა, როგორც ამბობენ, სამყაროში არაფერი ხდება უბრალოდ და ყველაფერს თავისი კანონზომიერება აქვს. როცა ომი დაიწყო, სამოქალაქო თავდაცვაში ვმუშაობდი. მითხრეს, შენნაირი გამოცდილი ადამიანი ფრონტზე არ გვჭირდება, იქნებ მოქალაქეების გადამზადებაზე დაგვეხმაროო.
ჩემთან ერთად მუშაობდნენ ფსიქოლოგების ჯგუფი, ექიმები და ის სპეციალისტები, რომლებიც საჭირო იყო. ჯგუფში იყო ფსიქოლოგი და იოგის ინსტრუქტორი გოგონა, მარინა, რომელთან ერთადაც მიწევდა დროის დიდი ნაწილის გატარება. სამუშაოს მერე კი სახლში ვაცილებდი. ბევრჯერ, როცა დაბომბვა იყო, მეტროში გვიწევდა ღამის გათენება. ერთ მომენტში დავაფიქსირე, შეიძლება, ხვალ ეს გოგო აღარ იყოს ან მე. ზოგადად, ადამიანი ხომ გეგმავს – ხვალ სახლს ავაშენებ, ამას ვიყიდი, ამას შევქმნიო, ომში კი ეს ხვალ აღარ არის. პრაქტიკულად, ომის ქრონიკამ, პირადი ცხოვრება შემიცვალა. ადრე თუ ვფიქრობდი „ბენტლი“ ჯობია თუ „როლს როისი“, სახლის ყიდვა სად ჯობია თუ რომელი ჰალსტუხი გავიკეთო-მეთქი, უცებ რაღაც მომენტში მივხვდი და გავაცნობიერე, რომ ეს ყველაფერი არარაობაა. ჩემ თვალწინ იმდენი ადამიანი დაიღუპა, მივხვდი ამ სამყაროში მარტო ვარ, არავინ მყავს და დიდი შანსია, მარტო მოვკვდე-მეთქი. ამ გააზრებამ დამაახლოვა მარინასთან. ისიც მარტო იყო, დედისერთა, მამა ფრონტზე ჰყავდა, დედა – სოფელში, თავად კი ქალაქში დარჩა ხალხის დასახმარებლად. მარინა ჩემზე 24 წლით პატარაა, მაგრამ ვერ ვატყობთ ასაკს შორის სხვაობას. ერთნაირად ვიკვებებით, ერთად ვვარჯიშობთ, ერთნაირი მისწრაფებები გვაქვს, ერთი სულისკვეთება, ფსიქოლოგიურადაც ერთნაირად ვაზროვნებთ. მოკლედ, ერთ ვიბრაციაზე ვართ. მივხვდი, ადამიანის სრულყოფილებისთვის, თურმე, ყველაფერი სისულელეა – რა გაცვია, რა საათი გიკეთია, რა მანქანით დადიხარ, რასაც მთელი ცხოვრება მე უპირატესობას ვანიჭებდი. უცებ, რაღაც მომენტში მივხვდი, ცხოვრება არაფერია, წამია. ერთი წელია, რაც დავქორწინდით და დღეს პატარა მია გვყავს, რომელიც ორი კვირის წინ დაიბადა. დედაჩემს ხელი ჰქონდა ჩაქნეული. ვემსახურებოდი ჩემს თავს, ჩემს იდეებს და ვერც მე წარმოვიდგენდი, თუ 60 წლის ასაკში ცოლიც მეყოლებოდა და მამაც გავხდებოდი. ბავშვი რომ დაიბადა, ჩვენი სიყვარულის ნაყოფი, მივხვდი, ყველაფრის აზრი და საწყისი, რისთვისაც ადამიანი უნდა ცხოვრობდე, არის სიყვარული. ასე რომ, მთელი ჩემი განვლილი გზა, თავისი განცდებითა და ტკივილებით, რისი გულისთვისაც ვცხოვრობდი და ვიბრძოდი, მიას ერთ გაღიმებად ღირს. უამრავი ჯილდო მაქვს მონიჭებული, უამრავი ჯილდოს მფლობელი ვარ, მაგრამ ყველაზე დიდი ჯილდო ჩემთვის, უფლისგან ნაბოძები მიაა. ჩემი ცოლი და შვილი, ჩემი განვლილი გზის ჯილდოა ღმერთისგან. სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ მარინა სულიერად მგავს, ფიზიკურადაც მამსაგავსებენ.
– როგორც ვიცი, მარინასთან ხელი მოაწერეთ. ჯვრისწერასა და ბავშვის ნათლობას სამშობლოში ხომ არ გეგმავთ?
– დიახ, ხელი მოვაწერეთ, მაგრამ ჯვრისწერა საქართველოში, სვეტიცხოველში გვინდა. უკრაინის პატრიარქი, ფილარეტი, 96 წლის არის და მე და ჩემი მეუღლე პირველად რომ მივედით შეხვედრაზე, ორივეს თავზე დაგვადო ხელი და გვითხრა: თქვენ ერთად უნდა იყოთ და გეყოლებათ ულამაზესი არსებაო. ფაქტობრივად, ჩვენი ერთად ყოფნა და მიას დაბადება მან იწინასწარმეტყველა. არადა, მაშინ მე და მარინას ხელიც არ გვქონდა მოწერილი. კიდევ ერთი სასწაული და დამთხვევა მოხდა – უკრაინის პატრიარქმა გვაჩუქა წმიდა ვარვარეს ხატი, სახლში რომ მოვაბრძანეთ, თურმე, ჩემი მეუღლის ბებიის სახელიც ვარვარე ყოფილა და ცხოვრობდა ამ სახლში, სადაც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ. მოკლედ, სვეტიცხოველში გვინდა მე და მარინას ჯვრისწერა და მიას ნათლობაც, ეს კი იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს გაიწელება ომი, როდის დაწყნარდება სიტუაცია. სხვათა შორის, მიას ნათლია უკრაინის მესამე პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო იქნება. ძალიან ახლოს ვართ, საქართველოზეა შეყვარებული და რომ გაიგო, გოგოს ველოდებოდი, სახელიც მან შეურჩია. ძალიან მაგარი პატრიოტია, ქართველებზე შეყვარეული და მითხრა: რუსული სახელი არ დაარქვა ბავშვს, ლამაზი უკრაინული სახელია და ბავშვს მოუხდება სოლომია და ეს დაარქვი, ნათლიაც მე ვიქნებიო. ვუთხარი: სოლომია ცოტა გრძელი სახელია-მეთქი. მიპასუხა: სოლომია, რომ მოვნათლავთ ეკლესიური სახელი იყოს, ისე კი მია დაუძახეთო. ასე რომ, ვიქტორის დამსახურებაა, ჩემს შვილს მია რომ დავარქვით და უკრაინის მესამე პრეზიდენტის ნათლული იქნება. წარმოიდგინეთ, პატრიარქმა რომ გვაჩუქა წმიდა ვარვარეს ხატი და დაგვლოცა, მე და მარინამ ამის მერე მოვაწრეთ ხელი, როგორც მან იწინასწარმეტყველა ულამაზესი მიას მშობლებიც გავხდით და ჩვენი პატარას ნათლიაც პატრიოტი და ჩემი უსაყვარლესი ადამიანი, უკრაინის მესამე პრეზიდენტი, ვიქტორ იუშენკო იქნება. იცით, ბიჭი არ მინდოდა. ყველა ამბობდა, გოგოს მამობა მაგარიაო და მინდოდა, მეც გოგოს მამა ვყოფილიყავი (იცინის). სხვათა შორის, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, პატრიაქრმა ფილარეტმა გამოთქვა სურვილი, მასთან შევკრებილიყავით, საპატრიარქოში და ქართველების 12-კაციან ჯგუფს დააჯილდოვებს. მათ შორის, სამი ძალიან მაგარი ბიჭი, ნამდვილი ვაჟკაცები, სამწუხაროდ, დაღუპულები არიან. ასე რომ, იმდენად დაემთხვა ეს ყველაფერი ერთმანეთს, როგორ არ ვთქვა სამყაროში უბრალოდ არაფერი ხდება-მეთქი. ლვოვში რომ ვცხოვრობდი, ხელი უნდა მომეწერა და დავქორწინებულიყავი, მაშინ ვერ მოვახერხე და ვიფიქრე, უკრაინა მორჩა ჩემს ცხოვრებში-მეთქი. თურმე, მორჩა კი არა, ახლა იწყება – აქ ვცხოვრობ ისევ, ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ, შესანიშნავი ცოლი მყავს და არაჩვეულებრივი შვილი. რომ ამბობენ, ერთი კარი რომ იხურება, მეორე იღებაო, ჩემს შემთხვევაში, ამ სამ წელში, მეორე კი არა, ძალიან ბევრი კარი გაიღო ერთდროულად. ბევრი შრომობს, მაგრამ არ უფასდება. უფლის წყალობით, მე დამიფასდა ჩემი შრომა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან