საზოგადოება

რა საიდუმლო სტატიაზე მუშაობდა მარიკა ლორთქიფანიძე, რომელზეც ყველა ეუბნებოდა, რომ არაფერი ეთქვა

№50

ავტორი: ეკა პატარაია 22:00 14.12, 2020 წელი

მარიკა ლორთქიფანიძე
დაკოპირებულია

„თბილისელები“ გთავაზობთ  საინტერესო ეპიზოდებს მარიკა ლორთქიფანიძის ცხოვრებიდან.



„ის ჩვენი ეპოქა იყო. ის იყო უმთავრესი მეტრი და სიმბოლო მეცნიერის, ისტორიკოსის, სიბრძნის, მოღვაწის... ის იყო უშესანიშნავესი პედაგოგი და ასეთივე ორატორი, საოცრად აკადემიური და ერუდირებული, განსწავლული ადამიანი. ის იყო ქვეყნის სადარაჯოზე მყოფი ქომაგი! გამორჩეული საზოგადო მოღვაწე, ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე საკუთარი პოზიციითა და შეხედულებით. ის იყო შესანიშნავი ოჯახის დედა, ისტორიის დედა, პატრიარქის თქმით – „ქართლის დედა“! ამ ყველაფერს, და გაცილებით მეტს, იტევდა მისი სახელი. ის იყო, უბრალოდ, მარიკა, ჩვენი მარიკა ლორთქიფანიძე!“ – ამბობს შალვა გლოველი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამეცნიერო ორგანიზაციათა პროფესიული კავშირის გამგეობის თავმჯდომარე.

წიგნის კითხვა მის ოჯახში ჩვეულებრივი ამბავი იყო. კითხვას არც არავინ ასწავლიდა და არც არავინ აძალებდა, ეს თავისთავად ხდებოდა. განსაკუთრებული სითბოთი ახსენდება ბებიის, მართა თავდგირიძის მიერ წაკითხული „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა ნაწარმოებები – როგორც ქართული, ისე ნათარგმნი. მარიამ ლორთქიფანიძის საოჯახო ბიბლიოთეკაში ძალიან ბევრი მისთვის ძვირფასი წიგნია. მათ შორის ერთ-ერთი სიმონ ჯანაშიას ნაჩუქარია, ვისთანაც ასპირანტურის სამწლიანი კურსი გაიარა. უმაღლესი დაამთავრა თუ არა, სიმონ ჯანაშიამ ის ისტორიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად წაიყვანა. ცოტა ხანში კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციების კითხვა დაიწყო...

„ჩვენს ოჯახში ყველას რუსული განათლება ჰქონდა მიღებული და სამწუხაროდ, ერთმანეთში ძირითადად რუსულად ლაპარაკობდნენ. თუმცა მამა მე და გიგას (ძმა – რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე) ქართულად გველაპარაკებოდა. ამის მიზეზს მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, გვიან მივხვდი, რომ მას სურდა, ჩვენ ქართული კარგად გვცოდნოდა. ბებია, მართა თავდგირიძე, ყოველ ზამთარს სოფლიდან თბილისში ჩამოდიოდა და საღამოობით მამა მას სთხოვდა ჩემთვის „ვეფხისტყაოსანი“ ეკითხა. ისიც სიამოვნებით აკეთებდა ამას. ერთხელ მართა ბებიას ვკითხე, მამა რატომ გთხოვს, რომ წამიკითხო, ვხედავ, რომ „ვეფხისტყაოსანი“ ზეპირად იცი-მეთქი. მან მართლაც ზეპირად იცოდა მთელი „ვეფხისტყაოსანი“, განსაკუთრებით უყვარდა ნესტან-დარეჯანის წერილი და მას ხშირად მიკითხავდა.

მე ხანდახან ვკითხულობდი პატარ-პატარა ბროშურებსა და საქართველოს ისტორიის ზოგად მიმოხილვას და სულ ეს იყო. ჩვენს დროს სკოლაში ისტორიას არ გვასწავლიდნენ, მაგრამ გვყავდა გეოგრაფიის შესანიშნავი მასწავლებელი – ოლია ჭეიშვილი, რომელიც თავის საგანთან ერთად, ფაქტობრივად, ისტორიასაც გვასწავლიდა, რადგან გვიყვებოდა როგორც ამა თუ იმ ქვეყნის გეოგრაფიას, ისე მის ისტორიას. 1939 წელს, როცა სკოლა დავამთავრე, გაზეთში გამოქვეყნდა ცნობა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე გაიხსნა ახალი სპეციალობა – ხელოვნების ისტორია. ჩემი კლასიდან რამდენიმემ, რომლებიც ახლო მეგობრები ვიყავით, სწორედ, ამ სპეციალობაზე შესვლა გადავწყვიტეთ. ერთხელ სტუმრად ვიყავით ოთარ ჯაფარიძის ოჯახში.
marika-lortkiphanidze_o_h.jpeg
დედამისი, დეიდა რიტა დაინტერესდა, სად ვაპირებდით ჩაბარებას და როცა ჩვენი გადაწყვეტილება შეიტყო, გაიკვირვა, ვის რად უნდა ხელოვნება, სამედიცინოზე ჩააბარეთ, ეს პროფესია ციხეშიც და გადასახლებაშიც ყველას სჭირდებაო. მოგეხსენებათ, მაშინ რა დრო იყო, დაჭერისაგან არავინ იყო დაზღვეული და მან გონივრული რჩევა მოგვცა. თუმცა ჩვენ არჩევანი არ შეგვიცვლია. ცოტა მეტიჩარა ბავშვები ვიყავით და როგორც კი ჩავაბარეთ და სწავლა დაიწყო, გადავწყვიტეთ, ცხრილში ივანე ჯავახიშვილის ლექციები მოგვეძებნა. აღმოჩნდა, რომ ის პირველი კურსის იურისტებისთვის ქართული სამართლის ისტორიას კითხულობდა.

იურისტებთან მივედით და ვუთხარით, რომ გვინდოდა მათთან ერთად ჯავახიშვილის ლექციებს დავსწრებოდით და ვთხოვეთ, არ გაემხილათ, რომ მათი ჯგუფელები არ ვიყავით. ივანე ჯავახიშვილის უკლებლივ ყველა ლექციას ვესწრებოდით. ბევრი რამ არ გვესმოდა, მაგრამ ჩვენ მაინც დიდი ინტერესით ვუსმენდით. ბატონი ივანე დიდი შავი პორტფელით შემოდიოდა დარბაზში. ჩანთიდან ამოიღებდა პატარ-პატარა ბარათებს, რომელზეც ამოწერილი ჰქონდა ციტატები ძეგლებიდან. ჯერ ციტატებს კითხულობდა და შემდეგ მათ განმარტებას იწყებდა, ან პირიქით, ჯერ თეორიულად ჩამოაყალიბებდა აზრს და შემდეგ იმ თემის გარშემო ციტატები მოჰყავდა.

ამავე დროს, ის ლექციის ბოლოს ყოველთვის იტოვებდა რამდენიმე წუთს სტუდენტთა შეკითხვებზე პასუხის გასაცემად, მხოლოდ შეკითხვა წერილობით უნდა მიგეწოდებინა, რადგან იმ დროს მას სმენა უკვე დაქვეითებული ჰქონდა. დღესაც ნათლად „ვხედავ“, როგორ მიაწოდეს ბატონ ივანეს ფურცელი, სადაც ეწერა მსგავსი შინაარსის შეკითხვა:

„სტალინური მოძღვრების თანახმად, ქართველი ერი მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში ჩამოყალიბდა, თქვენი აზრით, ქართველი ერის ისტორია როდიდან იწყება?“

ივანე ჯავახიშვილმა შეკითხვა რომ წაიკითხა, ქაღალდი წვრილად დახია, სამელნის ჩასადებში ჩაყარა, თავისი ნივთები აკრიფა და აუდიტორიიდან გავიდა. მის ამგვარ რეაქციას აუდიტორიაში სამარისებური სიჩუმე მოჰყვა. რამდენიმე წუთი ასე ვისხედით, შემდეგ ოთახი დავტოვეთ და ავტეხეთ კამათი, რატომ არ უპასუხა ივანე ჯავახიშვილმა დასმულ შეკითხვას. მე დიდხანს ვკაპასობდი და ვამბობდი, რომ მას აუცილებლად უნდა გაეცა პასუხი. ძალიან გვიან მივხვდი, რომ მისი მხრიდან ეს სწორი საქციელი იყო. ის პროვოკაციას არ წამოეგო და არ აჰყვა. ვღელავდით, დააპატიმრებდნენ თუ უნივერსიტეტიდან გაათავისუფლებდნენ, მაგრამ ლექციები ჩვეულებრივად გაგრძელდა...

ერთხელ, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, აღარ მახსოვს, რომელი მწერლის იუბილეს გადახდა დაიგეგმა, ვემზადებოდით და რეპეტიცია გვქონდა. ავედი ტრიბუნაზე და დავიწყე მწერალზე ჩემი ნაწერის კითხვა. სკოლაში ჩემს პარალელურ კლასს ქართულს ბაბო მჭედლიძე ასწავლიდა და ის აქტიურად იყო ჩართული საიუბილეო საღამოების მომზადებაში. ქალბატონმა ბაბომ რომ დამინახა, ტექსტს რვეულიდან ვკითხულობდი, მკითხა, ვისი დაწერილი იყო ის სიტყვა. რასაკვირველია, ტექსტი ჩემი დაწერილი იყო და ასეც ვუთხარი. თუ შენი დაწერილია, მაშინ რვეული დადე და რაც მანდ წერია, მოგვიყევიო. სიმართლე გითხრათ, საკმაოდ გავნერვიულდი, მაგრამ ნაწერი გვერდით გადავდე, გონება მოვიკრიბე და რაც იქ ეწერა, ნელ-ნელა მოვყევი. როცა სიტყვა დავამთავრე, ქალბატონმა ბაბომ მითხრა, მარიკა, აუდიტორიის წინაშე ცხვირთან მიტანილი ტექსტი არასოდეს წაიკითხოო. დღემდე მადლიერი ვარ იმ ქალბატონის, რადგან იმ დღიდან მოყოლებული, ჩემს თავს შთავაგონე, რომ მსგავსი მოხსენების დროს ზეპირად უნდა ვილაპარაკო. ამას მივეჩვიე და იშვიათი გამონაკლისების გარდა, ყოველთვის ასე ვიქცეოდი. და, სხვათა შორის, ამან ჩემს ბიოგრაფიაზე დიდი გავლენა მოახდინა“.
საქართველოს ცეკა და ქართულ-სომხური დავა მცხეთის ჯვრის გარშემო

„...იმის მიუხედავად, რომ თავის დროზე სტალინის, შემდეგ კი მარქსის, ენგელსისა და ლენინის შრომები ყველგან იყო მითითებული, ეს მითითებები, ფაქტობრივად, იყო გარნირი ნაშრომის გასასვლელად. ეს დიდი დამსახურებაა თვით ივანე ჯავახიშვილისა და მისი მოწაფეებისა, რომელთაც ეს შექმნეს. რთული იყო მუშაობა, მაგრამ იმდენად იყვნენ მომზადებული, რომ შესანიშნავად იცოდნენ, რა მიეწერათ სქოლიოში და რაც მთავარია, შესანიშნავად იცოდნენ საქართველოს ისტორიის ის წყაროები, რომელიც იმ პერიოდისთვის არსებობდა.
marika-lortkiphanidze_o_h.jpeg
შემდეგ თავადაც მომიხდა ამ პროცესებში ჩართვა. რომ გითხრათ, ძალიან რთული იყო-მეთქი, არ ვიქნები მართალი, მაგრამ რთული ნამდვილად იყო. რამე დებულებას რომ დავამუშავებდით, მერე ვეძებდით შესაფერის მონაკვეთებს სქოლიოში მისათითებლად. რთული იყო ჩვენს მეზობლებთან, განსაკუთრებით, სომხებთან ურთიერთობა. მახსოვს, დამიძახა გიორგი წერეთელმა, მაშინ ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში ვმუშაობდი, გიორგი წერეთელი კი მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი იყო. მივედი, ხელში უჭირავს წიგნი და მეუბნება, ეს სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების ჟურნალია, წაიღებთ ახლა ამ ჟურნალს, აქ არის პარუირ მურადიანის სტატია, რომელშიც საუბარია, რომ მცხეთის ჯვარი სომხების აშენებულია და ათ დღეში თქვენი, ისტორიკოსის პოზიციიდან დაწერთ, რისი დაწერაც შეგიძლიათ, დაწერთ რუსულად, ოღონდ არავინ უნდა იცოდეს, რომ თქვენ ამას წერთ და მე მომიტანთო.

ვათენე, ვაღამე, დავწერე და მივუტანე ბატონ გიორგის. დაბრძანდითო, მითხრა და კითხვა დაიწყო. ვნერვიულობ, მაგრამ არაფერს მეუბნება. წაიკითხა, აიღო ტელეფონი, დაურეკა გიორგი ჩუბინაშვილს და ეუბნება: გიორგი ნიკალაევიჩ, მარიკას სტატია წავიკითხე, ვფიქრობ, დაბეჭდვა შეიძლება და ახლა ის თავად მოგიტანთ ამ სტატიას და თქვენს ვერდიქტს დაველოდები. ერთი მხრივ, შვებით ამოვისუნთქე, თუმცა უფრო მეტად ავღელდი, რადგან მაგზავნის გიორგი ჩუბინაშვილთან, რომელსაც ორი ტომი აქვს დაწერილი ჯვრის მონასტერზე.
მანაც ერთადერთი ის მითხრა, დაჯექიო და კითხვა დაიწყო.

არავითარი რეაქცია, გული მისკდება, ისევ საშინლად ვნერვიულობ. დაასრულა კითხვა, აიღო ტელეფონი და ურეკავს გიორგი წერეთელს: გიორგი ვასილევიჩ, წავიკითხე მარიკას სტატია და შეიძლება, რომ დაიბეჭდოს. იცი, რა დამემართა? დავავლე ხელი ჩემს სტატიას და არც დავმშვიდობებივარ, ისე წავედი წერეთელთან.
გიორგი წერეთელმა სტატია დაიტოვა და მითხრა, ამ თემაზე არავისთან არაფერს იტყვიო.
გამოხდა ხანი და მირეკავს შოთა შენგელია, მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობის დირექტორი და დიდი პატრიოტი. დამიბარა, მომცა კორექტურა ჩემი სტატიის, მითხრა, ჩემს ოთახში ჩაგკეტავ, ვიდრე კორექტურას დაასრულებ და არავინ უნდა იცოდეს სტატიის შესახებო.

ინფორმაციამ მაინც გაჟონა და სათანადო ორგანოებს შეატყობინეს. ამ ამბის გაგრძელება მოგვიანებით ისევ გიორგი წერეთლისგან შევიტყვე.

ჩემს სტატიასთან ერთად ამ ნომერში იბეჭდებოდა ილია აბულაძის სტატია მცხეთის ჯვრის წარწერასთან დაკავშირებით, რომელსაც მურადიანი ეყრდნობოდა. ცენტრალური კომიტეტის მდივანი იდეოლოგიურ დარგში იმჟამად დევი სტურუა იყო. გამოიძახა გიორგი წერეთელი და უკვე აწყობილი ჟურნალიდან ჩემი და აბულაძის სტატიის ამოღება მოსთხოვა. გიორგი წერეთელს უთქვამს, რომ მან თავად დაუკვეთა ილია აბულაძეს ეს სტატია და ვერ ამოიღებდა. მით უმეტეს, რომ აბულაძე სტატიის გამოქვეყნებამდე გარდაიცვალა. მაშინ სტურუას უთხოვია, აბულაძის სტატია დატოვეთ და ლორთქიფანიძის ამოიღეთო. გიორგი წერეთელს განუმარტავს, რომ ეს ორი სტატია ავსებდა ერთმანეთს. გიორგი წერეთელმა საკუთარი პოზიციის გატანა შეძლო, თუმცა ამის გამო მისთვის დიდი მადლობა არ უთქვამთ.

იმავე წელს გახლდით პარიზში და ვნახე გამოცემა „რევიუ დე არმენოლოჟი“, სადაც მურადიანის იგივე სტატია ფრანგულ ენაზე გამოქვეყნდა. რაც შეეხება საქართველოს მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის ისტორიას, ეს არ იყო ისტორია, ეს იყო პოლიტიკა და მორჩა. მართალია, იმ პერიოდის სპეციალისტები ცდილობდნენ, სიმართლეც ეთქვათ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ – ეს იყო პოლიტიკა!“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა