საზოგადოება

რა საჩუქარი გაუკეთა ია თავაძეს იტალიამ და როგორ იპოვა მან ბედნიერება ქვებში

№32

ავტორი: ქეთი მოდებაძე 21:30 15.08

ია თავაძე
დაკოპირებულია

ცოტა ხნის წინ ქალაქ ნეაპოლში ქართველი ემიგრანტის – ია თავაძის ზღვის ქვებით შესრულებული ნახატების გამოფენა გაიმართა. გამოფენამ, სახელწოდებით – „ქვებში ნაპოვნი ბედნიერება“, გააოცა როგორც ქართველი, ისე იტალიელი დამთვალიერებლები.

ია თავაძე: აქამდე არასდროს დამიხატავს. ერთი წლის წინ, 53 წლის ასაკში, გამიჩნდა ხელოვნებისადმი განსაკუთრებული ინტერესი. ამ ეტაპზე იტალიაში, ნეაპოლში ვცხოვრობ და ვმუშაობ. ბებო, რომელთანაც ვმუშაობ, ნეაპოლთან ახლოს, ზღვაზე წავიდა და მეც თან ვახლდი. სანაპიროზე ლამაზი კენჭები ავკრიბე, დავჯექი და ქვებით ფიგურების აწყობა დავიწყე, ისე, ინსტინქტურად. რომ დავინახე, ლამაზი ფიგურა გამოვიდა, გადავწყვიტე, ამ მიმართულებით რაღაც მეცადა. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და თითქმის 300 ნამუშევარი მაქვს შექმნილი.

ბავშვობაში კარგად ვმღეროდი და მომღერლობაზე ვოცნებობდი, ჩემი ხელოვნებასთან კავშირი სულ ამით შემოიფარგლებოდა. ამიტომ, ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ჩემს ცხოვრებაში ასეთი ინტერესი გაჩნდებოდა.

– საიდან მოდის იდეები ნამუშევრებთან დაკავშირებით?

– იდეებს თავად ქვის ფორმა მკარნახობს. ზოგჯერ რაღაც ჩამიფიქრებია, მაგრამ ქვის ფორმას სხვა მიმართულება მოუცია. უამრავი შინაარსის ნამუშევარი მაქვს შექმნილი. ყველას ძალიან დიდი სიამოვნებით ვაკეთებ. თავიდან, უბრალოდ, ინტერესის გამო დავიწყე. მერე და მერე ნამუშევრები ძალიან დავხვეწე. რომ ვუყურებ, მეც მიკვირს. მაგიდასთან რომ ვჯდები სამუშაოდ, თითქოს, სხვა სამყაროში გადავდივარ, ვგრძნობ, რომ იმ მომენტში მე, მე არ ვარ. სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები შევქმენი, ასევე, სხვადასხვა შინაარსის ნახატები. დავიწყე და არ გავჩერებულვარ, დღეში 3-4 ნამუშევარიც შემიქმნია. საქმე ისაა, რომ სამსახურის შემდეგ დრო მრჩება და ყველაფერი ამის დამსახურებაა. თან, აქ ძალიან ლამაზი ქვებია. თითქოს სპეციალურად არის გამოჭრილი. მე ქვას არ ვღებავ, არ მინდა, ბუნებრიობა დავუკარგო, ყველაფერს ნატურალურ ხასიათს ვუნარჩუნებ. სანაპიროდან უამრავი სახასიათო ქვა მაქვს წამოღებული. პირველად რომ წავედით, ხუთი კილოგრამი ქვა წამოვიღე (იცინის). იმ ქვებით ასზე მეტი ნამუშევარი შევქმენი. ულამაზესი, ჭრელი ქვები იყო და ნამუშევრებიც ძალიან კარგი გამოვიდა. შემდეგ სხვა სანაპიროდან წამოვიღე ფერადი ქვები და მადლობა ღმერთს, მასალა ბევრი მაქვს. უკვე ჩემი მეგობრებიც ძალიან მეხმარებიან ლამაზი ქვების მოგროვებაში, ყველამ იცის ჩემს გარშემო ჩემი ახალი საქმიანობის შესახებ.

ეს საქმიანობა იმდენად ფინანსებს არ მოითხოვს, რამდენად გონებრივ მუშაობასა და ფანტაზიას. როგორც ჩანს, ფანტაზიის ნაკლებობას არ ვუჩივი. ახლა აქ ვმუშაობ და ამ საქმესაც აქ ვაკეთებ, მაგრამ საერთოდ, მე სამტრედიაში ვცხოვრობ და მინდა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, იქ პატარა სახელოსნო გავხსნა. თუმცა, წარმოშობით მე ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზემო ხეთიდან ვარ და დიდი სიყვარულით მოვიკითხავ, როგორც ჩემს სოფელს, ისე მთელ საქართველოს.

– თქვენი ნამუშევრები, ალბათ, თქვენ მიერ განვლილი ცხოვრებით, ემოციებითა და ნოსტალგიებით არის ნასაზრდოები. კონკრეტულ ამბებს ან სცენებს ხატავთ თქვენი ცხოვრებიდან?

– დიახ, ასეა. მე ძმა მყავს გარდაცვლილი. მასზე ფიქრისას რომ შემიქმნია ნამუშევრები, მერე ავმდგარვარ, შემიხედავს და მიტირია, თან გამკვირვებია – ნუთუ ეს მე შევქმენი-მეთქი?! ასე შევქმენი საფლავთან დაჩოქილი მლოცველი. მისი შექმნის პროცესში ჩემი თავი მყავდა წარმოდგენილი. ხშირად ვხატავ ჩემს თავსა და ჩემს ძმას ერთად.

ჩემი შვილები მყავს დახატული, ჩემი ორი გოგონა. „ემიგრანტი დედა დაბრუნდა“ – ასეთი სახელწოდებით მაქვს შექმნილი ნახატი, რომელზეც დედა ეხუტება შვილებს. ემიგრანტიც მყავს დახატული დროშით, რომელსაც თვითმფრინავი ელოდება.

ჩემი ნამუშევრები რომ პირველად „ფეისბუქზე“ გამოვაქვეყნე, ვნერვიულობდი, შიშიც მქონდა – მიიღებს ხალხი? ამაზე ბევრს ვფიქრობდი. ყველამ ისე კარგად მიიღო ჩემი ნახატები, ისეთი სასიამოვნო სიტყვებით მამკობენ, რომ ვერ გადმოგცემთ. ყოველ ახალ ნამუშევარს დიდი სიხარულით ელოდებიან. ვგრძნობ, რომ მათაც ახალისებთ და აბედნიერებთ ამ ნახატების ხილვა და ეს ჩემთვის დიდი სტიმულია.

თავდაპირველად ერთპერსონაჟიან ნახატებს ვქმნიდი. მერე გავამრავალფეროვნე. გულწრფელად გეტყვით, ამ ყველაფერს რომ ვუკვირდები, მიკვირს, რამხელა პოტენციალი ყოფილა ჩემში. მე ეს საჩუქარი იტალიამ გამიკეთა. აქამდე თურქეთის ემიგრანტი ვიყავი, ზღვა და სანაპიროს ქვები იქაც იყო, მაგრამ იქ არ გამჩენია ეს იდეა. ალბათ, იმიტომ, რომ იქ თავისუფალი დრო არ მქონია.

– იტალიაში გამოფენაც გქონდათ...

– დიახ, ნეაპოლში მქონდა გამოფენა, ქართულ ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ძალიან კარგი ქალბატონი მაკა ხაჩოშვილია. ის ძალიან დამეხმარა გამოფენის ორგანიზებაში. დამთვალიერებლებს ნახატები ძალიან მოეწონათ. ვისაც სურათები სოციალურ ქსელში ჰქონდა ნანახი, მეუბნებოდნენ, იქაც ულამაზესი ჩანს, მაგრამ რეალურად კიდევ უფრო საოცარი ყოფილაო. ქართველებიც მოიხიბლნენ და იტალიელებიც. ბატონმა გიორგი კეკელიძემაც ნახა ჩემი ნამუშევრები და საქართველოში გამოფენის მოწყობას დამპირდა. სხვათა შორის, გიორგიც დავხატე მის მეუღლესთან ერთად.

გამოფენაზე გაყიდვაზეც აქტიურად მეკითხებოდნენ და ეს ჩემთვის ცოტა რთული თემა აღმოჩნდა. ყველა ნამუშევარი ერთმანეთისგან განსხვავებულია. ზუსტად ერთნაირ ქვებს ხომ ვერ იპოვი, რომ იდენტური ნამუშევარი შექმნა, მაგრამ რადგან დავინახე, რომ მოთხოვნა არის, იმავე შინაარსის მსგავს ნახატებს შევქმნი. ცოტა განსხვავებული გამოვა, მაგრამ მთავარია, რომ ორივე ლამაზი იქნება, თან ინდივიდუალური. სიმართლე გითხრათ, ჩემი ნახატების გასხვისება ძალიან მიჭირს. ჩემს ახლობლებს საჩუქრად გადავეცი, ეს არ გამჭირვებია, რადგან მათთან შემეძლება, ვნახო ხოლმე. გაყიდვა კი ნახატთან კავშირის დაკარგვას ნიშნავს და ალბათ, ამიტომ მიმძიმს.

– რამდენი ხანია, რაც ემიგრაციაში ხართ და რის გამო მოგიხდათ წასვლა?

– იტალიაში, დაახლოებით, ორი წლის წინ, 7 სექტემბერს ჩამოვედი. ზუსტად იმ დღეს აქ კვარაცხელია თამაშობდა. მეხუმრებოდნენ, ამისთვის გაფრინდიო. ასე შორს წამოსვლას არ ვფიქრობდი, მაგრამ ოჯახური პირობებიდან გამომდინარე დამჭირდა და მადლობა უფალს, რომ წამოვედი. სხვანაირად ამ ნიჭს ჩემში ვერ აღმოვაჩენდი.

აქაურობასთან შეგუება არ გამჭირვებია. ახალ გარემოს ადვილად ვეგუები. ქვებზე მუშაობაც ძალიან დამეხმარა ემიგრაციასთან შეგუებაში. მე ვფიქრობ, ეს ნიჭი ღმერთმა ზუსტად ამიტომ მომივლინა. რამდენჯერ შუაღამემდე მიმუშავია, ბევრჯერ შუაღამისას ავმდგარვარ, რომ ჩემი წარმოსახვა განმეხორციელებინა. ოჯახს, რომელშიც ვმუშაობ, ძალიან მოსწონთ ჩემი ნამუშევრები და ყველანაირად ხელს მიწყობენ. ძალიან მიხარია, რომ ჩემს ახალ ინტერესს, რომელმაც მთლიანად მოიცვა ჩემი ცხოვრება, ასეთი ხელშეწყობა აქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა