საზოგადოება

რა რისკის ფასად დაიწყო ირაკლი შარაძემ ახალი ცხოვრება ამერიკაში და რით მოახდინა მან ფურორი მსოფლიოს 30 ქვეყანაში

№1

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:30 12.01

ირაკლი შარაძე
დაკოპირებულია

ამერიკაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი ირაკლი შარაძე ნიუ-იორკის მერისგან ქართულ-ამერიკულ კულტურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა. ირაკლი უკვე რამდენიმე წელია, ამერიკულად ცხოვრობს, თუმცა მისი კარიერა საქართველოში დაიწყო.

ირაკლი შარაძე: ამერიკაში მოღვაწე პროდიუსერსა და იმპრესარიოს, დიანა ბაგრატიონს აქვს ფონდი „ბაგრატიონი“, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ნიუ-იორკის მთავრობასთან და საინტერესო საღამოებს მართავს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გასაღრმავებლად. წლების განმავლობაში მე ამ საღამოების ერთ-ერთი წარმომადგენელი გახლავართ. წელს ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა გადმომცა ჯილდო ქართულ-ამერიკულ კულტურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის. ეს ძალიან ემოციური და მოულოდნელი იყო. მოგეხსენებათ, ნიუ-იორკი მთელი სამყაროს დედაქალაქია და როცა ეს ქალაქი აფასებს სხვა ეროვნების ადამიანების მიერ შეტანილ წვლილს ჩვენი კულტურული ურთიერთობების განვითარებაში, ძალიან სასიამოვნო და დასაფასებელია.

– ამერიკაში პირველი ნაბიჯები როგორ გახსენდებათ?

– 2013 წელს ბათუმში იმყოფებოდა ლევან შენგელია – ამერიკაში მოღვაწე მუსიკოსი და კომპოზიტორი. მაშინ მე აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ორკესტრს ვხელმძღვანელობდი. შევხვდით და გადავწყვიტეთ, ბათუმში არაორდინარული კონცერტი გაგვეკეთებინა, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შტატებში დაბრუნების შემდეგ, ლევანმა მეც ამერიკაში მიმიწვია. ჩამოვედი და ძალიან საინტერესო შემოთავაზებები მივიღე. მაშინ დავფიქრდი ამერიკაში კარიერის გაგრძელებაზე. 2014 წელს განსაკუთრებული შესაძლებლობების ვიზაც მივიღე და შევძელი, ჩემი ოჯახიც ამერიკაში წამომეყვანა. ეს საკმაოდ დიდი რისკი იყო ჩვენი მხრიდან. ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ იყო, თვე-ნახევარში ბავშვს ველოდით. პირველი შვილიც პატარა გვყავდა და ამ დროს ჩამოვედით სხვა სამყაროში. აეროპორტის კარი რომ გაიღო, აღმოვაჩინე, რომ ამხელა სამყაროსთვის ნული ვიქნებოდი, თუმცა იმდენად მოტივირებული გახლდით, დარწმუნებული ვიყავი, ყველაფერი კარგად წარიმართებოდა. პირველი ნაბიჯები ძალიან რთული იყო. საქართველოდან წამოღებული თანხა, ბევრი რომ მეგონა, ერთ თვეში აღარ მქონდა და დაიწყო გაჭირვებებითა და ბარიერებით სავსე ცხოვრება. ჩემი მეუღლისა და უკეთილშობილესი ადამიანების გვერდით დგომით, რომლებმაც იგივე გზა ჩემზე ადრე გამოიარეს, ყველაფერი გადავლახე.

– მეუღლისთვისაც ძალიან რთული იქნებოდა...

– კი, ერთი პატარა გვყავდა და მეორეს ველოდით. ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ იქ, სადაც სიყვარულია, ბარიერები არ არსებობს. მე და ჩემი მეუღლე ერთად გავიზარდეთ, ერთ სკოლაში ვსწავლობდით. ჩვენმა სიყვარულმა შეგვაძლებინა, ყველაფერი გადაგველახა. ერთმანეთის იმედი გვქონდა და ერთად გავიარეთ ყველა ბარიერი.

– ამერიკაში ნინი შერმადინთან თანამშრომლობაც ნაყოფიერი აღმოჩნდა.

– ნინი შერმადინი ჩემი და ჩემი ოჯახის უახლოესი მეგობარია. ჩვენ აქ ჩამოსვლისთანავე ერთად გვქონდა კონცერტები, გასტროლები. ამერიკაში გერშვინის მეორე საერთაშორისო კონკურსი იმართებოდა. მანჰეტენზე იყო დასკვნითი ტური, სადაც ნინი მღეროდა, მე კი მისი აკომპანიატორი გახლდით. ამ წელს გერშვინის მეორე საერთაშორისო კონკურსზე მე საუკეთესო აკომპანიატორის ნომინაცია ავიღე და ნინიმ საუკეთესო მომღერლის პრიზი. აქედან მიგვიწვიეს მასტერკლასებზე მე და ნინი „ნიუ-ჯერსის მუსიკის აკადემიაში“, სადაც დღემდე ვართ.

– ახლა რით შემოიფარგლება თქვენი საქმიანობა?

– პანდემიამდე, ჩემს ბენდთან ერთად, კვირაში ექვსი დღე ნიუ-იორკში სხვადასხვა ლოკაციაზე ვუკრავდით. ძალიან აქტიურები ვიყავით. პანდემიამ ყველაფერი შეცვალა, გააჩერა. ჩვენც შევისვენეთ. ახლა ჩემს უახლოეს მეგობართან, ამერიკაში მოღვაწე ცნობილ ბიზნესმენთან – ალექს მაზანაშვილთან ერთად გადავწყვიტე, ნიუ-იორკში გაგვეკეთებინა ადგილი, სადაც ადამიანები ყოველდღე მოისმენდნენ ჩვენი ქართველი ვარსკვლავების და არა მარტო, შესრულებულ არაჩვეულებრივ სიმღერებს. ეს იქნება ადგილი რელაქსაციისთვის, სადაც პარალელურად, ქართულ სამზარეულოს გავუწევთ პოპულარიზაციას. ნოემბრის დასაწყისში ბრუკლინში უკვე გავხსენით ქართული მუსიკალური ლაუნჯი, სახელწოდებით, „ექს ფაქტორი“. ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი განხორციელებული ოცნებაა.

– როგორი იყო პირველი ნაბიჯები მუსიკალურ სამყაროში?

– მე მაღალმთიან აჭარაში, ქედის რაიონში დავიბადე. შვიდი-რვა კლასი იქ ვსწავლობდი, შემდეგ ბათუმში გადმოვედი. ხელოვნების სკოლაშიც ვსწავლობდი და მუსიკა ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა, თუმცა გამორჩეული მოსწავლე არ ვყოფილვარ. მესამე-მეოთხე კლასში ვიქნებოდი, მუსიკის მიმართ რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება გამოვამჟღავნე და დავიწყე აქტიურად მეცადინეობა. იმავე წელს გავხდი საქართველოს დავით ტურიაშვილის სახელობის პიანისტთა კონკურსის ლაურეატი და პირველი ხარისხის დიპლომი ავიღე. იმ ასაკში ამხელა წარმატებამ განაპირობა, რომ მუსიკა გახდა ჩემი ცხოვრების მთავარი არსი. ბათუმში გადასვლიდან იწყება კონკურსები, გასტროლები, კონსერვატორია. მერე უკვე კონცერტები, გასტროლები და ასე შემდეგ. მსოფლიოს 30 ქვეყანა შემოვიარეთ, ფურორს ვახდენდით ქართული ცეკვითა და მუსიკის წყალობით. ეს გახდა ჩემი ცხოვრების მთავარი საქმე.

– მეუღლისა და ჩემი სიყვარული სკოლიდან დაიწყოო...

– ჩვენ ერთად ვსწავლობდით სკოლაში. ოთხი წელია ჩვენ შორის სხვაობა და ეს სკოლის წლებში საკმაოდ ბევრი იყო. ყოველთვის ძალიან მომწონდა ეს პატარა გოგო. მერე მე ქედიდან ბათუმში გადმოვედი, წლები გავიდა, იშვიათად მიწევდა ქედაში ასვლა. ერთხელ მეგობართან ერთად ავედი და სკოლის ეზოსთან ჩავიარეთ. დავინახე უკვე გაზრდილი ნატო შავიშვილი. მაშინ ვთქვი, ეს გოგო აუცილებლად გახდება ჩემი მეუღლე-მეთქი. სიყვარულთან ცოტა რომანტიკული დამოკიდებულება მაქვს. მას შემდეგ, თითქმის ყველა დღე იყო ვარდები მის ფანჯრებთან, ბათუმიდან მუსიკოსების ჩამოყვანა და მის ფანჯრებთან სიმღერა. 2010 წელს ვიქორწინეთ და ოთხი წლის შემდეგ ქვეყნის დატოვება მოგვიწია.

– შეინარჩუნეთ რომანტიკული ბუნება?

– 2010 წელს, ჯვარი რომ დავიწერეთ, მეგონა, ეს იყო სიყვარულის პიკი და ამაზე მეტი აღარ შეიძლებოდა. მერე თანაცხოვრებამ, ამერიკაში ბევრმა წინააღმდეგობამ და ბარიერების ერთად გადალახვამ მიმახვედრა, რომ მე მაშინ სიყვარული საერთოდ არ ვიცოდი. ჩემი რომანტიკულობა შენარჩუნდა და ეს ჩვენი სიყვარულის ხარისხიდან გამომდინარე მოხდა. ის ვარდებიც მეორდება, სიმღერებიც, მუსიკაც. ჩემი ყველა სიმღერის ადრესატი ჩემი მეუღლეა და ჩვენი სიყვარულის წყალობით ჩვენი ცხოვრება ბედნირებითაა მოცული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

23-29 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვერკა ჯაჯანიძე

ვერკა ჯაჯანიძე: მამალ ქალებს რომ ეძახიან, მართლა ე...