რა პრობლემები აქვთ ჰერეთში მცხოვრებ მუსლიმ და ქრისტიან ქართველებს და როგორ ახერხებს მარტო ცხოვრებას დაბადებიდან უსინათლო ლევან ყიყიშვილი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 11:00 01.11, 2022 წელი
ლევან ყიყიშვილი საინგილოში, სოფელ ალიბეგლოში დაიბადა და დაბადებიდან ტოტალურად უსინათლოა, მან არ იცის, რა ფერისაა სამყარო, რადგან არასდროს უნახავს – მას მხოლოდ ეხება, მისი ხმა ესმის და მის სურნელსა და გემოს შეიგრძნობს. თუმცა იყენებს ტექნიკის ყველა მთავარ მიღწევას: მობილურ ტელეფონსა და კომპიუტერს და ვირტუალურ სივრცეში თვალების გარეშეც ახერხებს ცხოვრებას. უყვარს კითხვა, საკუთარ თავს თავად უვლის, ახლა ის 36 წლისაა და მარტო ცხოვრობს თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ვინაიდან იქ, სადაც დაიბადა, უსინათლოსთვის შეუძლებელია განათლების მიღებაც და სოციუმში ადაპტაციაც. ლევან ყიყიშვილი თავად გაგვიწევს მეგზურობას სამყაროში, რომელიც მისი თვალებისთვის უფერო და იმავდროულად, უზომოდ მრავალფეროვანია.
– საინგილოდან ხართ და ამიტომ ამით დავიწყებ: როგორია ქართველების ცხოვრება ზედ საქართველოს საზღვართან? აზერბაიჯანის ხელისუფლება თითქოს ქართულ გვარ-სახელებს კრძალავსო.
– ეს საკითხი პრობლემური ბელაქნისა და ზაქათალის რაიონებში მცხოვრები გამუსლიმებული ქართველებისთვისაა, კახის რაიონში ქართული სახელები და გვარები შენარჩუნებულია. საინგილოში ქრისტიანი ქართველები 200 000-ამდე ვართ, რომლებსაც შენარჩუნებული გვაქვს ეროვნება და სარწმუნოება. კახის რაიონში სამი მოქმედი ეკლესიაა. საპატრიარქომ მოგვივლინა მღვდელი – მამა პეტრე ხუმარაშვილი. მან მიიღო აზერბაიჯანის მოქალაქეობა, ვინაიდან, იქაური კანონმდებლობით, მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეს აქვს სასულიერო მოღვაწეობის უფლება, ამასთან, ახლახან კიდევ ერთი სასულიერო პირიც ეკურთხა, ის ადგილობრივია, კახის რაიონიდან. ზოგადად, გამუსლიმებულ და ქრისტიან ქართველებს, ისევე, როგორც აზერბაიჯანულ მოსახლეობას, ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. კახის რაიონში ქართული სკოლებიცაა, თუმცა ბელაქნისა და ზაქათალის რაიონებში ქართველები, ძირითადად, რუსულ სექტორზე სწავლობენ, იმიტომ რომ ქართული სკოლები აღარ არის. კახის რაიონის ქართულ სოფლებს ადრე საქართველოს ხელისუფლება ამარაგებდა ქართული სახელმძღვანელოებით, ბოლო დროს დახმარება შემცირდა და საქმე იქითკენ მიდის, რომ ქართული სკოლები კახის რაიონშიც დაიხურება.
– როგორ მოხვდით თბილისში და როგორ მოახერხეთ განათლების მიღება?
– დაბადებიდან ტოტალური უსინათლო ვარ, ჩემი მშობლები მაინც არ იტეხდნენ იხტიბარს და ბავშვობიდან დავყავდი ექიმებთან, მაგრამ არაფერი გამოვიდა. რომ წამოვიზარდე, ბებიაჩემმა თელავში წამიყვანა ექიმთან და მან ურჩია, თბილისში, ავლაბარში, უსინათლოთა სკოლა-ინტერნატში მიიყვანეთ, იქ მიიღებს განათლებას, უსინათლობა არ ნიშნავს, რომ სახლში უნდა ჩაკეტოთო. ბებიამ დაარწმუნა ჩემი მშობლები და, მართლაც, ჩამომიყვანეს თბილისში. 1997 წლიდან იმ სკოლა-ინტერნატში დავიწყე სწავლა. მანამდე სკოლაში არც მივლია და 11 წლისა პირველ კლასში დამსვეს. მშობლები ჰერეთში დაბრუნდნენ, მე თბილისში დავრჩი, მაგრამ 2003 წელს სკოლა-ინტერნატის დატოვება მომიწია: ბავშვობაში ფეხი მოვიტეხე, თაბაშირში ცუდად ჩამისვეს და დღემდე მაწუხებს. სკოლა-ინტერნატში სწავლისას ტკივილები დამეწყო და იძულებული გავხდი, სკოლა დამეტოვებინა. თუმცა კითხვა ბავშვობიდან მიყვარს. როდესაც სხვა ბავშვები თამაშობდნენ, მე კლასგარეშე ლიტერატურას ვკითხულობდი. კითხვა არასდროს შემიწყვეტია. მით უმეტეს, რომ ინტერნეტში ახლა უამრავი აუდიო წიგნია.
– არიან ადამიანები, რომლებიც თვალხილულები დაიბადნენ, მაგრამ არც სწავლობენ, არც კითხულობენ, არც საკუთარი თავის მოვლა შეუძლიათ. თქვენ სარგებლობთ კომპიუტერით, მობილური ტელეფონით. აქვეყნებთ ტექსტებს, აგზავნით ფოტოებს, მესიჯებს, როგორ შეძელით ეს?
– ჩემი მეგობრის, ზაზა მარტიაშვილის წყალობით. ის დაბადებიდან უსინათლო არ არის, შემდეგ დაკარგა მხედველობა. მან დამირეკა საინგილოში და მითხრა, რომ არის ეკრანის წამკითხველი ხმოვანი პროგრამა. ჩემმა მშობლებმა არ დაიჯერეს და ამაშიც ბებია დამეხმარა. დიდი ენთუზიაზმით შევუდექი სწავლას. მშობლებმა მიყიდეს კომპიუტერი და ვისწავლე მასზე მუშაობა. სოციალურ ქსელებშიც დავრეგისტრირდი, „იუთუბის“ აქტიური მომხმარებელიც ვარ. როცა ჩემებს პირველი „ესემესი“ მივწერე, სიხარულით მეცხრე ცაზე დაფრინავდნენ. სოციალური ქსელებით გავიცანი მამა გურამი (ოთხოზორია) და მან მითხრა, რომ არის სპეციალური კოლეჯი – „სპექტრი“, შეგიძლია, ჩამოხვიდე და მე და მამა ილია (ბუკია), კოლეჯის დირექტორს, მათე ტაკიძეს, დაველაპარაკებით, რომ კოლეჯში გამოგიყოს საცხოვრებელიო. მამა გურამმა იმდენი ქნა, რომ თბილისში ჩამოვედი და ძალიან მადლიერი ვარ მამა გურამის, მამა ილიასი და მისი მრევლის, „სპექტრის“ დირექტორის, ყველა თანამშრომლის, რომლებიც არაფერს იშურებდნენ ჩემთვის. იქვე, სიახლოვესაა სუპერმარკეტი „ზღაპარი“ და იქ მომუშავე გოგონებს მუდმივად მოჰქონდათ ხოლმე ჩემთან ტკბილეული და მეხმარებოდნენ, რითაც შეეძლოთ.
– საჭმლის გაკეთება, გარეცხვა, სახლის დალაგება როგორ ისწავლეთ?
– ელემენტარული რაღაცების კეთება ვიცი: კვერცხის, სოსისის მოხარშვა, ჩაის ადუღება. ესეც ჩემმა მეგობარმა ზაზა მარტიაშვილმა მასწავლა, ისიც მარტო ცხოვრობს, მირეკავდა და მასწავლიდა. მე ვერ ვხედავ, მაგრამ, სამაგიეროდ, სმენა მაქვს გამახვილებული. სივრცეს ხმითა და სურნელით აღვიქვამ.
– როგორია თქვენთვის სამყარო, რომელსაც ვერ ხედვთ?
– ფერები როგორია, არ ვიცი, არასდროს მინახავს, მაგრამ ჩემი სამყარო ლაღი და მშვენიერია. გათენებასაც ვგრძნობ და დაღამებასაც. ამინდსაც. მზესაც – მისი სხივებით. ახლოს რომ მოაქვთ რამე, ვგრძნობ, რომ რაღაც მომიტანეს, გადაადგილებისას ჯოხით ვიკვლევ გზას, შეხებამდე, წინასწარ ვგრძნობ, რომ ჩემ წინ წინაღობაა. სივრცეს – ქუჩაში ვარ თუ შენობაში შევდივარ – ნაბიჯებით გამოწვეული ხმით აღვიქვამ. მესამე სართულზე ვცხოვრობ ქირით და ერთი კვირა დამჭირდა, რომ მესწავლა, სად რა მქონდა. აქაც სივრცის შეგრძნება მეხმარება. დღეს უამრავი ადამიანის უფლებებს იცავენ, ჩემნაირი ადამიანის უფლებებიც დასაცავია. ვთხოვ თბილისის მერიას, ისნის რაიონის გამგეობას, იქნებ რამეში გამოვადგე, მე ვერ ვხედავ, მაგრამ მეც შემიძლია ვიყო სასარგებლო. მეუბნებიან, საქართველოს მოქალაქე არ ხარ და ვერ დაგეხმარებითო, მაგრამ მე ხომ ქართველი ვარ, თქვენი თანამემამულე საინგილოდან?!
P.S. ინფორმაცია ლევან ყიყიშვილისთვის დახმარების გაწევის მსურველთათვის: „საქართველოს ბანკი“, პირადი ნომერი 01391056437
სიახლეები ამავე კატეგორიიდან