საზოგადოება

რა პიროვნულ წყენასა და ფიზიკურ ტკივილს მალავდა თემურ ჩხეიძე

№24

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 21.06, 2022 წელი

თემურ ჩხეიძე
დაკოპირებულია

„ერთ-ერთმა პირველმა ვთქვი უარი, აფიშაზე ჩემი რეგალია მიეწერათ. სხვებს აწერდნენ, ჩემს შემთხვევაში კი მხოლოდ სახელი და გვარი იყო – „რეჟისორი თემურ ჩხეიძე“. ვამბობდი, არ დააწეროთ „სახალხო არტისტი“, ამის გარეშე დაბეჭდეთ. ყველაფერს მშვიდად უნდა შეხედო“... – ამბობდა თემურ ჩხეიძე „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში 2016 წელს. ახმეტელის, მარჯანიშვილის სადარი რეჟისორი 5 ივნისს 78 წლისა გარდაიცვალა. ჩემთვის თემურ ჩხეიძე იყო დიდკაცობის, კაი კაცობის, მაღალი ინტელექტის, კულტურის ინდიკატორი. მან გადაინაცვლა მარადიულობაში, იქ, სადაც ასეთები ახერხებენ მეტს და მეტს, სააქაოდ დანატოვარი სახელით მონატრებას, საუკუნეებით გახსენებას. დღეს იგი კიდევ ერთი გენიალური კაცის ცხოვრების დღიურებით სწორედ მარადიულობიდან შეუერთდა ჩემს რუბრიკას.

„არაფერში არ გარეულა და არ გასვრილა, საბჭოთა ეპოქაშიც კი. ოჯახიდან გამომდინარე, ყველა შესაძლებლობა ჰქონდა იმისთვის, რომ პრივილეგიებით ესარგებლა, მაგრამ არაფერი გამოუყენებია“, – ასე აფასებს ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური თემურ ჩხეიძეს. ამბობს, რომ ჩხეიძე იყო ერთ-ერთი, ვინც ქართული თეატრი შექმნა და სცენის ცენტრში ადამიანი დააყენა, თავისი განცდებითა და პრობლემებით, – „ის ყოველთვის ძალიან თანადროული იყო. მისი ბოლო სპექტაკლიც „სეილემის პროცესი“, რომელსაც სტუდენტებთან ერთად დგამდა, თითქოსდა დღევანდელობაზეა – კუდიანებზე ნადირობა, ეკლესიასთან, სასამართლოსთან დაპირისპირება, როდესაც სისტემა ადამიანს სპობს. მის სპექტაკლებში მუდამ არის ეს შინაგანი ჭიდილი, არჩევანი, ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანი, ღირსება, ფასეულობები“.

საზოგადოებამ თემურ ჩხეიძე უფრო მეტად დაიმახსოვრა ფილმიდან „მშობლიურო ჩემო მიწავ“, სადაც მან რაიკომის მდივნის როლი შეასრულა. „მე გავიაზრე, რომ არანაირი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ფორმაცია არ ათავისუფლებს ადამიანს სინდისისგან. სინდისი ყველას უნდა ჰქონდეს! ჩემთვის გადავწყვიტე: სანამ ეს სისტემაა, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ის მამულის გადასარჩენად გამოვიყენოთ“. ინტერვიუში მან ისიც გაიხსენა, თუ როგორ შეაფასა ეს ფილმი რეჟისორმა ნიკიტა მიხალკოვმა: „გულწრფელად გეტყვით, – გვითხრა, მიხალკოვმა, – რუსეთში რომ გადაეღოთ ფილმი რაიკომის მდივანზე, მთელი ფილმი თათბირი იქნებოდა. თქვენ კი გადაიღეთ ფილმი მიწაზე, რომელიც გადასარჩენია. მომეწონა ეს მიდგომა“.

ამ ფილმის შემდეგ თემურ ჩხეიძეს ლენინური პრემია მიანიჭეს. ამ პრემიას თავისი პრივილეგიებიც მოჰყვებოდა, თუმცა, როგორც რეჟისორმა თქვა, ბინის რიგში მაინც რვა წელი იდგა, მანქანის გამოსაყვანად კი ფული არ ეყო. „არასდროს ყოფილა გაბოროტებული, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ჰქონდა კიდეც ამის მიზეზი. არც გადიდგულებულა, ბოლომდე თავმდაბალი დარჩა და მისი სპექტაკლებიც ასეთი იყო. შინაგანად ძალიან ემოციური და ტკივილიანი, გარეგნულად სიმშვიდეს ინარჩუნებდა. ბევრ პიროვნულ წყენას მალავდა და ფიზიკურ ტკივილსაც, ბოლო წლებში ძალიან ავადმყოფობდა, როგორც მახსოვს, ბავშვობაშიც, ერთი ხელი უფუნქციო ჰქონდა. არ იყო ძალიან აქტიური, მაგრამ არავისი არც კარგი გამოეპარებოდა, არც – ცუდი. ყოველთვის ძალიან კარგი შემფასებელი იყო“ (მ. იასეშვილი). ინტერვიუში თემურ ჩხეიძე ამბობს, მე ცხოვრებაშიც და ხელოვნებაშიც საკუთარ შეცდომას ვეძებ, მუდმივად ვაანალიზებ, სად შეიძლება, ისეთი შეცდომა მომივიდეს, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელი გახდებაო. შეკითხვაზე – უწევდა თუ არა კომპრომისზე წასვლა, თუნდაც იმავე საბჭოთა ეპოქაში, რეჟისორი ასე უპასუხებს: „მე გამიმართლა, ყოველთვის იმას ვდგამდი, რაც თავად მსურდა. ამ კუთხით ბედის ნებიერი ვიყავი“.

რა ვართ ასეთი განსაკუთრებულები, რომ მარტო ჩვენთვის იყოს სიცოცხლე

„...მე ვამბობ, რომ არის ღმერთი, მე მჯერა იმ სუბსტანციის, მაგრამ არა იმ ადამიანის თვალსაზრისით, რომელიც ეკლესიაში დადის და ფიქრობს, ღმერთი ყველაფერს გამიკეთებსო. ღმერთს უჩემოდაც ბევრი საზრუნავი აქვს, ჩემი გასაკეთებელი მე თვითონ უნდა გავაკეთო. სხვა საქმეა, რომ პირნათელი უნდა ვიყო არა ღმერთის, არამედ ნებისმიერი ადამიანის წინაშე და ეს იქნება ღმერთთან პირნათელობა. თავისთავად, არ გაკვირვებთ გამოთქმა, რომ სამყარო უსასრულოა? მახსოვს ჩემი პირველი აღქმა ბავშვობაში, ერთხელ წარმოვიდგინე, რას ნიშნავს უსასრულო. როგორ, ნუთუ სულ არა აქვს ბოლო, სადღაც ხომ მაინც მთავრდება, იმის იქით რა არის? რაც ასაკი გემატება, ამ შეკითხვებს აღარ სვამ, რადგან ვიცით, რომ პასუხს ვერ მივიღებთ, თორემ, რა ვართ ასეთი განსაკუთრებულები, რომ მარტო ჩვენთვის იყოს სიცოცხლე? რა ამბიცია გვაქვს ასეთი? ადამიანი კია ამბიციური, მაგრამ ამდენად?..

ამ წინასწარმეტყველის რჩევები რომ არ შემესრულებინა, მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი

...მქონდა ასეთი შემთხვევა, ეს იყო 1989 წელს, 9 აპრილის ტრაგედია ახალი მომხდარი იყო, მეგობარი გადამეკიდა, ჩემთან სახლში ამოდი, საინტერესო პიროვნება უნდა გაგაცნოო. მისი სტუმარი პოლონელი იყო, საქართველოში კერძო მოწვევით იმყოფებოდა. ყველაფერი, რაც მან მითხრა, მისხალ-მისხალ დაემთხვა შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. მითხრა ყველაფერი, რაც მელოდა რამდენიმე წლის განმავლობაში, არა მარტო ჩემს ცხოვრებაში, არამედ ქვეყანაში. მითხრა, რა დაემართებოდა საქართველოს, რა მოხდებოდა რუსეთში, გამაფრთხილა, რომ სასიკვდილო ფათერაკი მემუქრებოდა და რა უნდა გამეკეთებინა, რომ ცოცხალი გადავრჩენილიყავი. რამდენიმე მოვლენა რომ ზუსტად აცხადდა, მერე მივყევი მის რჩევას. მით უფრო, რომ თვალწინ მყავდა ახლობელი ადამიანი, რომელზედაც მან მითხრა, – შენს მეგობარს ვურჩიე, რომ ჩემი ნათქვამი შეესრულებინა, მან არ დამიჯერა და ახლა სასიკვდილო სარეცელს არის მიჯაჭვულიო. მართლაც ასე იყო, მომაკვდავმა დაადასტურა მისი ნათქვამი და სამ კვირაში გარდაიცვალა. მას შემდეგ ის კაცი თვალით აღარ მინახავს, არადა, მინდა ვუთხრა, რომ მისი ძალიან მადლობელი ვარ. დარწმუნებული ვარ, ამ წინასწარმეტყველის რჩევები რომ არ შემესრულებინა, მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. ის კაცი დიდი მეცნიერია... მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, ვისაც თვითონ თუ არ შეემთხვა რამე, არ იჯერებს. რასაკვირველია, შესაძლოა, რომ ეს სუბსტანციები არსებობდეს. აჩრდილებსა და მოხეტიალე სულებზე არასდროს მიფიქრია, აი, სულის უკვდავების კი მინდა, მჯეროდეს, უფრო მჯერა, ვიდრე არ მჯერა. ოღონდ, არ ვიცი, რაში მდგომარეობს. სულის უკვდავება მე უფრო ყოფითად მესმის, როდესაც ადამიანი ისეთ სიყვარულსა და სითბოს დაგიტოვებს, რომ ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგაც კი გაძლევს სტიმულს...

შენი ნახტომი...

...ბევრი შემთხვევა მახსოვს, როცა დიდი ხნის უნახავი ადამიანი დამსიზმრებია, რამდენიმე მათგანი ცოცხალი საერთოდ აღარ მგონებია და მეორე დღეს მინახავს. ბევრი რამ ვიცი სიზმრებზე, თუნდაც ფროიდის მიხედვით. წაკითხული მაქვს, როგორ მუშაობს ქვეცნობიერი, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მაინც არის რაღაც, რაც არსად არ წერია. სავალდებულო სულაც არ არის, ვიღაცაზე ფიქრობდე და ის გესიზმროს. მე ბევრს ვფიქრობდი მამაჩემზე, მაგრამ 5 წელი ისე გავიდა, არ დამსიზმრებია. უნდა ვიცოდეთ, რომელ დღეს, ღამის რომელ მონაკვეთში დაგვესიზმრა და კიდევ ბევრი სხვა. ისე, ძალიან მეშინია სიზმარში კბილის დაკარგვის. ერთხელ დამესიზმრა, თითქოს მთელი ქვედა ყბის კბილები დამძვრა. მეორე დღეს თეატრში რომ მივდიოდი, ერთ მსახიობს ვუამბე და ძალიან შეწუხდა, ეს რა მოგსვლიაო. დღის 3 საათზე მოულოდნელად ისე ცუდად გავხდი, ერთი თვე საავადმყოფოში ვიწექი.

ძალიან მინდა, ბედისწერის მჯეროდეს, ხანდახან, როდესაც მეშინია, თავს ვირწმუნებ, ნუ გეშინია, ბედისწერაა, რაც მოსახდენია, ის მოხდება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ჩვენს სურვილებს არ ემორჩილება ბედისწერა, ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს ის, რაც არ მოსწონს. მახსოვს, ერთი ჩემი კოლეგა, პოლონელი რეჟისორი სადღაც არაბეთის ქვეყანაში უნდა გაფრენილიყო, გასტროლები ჰქონდა და სურდა, ის ადგილები წინასწარ ენახა, ბილეთი აიღო, მაგრამ ღამე სიზმარში ნახა, რომ თვითმფრინავში დაიღუპებოდა. მთელი დღე ირბინა, ბილეთი გადაცვალა და სხვა დღეს გაფრინდა, მაგრამ მაინც თვითმფრინავში დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ბედი გაწერილია, ეს არ უნდა გადაიქცეს პასიურობად. სერგო ზაქარიაძე ამბობდა, თეატრში ყველას ცხოვრებაში ჩამოიქროლებს რაში, ოღონდ უნდა მიხვდე, რომ ეს შენი მომენტია და ნახტომი თავის დროზე უნდა გააკეთოო. ხანდახან პროვოკაციული აზრებიც მომდის. ბედისწერას იმას ხომ არ ვეძახით, როცა რაიმე ვერ აგვიხსნია, თავს ვიცავთ, მე არა, ბედისწერაა დამნაშავეო, მაგრამ ეს იშვიათად ხდება.

ღრიანკალის გასაღები

რეპეტიციების დროს ყოველთვის ხელში მიჭირავს გასაღები, გასაღები რომ წამართვან, ვერაფრით ჩავატარებ რეპეტიციას. ახალგაზრდობიდან ყველა ახალ სპექტაკლს სამშაბათ დღეს ვიწყებ, ჰოროსკოპში წავიკითხე, რომ სამშაბათი ღრიანკალების დღეა, რკინა კი ღრიანკალს ენერგიას მატებს. ყოველთვის ვცდილობ, ვინმეს ისეთი რამე არ ვუთხრა, რითაც გულს ვატკენ, რადგან მაგიურად მოქმედებს ჩემზე სითბო და გულთბილ ადამიანებთან ურთიერთობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი