საზოგადოება

რა ფიზიკურ ტკივილებს უძლებენ ბალერინები და რის გამო ჩააკითხა პრიმაბალერინა ნინო სამადაშვილს გულშემატკივარმა იაპონიიდან ჩინეთში

№48

ავტორი: ეთო ხურციძე 16:00 06.12, 2023 წელი

ნინო სამადაშვილი
დაკოპირებულია

ბალეტი რამდენადაც ლამაზია, იმდენად დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ჰაეროვანი ბალერინების მიღმა, მტკიცე ხასიათის, ძლიერი ადამიანები დგანან. ჩვენი რესპონდენტი, პრიმა-ბალერინა ნინო სამადაშვილი ამბობს: „ბალეტის ხიბლიც იმაშია, რომ მაყურებლისთვის ეს ყველაფერი ძალიან მსუბუქი ჩანდეს, თითქოს ნებისმიერი იცეკვებს“.

ნინო სამადაშვილი: ჩემს ოჯახს უნდოდა, მრავალმხრივ განვითარებული ვყოფილიყავი და მოინდომეს, ფორტეპიანოზე მევლო. თავად ქართული ცეკვა მინდოდა, დედას – ფიგურული სრიალი, თუმცა საბოლოოდ ბალეტზე შემიყვანეს. თავიდან გააზრებული არ მქონდა, ის სირთულეები, რაც ბალეტს ახლდა, ბავშვი ვიყავი და უბრალოდ, მომწონდა გაკვეთილების პროცესი. შემდეგ მქონდა პირველი გამოსვლა, რომლითაც ძალიან კმაყოფილი დავრჩი. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს პროცესი თავად მანიჭებდა სიამოვნებას და გადავწყვიტე, პატარ-პატარა სირთულეები თვითონ გადამელახა, თუნდაც, მასწავლებლის სიმკაცრე. პირველი მასწავლებელი მკაცრი გვყვავდა. ეს ფაქტი თუ სხვა ბავშვებს სტრესავდა, ჩემთვის არ იყო ამაღელვებელი. 10 წლის ასაკში ჩავაბარე ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, იქ უფრო მეტი სიმკაცრე დამხვდა, თუმცა ამაზე ყურადღებას არ ვამახვილებდი. მერე მოვიდა პირველი წარმატება – ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ყოველწლიურად იმართებოდა გამოსაშვები საღამო და მეორე კურსზე „მძინარე მზეთუნახავი“ ვიცეკვე. ჩემთვის ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რადგან ასაკით არ შევესაბამებოდი, თან გამოსაშვებ საღამოზე, წესით, მე არ უნდა მეცეკვა.

– რა ხდება ლამაზი დადგმების მიღმა, რა სირთულეებს უმკლავდებით ბალერიები?

– ჩვენი პროფესიის მთავარი ამბავიც ეგაა, რომ მაყურებლისთვის ეს ყველაფერი ძალიან მსუბუქი ჩანდეს, თითქოს ნებისმიერი იცეკვებს, მაგრამ რეალურად ამის უკან საათობრივი შრომა იმალება. როდესაც ფიზიკურად ერთი დღე ბევრს ირეპეტიციებ, შეიძლება, მეორე დღესაც იგივე ენერგია არ გქონდეს, გტკიოდეს კიდეც რაღაც... დროთა განმავლობაში ვსწავლობთ ბალანსს – ფიზიკურ ტკივილსაც გავუძლოთ და საქმეც წინ წავწიოთ. გარდა ტკივილის ატანისა, ბალერინას მტკიცე ხასიათი უნდა ჰქონდეს. ზუსტად იცოდეს, რომ ეს ყველაფერი ძალიან უნდა. თუ დიდი სურვილი არაა, მაშინ მარტივად შეიძლება, თქვას: აღარ ვირეპეტიციებ და მორჩა.

– როგორც გავიგეთ, საქართველოს ვერ თმობთ და უცხოეთიდან მოწვევებზე უარს ამბობთ. რომელი ქვეყნიდან გქონიათ შემოთავაზებები?

– დიახ (იცინის). ყველა თუ წავიდა, მაშინ ჩვენს ქვეყანაში ვინ დარჩება. ისე გამოვიდა, რომ ყველა აქეთ-იქით გარბის, მათიც მესმის, მაგრამ მე ეს გზა ავირჩიე. ისედაც დავდივარ ბევრ გასტროლზე, თეატრისგან მაქვს ეს ფუფუნება, პერსონალური მიწვევებიც არ მაკლია და შესაბამისად, სამშობლოში დარჩენა ვამჯობინე. პერსონალური მოწვევები მქონდა ამერიკიდან, საფრანგეთიდან და კიდევ სხვა ქვეყნებიდან. არის მოწვევები, რომელსაც არ ვთანხმდები.

– რა შემთხვევაში არ თანხმდებით?

– პირველ რიგში, მოწვევამ არ უნდა შეუშალოს ხელი ჩემს განრიგს თეატრში. ასევე, არ ვთანხმდები შემოთავაზებებს რუსეთიდან. როგორც კი ვიგებ, თუნდაც ორგანიზატორი არის რუსი, მაშინვე უარს ვამბობ, რადგან ჩემთვის პიროვნული თვისებები ყველაზე წინ დგას. რუსეთში ცეკვით, გამოდის, ჩემს სამშობლოზე უარი უნდა ვთქვა. ამის სასტიკი წინააღმდეგი ვარ, ამად არ მიღირს. რუსეთის გარდა, სხვა გზებიც არის, რომ პროფესიაში წინ წავიდე.

– ბევრი გულშემატკივარი გეყოლებათ და საინტერესო ამბებიც გექნებათ გასახსენებელი.

– იაპონიაში როდესაც ვიყავი, მაყურებელთა შორის ერთი ქალბატონი იყო, რომელმაც ჩემი რამდენიმე სპექტაკლი ნახა. შემდეგ ჩინეთში ვცეკვავდით „გედების ტბას“ და დამიძახეს, ნინოს კითხულობენო. რატომღაც მეგონა, აუცილებლად ქალბატონ ნინო ანანიაშვილზე იყო საუბარი, რადგან ჩინეთში მართლა ვერ წარმოვიდგინე, ვის შეიძლება, ჩემთვის მოეკითხა. აღმოჩნდა, რომ ის იაპონელი ქალბატონი ბრძანდებოდა, იაპონიიდან ჩინეთში ჩამოსულა ჩემს და ჩვენი სპექტაკლის სანახავად. გენერალურ რეპეტიციაზე გვთხოვა დასწრება.

– რამდენად გრჩებათ დრო პირადი ცხოვრებისთვის? რთულია თქვენთვის კარიერასთან ურთიერთობების შეთავსება?

– დრო გვაქვს, ხოლო სირთულეები ყველა ურთიერთობაშია. უბრალოდ, ადამიანი, რომელიც მოინდომებს, ჩემ გვერდით იყოს, ჩემი პროფესიაც უნდა შეიყვაროს. მე ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და თუ ვინმეს ენდომება, გადამაკეთოს, მაშინ გამოდის, არ ვყვარებივარ. თავი მივუძღვენი ამ ყველაფერს და სხვაგვარად არ გამოვა. დროს ყოველთვის ვნახულობთ პირადი ცხოვრებისთვის, იმიტომ რომ ესეც აუცილებელია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული