საზოგადოება

რა ოცნება აიხდინა ნანა კუხალეიშვილმა ესპანეთში და როგორ გააოცა მან ადგილობრივები

№18

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 13.05

ნანა კუხალეიშვილი
დაკოპირებულია

უკვე რამდენიმე წელია, მსახიობი ნანა კუხალეიშვილი, ოჯახთან ერთად, ესპანეთში ცხოვრობს. ბოლო პერიოდში მის ცხოვრებაში განსაკუთრებით სასიხარულო ამბები ხდება, რაზეც ის თავად მოგვიყვება.

ნანა კუხალეიშვილი: მას შემდეგ, რაც ესპანეთში ჩამოვედი, სულ მინდოდა, გამეკეთებინა რამე ისეთი, რაც ქართული დასის ჩამოყალიბებასთან დამაახლოვებდა. ეს ჯერ კიდევ ოცნების დონეზეა, მაგრამ მცდელობები არაერთი იყო. ცოტა ხნის წინ ისევ გავრისკე, ვეცადე, შემეკრიბა ბავშვები და სპექტაკლი დამედგა. ამჯერად ისე გამოვიდა, რომ თითქოს, სამყარო ყველაფერში ხელს მიწყობდა. უბრალოდ არაფერი ხდება, მე ამის მჯერა. შედეგად ძალიან კარგი ცხრა ბავშვი შემოვიკრიბე გარშემო და მუშაობა დავიწყეთ.

ვხედავ, რომ აქ დაბადებულმა და გაზრდილმა ბავშვებმა უკვე აღარ იციან ქართული, წესიერად საუბარი უჭირთ, ერთმანეთში ერევათ ქართული და ესპანური ენები. ეს ძალიან გულსატკენია. ვიფიქრე, სულ რომ არაფერი გამომივიდეს ხელოვნების მიმართულებით, თუ ამ პროცესში მათ გამართულ ქართულს ვასწავლი, ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს-მეთქი.

ასე დავიწყეთ მუშაობა საშობაო ზღაპარზე. არ მიფიქრია, სად უნდა დაგვედგა ეს სპექტაკლი, პირდაპირ ქმედებაზე გადავედი. წინასწარ რომ პრობლემებზე მეფიქრა, ვერაფერს გავაკეთებდი. მერე მართლაც ურთულესი აღმოჩნდა თეატრებისგან სპექტაკლისთვის დარბაზის აღება, ეს ძალიან დიდ თანხებთან ყოფილა დაკავშირებული, რასაც ვერ გავწვდებოდით. არადა, საშობაო სპექტაკლი ისეთ პერიოდში დავდგით, რომ უკვე დიდი დროც აღარ გვქონდა მის მაყურებლის წინაშე წარსადგენად.

სრულიად შემთხვევით, ამ თემაზე ერთ-ერთი კატალონიელი რეჟისორის ოჯახთან ვისაუბრე. ის, თავის მეუღლესთან ერთად, აქ საკმაოდ პატივსაცემი ადამიანია. დახმარება აღმითქვეს, რამდენიმე დღეში თეატრში დამიბარეს და დეტალები გამომკითხეს. ვუთხარი, რომ ბარსელონაში ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს. მე და ჩემს ბავშვებს სურვილი გვქონდა, მათთვის თეატრალური გარემო შეგვექმნა. ვუთხარი ჩემი გულისტკივილიც ქართული ენის დავიწყების შესახებ.

შემომთავაზეს, მათ გუნდში გავწევრიანებულიყავი, რომ დარბაზის აღება გამმარტივებოდა. მითხრეს, ჯერ რეპეტიცია უნდა ვნახოთ და თუ მოგვეწონება, ჩვენ გაგიკეთებთ რეკლამას და ყველაფერში დაგეხმარებითო.

ეს ძალიან ემოციური მომენტი იყო. როცა მათ რეპეტიცია ნახეს, რეჟისორმა მითხრა, მინდა, ეს სპექტაკლი კატალონიურადაც დავდგათ. მომავალ წელს უკვე ორ ენაზე უნდა ვითამაშოთო. ანუ, მოგეწონათ-მეთქი? რას ჰქვია არ მომეწონა, სერიოზული ნამუშევარიაო. ეს ჩემთვის დიდი სიხარული იყო.

ყველაფერში დამეხმარნენ, რაც კი ამ პროცესში საჭირო იყო. მკითხეს, რამდენ მაყურებელს მოიყვან, 24-30 თუ იქნებაო. ყველაზე ნაკლები, 50 ადამიანი მაინც მოვა-მეთქი. 154 ბილეთი ჩაუშვეს გაყიდვაში. ქართულ ჯგუფებში ვაზიარებდი ინფორმაციას, რომ ბევრს შეეტყო სპექტაკლის შესახებ და რამდენიმე დღეში აღმოვაჩინე, რომ ჩემი ოჯახის წევრებისთვის აღარ დამრჩა ბილეთები, ყველა გაიყიდა. რეჟისორმა გაოცებულმა დამირეკა, რა ხდებაო.

– როგორ ჩაიარა სპექტაკლმა?

– არაჩვეულებრივად. მაგრამ, მანამდე იმასაც გეტყვით, რომ ბილეთები დავამატეთ, მაგრამ არც ეს აღმოჩნდა საკმარისი. ხალხი გაგვინაწყენდა, რატომ არ შეგვახვედრეთო. მარტო ბარსელონაში, ოფიციალურად 8 000 ქართველი ფიქსირდება. თეატრის დირექტორი გაკვირვებული მეკითხებოდა, რა ხდებაო. რეჟისორმა უპასუხა, ეს უძველესი კულტურის ერია, მათ ძალიან უყვართ თეატრი და გარდა ამისა, ვნახე, რომ აქ ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობსო. აქ სხვა ეროვნების ხალხიც უამრავია, მაგრამ მსგავსი რამ მათგან არ გამიგიაო, აღნიშნა. რაზეც ვუპასუხე, ჩვენ სხვა ხალხი ვართ, ბატონო-მეთქი და კი, ვხედავთო (იცინის).

მაყურებელი მოვიდა უბრალოდ საბავშვო სპექტაკლზე დასასწრებად, რადგან ძალიან მოწყურებულები იყვნენ ამ გარემოს, მაგრამ სპექტაკლი რომ დამთავრდა, ყველა ამბობდა, ეს რა იყო, ეს რა ვნახეთ, ასეთ რამეს არ ველოდითო. აფეთქდა ჩემი ტელეფონი. შემდეგ დღეებშიც მთხოვდნენ, იქნებ კიდევ ერთხელ შევძლოთ ნახვაო.

– თქვენი მონდომება გაორმაგდებოდა. როგორი გაგრძელება მოჰყვა ასეთ დასაწყისს?

– გვთხოვენ, საშობაო სპექტაკლი კატალონიურ ენაზე გავაკეთოთ და სხვა გზა არ არის. ეს რთულია, რადგან ესპანური ვიცით და არა კატალონიური, ამიტომ დიდი გამოწვევაა, მაგრამ ყველანაირად გვეხმარებიან.

ჩვენი სტუდია ძალიან გაიზარდა. ახლა უკვე მეორე პიესას ვდგამთ – „ჯვარცმულ ბედნიერებას“ (ჯემალ მონიავას პიესა). პირველ ივნისს გამოვა. 27 სექტემბერს კი ერთობლივ ღონისძიებას გავმართავთ საქართველოდან ჩამოსულ ბავშვებთან ერთად.

უნდა ნახოთ, როგორი პატივისცემით გვეპყრობიან და როგორი გაოცებულები არიან ჩვენი გაკეთებული საქმით. უკვე მესამე პიესაზეც დავიწყეთ მუშაობა.

მგონი, პირველები ვართ, ვინც ამ ქვეყნის შიდა დღესასწაულებსა და ჩვენი ნომრებით ფესტივალებზე გამოვიდა. ახლახან დაგვიძახეს ღონისძიებაში ჩვენი ნომრებით მონაწილეობის მისაღებად. ეს მართლა დიდი პატივი იყო და დიდი სიხარულით მივიღეთ მონაწილეობა.

– უკვე რამდენიმე წელია, ესპანეთში ხართ, როგორ აეწყვეთ?

– მეშვიდე წელია, ესპანეთში ვცხოვრობ. პირველი პერიოდი საშინლად რთული იყო.

თავიდან, ძალიან რთულ სიტუაციაში მოვხვდი. ჩავბარდით, წითელ ჯვარში ვიყავით, სადაც გადაგვიყვანეს, დაძაბული გარემო იყო, ჩვენთვის უცხო, თითქოს, ციხეში გამოგვკეტეს. ძალიან გაგვიჭირდა. ბავშვების აქაურ გარემოსთან შეგუებაც ურთულესი იყო. ჩემთვის პირველი შოკი ემიგრაციაში ენის ბარიერი იყო. თავი მტკიოდა და გული მერეოდა, მხოლოდ უცხო ენა რომ მესმოდა და ვერაფერს ვიგებდი. ძალიან ცუდად ვხდებოდი და მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა. შვილებით ვიყავი, პასუხიმსგებლობა დიდი მქონდა და ერთადერთი გამოსავალი ენის შესწავლა იყო. დამოუკიდებლად დავიწყე სიტყვების სწავლა. სამ თვეში იმ ჩაკეტილ სივრცეში მე და ჩემმა ოჯახის წევრებმა საკმაოდ ბევრი სიტყვა ვისწავლეთ, შემდეგ კურსებზე ჩავეწერეთ და ამან სიცოცხლისკენ მომაბრუნა. მერე უკვე მალე მოვახერხეთ ადაპტირება, რადგან სამსახურები ვიშოვეთ. ერთ ძალიან დიდ საერთაშორისო კომპანიაში დავიწყეთ მუშაობა, სადაც ინგლისურ-რუსულ-ესპანურ ენებზე მოსაუბრე სჭირდებოდათ. ვცადე ბედი და ამიყვანეს.

– ნათქვამი გაქვთ, ფსიქოლოგთან საუბრისას ცრემლებს ვერ ვიკავებდი და მან გაოცებულმა მითხრა, რა გჭირთ ქართველებსო. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დალაგდა, განცდები არ ნელდება?

– ესპანეთი ისეთი ქვეყანაა, როგორც არ უნდა გიჭირდეს, გარეთ გახვალ და ბედნიერი ხარ. გარშემო ყველა ბედნიერი და გახარებულია, მათი განწყობა კი ძალიან გადამდებია. არავინ დადის მტირალი სახეებით, არავინ გლანძღავს და გაგინებს, აქ სხვა გარემოა, სხვა ენერგია და ხალისი. ამას გამოჰყავხარ რთული მდგომარეობიდან. იმასაც ვიტყვი, რომ მართლა არაფერი მიჭირს საიმისოდ, რომ სახე ჩამომტიროდეს. გადასარევ ქვეყანაში ვარ, შვილების მომავლისთვის ვიბრძვი და დამატებით, ვაკეთებ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს და მაბედნიერებს. ანუ, ძალიან ბედნიერი უნდა ვიყო, მაგრამ არის მომენტები, როცა რაღაც შიგნიდან მჭამს. მით უმეტეს, ეს ისტორია გარკვეული ხნის წინ გადამხდა თავს. ანუ, ერთ დღეს ფსიქოლოგი მეუბნება, ბევრი ქართველი პაციენტი მყავს, მე ასევე, მთელი მსოფლიოდან მყავს პაციენტები და არ მინახავს არავინ, ვისაც თქვენსავით ჩამოსტირის სახე და მუდმივად საკუთარ ქვეყანას მისტირისო. მოდი, დაანებეთ თავი თქვენს ქვეყანას. შენ წამოხვედი ამ ქვეყნიდან, უნდა დატოვო ის, თორემ სხვანაირად არ გამოგივა. თქვენ არცერთი არ ტოვებთ საკუთარ ქვეყანას და თან, გინდათ, ბედნიერები იყოთ. ასე ვერ იქნებით ბედნიერები. ან უნდა გაწყვიტო ეს ემოციური კავშირი, თუ გინდა, აქ ბედნიერად იცხოვრო, ან უკან უნდა დაბრუნდეო. ვუთხარი, სრულყოფილად ბედნიერება არასდროს შემიგრძნია, ჩვენ სულ რაღაცას ვდარდობთ და განვიცდით-მეთქი და მართლაც ასეა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კარგად მიდის და თითქოს, თავს ბედნიერად უნდა ვგრძნობდე, საქართველოსთან სიშორის გამო შინაგანი განცდები არასდროს მტოვებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა