საზოგადოება

რა ოინი მოუწყო სერგო ფარაჯანოვმა მარჩელო მასტროიანის

№46

ავტორი: ეკატერინე პატარაია 16:00 21.11, 2022 წელი

სერგო ფარაჯანოვი
დაკოპირებულია

„...რა ლამაზად ვიცხოვრე 50 წელი. მიყვარდა – ვლაყბობდი – ვიხიბლებოდი – რაღაც შევიმეცნე – ცოტა რამ გავაკეთე – მაგრამ ძალიან ბევრი რამ მიყვარდა. ძალიან მიყვარდა ადამიანები და ძალიან დავალებული ვარ მათგან...“ ასე იწყება სომეხი თბლისელის, სერგო ფარაჯანოვის დღიურები, კაცის, რომელმაც მთელი კინო, მხატვრული შემოქმედება ამოატრიალა. მისი ფილმებიც სახვითი ხელოვნება იყო, რაღაც აბსტრაქტული, ალტერნატიული თუ კრეატიული, ერთდროულად ბევრისთვის გაუგებარი და გასაგებიც, უცნაური და ახლობელიც. ის იყო ადამიანი, რომელზედაც არასდროს მომინდება შევწყვიტო წერა, რომელიც სტიმულია ჩემთვის ბევრი ახალი რაღაცის დაწყებისა, შექმნის შემოქმედებით ცხოვრებაში. ფარაჯანოვი ისე, როგორც არასდროს არავინ, არის ერთი დიდი დაუსრულებელი საინტერესო ისტორია, წიგნი, ფილმი, რომელშიც სულ ახალ-ახალ რაღაცებს აწყდები, კვანძი იხსნება და იხსნება გზადაგზა ყველა მონაკვეთში. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ის ბევრჯერ იყო დაპატიმრებული ჰომოსექსუალის ბრალდებით და ისიც, რომ ამ საქმეს პოლიტიკური სარჩული ედო, ვინაიდან წლების განმავლობაში იგი ღიად აკრიტიკებდა საბჭოთა ხელისუფლებას და კინოდან „წითელი კომისრების გაყრას“ ითხოვდა... პატიმრობის წლები ძალიან რთული იყო მისთვის. მამათმავლობის სტატუსით მოხვედრილ ადამიანებს ციხეში, როგორც ბადრაგი, ისე პატიმრებიც ამცირებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ამ დროს მას ჯანმრთელობა შეერყა. დიაბეტი დაემართა. „შიმშილისგან ხშირად ვსივდები. მეგობარმა ძეხვი და ფრანგული კანფეტები გამომიგზავნა, ყველაფერი ციხის უფროსმა შეჭამა. ცეხში დამლაგებლად ვმუშაობ, ამას წინათ მთელი ღამე მუხლებამდე ცივ წყალში დგომა მომიწია, სისხლს ვიფურთხები. ნუთუ აქ უნდა მოვკვდე? თავისუფლება მენატრება“. – ვკითხულობთ მის ნათესავისთვის მიწერილ წერილში. მაშინ, ფარაჯანოვის დაპატიმრებას მსოფლიო კინემატოგრაფისტების პროტესტი მოჰყვა. რეჟისორის გათავისუფლებას ფრანსუა ტრიუფო, ჟან-ლუკ გოდარი, ფედერიკო ფელინი, ლუკინო ვისკონტი, რობერტო როსელინი, მიქელანჯელო ანტონიონი, ლუის ბუნუელი, ბერნარდო ბერტოლუჩი ითხოვდნენ. საზოგადოებრივი და საერთაშორისო წნეხის შედეგად ფარაჯანოვი ვადაზე ერთი წლით ადრე გაათავისუფლეს, თუმცა მოსკოვში, კიევსა და ერევანში ცხოვრება აუკრძალეს. ის მშობლიურ თბილისს დაუბრუნდა. ეს, თბილისური პერიოდები, შედარებით მშვიდი აღმოჩნდა მისთვის. ფარაჯანოვი საკუთარ სახლში დაბრუნდა და ანტიკვარიატის გაყიდვას მიჰყო ხელი. მისი სახელოსნო დროსთან ერთად სალონად იქცა, რომელსაც სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ ისეთი კინომოღვაწეები, როგორებიც თენგიზ აბულაძე, გიორგი და ელდარ შენგელაიები, სოფიკო ჭიაურელი, მარჩელო მასტროიანი და ტონინო გუერა არიან. სწორედ იტალიელი დრამატურგისა და რეზო ჩხეიძის შუამავლობით ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებამ ფარაჯანოვს ახალი ფილმის გადაღების უფლება მისცა.

„ამბავი სურამის ციხისა“ ფარაჯანოვის პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი გახდა. მოსკოვი რომ არ გაღიზიანებულიყო, ტიტრებში რეჟისორად დოდო აბაშიძე მიუთითეს. „პერესტროიკის“ დადგომასთან ერთად მაესტროს შემოქმედებას ტაბუ მოეხსნა. მისი ფილმები საერთაშორისო ფესტივალებზე გაიგზავნა, ადგილობრივ კინოთეატრებში ჩვენებები ანშლაგით იმართებოდა. წლობით დევნილმა ფარაჯანოვმა საკულტო საბჭოთა რეჟისორის სტატუსი მიიღო... „მე მისი ზღაპრების ჰაერს ვსუნთქავდი. სერგომ სამყარო სურეალიზმით აავსო. მისი არსებობა იმაზე მეტყველებდა, რომ რასაც ჩვენ ვხედავთ, მხოლოდ ნაწილია. დანარჩენი მოგონებებისა და ფანტაზიების მიერ გაკვალული გზაა”. – ამბობს გუერა ერთ-ერთ ინტერვიუში.

საცხოვრებლად

თბილისში ვრჩები...

... ირაკლი კვირიკაძემ თბილისში სტუმრად მყოფი მარჩელო მასტროიანი სერგო ფარაჯანოვის სახლში წაიყვანა. მათ თან ახლდათ თარჯიმანი, რადგან დიდმა იტალიელმა მსახიობმა რუსული ენა ცუდად, ქართული კი საერთოდ არ იცოდა. როცა ფარაჯანოვის სახლს მიუახლოვდნენ, სტუმრები გააოცა ჩაბნელებულმა ფანჯრებმა და აბსოლუტურმა სიბნელემ, ერთი შეხედვით ჩანდა, რომ სახლში ცოცხალი სულიერი არავინ იყო. ირაკლიმ კარგად იცოდა სერგოს სიურპრიზებისა და ოინების ამბავი, ამიტომ კარს ხელი ნელა ჰკრა... ის გაიღო. სამეულმა გულის ფანცქალით გადააბიჯა ზღურბლს და ყოყმანით შედგა ფეხი სიბნელეში ჩაძირულ სიცარიელეში... და ამ დროს ოთახი უცებ გაჩახჩახდა შუქით. მასპინძელი – სერგო ფარაჯანოვი მოუთმენლად ელოდებოდა ძვირფას სტუმარს და უზარმაზარი მდიდრული მაგიდა გაეწყო, რომლის გარშემო ოცდაათამდე სტუმარი (მასპინძლის მეგობრები) შეკრებილიყო. აქ იყო მსახიობი და მომღერალი, მხატვარი და გოგირდის აბანოს მექისე, არქიტექტორი და ოპერის სუფლიორი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ პარტორგანიზაციის მდივანი და ბრილიანტების ვაჭარი, ექიმი და პარიკმახერი... ამ ჯადოსნურ საღამოს იუმორით, ოხუნჯობებითა და მჭევრმეტყველებით ცნობილმა ფარაჯანოვმა თავის თავს გადაამეტა: სახლის კედლები ლამის დაინგრა მხიარული სიცილისგან. სულ მალე თარჯიმანიც კი აღარ იყო საჭირო – ნიჭი და სიყვარული ხომ ყველა ენაზე გასაგებია. დილის ოთხ საათზე სტუმრები დაიშალნენ. ფარაჯანოვმა თავად იკისრა იტალიელი სტუმრის გაცილება. მარჩელო, სერგო და თარჯიმანი კოტე მესხის ქუჩაზე დაეშვნენ. ერთ-ერთი თბილისური ძველი სახლის დაბალ აივანთან ფარაჯანოვი შეჩერდა. სერგომ იცოდა, რომ ამ სახლში დიდი იტალიელი მსახიობის თაყვანისმცემელი ქალი ცხოვრობდა. შოუ გრძელდებოდა. ირაკლი კვირიკაძე შემდგომში სიამოვნებით იხსენებდა დიალოგს, რომელიც ორ გენიოსს შორის გაიმართა:

– მარჩელო, აქ შენი სიყვარული ცხოვრობს. ის მთელი ცხოვრება მხოლოდ შენ – მარჩელო მასტროიანის გელოდებოდა, – ეშმაკური ღიმილით მიმართა სერგომ იტალიელს.

– ჩემი სიყვარული? – გაოცდა მასტროიანი.

– დიახ, მას შუშანა ჰქვია და 74 წლისაა. ის ქალწულად დარჩა შენს მოლოდინში.

მარჩელომ შიშით შეხედა სერგოს:

– 74 წლის?

– ჰო, 74-ის. ის ისევ შენ გელოდება.. მთელი ცხოვრება გელოდება და შენც მოხვედი.

ფარაჯანოვი უცებ დატრიალდა, სახლის ეზოში პატარა კიბე იპოვა, აივანს მიადგა და ზედ აძვრა. მარჩელო დაჰიპნოზებულივით მიჰყვა მას უკან. მამაკაცები პატარა საძინებელში აღმოჩნდნენ. მთვარის შუქით განათებულ ოთახში მათ დაინახეს საწოლი, რომელზედაც ფუმფულასხეულიან შუშანას ეძინა. მისი ბინის კედლებზე შპალერის ნაცვლად იტალიელი მსახიობის პორტრეტები იყო გაკრული. ამ წუთებში მარჩელოს გაახსენდა უზარმაზარი სარაგინა ფედერიკო ფელინის ფილმიდან „რვა-ნახევარი“. რამდენიმე მონეტის საფასურად, რომელსაც კათოლიკური კოლეჯის მოსწავლე ბიჭები აძლევდნენ, ქალი ზღვის სანაპიროზე ცეკვავდა რუმბას თავისი ფაშფაშა სხეულით, მძიმედ არხევდა სავსე თეძოებს და აჩენდა უზარმაზარ უკანალს. მამაკაცები საწოლს მიუახლოვდნენ, სერგო ქალისკენ დაიხარა და უჩურჩულა:

– შუშანა, გაიღვიძე, შენი ოცნება მოვიდა. გაახილე თვალები, პატარავ!

ბებერმა ორასკილოიანმა ქალმა თვალები გაახილა, იცნო ოხუნჯი მეზობელი და უხეშად ჰკითხა:

– ახლა რაღა ჯანდაბა გინდა?

– შუშანა, შენ ვისზე ოცნებობდი მთელი ცხოვრება? მასტროიანი გიყვარს, არა?

– მასტროიანი? დიახ, მიყვარს, მერე შენ რა?

– აი მოგიყვანე, შენი იყოს, – გაბადრული სახით უთხრა სერგომ გაოცებულ ქალს, ყოველგვარი ცერემონიების გარეშე ქეჩოში წაავლო ხელი მარჩელოს და ცხვირი ქალის ფუმფულა მკერდში ჩააყოფინა.

შუშანა დაეჭვდა:

– ეს მართლა ნამდვილი მასტროიანია?

მარჩელომ ქალს გაუღიმა. მას მოსწონდა ეს თამაში, თუმცა თავს უხერხულად გრძნობდა... მაინც მოახერხა და შუშანას რუსულად უთხრა:

– „შუშანა, ია ლუბლუ ტებია“!

შუშანამ შეხედა მამაკაცს და უცებ გააცნობიერა, რომ მის წინ ნამდვილი მარჩელო მასტროიანი იდგა – მამაკაცი, რომელზედაც მთელი ცხოვრება ოცნებობდა. ცრემლმორეულმა ქალმა მარჩელოს ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა გულაჩუყებული იტალიელი კინოვარსკვლავი.

ფარაჯანოვი საძინებლიდან გამოიპარა, კარები ჩუმად დაკეტა, აივანზე დადგა და შუა საუკუნეების გამომცხადებელივით ხმამაღლა დაიყვირა:

– შუშანა კაზარიანი უბიწოებას კარგავს. მე გაჩვენებთ მის ზეწარს...

საყოველთაო ხარხარში სერგომ ვერც კი შეძლო წინადადების დასრულება. ხმაურზე მეზობლებს გაღვიძებოდათ და სულ მალე მთელი სოლოლაკის უბანი ფეხზე დადგა. ვიწრო ქუჩაზე ნელ-ნელა იკრიბებოდა ხალხი: ზოგს ღვინის ბოთლი ეჭირა ხელში, ზოგს პური და მწვანილი, ზოგსაც ის საჭმელი, რაც კი სახლში მოეპოვებოდათ. სახელდახელოდ გაიშალა სუფრა და ქეიფიც გაგრძელდა. მიმქრალი მთვარის შუქზე მარჩელო უსმენდა ქართულ მრავალხმიან სიმღერებს, ენობრივი ბარიერის მიუხედავად ცურავდა სახალხო სიყვარულის მორევში და თავს უბედნიერეს ადამიანად გრძნობდა. ის ყვიროდა: „ეშმაკსაც წაუღია ყველა „ოსკარი“. ვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს, საცხოვრებლად თბილისში ვრჩები”.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა