რა ოინი მოუწყო ფრუნზიკ მკრტიჩიანმა გია დანელიას „მიმინოს“ გადაღებებზე
ავტორი: ეკატერინე პატარაია 16:00 06.10, 2021 წელი
„შევხვედრივარ გამყიდველებსა და მოღალატეებს, მაგრამ ისინი კარგად ჩავკეტე მეხსიერების ნაგავში და მკაცრად ეკრძალებათ ჩემს მოგონებებში შემოსვლა“... – ეს გიორგი დანელიაა, რომელიც ცნობილია თავისი „ნაღვლიანი კომედიებით“, როგორც თავად უწოდებს საკუთარ შემოქმედებას. ნიკიტა ხრუშჩოვის კულტურული „დათბობის“ პერიოდში იგი „ახალი ტალღის“ წამომწყები აღმოჩნდა საბჭოთა კინემატოგრაფიაში. პირველ წარმატებას იგორ ტალანკინთან ერთად მიაღწია, ფილმით – „სერიოჟა“. დანელიას მორიგი კომედია – „33“, მაშინდელი „კაგებეს“ მეთაურის, ვლადიმირ სემიჩასტნის მიერ ანტისაბჭოურად იქნა მიჩნეული. მან წერილი მისწერა ცენტრალურ კომიტეტს, სადაც წერდა „...„33“ არის მცდელობა, დააკნინოს ყველაფერი, კოსმონავტის ფრენის ჩათვლით...“. გიორგი დანელიას 4 დაუსრულებელი წელი მოუხდა ლოდინი იმისთვის, რომ მორიგი ფილმის გადაღების შანსი გასჩენოდა. ეს გახლდათ ფილმი „არ დაიდარდო“. ამის შემდეგ კომედიები – „იღბლიანი ჯენტლმენები”, „აფონია“, „მიმინო“ (1977), აგრძელებენ მის წარმატებულ კარიერას. კომედიური ჟანრის პარალელურად, დანელიამ შექმნა მელოდრამა – „შემოდგომის მარათონი“. 1986 წელს ის იღებს ფანტასტიკას – „ქინ-ძა-ძა“. მსახიობმა ევგენი ლეონოვმა, რომელსაც გიორგი დანელიას არაერთ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, ასე დაახასიათა რეჟისორი: „ჯერ ერთი, ის არის ნიჭიერი და თვითმყოფადი მხატვარი, ყოველთვის სხვადასხვანაირი და მოულოდნელი, იმათთვისაც კი, ვინც კარგად იცნობს და მეორე – ის, უბრალოდ, კეთილი ადამიანია: მისი ნიჭიც კეთილია და ფილმებიც. ყველა მათგანში ის ტოვებს სიკეთის ნაწილს, თავისი გულის ნაწილს და ადამიანებისადმი თავისი სიყვარულის ნაწილს”.
შეჩერებული „მიმინო“
ცნობილი კინორეჟისორი, ბატონი გია დანელია ასეთ კურიოზს ხშირად ჰყვებოდა: „ზამთარია, ნაახალწლევია და საპატიო მიზეზით (ახალი წელი) შეჩერებული „მიმინოს“ გადაღება განვაახლეთ, ინტენსიურად ვმუშაობთ. 7 იანვარს ფრუნზიკამ დამიმარტოხელა და მითხრა:
– გიორგი ნიკოლაევიჩ, სამი დღით ერევანში უნდა გამიშვა. ჩემი ცოლი ცუდადაა და მთხოულობსო.
რა უნდა მექნა, დრო მაშინაც ფული იყო, თანაც ვადებში უნდა ჩატეულიყავი, მაგრამ ფრუნზიკა მაინც გავუშვი იმ პირობით, რომ 10-ში დილით, აქ იქნებოდა. ფრუნზიკა წავიდა. მის გარეშე ვერაფერს გადავიღებდით და მეც თბილისში გავფრინდი, რომ ჩემები მომენახულებინა. რვაში საღამოს სოფიკომ (ჭიაურელმა) დამირეკა და მითხრა: ხვალ სერგო ფარაჯანოვის დაბადების დღეა და ჩემთან ერთად წამოდი. არ იცის, რომ აქ ხარ და სიურპრიზი გაუკეთე, გაუხარდებაო. მეორე დღეს, სერგოს დიდი ჯიხვის ყანწი ვუყიდე და მე და სოფიკომ მთაწმინდაზე „ავაჭერით“, სადაც ფარაჯანოვი ცხოვრობდა იტალიურ ეზოში. იმდენი ხალხი იყო, სუფრა პირდაპირ ეზოში გაეშალათ. რომ შევედით, ჩემგან ზურგით მჯდომი თამადა სომხურ-რუსულად მჭევრმეტყველებდა. აღნაგობა მეცნო, დავაკვირდი და აბა, ფრუნზიკა ვისში შემეშლებოდა? მივუახლოვდი, ჯიხვის ყანწით მოვაბრუნე და რომ დამინახა, ჭიქა ხელიდან გაუვარდა. მე კი მას ჯიხვის ყანწი ავუვსე, მივაწოდე და გადავუჩურჩულე:
– თუ დალევ, ფილმში დარჩები, თუ არა და, – სუფრას გადავხედე, – აი, რამდენი სომეხია, რომელიმეს ავიყვან-მეთქი. ფრუნზიკამ ლიტრიანი ყანწი გამოცალა და ფილმშიც დარჩა. კიდევ სამი დღე დავრჩით თბილისში და „მიმინოს“ გადაღება ამდენივე დღით შეჩერდა“.
„აფონია“
გია დანელია რომ თავის ცნობილ კომედიას, „აფონიას“, იღებდა, რომელიც ლოთ სანტექნიკოსზეა და ჩანაფიქრის მიხედვით, ლოთობაზე სატირა უნდა ყოფილიყო, მთავარ როლზე სამი ცნობილი მსახიობი შეარჩია: პოლონელი დანიელ ოლბრიხსკი, საყოველთაოდ ცნობილი ვლადიმირ ვისოცკი და ლეონიდ კურავლიოვი. სამივე ერთმანეთისგან ისე რადიკალურად განსხვავდებოდა, სამი ფილმი რომ გადაღებულიყო, სამივე ერთმანეთისგან განსხვავებული სურათი გამოვიდოდა. საბოლოო ჯამში, არჩევანი კურავლიოვზე შეჩერდა და ფილმმაც გაამართლა. სატირული პერსონაჟი კი, საკმაოდ მომხიბვლელი გამოვიდა და აფონია მაყურებლებში სიბრალულსა და აქედან გამომდინარე, სიმპათიებსაც კი იმსახურებდა. თუმცა, ასე არ ფიქრობდნენ ლოთი კაცების აღშფოთებული ცოლები. მათგან „მოსფილმში“, დანელიას სახელზე ათასობით წერილი მოდიოდა. დანელია იხსენებს: „განსაკუთრებით ერთი ქალის წერილი დამამახსოვრდა, რომელიც აღშფოთებული მწერდა: „ამხანაგო რეჟისორო, ასეთი მომხიბვლელი ლოთი სანტექნიკოსის სახე რომ შექმენით, გძინებიათ კი ოდესმე, მთვრალ სანტექნიკოსთან?..“ საპასუხო წერილში მივწერე: „არც მთვრალთან და არც ფხიზელ სანტექნიკოსთან არ მძინებია-მეთქი“.
***
გია დანელია: „სოფიკოზე რვა წლით უფროსი ვიყავი, ბავშვობაში ეს დიდი სხვაობაა. 11 წლის რომ ვიყავი, ის სამი წლის იყო. ყოველ ზაფხულს, თბილისში, სოფიკოს მშობლებთან, მიხეილ ჭიაურელთან და ვერიკო ანჯაფარიძესთან სტუმრად მიშვებდნენ. ჭიაურელი ქალიშვილისთვის სულს არ იშურებდა. ეზოში ბიჭები ფეხბურთს რომ ვთამაშობდით, უცებ ფანჯარაში სოფიკოს მამა გადმოდგებოდა და დაგვიძახებდა: „სწრაფად მოდით, სოფიკო ამღერდა!” უარის თქმა არ შეიძლებოდა. შევდიოდით ოთახში და ვისმენდით, თუ როგორ მღეროდა სამი წლის გოგონა. ნახევარ საათში სოფიკოს ცეკვა მოუნდებოდა და სცენა მეორდებოდა. ზოგადად, სოფიკოს ნიჭს ასე ვუდგებოდი – მერე რა, რომ დაიკომ თამაში მოინდომა! იგი ჩემთვის, პირველ რიგში, და იყო. კინოხელოვნებას რომ ეუფლებოდა, მისი საკურსო სპექტაკლების სანახავად არასდროს დავდიოდი. თეატრში გვიან ვნახე, როდესაც მოსკოვში გასტროლით ჩამოვიდა. ჩემი, როგორც ძმის, მოვალეობა იყო ამ სპექტაკლებს დავსწრებოდი. მაგრამ თეატრში თავს ყოველთვის ცუდად ვგრძნობდი – იქ მოწევა მინდება, ამას კიდევ სოფიკოზე ღელვა ემატებოდა. მოკლედ, მისი თეატრალური ნამუშევრები ცუდად დავიმახსოვრე. ერთ-ერთ შემოქმედებით საღამოზე მივხვდი, რამდენად დიდი მსახიობი იყო, როცა მისი სპექტაკლებიდან ფრაგმენტები გვაჩვენეს. (წყარო: kp.ru) მაშინ სოფიკოს ნიჭში რომ არ დავრწმუნებულიყავი, შეუძლებელი იყო. მეჩვენებოდა, რომ ჩემთან იგი საკუთარ თავს თამაშობდა და ეს როლი შესანიშნავად შეასრულა. შემდეგ სოფიკომ საჯაროდ დაიჩივლა, რომ მე იგი არც ერთ ჩემს შემდგომ ფილმში არ გადავიღე. ვკითხე: „კი მაგრამ, აბა ვის ითამაშებდი, აფონიას?“ „არ დაიდარდოს” გადაღებებზე ჩვევა ჰქონდა, დუბლებს შორის მზესუმზირას ჭამდა, რითაც ძალიან მაბრაზებდა. კინემატოგრაფებში ეს ცუდის მომასწავებელ ნიშნად ითვლება. ნათელია, რომ ყველა ნერვიულობს და რაღაცნაირად ამ ნერვიულობის მოხსნას ცდილობს, მაგრამ მზესუმზირა?! როგორ არ ვცადე მისი გადაჩვევა, მაგრამ უშედეგოდ. უფრო მეტიც, როდესაც „არ დაიდარდოს“ ბოლო სცენას ვიღებდით, მეც დავიწყე ამ დაწყევლილი მზესუმზირის ჭამა.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან