რა მოძრაობაში ჩართვა შესთავაზეს რობერტ ბარძიმაშვილს და რაზე გაგიჟდა ის კინაღამ
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 14.11, 2023 წელი

მან პირველმა ყოფილ საბჭოთა კავშირში შექმნა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი – „ორერა“, რომლის სიმღერებმა დროის მკაცრ გამოცდას გაუძლო. „ორერას“ შემდეგ იყო არანაკლებ პოპულარული – „75“ და ანსამბლი „ჯორჯია“. მე ახლა ერთი თბილისელი გულმართალი კაცის, რობერტ ბარძიმაშვილის დღიურებს გადაგიშლით, კაცის, რომელიც მთელ თბილისს უყვარდა და „არაფერი არ ებადა სიმღერის და ლექსის გარდა.“
ქართველი ბიტლზელები
„სკოლაში სწავლისას უბნის ხუთმა-ექვსმა ბიჭმა სამეგობრო წრე შევკარით. ჩვენ სხვადასხვა სკოლაში ვსწავლობდით და სიმღერით ვიყავით დაინტერესებული. ამავე დროს, გიტარაზეც ვუკრავდით. არ ვფიქრობდი, რომ პროფესიონალი მუსიკოსი დავდგებოდი. სწორედ ამიტომ უცხო ენათა ინსტიტუტში ფრანგული ენის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მაშინ იქ ლექციებს კითხულობდა უნიჭიერესი ქალბატონი ინოლა გურგულია, რომელმაც შემამჩნია და საკუთარ ტრიოში ჩამრთო, სადაც ერთად ვმღეროდით მე, ქალბატონები – ინოლა გურგულია და გიული დარახველიძე. აქედან დაიწყო მუსიკისადმი ჩემი დიდი სიყვარული და ბევრი რამ ქალბატონი ინოლა გურგულიასგან ვისწავლე. მესამე თუ მეოთხე კურსზე მსურდა საკუთარი ვაჟთა ვოკალური კვარტეტის ჩამოყალიბება, მაგრამ უცხო ენათა ინსტიტუტი ბიჭების დეფიციტს ყოველთვის განიცდიდა. მიუხედავად ამისა, მაინც შეიქმნა უცხო ენათა ინსტიტუტის ვოკალური კვარტეტი. იმ დროს აკრძალული იყო უცხოური სიმღერების რეპერტუარში შეტანა, მაგრამ ჩვენ ეს შეგვეძლო, რადგან პრაქტიკულ მეცადინეობაში გვეთვლებოდა. ჩვენ ვმღეროდით როგორც ქართულ, ასევე უცხოურ სიმღერებს, ამიტომ სწრაფად გავხდით პოპულარულები არა მარტო სტუდენტებს შორის, არამედ ქალაქშიც. ხშირად პროფესიონალების გვერდით დიდი წარმატებით გამოვდიოდით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგივე შემადგენლობით ფილარმონიაში მიგვიწვიეს და ფილარმონიის ვოკალური ანსამბლი გავხდით. აქაც სწრაფად მივაღწიეთ წარმატებას. მუსიკალურ აკომპანემენტს ჩვენ თვითონ აკუსტიკური გიტარების თანხლებით ვაკეთებდით. პოპულარობასთან ერთად შემოგვიერთდნენ ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, გენო ნადირაშვილი და ლენინგრადელი ქართველი, თეიმურაზ მეღვინეთუხუცესი. გამიჩნდა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის შექმნის იდეა. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის მუსიკალურ ენციკლოპედიაში „ორერა“ შევიდა, როგორც პირველი ვია (ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი). მთელი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებს შორის. სწორედ „ორერას“ შემდეგ გაჩნდა რუსეთში, თუნდაც, „პესნიარი“ და სხვა ვია-ები... „ორერამდე“ არ იყო მიღებული სახელწოდებები. არსებობდა ვაჟთა (ქალთა) ტრიოები, კვარტეტები და ასე შემდეგ. მსურდა, ეფექტური სახელი მომეძებნა. ვარჩიე „ორერა“, რადგან უფრო თანამედროვედ ჟღერდა ესტრადაზე. როგორც ვიცი, „ორა“ ძველი ურარტუდან მოდის და ქართული სიმღერების მისამღერში ხშირად გვესმის „რერო-ორერა“. „ორა“ ნიშნავს ჰიმნი მზეს... „ორერა“, დაახლოებით, „როლინგ სთოუნზს“ წააგავდა. ამას გარდა სხვა დამთხვევებიც არსებობს. 1964 წელს გაზეთმა „პრავდამ“ ლონდონში გაგვამგზავრა, სადაც პირველად მოვუსმინე „ბიტლზებს“. 1960 წელს, ჩვენ რომ ინსტიტუტში ჩამოვყალიბდით, „ბიტლზები“ მაშინ იწყებდნენ სარდაფებში დაკვრას. სხვათა შორის, მაშინ ჩვენმა ლონდონელმა კომუნისტმა მასპინძლებმა დაგეგმეს „ორერას“ მათთან შეხვედრა ჯემ-სეიშენის სახით. მაგრამ ბოლო მომენტში გაირკვა, რომ „ბიტლზებს“ ლივერპულში გადაღებები ჰქონდათ და ლონდონში ვერ ჩამოვიდოდნენ. მასპინძლებმა სანაცვლოდ სხვა ჯგუფს შეგვახვედრეს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვაჯობეთ. ჩვენ ოთხ ხმაში ვმღეროდით, რადგან ძალიან მოგვწონდა ამერიკული კვარტეტები: The Hi-Lo’s და The Four Freshmen, მაგრამ მერე და მერე ისე მომხიბლა „ბიტლზების“ შესრულების მანერამ, რომ მათი ადრეული შემოქმედების ორი სიმღერა გავაკეთე. თბილისში კონცერტების დროს დარბაზს ვუხსნიდი, რომ ინგლისში ასეთი ჯგუფი არსებობდა. „ორერას“ არსებობის ათი წლის თავზე მომეჩვენა, რომ ანსამბლმა უკვე ამოწურა თავისი შესაძლებლობები და დავიწყე ახალგაზრდების აყვანა. ჩემმა მეგობრებმა იეჭვიანეს, რომ „ორერას“ არავის მიღება არ სჭირდებაო. ამის შემდეგ, 1975 წელს, ანსამბლს ჩამოვცილდი და შევქმენი „75“. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ანსამბლი მხოლოდ 10 წელი უნდა არსებობდეს, რადგან შემდეგ ახალს ვეღარ აკეთებს და მეორდება. „ბიტლზი“ შექმნიდან 9 წლის შემდეგ დაიშალა. „75“ აბსოლუტურად განსხვავდებოდა „ორერასაგან“. არც მინდოდა ძველის განმეორება. მუსიკალური სასწავლებლებიდან და კონსერვატორიიდან ავიყვანე სრულიად უცნობი მუსიკოსები, რომლებიც დახვეწილად უკრავდნენ, მღეროდნენ. საერთოდ, მომწონს, როდესაც ინსტრუმენტალისტი მღერის, რადგან ის უფრო სხვანაირად ასრულებს სიმღერას, ვიდრე სუფთა ვოკალისტი. ბიჭები ამ პრინციპით შევარჩიე. ჩემი აზრით, „75-მა“ საკუთარი კვალი დატოვა... ჩვენში მაშინ ძალიან პოპულარული იყო Chicago და ჯაზ-როკი. ჩვენ ეს მიმდინარეობა ავითვისეთ, ქართული ფოლკლორი მოვარგეთ და მივიღეთ ქართული ჯაზ-როკი. „75“ იმთავითვე გახდა პოპულარული, რომელსაც არა მხოლოდ ახალგაზრდები, უფროსი თაობის ადამიანებიც სიამოვნებით უსმენდნენ. მენანება, რომ „75-მა“ ათი წელი იარსება, მაგრამ „ათი წელი“ ჩემი კრედოა, თუმცა მუსიკოსები ძალიან კარგ ფორმაში იყვნენ. „75-ის“ შემდეგ „ჯორჯია“ ჩამოვაყალიბე, მაგრამ მან სულ რაღაც 2 წელი იარსება, რადგან სწორედ ჩვენი კონცერტების დროს დაიწყო თბილისის ცნობილი საომარი მოვლენები. მერე აღარც აღმიდგენია, რადგან სულ სხვა სიტუაცია იყო. „ჯორჯია“ არც „ორერას“ ჰგავდა და არც „75-ს“. მას უფრო სხვა ჟღერადობა ჰქონდა...“
ეს საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო
„ფილარმონიასთან ბევრი კოლექტივი არსებობდა, რომელიც საკუთარ თავს ვერ არჩენდა. ისინი ხელფასებზე იყვნენ. ამ ხელფასებისთვის თანხის შეგროვება ხშირად „ორერას“ კისერზე გადადიოდა. კონცერტებს დიდ დარბაზებში გვატარებინებდნენ, რამდენიმე თვით გასტროლებზე გვიშვებდნენ. ამოღებული ფინანსები ფილარმონიაში შედიოდა. მიუხედავად დარბაზის სიდიდისა, ჩვენ მხოლოდ მოჭრილი თანხა გვერგებოდა. „ორერაში“ თავიდან 50 მანეთს მაძლევდნენ, ბიჭებს – 45-ს. დროთა განმავლობაში თანდათან შეამცირეს და 1975 წელს 18 მანეთი დარჩა, მაგრამ ბევრ კონცერტს ვატარებდით საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქში. ზოგჯერ დღეში 3-4 კონცერტი გვქონდა. მერე 2-3 რეპეტიციაზე ახალ პროგრამას ვამზადებდით. გათვლილი მქონდა, რომ მთელ ანსამბლს ჰონორარის სახით ერთ კონცერტზე საკონცერტო დარბაზის ერთ-ნახევარი რიგის ბილეთების საფასურს გვაძლევდნენ. დანარჩენი ფული მთავრობას მიჰქონდა. საზღვარგარეთული გასტროლების დროს შემოსული თანხების მხოლოდ 5-10%-ს გვაძლევდნენ. დანარჩენს „გოსკონცერტს“ ან საელჩოს ვაბარებდით. თანაც, ეს აუცილებლად საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო. ერთხელ აღმოსავლეთ გერმანიაში ყოფნისას ორი ინგლისელი აკრობატი გავიცანით და იმდენად დავუახლოვდით, რომ ერთ-ერთმა მკითხა, რამდენს იღებთ თითო კონცერტშიო. მე ჯგუფზე გამოწერილი თანხა დავუსახელე, თითქოს ამ ფულს თითოეული ვიღებდით. გაგიჟდნენ, ამისთვის როგორ ჩამოხვედითო აქ. ესეც კი ეცოტავა. მისი ჰონორარი ჩვენსაზე 50-ჯერ მეტი იყო. ამაზე მე გავგიჟდი. მართალია, ჩვენ ბევრ კონცერტს სახელმწიფოს ხარჯზე ვმართავდით, მაგრამ ბევრი უსამართლობა იყო. ცუდიც და კარგიც თანაბარ მდგომარეობაში ვიყავით, ანუ მნიშვნელობა არ ჰქონდა შენს წარმატებებს, დარბაზის შევსებას და ასე შემდეგ.“
გაშიფრული პროგრამა
„ცენზურა მართლა იყო, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი მასზე გვერდის ავლას. ტრაბახად არ ჩამითვალოთ, მაგრამ არც „ორერას“, არც „75-ს“ პარტიაზე, ლენინზე, კომკავშირზე არასოდეს შეუსრულებია სიმღერა. ჩვენ ყოველთვის წინასწარ გაშიფრულ პროგრამას გვთხოვდნენ, რომელშიც გარკვეული დოზით უნდა ყოფილიყო სიმღერები საბჭოთა წყობილებაზე. ისინი თბილისზე ან საქართველოზე დაწერილ ნაწარმოებს საბჭოთა პატრიოტულ სიმღერად არ თვლიდნენ. აუცილებელი იყო, გემღერა რუსულ ენაზე. მოსკოვში, „მელოდიაში“, სიმღერას არ ჩაგვაწერინებდნენ, თუ მასში არ იქნებოდა რუსული ტექსტი. მე ასეთ კომპრომისებზე წავედი – ზოგი ქართული სიმღერის ბოლოს, ფრაგმენტს რუსულად ვთარგმნიდით, ოღონდ იმ პირობით, რომ ჩანაწერის მეორე ვარიანტს მხოლოდ ქართულად შევასრულებდით. შემდეგ, პირველ ვარიანტს ისინი რუსულ რადიოებში ატრიალებდნენ, ხოლო მე საქართველოს ტელევიზიასა და რადიოს მეორე, ქართულ ვერსიას ვაწვდიდი. „ორერას“ პროგრამის რუსულად თარგმნისას ხელმძღვანელობა ყოველთვის შეცდომაში შემყავდა. როდესაც სიმღერა საქართველოზე, თბილისზე ან სიყვარულზე იყო, იქ ვწერდი, რომ ის პარტიას, ხალხთა შორის მეგობრობას ეძღვნებოდა. შესაძლებელი იყო, ვინმე ქართულის მცოდნეს გავეყიდე, მაგრამ ასე არ მომხდარა.
მე ყოველთვის ხუმრობით ვამბობდი, რომ ან უფრო ადრე, ან სხვაგან უნდა დავბადებულიყავი. წარსული იმით იყო კარგი, რომ ახალგაზრდა ვიყავი, შემოქმედებითი მუშაობა მეხერხებოდა, მაგრამ ბევრი სიმწარე მახსოვს. არ მინდა, ვიწუწუნო, არასოდეს მივტირი წარსულს. დღეს საქართველო მართლაც თავისუფალია. ყველას აქვს თავის გამოვლენის ყველანაირი საშუალება. ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი შინაგანი ცენზურა, რა უნდა იმღეროს და რა – არა. თავად უნდა განსაზღვროს საკუთარი სტილი, სხვამ არ უნდა უკარნახოს...“
იოლი გზა ესტრადისკენ
„მადლობა ღმერთს, რომ „ორერასა“ და „75-ის“ დროს ფონოგრამები არ არსებობდა. ეს ძალიან იოლი გზაა ესტრადისკენ. ახლა კომპიუტერიც ასწორებს ხმას და ვერ გაიგებ, ვინ მღერის და ვინ – არა. უცხოეთში ფონოგრამა დიდი ხნის აკრძალულია. მახსოვს, ამერიკაში როგორ შეუწყვიტეს გასტროლები რუს მომღერლებს, რომ დაინახეს მათი ფონოგრამაზე გამოსვლა. იქ ხშირად ჩავდივარ და ვიცი, რომ ასეთი შემთხვევისათვის ძალიან დიდი ჯარიმები არსებობს. სხვათა შორის, საქართველოში ინსტრუმენტალისტები ყოველთვის ცოტანი იყვნენ, რადგან ინსტრუმენტზე დაკვრა ძნელია. ქართველები კი, ხომ იცით, ზარმაცები ვართ და თავის შეწუხება არ გვინდა. ბევრს იოლი გზა აქვს არჩეული. შემოქმედება ოსტატობაა, ფონოგრამა ჩვენ ჩიხში შეგვიყვანს, თუ დროულად არ აიკრძალა. ამის შესახებ დიდი ხანია, ლაპარაკობენ, მეც შემომთავაზეს ამ მოძრაობაში ჩართვა, რათა ფონოგრამა საბოლოოდ აიკრძალოს... საბავშვო სტუდია მეც მაქვს. ჩემი ბავშვები სულ ცოცხლად მღერიან, თან, უკვე მათი ინსტრუმენტული აღზრდა დავიწყე. ბევრი მივაბარე საქართველოში საუკეთესო მუსიკალურ სასწავლებელს, ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლედს. ერთი ფლეიტაზე, მეორე ქსილოფონზე, მესამე ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობს. ხოლო გიტარაზე ჩემი სტუდიის ყველა ბავშვი უკრავს... მიმაჩნია, რომ უსმენო ბავშვი არ არსებობს. ზოგს სმენა მიძინებული აქვს. ამის გამოღვიძება შეიძლება. ყველას შინაგანი სმენა მაინც აქვს. ზოგი ბავშვი სწრაფად მიდის წინ და მერე ერთ ადგილას ჩერდება. ზოგი ნელ-ნელა მიდის და არ ჩერდება, ვითარდება. ეს ინდივიდუალურია. სტუდია არ არის ქარხანა, რომ ერთნაირი დეტალები გამოუშვა. ვცდილობ, რომ ბავშვს ინდივიდუალობა არ დავუკარგო...“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან