საზოგადოება

რა მიღწევები აქვს მარინა ნადირაძეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით

№47

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 27.11

მარინა ნადირაძე
დაკოპირებულია

მარინა ნადირაძე ინგლისში მოღვაწე ქართველი მუსიკოსია, რომლის შემოქმედებითი გზაც რთული 90-იანებიდან დაიწყო, მაგრამ თავდაუზოგავი შრომითა და ახლობლების ხელშეწყობით, ქალბატონმა მარინამ დიდ წარმატებას მიაღწია.

მარინა ნადირაძე: ხუთი წლის ვიყავი, როდესაც მშობლებმა მუსიკალურ ათწლედში მიმიყვანეს. ვმღეროდი, მუსიკალური ვიყავი, როგორც ყველა ჩემს ოჯახში და ვეკა სვანიძესთან საფორტეპიანო განხრით დავიწყე სწავლა. მშობლებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს სწავლაში. დედა ყოველი მეცადინეობის დროს გვერდით მეჯდა. ჩემი წარმატებები მისი ძალიან დიდი თავდადების შედეგი იყო და რა თქმა უნდა, ჩემს პედაგოგთან ერთად. სამწუხაროდ, დედა წელს გარდაიცვალა. ამიტომ, ეს წელი ჩემთვის ძალიან რთულია, ძალიან დიდი ტრავმაა მშობლის დაკარგვა და ურთულესია ამ ფაქტთან შეგუება.

ჩემი მშობლები ფილარმონიის დასის მსახიობები იყვნენ, თუმცა, შვილების გამო ამ საქმიანობას თავი დაანებეს. მათი მუსიკალურობიდან გამომდინარე, ხელოვნება ბავშვობიდანვე ძალიან ახლოს იყო ჩემთვის.

– პატარა ასაკიდანვე განსაკუთრებული წარმატებები გქონდათ კონკურსებზე.

– მალევე დავიწყე კონცერტებში მონაწილეობის მიღება. ათი წლის ვიყავი, როდესაც ვილნიუსის საერთაშორისო კონკურსზე ლაურიატი გავხდი და აქედან დავიწყე ძალიან აქტიურად კონცერტებსა თუ კონკურსებში მონაწილეობა. საერთოდ, მგონია, რომ ხელოვანი ადამიანის წარმატებაში ყველაზე დიდ როლს რამდენიმე ფაქტორი თამაშობს: მშობლების თავდადება, მასწავლებლის თავდაუზოგავი შრომა და სტუდენტის მხრიდან – დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა და შრომისმოყვარეობა, რა თქმა უნდა, ნიჭთან ერთად.

– ალბათ, ამ ყველაფერმა მოიტანა ის, რომ 21 წლის ასაკში უკვე სხვა ქვეყანაში გადახვედით საცხოვრებლად.

– უფრო ადრეც. 19 წლის ვიყავი, როცა წავედი. უკვე 25 წელია, ბრიტანეთში ვცხოვრობ. პირველად, მე და ჩემი პროფესორი, გიზი ამირეჯიბი, გლაზგოს საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვედით. მაშინ ჩვენთან იმდენად მძიმე სიტუაცია იყო, ყველანი ვცდილობდით, საზღვრებს გარეთ გავსულიყავით. ამ მიზნით წერილები გავაგზავნეთ კონკურსებზე ინფორმაციის მოსაძიებლად და ერთადერთი პასუხი გლაზგოდან ჩამოვიდა, მოგეხსენებათ, მაშინ რა რთული იყო ფოსტით წერილის გაგზავნა ან პასუხის მიღება. გავემგზავრეთ გლაზგოში კონკურსზე და მასში მონაწილეობის შედეგად მივიღე სრული დაფინანსება შოტლანდის სამეფო აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად. იქ არაჩვეულებრივ პროფესორთან, ფილიპ ჯენკინსთან მოვხვდი, რომელიც შემდეგში ჩემი მეუღლე გახდა. იქ მასტერის ხარისხს დავეუფლე, რაც ძალიან დიდი ნაბიჯი იყო. ძალიან ბევრ სიახლესთან მომიწია შეგუება, რაც მარტივი არ იყო. განსხვავებული კულტურა, გარემო, ენა და კიდევ ბევრი სხვა რამ. ძალიან გამიჭირდა მშობლების, დისა და მეგობრების გარეშე, მით უმეტეს, რომ მაშინ კომუნიკაცია ასეთი მარტივი არ იყო და ფინანსების ნაკლებობის გამო ხშირად ჩამოსვლასაც ვერ ვახერხებდი. მაგრამ ამ პერიოდმა ბევრი მიმართულებით გამიკვალა გზა. მქონდა უამრავი კონცერტი, გამარჯვებები კონკურსებზე და აღიარება, რამაც შორს ყოფნა დამაძლევინა.

– ესე იგი, მეუღლე საყვარელმა საქმიანობამ გაგაცნოთ?

– დიახ, სწავლის დასრულების შემდეგ ჩემი პირველი მეუღლე ჩემი პროფესორი გახდა. ორი არაჩვეულებრივი შვილი გვყავს – სოფი და ლუკა. ძალიან ამაყი მშობლები ვართ, რადგან ძალიან კარგი შვილები არიან. ორივე დადიოდა მუსიკაზე, საკმაოდ წარმატებულები იყვნენ, მაგრამ მერე სულ სხვა მიმართულება აირჩიეს. სოფიმ კოგნიტური ნეირომეცნიერების განხრით დაამთავრა მანჩესტერის უნივერსიტეტი, ლუკა ლონდონის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტში „იმპერიალში“ სწავლობს ქიმიის განხრით.

– ინგლისში თქვენი კარიერა ძალიან წარმატებულად განვითარდა, არა?

– ინგლისში მეუღლის სამსახურიდან გამომდინარე გადმოვედით. საერთოდ, ბრიტანეთში თავის დამკვიდრება საკმაოდ რთულია, რადგან აქ რთულად იღებენ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და კონკურენცია დიდია. მაგრამ უკვე იმდენი წელია, აქ ვარ, რომ ეს ჩემი მეორე სახლი გახდა, რა თქმა უნდა, საქართველოსთან ერთად. თუმცა, ამას დრო დასჭირდა. საბედნიეროდ, ისეთი ადამიანები შემხვდნენ, რომ ყველაფერში გვერდში დამიდგენენ. მე ვიყავი იამაჰას არტისტი და მათგან ძალიან დიდი მხარდაჭერა მქონდა. მქონდა კონცერტები ყველასთვის კარგად ცნობილ დარბაზებში, როგორიც არის „ვიგმორ ჰოლი“, „ბრიჯუითერ ჰოლი“, „ტონჰალა“ და ასე შემდეგ.

– ძალიან ბევრი ქვეყანა შემოირეთ, მათი მსმენელი გაიცანით. საიდან დაბრუნდით განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით?

– პირველი დიდი საკონცერტო გასვლა არგენტინაში მქონდა – ეს ჯერ კიდევ საქართველოდან, 15 წლის ასაკში. აქ ყოფნის პერიოდში: შვეიცარია, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, გერმანია და კიდევ არაერთი ქვეყანა მახსენდება არაჩვეულებირივი შთაბეჭდილებებით, რომელიც მსმენელისგან მივიღე. თუმცა, საქართველოა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო. რთულია ქართულ სცენაზე გამოსვლა, მაგრამ მიუხედავად ამისა ყველაზე მეტად ქართველ მსმენელთან შეხვედრას ველოდები. ეს ჩემთვის განსაკუთრებით ამაღელვებელია.

– 2007 წელს „ინდიფენენტში“ კრიტიკოსმა მაიკლ ჩერჩმა თქვენი შესრულება მიცუკო უჩიდას შესრულებას შეადარა. ეს, ალბათ, ძალიან ბევრს ნიშნავს...

– ნამდვილად და ძალიან ბედნიერი ვიყავი. არ ველოდი ასეთ შეფასებას. ეს „ვიგმორ ჰოლის“ კონცერტის შემდეგ დაიწერა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო. როგორც იცით, მიცუკო უჩიდა ძალიან დახვეწილი პიანისტია და ასეთი შეფასება ყველა ხელოვანისთვის ძალიან საამაყოა.

– სამეფო აკადემიაში მუშაობის პერიოდიც გავიხსენოთ...

– საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა იყო. იქ მუშაობა ძალიან საინტერესო გახლდათ. როცა სწავლა დავამთავრე, სამეფო აკადემიაში უკვე ძალიან კარგად მიცნობდნენ, როგორც მუსიკოსს. როგორც კი იქ მუშაობის შესაძლებლობა გაჩნდა, განაცხადი შევიტანე და რა თქმა უნდა, კონკურსი გავიარე, მაგრამ იმ ფაქტმაც, რომ კარგად მიცნობდნენ, თავისთავად იქონია გავლენა. სტუდენტებთან მუშაობა ძალიან საინტერესოა. ახლა ლონდონში ახალი სამსახური მაქვს, „გილდჰოლის“ კონსერვატორიაში და ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო რეპერტუარზე ვმუშაობ, ძალიან ნიჭიერ სტუდენტებთან ერთად.

– როდის დასრულდა თქვენი პირველი ოჯახური ურთიერთობა?

– ჩვენ 16 წელი ვიყავით ერთად, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ურთიერთობა დასრულდა. დღესაც ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. როგორც ქალი და მამაკაცი დავშორდით და მეგობრებად დავრჩით. მერე უკვე შევხვდი ჩემს ახლანდელ მეუღლეს, ის ქირურგია. ეს ახალი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში, ანუ, ახალი ამბავია და ძალიან ბედნიერი ვარ.

– საქართველო თუ გააცანით მეუღლეს?

– კი და ყველაფერი ქართული ძალიან მოსწონს. ქართულ ენასაც სწავლობს, ამისთვის მასწავლებელი აიყვანა. ქართული ჩემმა შვილებმაც კარგად იციან, რაშიც საქართველოში ჩემს ოჯახს მიუძღვის დიდი წვლილი. საბედნიეროდ, ხშირად ჩამოდიოდნენ და რჩებოდნენ ჩვენთან შოტლანდიაში. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, ძალიან უყვარს საქართველო. გიჟდება ქართულ კულინარიაზე და თვითონაც ცდილობს ქართული კერძების მომზადებას. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, თუ როგორ მოსწონს ქართული ღვინო, ბუნება და ასე შემდეგ. საქართველოში რომ მოვდივარ, ისიც ჩემ გვერდით არის და ეს ძალიან მახარებს. ბედნიერებაა, როცა საყვარელი ადამიანი შენს სამშობლოს ასე აფასებს.

18 დეკემბერს საქართველოში მექნება კონცერტი. ეს კონცერტი საშობაო ფესტივალის ფარგლებში გაიმართება, რომელიც მანანა დოიჯაშვილმა დააარსა. ძალიან საინტერესო პროგრამით წარვსდგები, ინგლისელ მევიოლინესთან ერთად და იმედი მაქვს, რომ ქართველი მსმენელი ძალიან ისიამოვნებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა