რა მიღწევები აქვს ანდრია რაზმაძეს მათემატიკის სფეროში და რით გაითქვა მან სახელი
ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00
საქართველოში თანამედროვე მათემატიკური მეცნიერების ფუძემდებელი ანდრონიკე (ანდრია, ანდრო) რაზმაძე დაიბადა 1889 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ ჩხენიშში, ღარიბი რკინიგზელის ოჯახში.
მამამისი, მიხეილ გაბრიელის ძე რაზმაძე, რკინიგზაში ობერკონდუქტორად მუშაობდა. თავის წრეში ის საკმაოდ განათლებულ პიროვნებად მიიჩნეოდა. დედა – ნინო გიორგის ასული ნოდია დიასახლისი იყო. ანდროს ორი და ჰყავდა: ტყუპისცალი – ელენე და უმცროსი და – მარიამი.
1901 წელს ანდრიას მამა გარდაეცვალა და მისი ოჯახი საცხოვრებლად ჯერ ფოთში გადავიდა, შემდეგ კი – ქუთაისში. რეალურ სასწავლებელში ანდრიამ მათემატიკისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება გამოავლინა და სულ რამდენიმე თვეში ჩააბარა მე-6-7 კლასების საკმაოდ რთული კურსი (არითმეტიკა, ალგებრა, გეომეტრია, ტრიგონომეტრია), უმაღლესი მათემატიკის ელემენტებით.
ნიჭიერ ყმაწვილს მათემატიკის მასწავლებელმა მოსკოვის უნივერსიტეტის მათემატიკურ ფაკულტეტზე ჩაბარება ურჩია. ანდრია მოსკოვის უნივერსიტეტში თავიდან თავისუფალ მსმენელად ჩაირიცხა, შემდეგ კი ლათინურის გამოცდა ჩააბარა და იმავე წელს სტუდენტად გადაიყვანეს მათემატიკის სპეციალობაზე.
ანდრია რაზმაძე აქტიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის მუშაობაში. წაიკითხა რამდენიმე საინტერესო მოხსენება. 1910 წელს ვადაზე ადრე ჩააბარა სადიპლომო გამოცდების საგნები: მათემატიკა, მექანიკა, ასტრონომია, რიცხვითი თეორია და ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორია. დაწერა 170-გვერდიანი სადიპლომო ნაშრომი „რიცხვთა თეორიის კონსპექტი“ და პირველი ხარისხის დიპლომი მოიპოვა.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ ანდრია რაზმაძემ პედაგოგად დაიწყო მუშაობა. რამდენიმე სასწავლებელი გამოიცვალა: ასწავლიდა ქალაქ ბოროვსკის ქალთა პროგიმნაზიაში, შემდეგ, სკოპინოს ქალთა გიმნაზიაში, მურომის რეალურ სასწავლებელში, პარალელურად, ეწეოდა მეცნიერულ-კვლევით საქმიანობასაც.
1914 წელს სამეცნიერო მივლინებაში გაემგზავრა დასავლეთ ევროპაში და კავშირი დაამყარა იქაურ მეცნიერებთან და ცნობილ გერმანულ ჟურნალ Mathematische Annalen-ში გამოაქვეყნა თავისი პირველი გამოკვლევა ვარიაციულ აღრიცხვაზე.
ანდრია რაზმაძემ მოსკოვის უნივერსიტეტში წარმატებით ჩააბარა სამაგისტრო გამოცდები და მაგისტრის წოდება მიიღო, ხოლო იმავე წლის აპრილში მოსკოვის უნივერსიტეტის წმინდა მათემატიკის კათედრის პრივატ-დოცენტი გახდა.
1918 წელს დაარსდა თბილისის უნივერსიტეტი. ანდრია რაზმაძე იმავე წლიდან გახდა უნივერსიტეტის თანამშრომელი. ის გახლდათ უნივერსიტეტის სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პირველი დეკანი. სწორედ მან შეადგინა მათემატიკურ დისციპლინათა პროგრამები და სასწავლო გეგმა, ქართულ ენაზე პირველმა წაიკითხა მათემატიკის, მექანიკისა და ფიზიკის ძირითადი კურსი.
1920-იან წლებში მეცნიერი არ დათანხმდა ევროპისა და ამერიკის ცნობილი უნივერისტეტებიდან მიღებულ მრავალ მომხიბლავ წინადადებას და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დარჩა.
ანდრია რაზმაძე თავის ნაშრომებს ყოველთვის ქართულ ენაზე წერდა, თუმცა შესანიშნავად იცოდა სხვა ენები. ის ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ წარმოადგენდა საქართველოს, თბილისის უნივერსიტეტს.
1920 წლიდან იყო „ქართული სალიტერატურო ნორმების დამდგენი კომისიის“ წევრი. 1922 წლის 24 მაისს ანდრია რაზმაძე ივანე ჯავახიშვილთან ერთად დააპატიმრეს უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის გამო.
1925 წელს პარიზში დაცულ სადოქტორო დისერტაციაში მან პირველმა გამოიკვლია ვარიაციათა აღრიცხვის ამოცანები წყვეტილ წირთა კლასში, დაადგინა მინიმუმის როგორც აუცილებელი, ისე საკმარისი პირობები და ამით საფუძველი ჩაუყარა ვარიაციათა აღრიცხვის ახალ მიმართულებას.
ქართველი მეცნიერის წინადადებით, 1924 წელს საქართველო მათემატიკოსთა საერთაშორისო კავშირის წევრი გახდა, მაშინ, როცა ბევრი ცნობილი ქვეყანა ამ კავშირის წევრად ჩვენ შემდეგ მიიღეს. მის შრომებს დიდ შეფასებას აძლევდნენ უცხოელი მეცნიერები.
ანდრია რაზმაძემ პირველმა დაწერა საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები მათემატიკაში ქართულ ენაზე, მან საფუძველი ჩაუყარა ქართულ მათემატიკურ ტერმინოლოგიას. 1925 წელს გამოცემულ მათემატიკური ტერმინების ლექსიკონის წინასიტყვაობაში ნიკო მუსხელიშვილი წერდა, – „ტერმინების უმრავლესი ნაწილი ანდრია რაზმაძესთან ერთადაა დამუშავებული და მრავალი ტერმინი პირდაპირ მისი შრომებიდან არის ამოღებული“.
ანდრია რაზმაძე 1929 წელს გარდაიცვალა. ზაფხული ბოლოს იგი ბაკურიანში ისვენებდა ოჯახთან ერთად და იქ დაავადდა მუცლის ტიფით. მკურნალობდნენ ბორჯომის საავადმყოფოში. როცა მდგომარეობა გართულდა, მთავრობის განკარგულებით, სპეციალური მატარებლით წამოიყვანეს თბილისში. გარდაიცვალა ვაგონში, თბილისის სიახლოვეს.
თავდაპირველად დიდუბის პანთეონში დაასაფლავეს, 1989 წელს კი მშობლიური უნივერსიტეტის ეზოში გადაასვენეს.
გამოყენებული მასალების წყარო: ვიკიპედია; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია;
ანდრია რაზმაძე; მოგონებები და წერილები ანდრია რაზმაძეზე;
მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ანდრია მიხეილის ძე რაზმაძის პირადი არქივის აღწერილობა; nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





