რა კვალი დატოვა გიორგი აფხაზმა იტალიური ხელოვნების ისტორიაში და რატომ მოუხდა მას საქართველოს დატოვება
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 14.05

იტალიაში მოღვაწე პირველი ქართველი დიპლომატისა და ხელოვანის, გიორგი აფხაზის საგვარეულო აფხაზეთის ერთ-ერთი წარჩინებული გვარის – ანჩაბაძეთა კახეთში, კარდანახში დამკვიდრებულ შტოს წარმოადგენს. ოსმალეთის იმპერიის მიერ აფხაზთა მამულების აკლების შემდეგ ისინი დასავლეთ ზღვისპირეთიდან საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში დამკვიდრდნენ. ადგილობრივი მოსახლეობა მათ ყოველთვის აფხაზებად მოიხსენიებდა, სწორედ აქედან წარმოიშვა მათი გვარი. გიორგის მამა, გიორგი დიმიტრის ძე აფხაზი, სამხედრო გახლდათ, დედა – ალექსანდრა პეტრეს ასული მურომცევა რუსეთის დიდგვაროვანთა შთამომავალი იყო. წყვილს ხუთი შვილი შეეძინა, ოთხი ბიჭი და ერთი გოგონა. სამწუხაროდ, ბავშვები ძალიან ადრე დაობლდნენ. პატარებზე პატრონობის პასუხისმგებლობა ნათესავებმა აიღეს საკუთარ თავზე. ისინი ბავშვებს განსაკუთრებული მზრუნველობით ზრდიდნენ და ცდილობდნენ, რომ მათ ბრწყინვალე განათლება მიეღოთ.
გიორგი აფხაზი 1892 წელს დაიბადა. 1914 წელს კი უკვე პარიზის სახვითი ხელოვნების ინსტიტუტში ეუფლებოდა ხელოვნებას და იქვე ცდილობდა სცენოგრაფის პროფესიისთვისაც აეღო ალღო.
პირველმა მსოფლიო ომმა ოთხივე ძმის ცხოვრება ძირეულად შეცვალა. გიორგიმ სწავლა შეწყვიტა და სამშობლოში დაბრუნდა. იგი ომის დაწყებისთანავე ჩაეწერა მოხალისედ და თურქეთის ფრონტზე გაეშურა. მონაწილეობდა ართვინის აღებაში.
1918 წელს საქართველოს რესპუბლიკამ ნანატრი დამოუკიდებლობა მოიპოვა. გიორგი აფხაზმა 1919 წლის ივნისიდან რომში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიურ მისიაში, სამხედრო ატაშედ დაიწყო მუშაობა. 1920 წელს უკვე კონსულის თანამდებობა დაიკავა.
საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შესახებ გიორგიმ იტალიაში შეიტყო. სამშობლოში დაბრუნება არც უფიქრია, რადგან აქ მას კარგი არაფერი ელოდა. მით უფრო, რომ იგი გენერალ კოტე აფხაზის ნათესავი იყო, ხოლო დედის მხრიდან – რუსულ-გერმანული არისტოკრატიის წარმომადგენელი, ფონ ბენკენდორფების შთამომავალი. მან თანამდებობა დატოვა და რომში ლტოლვილის სტატუსით დარჩა. გიორგი იტალიელ ლაურა დე ჯოვანიზე დაქორწინდა და მასთან ერთად საცხოვრებლად მილანში გადავიდა.
გიორგი აფხაზი აქტიურად თანამშრომლობდა რომისა და მილანის არაერთ თეატრსა და შემოქმედებით ჯგუფთან. იყო მრავალი სპექტაკლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი მხატვარი. თავის ნახატებს ის მარჯვენა ზედა ან ქვედა კუთხეში ხელს ლათინური ასოებით აწერდა: G Abkhasi, ანუ გიორგი აფხაზი.
მოღვაწეობდა კინოშიც. ანდრია ბელობოროდევთან ერთად, სცენოგრაფის სტატუსით, მონაწილეობდა ფილმ „ნოი ვივის“ გადაღებაში. ამერიკელი მწერლის, აინ რენდის რომანის „ჩვენ, ცოცხლების“ ეკრანიზაცია თითქოს ანტიკომუნისტური, სინამდვილეში კი ანტიავტორიტარული ფილმი იყო, რომელიც მოგვიანებით იტალიელმა ფაშისტებმა აკრძალეს. გიორგი აფხაზმა იმუშავა სერჯო ამიდეის ფილმზე „დედოფალი ნავარა“; იგი იტალიური ფილმის, „გიყვარდე, ალფრედოს“ მხატვარიცაა; დაუზუსტებელი ცნობებით, ქართველი ხელოვანი ცნობილი იტალიური ფილმის „ვერცხლის გვირგვინის“ შემოქმედებით ჯგუფშიც იყო.
გიორგი აფხაზს კინოზე მეტად აღიარება თეატრალურმა დადგმებმა და მხატვრობამ მოუტანა: 1930 წელს გააფორმა ორესტე ბიანკოლისა და დინო ფალკონის სპექტაკლი „სამკუთხედი“; ამავე წელს მილანის საოპერო თეატრ „არჩიმბოლდში“ ის რიგი სპექტაკლების მთავარი მხატვარი იყო. მისი გაფორმებით მილანის თეატრ „მანძონიში“ დაიდგა რინო ალესის „ღმერთების წყურვილი“, 1932 წელს კი რომის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ თეატრ „თეატრო არგენტინაში“ – კარლო გოლდონის „მიკიტანი“.
გიორგი აფხაზის მიერ, ნინო ნანისთან ერთად, 1932 წელს მილანის ბაზრობის ოფიციალური მანიფესტის გაფორმებაში აშკარად იგრძნობა იტალიურ ხელოვნებაში დამკვიდრებული ტოტალიტარიზმის გავლენა. გიორგი აფხაზი ხატავდა კაზინო „სან-რემოში“ წარმოდგენილი ბალეტის „სკანდინავიური ლეგენდის“ სცენებს. ხელოვანი ასევე მუშაობდა რომის საოპერო თეატრში, სადაც იგორ სტრავინსკის ოპერა „მავრის“ კოსტიუმებსა და სცენებს აფორმებდა. მისი ბოლო და ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ნამუშევარი იყო 1946 წელს მილანის „ლა სკალას“ სცენაზე დადგმული გაეტანო დონიცეტის „სიყვარულის ელექსირი“. გიორგი აფხაზი იყო რამდენიმე იტალიური წიგნის ილუსტრატორიც. მანვე გააფორმა თეატრალური ენციკლოპედია. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს გიორგი აფხაზის შესანიშნავი ილუსტრაციები „კორიერა დე ლა სერას“ ჟურნალისთვის „ლა ლეტურა“. გიორგი აფხაზი სარეკლამო სფეროშიც მოღვაწეობდა. მის მიერ შესრულებულ „სიტროენის“ რეკლამაში კარგად იგრძნობა მხატვრის ინდივიდუალიზმი და ნიჭიერება.
2021 წლის 26-28 ნოემბერს, რომში, საგამოფენო სივრცეში – Palazzo Velli Expo გიორგი აფხაზის გამოფენა Scomparizione („გაუჩინარება“) შედგა. ექსპოზიცია აერთიანებდა არტისტის მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილ საგამომცემლო ილუსტრაციებსა და სარეკლამო დიზაინს. ასევე, მასშტაბური სცენოგრაფიებისა და სასცენო კოსტიუმის ჩანახატების არასრულ კოლექციას, რომელთა სრულ ნუსხასაც რომის ოპერის თეატრი დღემდე ინახავს.
მხატვრის ნამუშევრები გამოირჩევა სიცოცხლით, ფერთა გამით, მყარი ხაზითა და ჩანაფიქრით. მისი შემოქმედება დღემდე ძალიან თანამედროვე და ნოვატორულია.
გიორგი აფხაზი დაკრძალულია რომის ფლამინიოპრიმა პორტას სასაფლაოზე. მის საფლავს რამდენიმე წლის წინ მიაკვლიეს. საფლავი მძიმე მდგომარეობაში იყო. ორი ქვეყნის ძალისხმევით ერთ წელიწადში საფლავი განახლდა და მასზე შესაბამისი ქართულ-იტალიური წარწერაც გაჩნდა.
გამოყენებული მასალების წყარო: artpalace.ge/; https://kvirispalitra.ge; http://www.nplg.gov.ge. კალანდია გიორგი. გიორგი აფხაზი; იტალიური თეატრალური მხატვრობის ვარსკვლავი // ისტორიანი: ისტორიულ-შემეცნებითი ყოველთვიური ჟურნალი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან