საზოგადოება

რა „ქურდობა“ შერჩა ხახვივით გიორგი მოსიძეს და როდის დაღვარა მან მამაკაცური ცრემლი

№47

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00 29.11, 2022 წელი

გიორგი მოსიძე
დაკოპირებულია

გულახდილი საუბარი გიორგი მოსიძესთან 👇

– ვინ არის გიორგი მოსიძე?

– კავკასიის უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტი, რომელიც დიდი იმედებით და ამბიციებით შედის დიდ ცხოვრებაში (იცინის). თუ ჩემზე მეკითხებით, სჯობს, ჩემს ვაჟს ჰკითხოთ, ისიც გიორგი მოსიძეა.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– ბაჰამის კუნძულებზე ცალკე საკუთარი კუნძული, სადაც არ იჭერს ინტერნეტი, არ არის „ფეისბუქი“ და მხოლოდ ფეხბურთია ხვიჩა კვარაცხელიას მონაწილეობით. სერიოზულად თუ მეკითხებით, ჩემი ოცნებაა, ჩემს სამივე შვილს ჰქონდეს საკუთარი სტატია „ვიკიპედიაში“, ოღონდ, რასაკვირველია, პოზიტიური სტატია. სერიულ მკვლელებს და ტერორისტებს რომ აქვთ სტატიები, ეგეთი არა (იცინის).

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

– გააჩნია „საქმეს“ რას ვუწოდებთ? მქონია თუ არა მომენტი ცხოვრებაში, როდესაც რაღაცა არასწორად მიმაჩნია, მაგრამ გაკეთება მიწევდა? რასაკვირველია, მქონია. ალბათ, ყველას ჰქონია. მით უმეტეს, ვისაც პოლიტიკასთან რაიმე შეხება აქვს. მაგრამ „საქმე“ რასაც ჰქვია, ანუ როცა იმით ხანგრძლივი დროით ხარ დაკავებული, რაც არ მოგწონს, ასეთს ვერ ვიხსენებ. ამ მხრივ გამიმართლა, ყოველთვის მქონდა არჩევანი და იმით ვიყავი დაკავებული, რაც მომწონდა.

– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?

– საქართველომ რომ წააგო ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ვერ გავიდა. მამაკაცური ცრემლი დავღვარე (იცინის). მაგრამ მალევე გონს მოვეგე და ახალი დიდი გამარჯვებებისთვის გავემზადე, სხვათა შორის ისინი არც მთლად შორსაა.

– გულჩვილო ხართ?

– ბავშვობაში ვიყავი, მაგრამ ცხოვრებამ გამაბოროტა (იცინის). რაღა დროს გულჩვილობაა 50 წლის ასაკში...

– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში ფული მოიგოთ?

– ფულს გააჩნია... თუ დიდ ფულზეა საუბარი, კუნძულს ვიყიდი კარიბის ზღვაში, იხილეთ შეკითხვა ¹2 (იცინის), თუ მცირე ფულია, არა უმეტეს 5 ათასი დოლარისა, კარიბის ზღვის კრუიზს ვიყიდი (იცინის).

– გინდათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ძალიან ცნობილი და გავლენიანი იყოთ?

– ოდესღაც მინდოდა, მაგრამ ახლა ილონ მასკის ტვიტერს რომ ვკითხულობ, გადავიფიქრე (იცინის). მეც თუ ეგრე გამოვშტერდები, რაღად მინდა მსოფლიო ცნობადობა და გავლენა.

– თქვენი ყველაზე ცუდი საქციელი?

– „ცუდში“ იგულისხმება ამორალური საქციელი თუ არასწორი, შეცდომითი? თუ მეორეზე მეკითხებით, ალბათ, სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარებაა. თავიდანვე გასაგები იყო, რომ ექიმი ჩემგან არ გამოვიდოდა და უფრო შემოქმედებითი პროფესიისკენ მიწევდა გული. მაგრამ მაშინ, 80-იან წლებში, გაბატონებული იყო აზრი, რომ ჯერ „ადამიანურ“ პროფესიას უნდა დაეუფლო, რათა ოჯახის შენახვა შეგეძლოს და „მერე აკეთე, რაც გინდა“. პაპაჩემი ეგრე მეუბნებოდა სულ, „არტისტობით“ (გულისხმობდა ყველა შემოქმედებით პროფესიას) ცოლ-შვილს ვერ შეინახავ, ამიტომ ჯერ კარგი ექიმი გახდი და მერე თუ გინდა, სცენასაც გაუშინაურდიო. საბოლოო ჯამში, პაპაჩემის პოსტულატები ზედმიწევნით ოთარ ტატიშვილმა აასრულა: თან ექიმადაც მუშაობს და თან „არტისტობს“.

– მოგიპარავთ რამე?

– ბავშვობაში სკოლის პიონერთა კუთხიდან წავიღე და არ დავაბრუნე „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“. გამოდის, რომ მოვიპარე.. დიდხანს ვღელავდი მაგაზე, მაგრამ თან იმდენჯერ გადავიკითხე, რომ სულ ვაგვიანებდი დაბრუნებას, ჩემს თავს ვეუბნებოდი, აი, ცოტაც და დავაბრუნებ-მეთქი. მერე პიონერთა ორგანიზაციაც გაუქმდა და ვიღასთვის დამებრუნებინა? (იცინის) შემრჩა ხახვივით ეს ერთადერთი „ქურდობა“ ჩემს ცხოვრებაში.

– სახალისო შემთხვევა პაემანზე…

- ბოლოს პაემანზე შორეულ 90-იანებში ვიყავი, ალექსანდროვის ბაღში შუქი რომ არ იყო და ბომჟებს ეძინათ. ერთხელ ისეთი საკუთარი ლექსი ვუთხარი ემილიას, რომ მოულოდნელად სიბნელიდან ტაშის ხმა გაისმა (იცინის). თურმე, ბომჟები რამდენიმე მეტრში იყვნენ მოკალათებული და გაფაციცებით უსმენდნენ ჩემს მონოსპექტაკლს (იცინის).

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

– ო, სასტიკად ვერ ვიტან, როცა ადამიანს ამპარტავნობა შეუჩნდება ხოლმე. განსაკუთრებით ეხება ახალ „რა, სად, როდის“ მოაზროვნეებს, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ ტელეინტელექტ-კლუბში. მანდ როგორაა: ჯერ ახალგაზრდა მოთამაშეს აბოდებს, ისე უნდა „ტელევიზორში“ თამაში. თავს იკლავს, ყოველ კვირას თამაშობს, სულ ვარჯიშობს, სულ რაღაცა ინფორმაციას იღებს, ლიგიდან ლიგაში გადადის და ბოლოს ტელეკასთინგზე ხვდება. იქ ტყავიდან ძვრება, რომ გამოჩნდეს და ტელეგუნდში მოხვდეს. შემდეგ ის თამაშობს „ტელევიზორში“, ხდება ცნობადი, ვიღაცები ულაიქებენ სტატუსებს და ფოტოებს, მეგობრები და „მეზობელი ანზორი“ ეუბნებიან: შენ რა მაგარი ყოფილხარო და მის სულს შეუჩნდება ხოლმე ამპარტავნობა. ერთი წლის თავზე ადამიანს ვეღარ იცნობ... კადრში იწყებს ნარცისობას, კამერებთან არშიყობს, ეგრევე ეტყობა ხოლმე მისი თამაშის ხარისხს და გუნდის შედეგებს. აი, აქ სცენაზე გამოდის „სასტიკი ბატონი წამყვანი“ და ასეთ, „ცაში მფრინავ“ მოაზროვნეს მთელი ძალით დაანარცხებს ხოლმე მიწაზე. მოაზროვნეებო, გახსოვდეთ, ცაში მხოლოდ „ბატონი წამყვანია“, თქვენ ყველანი სარკისებრ მაგიდასთან „მბობღავი“ არსებები ხართ! (იცინის).

– ბოლოს რა მოისმინეთ საკუთარ თავზე კარგი ან ცუდი?

– ტრადიციული აზრი იმის შესახებ, რომ „მე მოაზროვნეებს ვემტერები და ცხოვრებას ვუმწარებ“ და რომ „მე მოაზროვნეებთან შეკრული ვარ და ვამარჯვებინებ“. აქ კარგი და ცუდი რომელია, თავად განსაჯეთ, მაგრამ, პატივცემულებო, რამეზე ჩამოვყალიბდეთ ბოლოს და ბოლოს... ან მტერი ვარ, ან მოყვარე! ორივე ერთად არ გამოდის (იცინის).

– რომ გაიგოთ, მეგობარს პარტნიორი ღალატობს, რას გააკეთებდით?

– ეს „პარტნიორი“ რა უბედურებაა? ჯოკერს ხომ არ ვთამაშობთ „პარა-პარაზე“. თქვი, რა, მეუღლე ან შეყვარებული, ბოიფრენდ/გერლფრენდი – ბოლო-ბოლო. თუ ბიზნესპარტნიორზე მეკითხებით? მაგანაც ხომ შეიძლება, გიღალატოს და ფული მოგიტეხოს... (იცინის). რას გავაკეთებ თუ გავიგე, რომ მეგობარს ცოლმა უღალატა? (ჩაფიქრდა). არაფერს! და რა უნდა გავაკეთო, რო? „ფეისბუქში“ პოსტს ნაღდად არ გამოვაცხობ...

– როგორ ისურვებდით სიცოცხლის დასრულებას?

– 90 წლის ასაკში მადლიერი შვილთაშვილებით გარშემორტყმული დავესწრებოდი საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს, სტადიონის ყველაზე ძვირიან ბიზნესლაუნჯში, რომელშიც საქართველო დაამარცხებს ბრაზილიას და მერე, თუ გინდა, მოვკვდე კიდეც. (იცინის)

– რა არის ცხოვრების მიზანი?

– ბედნიერება, რასაკვირველია, თუ „ნატოს“ და ევროკავშირის წევრობას არ ჩავთვლით.

– საკუთარი ქმედება, რომლის გახსენებაზე ახლაც გრცხვენიათ…

– ერთ-ერთ ქორწილში მესამე ყანწი ბოლომდე ვერ დავლიე და რაც დარჩა, ყველამ რომ თამადისკენ გაიხედა, იქვე მდგომ დიდ კაქტუსში ჩავასხი. ახლაც თვალწინ მიდგას ხოლმე ის კაქტუსი, რომელიც წყევლა-კრულვით მიკლებს. კიდევ ერთხელ შევრცხვი, როცა სასკოლო ლიგის გათამაშებაზე ბრუნეის სულთნის სახელი ვერ გავიხსენე. უცებ ტვინი რომ გადაგეკეტება ხოლმე, ეგ დამემრთა. არა და, მანამდე ღამე რომ გაგეღვიძებინე „მუსა ჰასანალ ბოლკიახ მუიზადდინ ვადაულახი“-მეთქი – უშეცდომოდ ვიძახდი. (იცინის). ისე, რაც ასაკში შევდივარ, ეგეთი პატარ-პატარა „სირცხვილები“ მომიმრავლდა.

– ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ.

– „ინტელექტ-კლუბით“, ოღონდ ვგულისხმობ არა მხოლოდ ტელეპროექტს, ესაა „რა? სად? როდის?“, როგორც სუბკულტურა და პროგრესული წიგნიერი ადამიანების თავშეყრის ადგილი საქართველოში. ამ მოძრაობიდან იმდენი კარგი და სწორი ადამიანი გამოვიდა, იმდენმა იპოვა თავისი ადგილი ცხოვრებაში და იმდენისთვის იქცა ეს კლუბი ტრამპლინად, რომ შეიძლება ითქვას, „ჩემი ცხოვრების მისია შესრულებულია“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი