საზოგადოება

რა კავშირია გურამ დოჩანაშვილსა და აკაკი წერეთელს შორის

№15

ავტორი: ეკა პატარაია 18:00 20.04, 2021 წელი

გურამ დოჩანაშვილი
დაკოპირებულია

უჩვეულო ბედის, ეს ჩვენი კაცი „მარტისაა“, 1939 წელს დაიბადა, თბილისში. ზემელზე, რუსთაველზე, სოლოლაკსა და ვერაზე იზრდებოდა. საინტერესოა, რომ გურამ დოჩანაშვილის ბაბუა – სილოვან ემხვარი აკაკი წერეთლის დისშვილი იყო…

ბუბა ხოტივარი:

1955-1956 წლები.

იმ ჩვენს ძველ თბილისურ ეზოში, პირველ სართულზე ცხოვრობდა ხანშიშესული ცოლ-ქმარი – ფაცა კორძაია და სილოვან ემხვარი – თითით საჩვენებელი ინტელიგენტები. სილოვან ბაბუა ზუსტად ისეთი იყო, როგორიც იყო პიპინია ელდარ შენგელაიას „არაჩვეულებრივი გამოფენიდან“ – ასევე ეცვა, ასევე ლაპარაკობდა და ასეთივე არისტოკრატი იყო. ის ხომ აკაკი წერეთლის დისშვილი გახლდათ, როგორც თვითონ ამბობდა ფარული თავმოწონებით – ქართველი აფხაზი თავადი და არა ვინცხა აზნოურიო.

გვაცინებდა დღედაღამ, გვართობდა და წიგნებს გვიკითხავდა, გამოცანებითაც დაგვაფიქრებდა ხოლმე.

ნარდის თამაში უყვარდა ეზოში, მაგრამ სულ აგებდა – არ ჰქონდა აზარტი და თამაშზე კონცენტრაციას ვერ (ან არ) ახდენდა – თამაშის დროსაც ჩვენ გვიყვებოდა ნაირ-ნაირ ამბებს და ჩვენთან ერთად ხმამაღლა ხარხარებდა. ბავშვები ძალიან განვიცდიდით მის გაუთავებელ დამარცხებებს და ვბრაზობდით, როცა უნდა ამდგარიყო, სხვისთვის დაეთმო ადგილი და დუხჭირი პენსიიდან წაგების ერთი მანეთი გადაეხადა.

ერთხელ გვითხრა:

„წაგებებს ნუ განიცდით, შვილებო, ყველა აზარტული თამაშობა ქვესკნელიდან მოდის. არასოდეს არანაირ აზარტს არ აჰყვეთ და აზარტს გატაცებაში ნუ აურევთ. გატაცებით სიყვარული ღმერთიდან მოდის, აზარტი კი სიყვარულს გამორიცხავს და ჯინიან ბოროტებაში გადადის“.

ისეთს გეტყოდა, ბავშვიც კი დაფიქრდებოდი ძალაუნებურად.

ერთი რაღაცნაირი შვილიშვილი ჰყავდათ, 17 წლისა. ბებია-ბაბუასავით გამხდარი, უცნაურად აწოწილი გურამი, მუდამ ცაში დიდის პატივისცემით მომზირალი, თან ისეთი დაკვირვებით, თითქოს ღრუბლებიდან ვიღაცის გამოჩენას ელოდება წუთი-წუთზეო. ბავშვებს თავს მაინცადამაინც არ გვიყადრებდა და სულ გარე-გარე დაეხეტებოდა ძალზედ სერიოზული გამომეტყველებით, ვითომ რაიმე მნიშვნელოვანი საქმით ყოფილიყოს დაკავებული. სიარულისას გულში ისე იხუტებდა ვიოლინოს, თითქოს წართმევას უპირებენო. ორკესტრში უკრავდა ვაჟა აზარაშვილთან ერთად და სულ რაღაც მელოდიებს ღიღინებდა თავისთვის. ერთი-ორჯერ ამოვიდა ჩვენთან, მერაბ კოსტავას დაკვრის დროს გვერდზე დაუჯდა და რაღაცაზე დაუწყო ჩურჩული შეთქმულის სახით.

მერაბიც ასევე პასუხობდა და დაკვრას განაგრძობდა.

ბავშვი კი ვიყავი, მაგრამ უცბად მივხვდი, რატომ არ შეწყვიტა დაკვრა მერაბმა – სიტყვებს ფარავდა მუსიკით. მახსოვს, დედაჩემმა თვალები დამიბრიალა – გამობრძანდი აქეთ, რას მიშტერებიხარ ბიჭებსო.

მე კი დავიწყე მიხვედრა, რომ ეს გურამი არც მთლად უსაქმური ყოფილა და, რადგან მერაბი ასე ენდობოდა, ესე იგი, რაღაცაში იყო საქმე.

ეს მევიოლინე გურამი იყო გურამ დოჩანაშვილი.

მას, მერაბს, ზვიადს და სხვებს სრულიად საიდუმლოდ ანტისაბჭოთა არალაგალური ორგანიზაცია „გორგასლიანი“ ჩამოუყალიბიათ და პროკლამაციების გაკვრა დაუწყიათ. ეს მაშინ თავგანწირვა იყო, თვითმკვლელობის ტოლფასი.

მართლაც, ერთ საშინელ დღეს გავიგეთ, რომ ბიჭები დაუჭერიათ, გურამი კი ვიღაც ტაგანროგელ მთვრალ ჯარისკაცს სასიკვდილოდ დაუჭრია გრძელი დანით ზურგში გულამდე – ყველა მიხვდა, რომ ეს საბჭოთა უშიშროების საქმე იყო.

„ვერ გადარჩებაო და ასეც უნდა მაგასო“, აივნიდან აივანზე აქაქნდნენ ენაგადმოგდებული დედაკაცები, მაგათზე ვაჟკაცებიც კი ხვდებიან, რომ საბჭოთა სისტემას ვერასდროს მოერევიან და ვინ მიგდიან ეგენი; ცხოვრებას რომ გვირევენო, ის ერჩივნოთ თავის სკრიპკებზე უპრუწუნონო.

ტაკ იმ ი ნადაო...

დედამ ემხვარებთან რომ ჩამიყვანა, იქ უკვე დაგვხვდა ოლიკო დემურია. ის ფაცა კორძაიას გვერდით ეჯდა და გაყინულ ხელებს უთბობდა. მათ გაქვავებულ სახეებს ვარდისფრად ანათებდა ძველი ნავთქურა. ისე იჯდა ეს ორი ქალი, როგორც გამოძერწილი ქანდაკება, როგორც ნახატი დიდი მხატვრისა, რომელმაც შექმნა სახეები წმიდანებისა, უსიტყვოდ რომ იყურებიან სადღაც შორს, სხვებისთვის მიუწვდენელ უმაღლეს სივრცეებში. ვერც ერთს სახეზე ვერ შეატყობდი ვერც გლოვას, ვერც ტანჯვას. ეს ხომ ასეთი ჯიშის ხალხი იყო – არასოდეს შეგაწუხებდა თავის უბედურებით.

სილოვან ბაბუამ ნავთი შემოიტანა საქმიანი ფუსფუსით და დაჯდა... ოთახში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. სილოვან ბაბუამ გრძელი დაძაბული პაუზა ვერ აიტანა, აწრიალდა და ცრემლით თვალზე თქვა, შვილებს გვიხოცავენო. მამაჩემმაც, მგონი, ამოიოხრა. უცბად ორივე ქალი, განსაკუთრებით კი ნაზი, გამხდარი, თითქმის გამჭვირვალე ფაცა ბებია კოცონივით აენთო:

– ჩვენმა ბავშვებმა იციან, რას შესწირონ თავი და რას არა! არ არის აქ საჭირო კვნესა-ვაება! დაველოდოთ, თუ გურამი დაიღუპა, მერე ჩვენ ვიცით, უფროსებმა. თუ გადარჩა, ბავშვები თვითონ გვეტყვიან, რა გზას დავადგეთ. ჭკუის სწავლებას ნუ დავუწყებთ, ეგენი ჩვენსავით დაშინებულები არ არიან! ჩვენ ვიკითხოთ, საცოდავებმა, არაფრის იმედი რომ აღარა გვაქვს, თავის გადარჩენის ინსტინქტიც რომ დაგვაკარგინეს ამ ნადირმა ბოლშევიკებმა... მოთქმა და ცრემლი არ ვნახო აქ!

რა ყოფილა ქართველი ქალი უკიდურესი უბედურების დროს, მაშინ ვნახე, ათი წლისამ, 1956 წლის დეკემბერის ცივ საღამოს, ქალაქ თბილისში, ლერმონტოვის 25-ის პირველი სართულის პატარა, მოუწყობელ ბინაში...

დიდხანს, დიდხანს ებრძოდა გურამი სიკვდილს და მაინც გადარჩა. გადარჩა ღვთის სასწაულით – ყველა სიკვდილის ჯინაზე, ყველა მოტლიკინის ჯინაზე, გადარჩა დიდი მწერლობისთვის, ჩვენთვის დიდი სიხარულის მონიჭებისათვის – მას ხომ უნდა ჩამოეტანა დედამიწაზე ის ამბავი, რომელიც გაიგო იქ, საიდანაც მოგვიბრუნა ღმერთმა:

„დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო“...

მხოლოდ მაშინ ატირდა ფაცა კორძაია, როცა გადარჩენილი შვილიშვილი დაუბრუნდა სახლში.

ახლახან, ეს ამბავი რომ გავიხსენეთ, ვაჟა აზარაშვილმა დარდით ამოიოხრა, არავის გესმით, რა დიდი მევიოლინე დაკარგა ქვეყანამო!..

არ დავივიწყოთ: რეზო ჩხეიძემ გურამ დოჩანაშვილის გენია მაქსიმალურად მოახმარა ქართულ კინოსაც – სტუდიაში რედაქტორად მიიწვია და მიაღებინა მონაწილეობა თითქმის ყოველი ფილმის წარმოებაში მთავარ კონსულტანტად ფილმის სცენარიდან გადაღების დასრულებამდე. რომ იცოდეთ, როგორი ბედნიერი იყო ამ დროს გურამი, როგორი მოუსვენარი გახდა ეს გარეგნულად დარბაისელი კაცი! გასაკუთრებით ეს გამოჩნდა სამოქალაქო ომის უბედურ დღეებში, როცა ქვეყანა აირია და კინოს თავიც არავის ჰქონდა, რადგან არც კი ვიცოდით, ვის რა მოელოდა. რბილი და ვითომ დამყოლი გურამის რკინისებური ხასიათი აქ გამოჩნდა მოულოდნელად – მაშინ დაუდგა გვერდზე ქართულ კინოს, როცა მას (კინოს) მართლაც გაუჭირდა და თითქოს ახალი ენერგია ჩაჰბერა მას.

***

ახალგაზრდა გურამ დოჩანაშვილი სახლიდან გასასვლელად ემზადება. პაემანზე აგვიანდება, ფაციფუცობს. ხან ერთ პერანგს მოირგებს ტანზე, ხან – მეორეს, ხან ქოჩორს აკვირდება და ამ დროს ბებია სხვათა შორის ეუბნება: „გურამ, ერთი შეკითხვა კი მაქვს შენთან, მაგრამ რად გინდა, რომ გკითხო, მაინც არ მიპასუხებ“. გურამმა აღშფოთების გამოხატვა ჟესტებით სცადა: როგორ არ უპასუხებს! ბებო მას ძალიან უყვარს, როგორ დატოვებს უპასუხოდ მის კითხვას! „ააპ, არ გამაგონო არაფერი!“ – განგებ ჯავრობს ბებია, – „ვიცი, ზუსტად, არ მიპასუხებ მაინც“. „კი, როგორ არა! – ეუბნება გურამი და თან მალულად საათზე იხედება, – მკითხე”, მაგრამ ბებო არაფერს ამბობს, მხოლოდ ხელებს ასავსავებს. გურამს კი ეჩქარება, მაგრამ ისიც უნდა, გაიგოს, რა შეკითხვა გაუჩნდა ბებოს. „ბებო, მითხარი, რა, მკითხე!“ – ეხვეწება გურამი. უკვე მზადაა, სახლიდან გასასვლელად. „რატომ გკითხო, მაინც არ მიპასუხებ“ – ვითომ მოიწყენს ბებო. „კი, გიპასუხებ“, – ეუბნება გურამი. „მაძლევ პირობას?“ – ეკითხება ბებო. „კი, კი...“ – ნაჩქარევად ეთანხმება გურამი. „მაააშინ, – წელავს ბებია, გურამიკო, მითხარი ერთი, ყველაფერს გაფიცებ, მოთხრობებს ვინ გიწერს?“ ამის გაგონებაზე გურამი ჯერ სახტად რჩება, მერე ყველაფერს ხვდება, ხელს იქნევს, კარს აღებს და კიბეზე ჩარბის. სადღაც, ბოლო საფეხურამდე ბებიას სიცილი მისდევს, ბოლო საფეხურზე კი ბებოს ვითომ ნაწყენი ხმა ეწევა: „ხომ გითხარი, მაინც არ მიპასუხებ-მეთქი!“

„არა გრცხვენია, ამ საზიზღრობას როგორ ეწევი?!“

აკა მორჩილაძემ ჩვეული ენამოსწრებულობით დაარქვა „მაგნას“ ეპოქა იმ დროს, როცა თბილისში „დიდი სროლების“ პერიოდი იყო და ყველა „სროულობდა“, ვისაც არ ეზარებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვერ სვამდა ტყვიას ტყვიაში. სადაც ერს ერთი ან მეორე პოლიტიკოსის, თუნდაც პრეზიდენტის ან მომავალი პრეზიდენტის სახელები სხვადასხვა კონტექსტში აკერია პირზე, იქ ხელოვნება და ხელოვანნი რომ არ ახსოვდეთ, აბა რა გასაკვირია. ვინ თქვა, როცა ქვემეხები გრიალებენ, მუზები სდუმანო? – კარგად უთქვამს. ჰოდა, ამ ქვემეხების გრიალის, მუზების დუმილის, „მაგნას“ და სხვათა ზემორეჩამოთვლილთა ეპოქაში წარმოიდგინეთ, ასე, 50-ს გადაცილებული, ასაკთან შედარებით ოდნავ მოტეხილი, ღრმა, სევდიანზე სევდიანი თვალებით თბილისის ქუჩებში მოხეტიალე მამაკაცი, რომელიც „წერას ჰყავს ატანილი“, რადგან საქმე აქვს, „თანაც, როგორი: ძნელ უკეთესობას მიუახლოვდეს და აუხილოს შეგუებულებს ამტანი თვალი“. მაგრამ თვალების ასახელად ვის სცალია. პირიქით, უფრო იბურავენ მზერას შავი „რეიბანებით“. (წყარო: droni.ge) მამაკაცი კი წიგნების მაღაზიებთან ჩერდება, შედის, ხან ხმადაბლა უსვამს გამყიდველს კითხვას, ხან თაროებს შეავლებს თვალს და კითხვის დაუსმელადაც ხვდება პასუხს დასასმელ კითხვაზე. მალევე გამოდის უკან. რუსთაველიდან პუშკინის ქუჩით, პუშკინიდან – ვორონცოვისკენ, ვორონცოვიდან – პლეხანოვისკენ, პლეხანოვიდან – წერეთლის პროსპექტზე... რა თქმა უნდა, ფეხით და, რა თქმა უნდა, უშედეგოდ: მისი წიგნი ბოლო თვეებია, არ გაყიდულა, ასე რომ, პროცენტებს ვერ მიიღებს. მერე რა, რომ ზამთარია, მერე რა, რომ მწერალი სახლიდან იმ იმედით გამოვიდა, რომ წიგნის გაყიდვიდან მიღებული სარგებელით სადმე პურის რიგში ჩადგებოდა და შინ პურით დაბრუნდებოდა. აბა, ვის აინტერესებს წიგნი, ხომ ვთქვი, რა ეპოქაც დგას. არა, წიგნებით (თანაც მისი წიგნებით) დაინტერესებულნი იმ ეპოქაშიც იყვნენ, მაგრამ იძულების წესით შაქარზე და პურზე უფრო ფიქრობდნენ, ვიდრე წიგნებზე. მწერალი დაიღალა, თანაც, ძალიან „პირშიმთქმელურად“ ღამდებოდა. აბა, როგორ შეიძლებოდა, იმ ეპოქაში იმ მწერალს არ მოეწია და ეწეოდა კიდეც, ოღონდ, ეპოქის შესაბამისი სიგარეტი არ ჰქონდა. ვისაც გახსოვთ, ბათუმის თამბაქოს ქარხანა უშვებდა მაშინ, „დელფინი“ ერქვა, უსაშველოდ გრძელი, არცთუ ხარისხიანი თამბაქოთი გაჯერებული და, რა თქმა უნდა, უფილტრო სიგარეტი იყო. მორიგი მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ მწერალმა, რომელსაც ცოცხალი კლასიკოსი ყოველგვარი პირობითობის გარეშე შეგვიძლია ვუწოდოთ, უჩუმრად ამოიოხრა, შინ პურის გარეშე მისვლის ბედს თითქმის შეეგუა, მაგრამ როცა ვახუშტის ხიდი გადაიარა, მაინც გაიგონა, როგორ დუდუნით უხმობდა მტკვარი ამქვეყნიურ ამაოებათაგან გასათავისუფლებლად. სიგარეტს მოუკიდა, ღრმა ნაფაზი დაარტყა და წარმოიდგინა, რომ არავის სჭირდება მისი შემოქმედება, ხოლო მათ, ვისაც ფიზიკური არსებობითაც უნდა დაეხმაროს, ვერ ეხმარება. გზად მათხოვარს ჩაუარა და ძველი ჩვეულებისამებრ, შარვლის ჯიბეზე უმწეოდ მოისვა ხელი. მათხოვარი თითქოს არც ელოდა ფულად მოწყალებას, მაგრამ როცა მოხუცი გასცდა, ზურგიდან მიაძახა: „სიგარეტი მაინც არა გაქვს?“ აქ კი ცოცხალ კლასიკოსს გაახსენდა, რომ სახლში, კარადის თავზე კიდევ ეგულებოდა ათამდე კოლოფი „დელფინი“, რომელიც მისმა მეგობარმა ბათუმიდან საჩუქრად გამოუგზავნა, სახე ნათელმა ღიმილმა გაუნათა, რომ მას, თვითონ უმწეოს, შეეძლო, სხვა უმწეოს თუნდაც ამ ფორმით დახმარებოდა, სიგარეტის ერთი ღერი ამოაძვრინა კოლოფიდან, ძველი მწეველის მანერით ყურში გაირჭო, ნახევარ კოლოფზე მეტი სიგარეტი მათხოვარს მიაწოდა, უთხრა: „აჰა, შენი იყოს, მე კიდევ მაქვს“, – შებრუნდა და გზა განაგრძო, მაგრამ სამი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ისევ მოესმა მათხოვრის ხმა: „არა გრცხვენია, ამ საზიზღრობას როგორ ეწევი?!.“

მწერლის მამას – სამხედრო ექიმს, ბატონ პეტრეს ყოველ წელს ახალ შინელს აძლევდნენ. ის კი ლურჯად ღებავდა და მომდევნო წელს, შვილს – გურამს გადასცემდა. გადაუკეთებდნენ ამ შინელს მომავალ მწერალს და დადიოდა სკოლაში. შემდეგ წელს იგივე შინელი ეცვა მეზობელ ჯულიეტას, მასზე ერთი წლით უმცროსს, იმასაც რომ დაუპატარავდებოდა, გადასცემდენენ გურამის ნათესავს, ზურიკოს… თანაც, შინელი ლურჯი რომ იყო, გურამი კლასში მაგარ ჩამცმელად ითვლებოდა. ერთხელ კი, როდესაც გურამ დოჩანაშვილი 3-4 წლის იყო, ძალიან გაუბრაზებია ბებია. გაბრაზებულ ბებოს არტისტულობით გამოუცხადებია – „აღარ ხარ აწი ჩემი შვილიშვილიო“, გაბუტულა და გასულა მეზობლებში. მალევე უკან მობრუნებულს პატარა გურამი აღარსად დახვედრია. გამოვარდნილა გარეთ შეშინებული ბებია და დასწევია პატარა გურამს აღმართში, სადაც ის „ბარგით დატვირთული“ ტოვებდა სახლს. მისი ბარგი კი მოიცავდა მისთვის ყველაზე საყვარელ მგლისა და გოჭის ნიღაბებს და 2 პატარა ღილს. „ახლაც არ ვიცი და მაშინ ხო აბა რა მეცოდინებოდა თუ საითკენ დამიდვია ბუტია თავი, ქვეყანა დიდია… განსაკუთრებით ბავშვისთვის“, – იხსენებს გურამ დოჩანაშვილი (წყარო: არტინფო).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა