რა იწვევს სასიყვარულო ურთიერთობებში წარუმატებლობას და რომელი თილისმა უნდა ატაროთ ჩანთით
ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 23.03, 2022 წელი

ჩვენ გარშემო უამრავი ლამაზი, წარმატებული და შემდგარი ადამიანია, რომელსაც სიყვარულში არ უმართლებს. ერთი შეხედვით, ერთი ადამიანი მეორისთვის სასურველი სასიყვარულო პარტნიორია, ჩნდება მოწონება, სიმპათია, თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ხვდებით, რომ ურთიერთობა ვერ აეწყო და ამის მიზეზსაც ვერ ხსნით. როგორც ეზოტერიკოსი ნინა სუსლოვა ამბობს, ამის მთავარი მიზეზი ადამიანების ენერგეტიკული ველი ანუ ენერგეტიკული მიმღებლობაა და თუ ის ჩაკეტილია, პიროვნება სიყვარულში წარუმატებელი და ხელმოცარულია.
ნინა სუსლოვა: ბევრი ლამაზი, წარმატებული და მიმზიდველი გოგოა, რომელსაც სიყვარულში არ უმართლებს და შესაფერის პარტნიორს ვერ პოულობს. შესაძლოა, ბევრ ბიჭს მოსწონდეს, მაგრამ საბოლოოდ ურთიერთობა არ ლაგდება. ამის უპირველესი მიზეზი ადამიანის ენერგეტიკული ველია. ყველამ ვიცით, რომ არსებობს ენერგეტიკული მდგომარეობა, ველი, ვიბრაცია, რომელიც ყველა ადამიანს აქვს, თუმცა ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან თვალის ფერით, თითის ანაბეჭდით და ასე შემდეგ, ასევე, ინდივიდუალურია მათი ენერგეტიკაც. ხშირად ხდება ისე, რომ ეს ენერგეტიკული ველი ჩაკეტილია, არ ფუნქციონირებს და შესაბამისად, აღარ ხდება მისი ურთიერთქმედება სხვა ადამიანზე. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, მამაკაცის ან ქალის თვალში აღქმა არ ხდება. შესაძლოა, მოსწონდეს, მაგრამ მასთან ოჯახის შექმნას არ ფიქრობდეს.
– როგორ ხდება ენერგეტიკული ველის ჩაკეტვა და როგორ უნდა გაიხსნას ის, რომ სხვა ადამიანმა აღიქვას?
– ენერგეტიკული ველის ჩაკეტვის მიზეზი შესაძლოა, ბევრი რამ გახდეს, ამ მხრივ, რაიმე კონკრტული არ მოიაზრება, თუმცა, თუ ზუსტად გინდათ, იცოდეთ მიზეზი, სპეციალისტის დახმარება და ზუსტი დიაგნოზის დასმაა საჭირო. ზოგადად, ადამიანის ენერგეტიკული ველის ჩაკეტვა შესაძლოა, ბევრმა ფაქტორმა განაპირობოს – ცუდმა ფიქრმა, გადატანილმა სტრესმა, კონკრეტულმა მოვლენამ და ასე შემდეგ. მაგალითად, დილით ჩვენ ვიღვიძებთ, ვიღებთ შხაპს, ვწესრიგდებით, ანუ ვზრუნავთ ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე, მაგრამ რაღაც მომენტში გვავიწყდება ჩვენი სულიერი, ენერგეტიკული სიჯანსაღე. არადა, ენერგეტიკა განაპირობებს ფიზიკური სხეულის მდგომარეობას და თუ ის მოწესრიგებული არ არის, შესაბამისად, იქმნება პრობლემებიც. როცა შინაგანი სამყარო „დალაგებულია“, ადამიანი მეტად წარმატებულია, ფიზიკურად ბრწყინავს და იღბალიც უმართლებს. თუ ენერგეტიკულად ყველაფერი წესრიგშია და შინაგანად კარგად ხართ, ანუ ენერგეტიკული ველი სწორად ფუნქციონირებს, ეს გარეგნულ ფონზეც დადებითად აისახება და აღარ იქმნება პრობლემები, როგორც პირად, ისე კარიერულ და საქმიან ურთიერთობებში. გარდა ამისა, როცა ადამიანი ცხოვრებაში წარუმატებლობას აწყდება, შინაგანად იწყებს ფიქრს, რომ არ გაუმართლა და აღარც მომავალში გაუმართლებს. ეს ქვეცნობიერ დონეზე ხდება და ილექება. როცა ჩნდება რაღაცის მიმართ შიში, ქვეცნობიერი დაცვას ცდილობს და თავს იკავებს ახალი ურთიერთობებისაგან, ადამიანს არ უხსნის შესაძლებლობებს, რომ ეს ურთიერთობა განვითარდეს. მოკლედ, რაიმე მოვლენისადმი ნეგატიური დამოკიდებულება მეხსიერებაში ილექება, ჩნდება შიში და ამაზე ქვეცნობიერი შესაბამისად რეაგირებს. ასეთ შემთთხვევაში ადამიანს აღარ სურს ახალი ურთიერთობის განვითარება და სერიოზულ ეტაპზე გადასვლა. ცუდი გამოცდილების შემთხვევაში, ჩვენივე ქვეცნობიერი თითქოს გვიცავს, რომ ეს მომავალში აღარ განმეორდეს და როცა საპირისპირო სქესის წარმომადგენელი არ გიყვარდება, ეს ერთგვარი დამცველობითი ფუნქციაა. ეს იგივეა, რომ შევადაროთ, მაგალითად, როცა ბავშვმა თავიდან არ იცის, რომ ცეცხლი წვავს, მაგრამ პირველად რომ დაიწვება, უკვე იგებს, რომ ცეცხლი წვავს და მას არ უნდა შეეხოს. ასევეა, ურთიერთობაც – როცა წარუმატებელი ურთიერთობა გაქვს ერთხელ, მერე ფიქრობ: ღირს ისეც ვცადო, დავიწყო ახალი ურთიერთობა? იქნებ არ ღირს და რატომ გავრისკო? და სწორედ ამ შიშის გამო ხდება ქვეცნობიერ დონეზე თავის შეკავება. ასეთ მომენტში ქვეცნობიერი, დალექილი გამოცდილების ფონზე, თავისი „ჭკუით“, ცდილობს, დაგვიცვას. მომავალ ურთიერთობებში წარსულის გახსენებით კი იქმნება ბარიერი და გაჩენილი კომპლექსისა თუ შიშის ფონზე ახალი ურთიერთობები ვერ ვითარდება.
– რა რჩევის მიცემა შეგიძლიათ ადამიანებისთვის, ვისაც სასიყვარულო ურთიერთობებსა და წარმატებულ ცხოვრებაში ქვეცნობიერში დალექილი გამოცდილება და გაჩენილი შიში უშლით ხელს?
– ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, დაძლიოს ურთიერთობებში გაჩენილი შიშები და მოუხმოს იღბალსა და მომავალ პარტნიორს. კოსმოსში ხშირად გაუშვით სიტყვები – „მე მზად ვარ ჰარმონიული სასიყვარულო ურთიერთობისთვის“. ამ თითქოს უბრალო სიტყვებით, რომელსაც კოსმოსში და სამყაროში უშვებთ, იზიდავთ თქვენთვის ჰარმონიულ პარტნიორს. თუ მართლა გსურთ, ის აუცილებლად უკან დაგიბრუნდებათ. ასევე, არსებობს პატარა ხერხი, როგორ გაიხსნათ ბედი, ჰარმონიულ პარტნიორულ ურთიერთობასა და ბედნიერებაში. მოკლედ, თუ იპოვით ტყუპ თხილს, აუცილებლად შეინახეთ, რადგან ის გეხმარებათ ბედნიერების პოვნაში. თუ გსურთ პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობა, დადეთ ის ბალიშის ქვეშ, წარმატებისთვის კი, ატარეთ ჩანთით. ანუ ნაპოვნი ტყუპი თხილი ბედნიერებას მოგიტანთ, თუ ის თქვენთან ახლოს იქნება. აქვე გეტყვით, რომ ახლა საუკეთესო პერიოდია პარტნიორის მოსაზიდად, თუ ქალბატონები ქალცედონს, მთის ბროლს ან ოლივინს ატარებენ, ისინი უფრო მიმზიდველი და შესამჩნევი ხდებიან. მამაკაცებისთვის კი კარგია ხარის თვალი, აქატი და ცოიზიტი, რაც ანალოგიურად დაეხმარება მათ წარმატებისა და ბედნიერების მოზიდვაში, ასევე, მოიზიდავს სასიყვარულო პარტნიორსაც. აქვე, შემიძლია, შემოგთავაზოთ კონკრეტული ზოდიაქოთი დაბადებული ადამიანებისთვის წარმატების მომტანი რჩევები. მაგალითად, ვერძებისთვის წარმატების მოსაზიდად და ბედის გასაძლიერებლად ამ პერიოდში კარგია ლალი; კუროს უყვარს კომფორტი და კარგი იქნება, თუ არ გამოვა თავისი კომფორტის ზონიდან და სიმშვიდეს შეინარჩუნებს. 12 მარტიდან მათთვის საუკეთესო პერიოდი დაიწყო და ვურჩევ, ატარონ ონიქსის ქვა; ტყუპები კომუნიკაბელური ნიშანია, კარგი პერიოდია ახალი საქმის დასაწყებად; კირჩხიბებს ვურჩევ, ამ პერიოდში არ მიიღონ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები და მაქსიმალურად აკონტროლონ ემოციები; ლომი მამაკაცებისთვის, ენერგეტიკის გასაძლიერებლად, ამ პერიოდში კარგია ლალის ტარება, ქალი ლომებისთვის კი უმჯობესია ქალცედონი, რომელიც წარმატების მოზიდვაში დაეხმარებათ: ქალწულებისთვის ეს პერიოდი კარგია კარიერული ცხოვრების გასაძლიერებლად, ამიტომ ამ კუთხით იყავით მობილიზებული; სასწორი ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნიშანია და ამ ნიშნით დაბადებულებისთვის 12 მარტიდან არაჩვეულებრივი პერიოდი იწყება, გაძლიერდებით და ახალი ენერგია შეგემატებათ; მორიელი ემოციური ნიშანია და ლაბრადორის ქვის ტარება, ამ პერიოდში ძალიან დაეხმარებათ შურის, ნეგატიური ზემოქმედებისა და ავი თვალისგან დასაცავად, რათა უფრო მშვიდად და დაცულები იყვნენ; მშვილდოსნებისთვის ამ პერიოდში კარგია ცოიზიდის ქვის ტარება, ეს ქვა დაეხმარებათ უფრო წარმატებულები და ენერგიულები გახდნენ; თხის რქისთვის კი კარგია ლურჯი ან მწვანე ფერის, ახალი საფულის შეძენა, ამით სიახლეს შეიტანენ თავიანთ ცხოვრებაში და დაეხმარებათ ფინანსურ წარმატებაში; მერწყულებმა თამამად უნდა გადადგან ნაბიჯები წინ და მთელი წლის სამოქმედო გეგმა დაგეგმონ; თევზებმა ამ პერიოდში აუცილებლად უნდა ატარონ მთის ბროლი, რადგან ის ხელს უწყობს კონცენტრაციას, ცუდი აზრებისგან ათავისუფლებს ადამიანს და ეხმარება იყოს უფრო მშვიდი, წარმატებული და ბედნიერი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან