რა გზით ეხმარებოდა ქართველ ემიგრანტებს ვიქტორ ხომერიკი და როგორ იქცა ის დიდი ავტორიტეტის მქონე ადამიანად საფრანგეთში
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00

გრიგოლ რობაქიძის ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი ვიქტორ ხომერიკი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრის, ნოე ხომერიკის, შვილი იყო.
დაიბადა 1910 წელს, ვორკუტაში, ციმბირში, სადაც იმ დროს მამამისი გადასახლებაში იმყოფებოდა. 9 წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა.
11 წლის ასაკში ქართულ ემიგრაციას გაჰყვა. ცხოვრობდა ჯერ თურქეთში, შემდეგ საფრანგეთში.
1922 წელს ნოე ხომერიკი ფარულად დაბრუნდა საქართველოში აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად. 1923 წელს დააპატიმრეს და 1924 წლის შემოდგომაზე, აჯანყების დაწყებისთანავე, დახვრიტეს.
დაობლებული მოზარდი მარტო დარჩა ლევილში, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სიძნელეებს არ შეუშინდა და ქართული ემიგრაციის დახმარებითა და თავისი სიბეჯითით დაამთავრა ჯერ კოლეჯი და შემდეგ საერთაშორისო ეკონომიკური უნივერსიტეტი პარიზში. ვიქტორ ხომერიკი თავისუფლად ფლობდა ათამდე უცხო ენას. სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში იყო „ჯენერალ მოტორსის“ წარმომადგენელი საფრანგეთში.
ვიქტორ ხომერიკი მიუხედავად იმისა, რომ არ წარმოადგენდა არცერთ პოლიტიკურ პარტიას, დიდი ავტორიტეტის გამო განსაკუთრებული პოლიტიკური ფიგურა იყო.
საფრანგეთში გაიზარდა და მთელი ცხოვრება იქ გაატარა, მაგრამ სიკვდილამდე საქართველოს მოქალაქედ დარჩა. იგი იყო მსოფლიო ემიგრანტთა მთავარი კომიტეტის გამგეობის წევრი, ქართული ემიგრაციის სული და გული, საქართველოდან ჩასულების უპირველესი მასპინძელი, პარიზის წმიდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაზე ერთ-ერთი მზრუნველი. ასევე, მეგობრობდა ქართველ ხელოვნების მოღვაწეებთანაც.
არაჩვეულებრივად ასრულებდა ქართულ საეკლესიო საგალობლებს, დაუზარებლად გადასცემდა ემიგრაციაში დაბადებულ ახალგაზრდებს ჩვენი ხალხის მრავალსაუკუნოვან მუსიკალურ კულტურას და ეროვნული სულისკვეთებით ზრდიდა მათ.
მეორე მსოფლიო ომის დროს ხომერიკმა არაერთ ქართველ ტყვეს, მათ შორის ებრაელებსაც, შეუნარჩუნა სიცოცხლე, დაიხსნა გესტაპოს საკონცენტრაციო ბანაკიდან და თავშესაფარი მოუძებნა, რისთვისაც სამჯერ მოხვდა დასახვრეტთა სიაში.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ვიქტორ ხომერიკის ღვაწლი მენშევიკური მთავრობის საარქივო მასალების გადარჩენასა და სამშობლოში დაბრუნებაში.
1990 წელს ვიქტორ ხომერიკი ეწვია მონატრებულ სამშობლოს და გამართა გულთბილი შეხვედრები ქართველ საზოგადოებასთან.
იგი გარდაიცვალა 1994 წელს პარიზში, მალე სამუდამოდ მიიბარა ქართულმა მიწამ. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
გთავაზობთ ვიქტორ ხომერიკის შვილიშვილის, ნათელა დავრიშაშვილის მოგონებას: „ვიქტორი ლევილში იზრდებოდა და მასაც, სხვა ემიგრანტების შვილების დარად, სულ საქართველოზე ლაპარაკი ესმოდა. 19 წლისას ერთი ნახვით შეუყვარდა ულამაზესი ფრანგი გოგონა კოლეტი, რომელიც მაშინ 15 წლის იყო. ოთხი წლის მერე შეუღლდნენ. შეეძინათ სამი ქალიშვილი: ანიკო (დედაჩემი), ნინა და ნელი. ბებია კოლეტი ძალიან მიყვარდა. ქართულიც კი ისწავლა, ქართული ტრადიციები ისე შეისისხლხორცა, ლამის ბაბუას ჯობნიდა. განსაკუთრებით გვიყვარდა შვილიშვილებს მისი გაკეთებული ამოზელილი ლობიო. ბაბუა ვიქტორი მექალთანე გახლდათ. ამის გამო ხშირად მოსდიოდათ კამათი, ბოლოს, გაიყარნენ, მაგრამ ურთიერთობა არ გაუწყვეტიათ. აგარაკი გვქონდა პარიზთან ახლოს, შატლეში. იქ ხშირად იკრიბებოდნენ ქართველი ემიგრანტები და ბებოს ძალიან სიამოვნებდა მათი მასპინძლობა. ქართველებს მოჰქონდათ გიტარა, დუდუკი, გარმონი, დოლი და მღეროდნენ შორს დარჩენილ სამშობლოზე. ლევილში და შატლეში გატარებული ყოველი წუთი საქართველოთი იყო სავსე. ჩემს მეხსიერებას დღემდე ტკბილად შემორჩა იმდროინდელი მოგონებები. მახსოვს, ქართველები მხიარულობდნენ, მაგრამ ყველას თვალებში დიდი სევდა ედგა“...
ვიქტორ ხომერიკის ყველა შთამომავალს ქართული სახელი ჰქვია. ნათელას ერთი შვილი ჰყავს – გელა; ქეთევანს კი სამი: დალი, თემო და ლუკა.
გამოყენებული მასალების წყარო: ვიკიპედია; kvirispalitra.ge; ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ. მამულიშვილთა სავანე; http://www.nplg.gov.ge/.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან