რა გზა გაიარა ოთარ ტერტერაშვილმა გორიდან ჩიკაგომდე და როგორ გახდა ის მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შემავალი კომპანიის გუნდის წევრი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00 08.03, 2022 წელი
22 წლის ოთარ ტერტერაშვილის წარმატების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელს უცებ მოედო. ეს არის ბიჭი, რომელიც გორის რაიონის სოფელ ზერტში დაიბადა და გაიზარდა. უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია, არც დიპლომი აქვს, მაგრამ ახლა მსოფლიოს ელიტარულ სამეულში შემავალ საკონსულტაციო კომპანია BCG-ის ჩიკაგოს ოფისში მუშაობს პროგრამისტად.
ოთარ ტერტერაშვილი: იმედია, ჩემი ამბავი მოტივაცია იქნება იმ ბავშვებისთვის, ვისაც გარკვეული პრობლემები აქვთ. მე დავიბადე და გავიზარდე ზერტში. თბილისის სკოლა რომ ზერტის სკოლას შევადაროთ, ეს იგივეა, ნიუ-იორკის სკოლა შევადაროთ თბილისისას. სხვაობა რეგიონებისა და თბილისის სწავლების დონეს შორის ძალიან დიდია – დაწყებული ენების სწავლების ხარისხიდან და გაგრძელებული ზოგადი მიდგომებით. ძალიან ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, სხვადასხვა ინტერესებით. ვთამაშობდი ჭადრაკს, ფეხბურთს, რაგბის. თუმცა ამის შესაძლებლობა სოფელში არ იყო და გორში დავდიოდით ავტობუსით. სულ გზაში ვიყავი, დამღლელი პროცესია, მაგრამ თუ გინდოდა, რამე გესწავლა, სხვა გამოსავალი არ იყო. მაშინ სოფელში ინტერნეტთან წვდომის ძალიან მწირი საშუალება გვქონდა და ამიტომ მინდა ვთქვა, რომ როცა ამის საშუალება გაქვთ, რეპეტიტორი სულაც არ არის საჭირო თუნდაც უცხო ენის სასწავლად. ფილმების ყურებითა და შესაბამისი ინფორმაციების მოპოვებით დღეს ეს სავსებით შესაძლებელია. ორი წლის წინ, „ბისიჯიში“ რომ დავიწყე მუშაობა, ინგლისური არ ვიცოდი.
– პროგრამირება ისე ისწავლეთ, რომ ინგლისური არ იცოდით?
– ვკითხულობდი და მესმოდა, მაგრამ ლაპარაკი საერთოდ არ ვიცოდი. პროგრამირებას რაც შეეხება, ვერ ვიტყვი, რომ პატარა ასაკიდან მქონდა შესაბამისი გეგმა. მინდოდა, რაღაც შემექმნა, დაინტერესებული ვიყავი ციფრული სამყაროთი. ათი წლის ვიყავი, როცა მშობლებმა პირველი კომპიუტერი მაჩუქეს. ნათესავები ეუბნებოდნენ, ოქროს დაბადების დღეზე რატომ ოქრო არ უყიდეთ, კომპიუტერი რად უნდაო?! მას შემდეგ ოქრო მეზიზღება, ჩემთვის ოქრო კომპიუტერია, რადგან ეს მოვლენა ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვნად იქცა. როცა პროფესიის არჩევაზე მიდგა საქმე, დედაჩემის სიტყვები გამახსენდა – მინდა, რომ ჩემი შვილი ექიმი იყოსო. მე დედისერთა ვარ და დედაჩემს უნდოდა, სიბერეში მისთვის შვილს მოევლო. მას არ ვამტყუნებ, დედაჩემის მიზანიც ლოგიკური და სამართლიანი იყო, სკოლაში, ტექნიკურთან ერთად, საბუნებისმეტყველო საგნებსაც კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ბოლო დღეს გადავწყვიტე, რომ სამედიცინო უნივერსიტეტი მესამე ადგილზე გადამეწერა და პირველზე აიტიფაკულტეტი გადმომეტანა. საბედნიეროდ, ჩემებიც კარგად შეხვდნენ ჩემს გადაწყვეტილებას. მშობლის დამოკიდებულება მნიშვნელოვანია. ხშირად დღის განმავლობაში 10-15 საათი გამიტარებია კომპიუტერთან. ამ პროფესიაში საკუთარ თავზე მუშაობა და განვითარებაზე დამოუკიდებლად ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანია. ბავშვს კომპიუტერთან ურთიერთობა კი არ უნდა დავუშალოთ, უნდა დაანახვო, რომ კომპიუტერში ბევრი საინტერესო და საჭირო პროგრამაა, მას შეუძლია, რომელიმე აირჩიოს და ამ მხრივ განვითარდეს.
– სკოლაში ჩანთით შეშა რატომ დაგქონდათ?
– ეს აგვისტოს ომის პერიოდია, რომელიც ჩვენ განსაკუთრებულად შეგვეხო, რადგან ჩემი სოფლიდან სამ კილომეტრშია რუსეთ-საქართველოს საზღვარი. ერთი კლასელი მყავდა – ალიკა, ვნატრობდი, სკოლა არ გაეცდინა. დილით ადრე უყვარდა მოსვლა და ღუმელს ანთებდა. კლასი გამთბარი მხვდებოდა და ოღონდ ღუმელი დაენთო, მის მაგივრადაც მე ვისწავლიდი (იცინის). რატომღაც დაფინანსებას დროულად არ გამოყოფდნენ ხოლმე შეშის შესაძენად. ამიტომ სკოლა შეშას ნოემბერში ყიდულობდა და გაშრობას ვერ ასწრებდა. შესაბამისად, გვიწევდა სახლიდან ხმელი შეშის მიტანა, რომ დილით ცეცხლი დაგვენთო და მერე ნედლსაც და სველსაც ეკიდებოდა. ჩვეულებრივი მოსწავლე ვიყავი. არ ვყოფილვარ ვუნდერკინდი. თუმცა, ყველაზე მეტად სტიგმები არ მომწონდა. კრიტიკული მიდგომები პროგრამისტისთვისაც მნიშვნელოვანია და საერთოდ, ყველასთვის. ეს ძალიან დამეხმარა.
– უნივერსიტეტი არ დაგიმთავრებიათ?
– უნივერსიტეტი არ დამიმთავრებია. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ვსწავლობდი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით. ვერ ვიტყვი, რომ უნივერსიტეტმა არაფერი მომცა, ეს დიდი უმადურობა იქნება, მაგრამ თანამედროვე სამყაროში, პანდემიის ფონზე, უნივერსიტეტებმა საერთოდ დაკარგეს თავისი როლი. როცა ინტერნეტში ყველანაირი კურსის ძალიან მაგარი ლექციები დევს, ონლაინლექციის საჭიროება აღარ არსებობს. რა მნიშვნელობა აქვს, მას უნივერსიტეტის ლექციაზე გაიგებთ თუ „იუთუბზე“?!
– თუმცა, გზამკვლევის როლი ხომ აქვს უნივერსიტეტს?
– მანდ მივდივარ, უნივერსიტეტის მთავარი არსი ისაა, რომ იქ გაიცნო ხალხი, რომელიც სამომავლოდ წაგიყვანს კონკრეტული პროფესიისკენ, დაგაინტერესებს რაღაცით, გზას გაგიკვალავს. ასეთი მე ძალიან ბევრი მყავს და მათ ამ პროფესიის სიყვარული მასწავლეს. უნივერსიტეტის არსი კავშირებია, სწორ ადამიანებთან დაახლოება. ჰარვარდში ჩაბარებას იმიტომ აქვს აზრი, რომ შენი ჯგუფელი შესაძლოა, მომავალი მარკ ცუკერბერგი იყოს, რომლის ბიზნესპარტნიორიც შეიძლება, შენ აღმოჩნდე. ეს არის უნივერსიტეტის პრიორიტეტი, თორემ თუ სწავლის დონესა და რესურსებზე დახვალთ, უნივერსიტეტზე ბევრად უფრო სწრაფად „იუთუბზე“ ისწავლით დამოუკიდებლად. უნივერსიტეტის დიპლომის მნიშვნელობაც დავივიწყოთ. თუ დიპლომი არ გაქვს ვერაფერს გააკეთებ – ასე ნამდვილად არ არის. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, პირველი კურსიდან ისწავლოთ მუშაობა, ეს ბევრ რამეში გეხმარებათ, თორემ უნივერსიტეტის დიპლომი არ ნიშნავს, რომ პროფესიონალი ხარ. ამიტომაც არის, რომ ნებისმიერ კომპანიას აქვს შიდა გამოცდები. მე „ბისიჯიში“ ორსაფეხურიანი გამოცდა გავიარე და ასეა ყველა კომპანიაში, ის თვითონ ადგენს, რა ცოდნა გაქვს და რამდენად გამოადგები მას და არა შენი დიპლომის მიხედვით. მე შემეძლო დამემთავრებინა უნივერსიტეტი, მაგრამ როცა პანდემია დაიწყო, მივხვდი, რომ ონლაინლექციაზე ჩემი ადგილი არ იყო, რადგან მან დაკარგა მთავარი ფუნქცია, ჩვენთვის კავშირების მოცემის შესაძლებლობა. ამიტომ აკადემიური წლები ავიღე. მუშაობას რაც შეეხება, პირველივე კურსიდან ვმუშაობ.
– მსოფლიოს ელიტარულ სამეულში შემავალ საკონსულტაციო კომპანიაში მუშაობთ, როგორი იყო გზა აქამდე?
– პირველ კურსზე ერთ-ერთი კლინიკის აიტიდეპარტამენტში ვმუშაობდი. ეს იყო ქართული კომპანია და მიუხედავად იმისა, რომ ხელფასი დიდი არ იყო, ჩემთვის მნიშვნელოვანი ბევრი რამ დავინახე და მაქსიმალური ინფორმაცია მივიღე. რაც კარგისა და ცუდის გარჩევაში დამეხმარა. შემდეგ სტაჟირება გავიარე ერთ-ერთ დეველოპერულ კომპანიაში და იქ მოხდა ჩემი განვითარების პიკი.
– როგორ დაუკავშირდი საერთაშორისო კომპანიას, რომელიც მსოფლიო მასშტაბითაა გამორჩეული?
– „ბისიჯის“ თანამშრომელთა რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით 22 ათასზე მეტს შეადგენს. ეს არის მსოფლიოს ტოპ-სამეულში შემავალი საერთაშორისო კომპანია ბიზნესსაკონსულტაციო მიმართულებით. აქ მოხვედრას რაც შეეხება, ერთ-ერთმა სტუდენტმა მითხრა, რომ ჩემი ახლანდელი დირექტორი იყო ჩამოსული და ხომ არ მინდოდა მასთან გასაუბრება. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური კარგად არ ვიცოდი, აღმოჩნდა, რომ მათთვის მისაღები კანდიდატურა ვიყავი და მათ გუნდს შევუერთდი. ბევრი გამოწვევა იყო და ახლაც ბევრ სირთულესთან მიწევს გამკლავება, მაგრამ ახლა უკვე ინგლისურიც კარგად ვიცი და ყველა სირთულესთან გამკლავება შეიძლება.
– ჩიკაგოს ოფისში თბილისიდან მუშაობთ?
– პანდემიის დროს გორში ვიყავი, დედაჩემის მოდუღებულ „მალინიან“ ჩაის ვსვამდი დიდი სიამოვნებით და თან ჩიკაგოს ოფისში ვმუშაობდი, რადგან დეველოპმენტის ნაწილი, რომელიც ჩემი მიმართულებაა ჩიკაგოშია. ახლა თბილისიდან ვმუშაობ და ჩემთვის ესეც ძალიან მოსახერხებელია. მე არ ვიცი, როდის მთავრდება ჩემი სამსახური, როცა მინდა, მაშინ ვმუშაობ და მგონია, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს ნიშნავს, რომ ჩემი პროფესია მიყვარს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან