საზოგადოება

რა გამოუგზავნა პოსეიდონმა ნინო ქოქოსაძეს და რატომ წამოიღო მან ათასობით ქვა ისრაელიდან ჩემოდნით

№29

ავტორი: ნონა დათეშიძე 21:00 25.07

ნინო ქოქოსაძე
დაკოპირებულია

პროფესიით ექიმი კარდიოლოგის, ულამაზესი პოეტური კრებულის ავტორის, მთარგმნელის, ნინო ქოქოსაძის ქვებისგან დამზადებული არაჩვეულებრივი ნამუშევრების გამოფენაზე მისული ადამიანები, ვერ მალავდნენ აღფრთოვანებასა და გაკვირვებას. მისი შექმნილი ყველა ნამუშევრიდან აშკარად იგრძნობა ენერგია, სუნთქვა და საოცარი ესთეტიკა და სიზუსტე, რაც მისმა შემქმნელმა მათში ჩადო. გალერეა CH64 Gallery-ში წარმოდგენილ, ზღვიდან გამორიყული მილიარდობით კენჭებით აწყობილ ნამუშევრებში, მთელი სიზუსტითაა გადმოცემული პატარ-პატარა ამბები, სიუჟეტები და მოვლენები, რომლებიც მართლაც უნიკალურია და მათი ნახვით, სულ სხვა სამყაროში მოგზაურობთ.

ნინო ქოქოსაძე: ეს ჩემი პირველი გამოფენაა და მიხარია, რომ ბევრი ადამიანი მოვიდა და უამრავი სითბო და სიყვარული გამოხატეს. ქვებზე მუშაობა პანდემიის დროს დავიწყე. ზოგადად ძალიან მოუსვენარი ადამიანი ვარ, არ მიყვარს და არ შემიძლია, ერთ ადგილას ჯდომა და არაფრის კეთება. ხან სანათებს ვაკეთებდი, ხან – ნაძვის ხის სათამაშოებს... პანდემია რომ დაიწყო, ისრაელში, ხაიფაში წავედი, ჩემი შვილი იქ არის დიდი ხანია და მასთან. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე დავდიოდი და უსაქმურად იქაც ვერ ვძლებდი. ოქროსფერ პლაჟზე დავიწყე ულამაზესი ქვების შეგროვება და გაჩნდა იდეა, მათთვის ახალი სიცოცხლე მიმენიჭებინა, გამეცოცხლებინა ის ენერგეტიკა და სული, რაც მათში დევს და მიძინებულია. ქვებისგან ავაწყვე პირველი ფიგურა – „შლაპიანი გოგო“ და ძალიან ლამაზი გამომივიდა. გადავუღე ფოტო და სოციალურ ქსელში დავდე. ჩემდა გასაკვირად, საოცარი გამოხმაურება მოჰყვა, ყველას მოეწონა. ამის შემდეგ, ხშირად დავდიოდი ზღვაზე, ვპოულობდი ქვებს და ვაწყობდი ნამუშევრებს. ქვას რომ დავინახავ, მასში მოძრაობას, სახეს, ტანს ვხედავ და მინდა, სხვასაც დავანახვო. პანდემია რომ დასრულდა, მომეცა საშუალება, ისრაელის ზღვის სანაპიროს სხვადასხვა ქალაქებში მემოგზაურა და იქაც უამრავი საინტერესო ქვა შევაგროოვე. დავდიოდი ზურგჩანთით და სულ ძირს ვიყურებოდი, გულდასმით ვათვალიერებდი მიმობნეულ ქვებს, ხალხს სანაპიროს დამსუფთავებელი ვეგონე, ზოგი ნიჟარებს მჩუქნი და სახლი ქვებით ავავსე (იცინის). რომ ვერ წარმომედგინა, ისეთი მეხსიერება აღმომაჩნდა – ათასობით ქვა მაქვს სახლში და ყველას ფორმა მახსოვს. პედანტი ვარ, წესრიგი მიყვარს და ყველა ქვა სხეულის ნაწილის მიხედვით, დახარისხებული და ცალ-ცალკე შენახული მაქვს. ფიგურის აწყობას რომ ვიწყებ, უკვე ვიცი, იმის ტანი, ხელი, ფეხი სად დევს. იუველირის საქმესავითაა ქვების აწყობა, სიზუსტე სჭირდება.

– საქართველოში რომ დაბრუნდით, ქვებიც თან წამოიღეთ?

– რა თქმა უნდა, საქართველოში რომ წამოვედი, ჩემი ნაგროვები ქვებიც თან წამოვიღე. აწყობილი ნამუშევრები დავშალე, დავნომრე, ფოტოები გადავუღე და ჩემოდნით წამოვიღე. ისრაელიდან არც ტანსაცმელი წამომიღია და არც არაფერი, ერთი დიდი ჩემოდანი ქვები ჩამოვიტანე.

– აეროპორტის საბაჟოზე უპრობლემოდ გამოგატარეს? შემოწმების დროს არ გაოცდნენ, ამდენი ქვა სად მიაქვსო?

– ჩემი შვილი მეუბნებოდა: აეროპორტიდან შენ ან პოლიციაში წაგიყვანენ, ან ფსიქიატრიულშიო (იცინის). მეც მეშინოდა, ქვები რომ გადამიყარონ, თავს მოვიკლავ-მეთქი, მაგრამ არც არაფერი უთქვამთ. სხვათა შორის, ჩემი გამოფენის პოსტერზეა გამოსახული ქვა, რომელშიც ჩაკირულია ალმასისთვლიანი ოქროს ბეჭედი. ხაიფის პლაჟზე ეს ქვა ასე ვიპოვე და ჩავთვალე, პოსეიდონმა შემიფუთა ქვაში და საჩუქრად გამომიგზავნა. ალბათ, ბევრი წელი ელოდებოდა ეს ქვა და მასში ჩაკირული ოქროს სამკაული პატრონს და მე ვიპოვე. სხვათა შორის, ამ ქვას ყუმბარის ფორმა ჰქონდა და ვერ გავრისკე წამოღება. ამიტომ, დავშალე, ბეჭედი ამოვიღე, მას შემდეგ ხელზე მიკეთია და ერთგვარი თილისმაა ჩემთვის. მოკლედ, ქვები საქართველოში ჩამოვიტანე. მყავს ახლობელი გალერისტი გია ქემოკლიძე და მან მითხრა, ჩარჩოებს გაგიკეთებ, გაგიფორმებ ნამუშევრებსო. ისე მოეწონა, შემომთავაზა იდეა, მომეწყო გამოფენა და შესაბამისი გალერეის მოძიებაზეც თავად იზრუნა. აქვე მინდა, დიდი მადლობა გაადვუხადო ბატონ გიას და აგრეთვე, ჩემი გამოფენის კურატორს, ნინო გოგმაჩაძეს.

– რამდენი ნამუშევარია წარმოდგენილი და რა ჰქვია გამოფენას?

– გამოფენას ჰქვია „ზღვის ექო“, რომელიც დარბაზშიც იგრძნობოდა. გიამ შემომთავაზა, ამ ხელოვნებისთვის ქვარტი, ანუ ქვის არტი გვეწოდებინა და ამ მიმდინარეობას ასე დავარქვით. გამოფენაზე 50-ამდე ნამუშევარია, მეტის განთავსება გალერეაში შეუძლებელი იყო. სხვათა შორის, 300-მდე ნამუშევარი ისრაელში მაქვს დატოვებული. ბავშვობაში, რაჭაში, ამბროლაურის რაიონში ვარ გაზრდილი. ჩემი ნამუშევრებიდან გამორჩეულად მიყვარს „სარკე“ და „ნიჟარის ნიჟარა“, რომელიც ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმს ვაჩუქე და გამოფენის მერე ჩაიტანენ. მე მყავდა მეგობარი – მამუკა კორტავა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა. ბავშვობაში ყოველ ზაფხულს ამბროლაურში ჩამოდიოდა და მთელი ბავშვობა ერთად გავატარეთ. წყალბურთელი იყო, ძალიან მოსწონდა ჩემი ნამუშევრები. შევქმენი „წყალბურთელი“, ძალიან მოეწონა და მას ვაჩუქე. სამწუხაროდ, მამუკა მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა და ვერ მოვასწარი მიცემა. გადავწყვიტე, ეს ნამუშევარიც, რადგან რაჭა ძალიან უყვარდა და იქ არის დაკრძალული, ამბროლაურის მუზეუმისთვის მეჩუქებინა. არ დამავიწყდება, როცა ისრაელში ჩემი პირველი ნამუშევარი გაიყიდა, თითქოს სული და გული გავატანე. მერე, გადამიარა. ამდენი ნამუშევარი ჩემთან ვერ მექნება და სჯობს, სხვა ადამიანებთან იყოს გამოფენილი. ყველას კოორდინატები მაქვს და ვიცი, ჩემი ქვების კომპოზიციები საიმედო ხელშია. მე ფოტოებს ვიტოვებ და მომავალში კატალოგის გამოცემას ვფიქრობ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული