საზოგადოება

რა გამოხმაურება მოჰყვა ივა ჯანეზაშვილის მიერ შექმნილ „ვეფხისტყაოსნისა“ და „ოქროს საწმისის“ საკოლექციო მონეტებს

№2

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 17.01, 2022 წელი

ივა ჯანეზაშვილი
დაკოპირებულია

პროექტი „ტვიფრი“ საქართველოში პირველი სახელოვნებო პარტნიორობის პლატფორმაა, რომელიც ქართული წარმოების სამახსოვრო მედლების შექმნაზე იმუშავებს. დამზადდება როგორც საკოლექციო, ასევე საიუბილეო თემატიკის მედლები და მთავარი იდეა იქნება ქართული დამწერლობის, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობების პოპულარიზაცია და ლითონში გაცოცხლება.

ივა ჯანეზაშვილი (შემოქმედებითი დირექტორი, იდეის ავტორი): „ტვიფრი“ ახლახან დაარსდა და მისი მიზანია, თითოეული მედლის ხელოვნებასთან თანაზიარებით, თაობიდან თაობას გადასცეს ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობა და დახვეწილი ტრადიციები.

კომპანიის შექმნის იდეა ქართული თემატიკის საკოლექციო მედლების აქტუალიზაციისა და საქართველოს შთამბეჭდავი ისტორიის გაცოცხლების კვალდაკვალ წარმოიშვა. პლატფორმა აერთიანებს ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყნის ისტორია, მისი მრავალფეროვანი კულტურა და ტრადიციები. „ტვიფრი“ ქმნის იმ ადამიანებისთვის, ვინც შთაგონებულად გრძნობს თავს ეროვნული ღირებულებების გამოხატულებით და ამაყობს, როდესაც ტრადიციულ ფასეულობებზე შექმნილი ნიმუშების ექსკლუზიური მფლობელია. მას შემდეგ, რაც ნუმიზმატიკაში ჩემი პირველი მასშტაბური პროექტები – „ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადისადმი მიძღვნილი 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა“; „მედეა და ოქროს საწმისი“ და „თინათინის მეფედ კურთხევა” – საქართველოს ეროვნულ ბანკთან და ლიეტუვას ზარაფხანასთან თანამშრომლობით წარმატებით განხორციელდა, ჩემს შემოქმედებით გუნდთან ერთად დაიბადა იდეა – შეგვექმნა ეროვნული პროექტი, რომელიც იქნებოდა სრულიად ქართული.

„ტვიფრი“ იქნება სახელოვნებო პარტნიორობის პლატფორმა, რომელიც საქართველოს ისტორიასა და კულტურას წარმოაჩენს ქვეყანისა და საერთაშორისო ასპარეზზე. „ტვიფრი“ შექმნის სრულყოფილ, ექსკლუზიურ დიზაინს და თითოეულ ახალი მედლით გააცოცხლებს საქართველოს ისტორიას. კაცობრიობა ანტიკური დროიდან დღემდე ძვირფას მონეტებსა და მედლებს უკიდურესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. უძველესი სამეფოების, კულტურებისა და ტრადიციების აღმოჩენის საყრდენი ისტორიკოსებისთვის ხშირად აღმოჩენილი მონეტებია, რომელიც საუკუნეების წინანდელი ეპოქების შესახებ მნიშვნელოვან ამბავს გვიყვება.

– მინდა, სხვა მნიშვნელოვან თემებზეც ვისაუბროთ. ლიეტუვას ზარაფხანა ახალ საკოლექციო ვერცხლის მონეტას გამოსცემს. ახალი ზელანდიის ერთდოლარიან რევერსზე „თინათინის გამეფება“ გამოისახება. ავერსზე კი დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე იქნება გამოსახული. როგორც მონეტის ქართული კონცეფციის ავტორმა, მოგვიყევით მის შესახებ.

– 2020 წლის დასასრულს ლიეტუვამ გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი – ახალი პროექტების მონეტის გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე. თუმცა, ეს არ იყო საშტატო პოზიცია, ეს იყო კოოპერაციის ტიპის თანამშრომლობა. კონკურსში მეც ჩავერთე – წარვადგინე ჩემი საავტორო ნამუშევრები და ჩემი გამოცდილება, რომელიც ნუმიზმატიკის მიმართულებით დამიგროვდა. დადებითი პასუხით დამიკავშირდნენ და დავიწყე მუშაობა. მათ საკუთარი, საერთაშორისო თემები შემომთავაზეს. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სხვა ერების კულტურას, მაგრამ არანაირი ემოციური კავშირი არ მქონდა მათ იდეებთან. ხელოვან ადამიანს კი აუცილებლად სჭირდება ინსპირაცია პროდუქტის შესაქმნელად. ამიტომ გადავწყვიტე, მათთვის ჩემი იდეები შემეთავაზებინა. ჩემთვის უპირატესობა ყოველთვის ჩვენს ეროვნულ თემებს ენიჭება. მოიწონეს ჩემი იდეა და ჩვენი თანამშრომლობა შედგა. ლიეტუვაში ჩემი პირველი პროექტი იყო „ოქროს საწმისი“, რომელსაც უწოდეს „მითები სიყვარულზე“. ეს არის კოლხური თემატიკის სერია. პირველი ორდოლარიანი მონეტა „მედეა და ოქროს საწმისი“ ზაფხულში მოიჭრა და გამომდინარე იქიდან, რომ სერიულ ნამუშევრებზე ვსაუბრობთ, „ოქროს საწმისი“ სხვადასხვა ეპიზოდებით გრძელდება. ამ პროექტს ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ტირაჟი სრულად გაიყიდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ყველა მონეტის შემთხვევაში ასე არ ხდება. რადგან „ოქროს საწმისს“ დიდი წარმატება ხვდა წილად, მათ კიდევ მოინდომეს ჩემთან თანამშრომლობა და ასე დაიბადა „ვეფხისტყაოსნის“ იდეა. ეს პროექტი ჩემი მხრიდან ძალიან ამბიციური იყო, მისთვის ხელის მოკიდება დიდ გამბედაობას მოითხოვდა. დეტალურად გავწერე მთლიანი კონცეფცია – როგორი უნდა ყოფილიყო პირველი მონეტა, მეორე და ასე შემდგომ. ესეც სერიული ნაშრომია, თუმცა ამ მომენტისთვის, მონეტების რაოდენობას ვერ დავაკონკრეტებ. მოკლედ რომ გითხრათ, დიდი მოწონება დაიმსახურა ჩემმა შეთავაზებამ. ჩემ უკან დგას ძლიერი შემოქმედებითი გუნდი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ამ წარმატებაში. კონკრეტულად ამ პროექტის ილუსტრატორი მამუკა მიქელაძე იყო. მე კი პროექტის ხელმძღვანელი და გრაფიკული დიზაინერი გახლავართ. თუმცა, ჩვენი იდეის შესრულების პროცესში, კიდევ ბევრი ადამიანია ჩართული.

– „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკის შეთავაზება ერთგვარი რისკი იყო. შეფასება თავიდანვე შესაბამისი იყო?

– აქ ბევრმა ფაქტორმა ითამაშა როლი. მე კარიერა ლიეტუვიდან არ დამიწყია. არაერთი საერთაშორისო დონის პროექტის ხელმძღვანელი, თანაავტორი თუ მონაწილე ვყოფილვარ. მანამდეც განვახორციელე ნუმიზმატიკური პროექტი საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად. მათ მთელი ინფორმაცია ჰქონდათ ჩემ შესახებ და როდესაც, საკუთარი საქმის პროფესიონალი გთავაზობს პროექტს, აქ ნდობის ფაქტორიც ბევრს განსაზღვრავს. ისინი მენდნენ, გარდა ამისა, დიდ როლს თამაშობს პროდუქტის შეფუთვაც და მე ამაზეც სათანადოდ ვიმუშავე. პირველი მონეტის ილუსტრაცია – „თინათინის გამეფება“, მარკეტინგულადაც გაწერილია – ნუმიზმატიკაში ეს პროდუქტი სრულიად უნიკალურია და შესაბამისად, ძვირფასი. მსოფლიოში არ არსებობს „ვეფხისტაოსნის“ მონეტები, ისევე, როგორც „ოქროს საწმისის“. როდესაც ადამიანს ასეთ ექსკლუზიურ თემას სთავაზობ, ინტერესი მაღალია. აქვე გათვალისწინებულია ქართველი საზოგადოება. ჩემი მიზანია, რომ ეს მონეტები იყოს საერთაშორისო, მაგრამ ძირითადად, ვისაც ამ ნამუშევრებს ვუძღვნი, ქართველი ერია, ქართველი ნუმიზმატები. როცა „ოქროს საწმისი“ იქმნებოდა, ვფიქრობდი, რომ ჩემი ძირითადი კონტინგენტი საქართველო იქნებოდა და ნამუშევრების ორმოცდაათი პროცენტი, სწორედ, საქართველოდან შეუკვეთეს და შეიძინეს, დანარჩენი ორმოცდაათი კი ევროპის არაერთ ქვეყანაში გავრცელდა. შესაძლოა, ეს თემატიკა მათთან ემოციურ კავშირში არ არის, მაგრამ ვიზუალით მოეწონათ და შეიძინეს. თუ აქამდე არ იცოდნენ, ახლა უკვე იციან, რომ ეს არის ქართული თემატიკა, რომელიც ქართული კულტურითა და ისტორიით არის ნასაზრდოები. შესაბამისად, საქართველოს პოპულარიზება ამ პროექტის თანხვედრია, რაც ჩემი უმთავრესი მიზანია.

– პირველი მონეტის ილუსტრაციაა თინათინის გამეფება. რა იქნება შემდეგი?

– ეს ილუსტრაცია სპეციალურად შეიქმნა ამ მონეტისთვის ქართული სტილისტიკით, რაც ნებისმიერ დეტალში ქართული ელემენტების დაჭერას გულისხმობს. როგორც ვიცით, შოთა რუსთაველმა ეს ნაწარმოები თამარ მეფეს მიუძღვნა, თინათინი კი თამარის ალეგორიაა. ამიტომაც გამოვუშვით პირველი მონეტა თინათინის გამეფება. გვინდოდა, პირველი მონეტა კავშირში ყოფილიყო იმ ადამიანთან, ვის გამოც ეს წიგნი დაიწერა. გაზაფხულზე გამოვა „ვეფხისტყაოსნის“ შემდეგი მონეტა, თუმცა ამ დროისთვის მის ილუსტრაციაზე ვერ ვისაუბრებ.

– თქვენი პირველი პროექტი ნუმიზმატიკაში 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს ეძღვნებოდა. როდის გახდა თქვენთვის საინტერესო ამ მიმართულებით მუშაობა?

– მონეტებთან დაკავშირებული პროექტები ჩემი კოლექციონერობიდან დაიწყო. როცა სიღრმეებში გადავეშვი, სურვილი გამიჩნდა, ჩემი ჰობის განვითარებაში გარკვეული წვლილი თვითონვე შემეტანა. ორივე პროექტის შემთხვევაში საერთაშორისო მასშტაბებზე იმიტომ ავიღე აქცენტი, რომ ყველა ქვეყანა ერთმანეთს უძღვნის მონეტებს, მაგრამ საქართველოს – ნაკლებად, თითზე ჩამოსათვლელ მონეტებზე ვართ ნახსენები და ისიც გაკვრით. ძალიან არ მესიამოვნა ის ფაქტი, რომ თანამედროვე ქართული მონეტები მხოლოდ საქართველოში იჭრებოდა და მეზობელ თუ მეგობარ სახელმწიფოებს ამ მხრივ არ ვაინტერესებდით. ამ რეალობის შეცვლის ამბიცია გამიჩნდა და ამიტომაც დავიწყე ამ მიმართულებით მუშაობა.

სიმართლე გითხრათ, ჩემმა ქართულმა პროექტებმა გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია. ვერ მიხვდნენ ლიეტუვა რატომ ჭრიდა ასე ინტენსიურად ქართული თემატიკის მონეტებს. შესაძლოა, არც იციან, რომ მისი ავტორები ქართველები ვართ და ეს ჩვენი მონდომების შედეგია, მათ უშუალოდ ფაქტმა დაუტოვა კითხვები. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ახლა ქართული თემატიკა ბევრისთვის გახდა საინტერესო.

– საქმიანობის თვალსაზრისით დღეს საკმაოდ მრავალფეროვანი ასპარეზი გაქვთ. რა ფორმებით გამოიხატებოდა თქვენი, როგორც ხელოვნის ინტერესები, სხვადასხვა დროს?

– ჩემს წარსულს რომ ვაანალიზებ, ვხვდები, რომ ჩემს ცხოვრებაში ხელოვნება სხვადასხვა ფორმით მუდმივად იყო. უბრალოდ, მაშინ მას შესაბამის სახელს ვერ ვარქმევდი. ხასიათები, მიდგომა, შეგრძნებები, აღქმა ყოველთვის ხელოვნის მქონდა. ბავშვობაში ვხატავდი, მოგვიანებით ფოტოხელოვნებამ დამაინტერესა და შემდეგ გრაფიკულ დიზაინში განვაგრძე მუშაობა. მე უკვე რვა წელია, ავსტრიაში ვცხოვრობ და ამ სფეროში ვმუშაობ. პარალელურად, ჩემს ცხოვრებას თან სდევს ფოტოხელოვნება, როგორც ჰობი და არა კომერციული ინტერესი. დიდი ხანი ვმოღვაწეობდი ამ სფეროში, ძალიან აქტიური ვიყავი და ბევრი მიღწევა დამიგროვდა. როგორც კი დრო მომეცემა, ამ საქმეს აუცილებლად მივუბრუნდები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი