რა ეშმაკობებს ჩადიოდა რეზო ჩხეიძე თავისი და თენგიზ აბულაძის ფილმების გამო
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 29.05, 2024 წელი

„...კინო მხოლოდ რეჟისორი და ფული არ არის – ფილმის გადაღებისას ვითარდება მწერლობა, მხატვრობა, მუსიკა, ხელოვნების ყველა დარგი... ჩვენ კი სწორედ ეს გვჭირდება, ხელოვნებით უნდა ვაჯობოთ ყველას, ჩვენი სული და ძლიერება ხელოვნებაშია... რახან სულზე ვლაპარაკობ, ამასაც ვიტყვი: ადრე წესად იყო, ფილმის, გადაღებული მასალის სანახავად ჭკვიან ხალხს ვიწვევდით. თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხის“ გასასინჯად მოვიწვიეთ პატრიარქი (მას ყოველთვის ვიწვევდით) – მაშინ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. ჩვენებისას მის გვერდით ვიჯექი და როცა სცენა მივიდა იმ მომენტამდე, სადაც მღვდელი მეზობელ ქალს უბეში ხელს უფათურებს, წამიხდა საქციელი, გავშეშდი. არ ვიცი, როგორ შემატყო, გადმოიხარა და ჩუმად მითხრა: ნუ ღელავთ, ბატონო რეზო, ასეთები დღესაც არიანო. და ამით ყველაფერი თქვა... აი, ასე მივდივართ იმ ჭეშმარიტებამდე, რომ ცხოვრება კეთილისა და ბოროტის ბრძოლაა. ამას ვერ აიცილებ, მაგრამ შენ ისე უნდა იცხოვრო, რომ ამ ბრძოლაში გაამარჯვებინო სიკეთეს და სინანულს, რადგანაც ხშირად ცდები... ასე მოდის სიკეთის კეთების მადლი – თუ მადლს შვრები, რა ძალის ბოროტებაც უნდა დაგეტაკოს, მისხალი სიკეთით მოერევი. რასაც ვამბობ, ცხოვრებით გამომიცდია და გზად შემხვედრია... თუკი რაიმე კარგი გავაკეთე ცხოვრებაში, ძირითადად; იმ სამი ადამიანის დამსახურებაა, რომელმაც სიკეთის ფარანი ამინთო. პირველი ქუთაისში ჩემი სკოლის დირექტორი თამარ დახუნდარიძეა. როცა „ხალხის მტრის შვილი“ გავხდი, მან თავის კაბინეტში შემიყვანა, გულში ჩამიკრა და მითხრა, არ ინერვიულო, მამაშენი პატიოსანი კაცია, ძველებურად განაგრძე სწავლა და შენ გვერდით ვიდგებიო. იმხანად ეს სასწორზე სიცოცხლის დადებას ნიშნავდა. მამას დახვრეტის შემდეგ სახლიდან რომ გამოგვასახლეს და არ ვიცოდით, სად წავსულიყავით, ქუჩაში ჩამოვლილმა უცხო კაცმა, ლადო მაჭავარიანმა წაგვიყვანა თავის სახლში 6 თვით. მესამე უცნობი ჩეკისტია, რომელმაც გამოსახლებისას ნუსხაში არ შეიტანა ჩვენი როიალი, რომელიც გავყიდეთ და რამდენიმე თვე თავი ამ ფულით გავიტანეთ...
ზოგჯერ ერთი კეთილი სიტყვის მადლიც მთებს დაგაძვრევინებს. როცა „დონ კიხოტის” გადაღება დავაპირე, იმ დროს ესპანეთში ჩემს მეგობარს, ანტონიო ალვარესს პატარა კერძო სტუდია ჰქონდა. 1939-ში სტალინმა რომ ესპანელი ბავშვები ჩამოიყვანა, ანტონიო ერთი მათგანი იყო. ჩვენ მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში ვსწავლობდით ერთად. „დონ კიხოტის“ გადაღებაზე კი სახელმწიფო მოლაპარაკება მიდიოდა. ხელშეკრულებისთვის ესპანეთის მინისტრს უნდა მოეწერა ხელი. საშინლად ვღელავდი და აი, ასე გულგახეთქილი შევდივარ სამინისტროში, ჩერდება მანქანა, გადმოდის ანტონიო და მეუბნება: რეზო, ნუ ღელავ, თუ ხელშეკრულება არ დაგიმტკიცეს, ფილმის გადასაღებ ფულს მე გიშოვიო! ვიგრძენი, როგორ გამაძლიერა ამ სიტყვებმა – ნერვიულობა გაქრა და ისეთი შინაგანი ძალა მომეცა, მივხვდი, ეს საქმე აუცილებლად გამოვიდოდა.“
რეზო ჩხეიძის ეს დღიურები არ საჭიროებს ზედმეტ სიტყვებს და მიხვდებით, რომ მისი ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ კინო იყო, ამიტომ ამის იქით არც არაფერი დაწერილა მასზე, არ თქმულა, არ ნახულა. იგი მთლიანად ამით ცხოვრობდა, ამაყობდა და ხარობდა. მოგონებებიც უამრავი შემოგვრჩა რეზო ჩხეიძის კადრს მიღმა გადაღებებიდან, საოცარი გარემო და გადამღები ჯგუფი მსახიობებით.
შეიგინა და წავიდა
„ახალკურსდამთავრებულები ვიყავით, მე და თენგიზ აბულაძემ „მაგდანას ლურჯას“ გადაღება რომ დავიწყეთ. სტუდიის მაშინდელმა დირექტორმა თითქმის უკვე დასრულებული ფილმის გაგრძელება აგვიკრძალა – არ მომწონსო! მაშინ შემოქმედთა სექციამ გადაწყვიტა, რომ ჩვენი ნამუშევარი ქართველი მწერლებისთვის ეჩვენებინა, რათა იმათ ეთქვათ, ღირდა თუ არა ამ ფილმის გადაღება. ერთ მშვენიერ დღეს დაუძახეს ქართველ მწერლებს და აჩვენეს „მაგდანას ლურჯა“... ვდგავართ მე და თენგიზი აწურულები. ამ დროს იღება კარი და შემოდის გალაკტიონი თავისი „პორტფელით“. გავოგნდით, ეს კაცი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა და არსადაც არ დადიოდა. სხვებიც გაოგნებული უყურებდნენ. მწერალი დემნა შენგელაია ჩემი ბიძა იყო, მეგონა, იმან უთხრა-მეთქი, მაგრამ ხელი გამიქნია, – ეგ რამდენი ხანია, არ შემხვედრიაო. გალაკტიონი დაჯდა, ბოლომდე უყურა კადრებს, მერე ადგა და უცებ... ვინც ეს ფილმი გააჩერა, მე იმისიო.... შეიგინა და წავიდა! აკაკი ბელიაშვილმა ცხვირსახოცი ამოიღო, ცრემლი მოიწმინდა, ეკრანს შეხედა და: ამ ეკრანს ბევრი კარგი ფილმი უნახავს, მაგრამ რაც ამ ბიჭებმა გვიჩვენეს, მსგავსი არასოდესო! მეორე დილას უკვე გამოკრული იყო ბრძანება ფილმის გაგრძელების შესახებ.“
ეშმაკობა ყუთებში
რეზო ჩხეიძემ, ედუარდ შევარდნაძესთან ერთად, ასეთი ეშმაკობა მოიფიქრა: საქართველოს ტელევიზიას თავისუფალი ორი საათი ჰქონდა, რომელიც ცენზურის მიერ არ კონტროლდებოდა და ეს ორი საათი ფინანსდებოდა საქართველოს რესპუბლიკის და არა მოსკოვის მიერ. ზუსტად იმ ორ საათში ჩასვეს „მონანიება“ როგორც სატელევიზიო ფილმი. ცნობილია, ამ ფილმს რაც გადახდა თავს. ის იყო დაპატიმრებული და ასე შემდეგ. რა გააკეთა ბატონმა რეზომ? „მონანიება“ ჩააწყო ყუთებში, დააწერა მას „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ – იმ ფილმის სახელი, რომლითაც მან ლენინის ორდენი მიიღო – და ამ სათაურით ჩუმად გააპარა ფილმი მოსკოვში და აჩვენა ცნობილ რეჟისორს ელემ კლიმოვს, რომელიც მაშინ კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარედ იყო არჩეული და პირველი, რაც მან გააკეთა, იყო ის, რომ თქვა, დაპატიმრებული ფილმები უნდა გავათავისუფლოთო. ფილმის ნახვის შემდეგ კი თქვა, რომ ჩემს სიცოცხლეს დავდებ იმის სანაცვლოდ, რომ ეს ფილმი ნახოს ხალხმა. ანუ ეს იყო რეზო ჩხეიძის გმირობის ტოლფასი ეშმაკობა“.
„ჯარისკაცის მამა“
1964 წელს გადაღებული შავ-თეთრი სურათი 2012 წელს ამერიკულ-ბელგიურმა კომპანიამ გააფერადა. მათ იდეას, ბატონი რეზო თავდაპირველად უნდობლად უყურებდა. ამბობდა: არ მჯეროდა, რომ გაფერადებით რამეს მოვიგებდით, პირიქით, დარწმუნებული ვიყავი, რომ ფილმი წააგებდაო, თუმცა ფერს შეუძლია ფილმში რაღაც მსუბუქი ელფერი შემოიტანოს და დრამატულ სურათს საზეიმო იერი მისცეს. ამიტომ რეჟისორი ფილმის გაფერადების პროცესს თავად ხელმძღვანელობდა. მხატვრები თითოეულ კადრს ხატავდნენ და მას მოსკოვში უგზავნიდნენ. რეჟისორმა თავიდანვე მოითხოვა, მუქი და მშვიდი ფერები გამოეყენებინათ. მსოფლიო პრემიერა კანში შედგა. იქ, სადაც „ჯარისკაცის მამა“, „არ გაუშვეს“. გაფერადებული ფილმი კანის კინოფესტივალზე 2013 წელს მსოფლიო კინოკლასიკის ეგიდით აჩვენეს. „ჯარისკაცის მამის“ გადაღებებს, მის შექმნასა და დაბადებას უამრავი წინაღობა ახლდა. ბევრი საინტერესო და ახლა უკვე, სასაცილო სიტუაცია...
„მე და სულიკო დიდი ხნის მეგობრები ვიყავით, აქ ერთ პერიოდში დავამთავრეთ სწავლა. მოსკოვშიც ერთად ვსწავლობდით, ის სასცენარო – ფაკულტეტზე, მე – სარეჟისოროზე. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ თბილისში დავბრუნდით. სულიკო დოკუმენტურ სტუდიაში მუშაობდა, მე – „ქართულ ფილმში“. ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს და ათას რამეზე ვსაუბრობდით. ერთ დღესაც უცნაურად ჰქონდა ამოჩრილი იღლიაში დახვეული ქაღალდები, ასე 7-8 გვერდი იქნებოდა, ვკითხე, რა არის-მეთქი. – რაღაც პატარა სცენარია და მინდა, ნახოო. გამოვართვი. ლიბრეტო იყო. ერთი გადაკითხვითვე წარმოვიდგინე ფილმის მთავარი გმირი, რომელიც აუცილებლად სერგო ზაქარიაძეს უნდა ეთამაშა. სხვა ვარიანტი თითქმის შეუძლებელი იყო.
მე და სულიკო სცენარის დამუშავებას შევუდექით, ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ ბევრი მოწინააღმდეგე გვყავდა, მათ ეტყობა არ ესმოდათ რის გადაღებას ვაპირებდით. მაშინდელი, სამამულო ომზე შექმნილი რუსული ფილმები ჰქონდათ წარმოდგენილი, სადაც საბჭოთა გმირები იყვნენ მთავარ როლებში. სცენარის შეფასებაშიც ბევრ შეცდომას უშვებდნენ, გვავიწროვებდნენ და საქმესაც გვიჭირებდნენ. მთავარ როლზე სპარტაკ ბაღაშვილი შემომთავაზეს, ალბათ, იფიქრეს, რომ გმირს ჰგავდა. ჩვენ გაგვეცინა სპარტაკი ძალიან მიყვარს, გენიალური მსახიობია და „არსენაში“ შეუდარებელი იყო, მაგრამ ამ როლთან საერთო მას არაფერი ჰქონდა. თუ, მაინცდამაინც, გამიჭირდებოდა, ამ როლზე კაკო კვანტალიანს დავუძახებდი. მისგან შვეიკის გაკეთება მაინც შეიძლებოდა, სპარტაკს კი ძალიან დიდ პატივს ვცემდი ყოველთვის, მაგრამ ამ ფილმში, ამ როლზე წარმოუდგენელი მეჩვენებოდა. მაშინ ჩვენი კინოსტუდიის დირექტორი, დიდებული ადამიანი იყო – მიხეილ კვესელავა. მან სცენარი თავიდანვე, სწორად გაიგო და გვგულშემატკივრობდა კიდეც. ბოლოს, როგორც იტყვიან, სამართალმა პური ჭამა და როლზე სერგო ზაქარიაძე დაამტკიცეს. სცენარის დამტკიცებას ძალიან რთული ისტორიები, კონფლიქტები მოჰყვა. კრებაზე, რომელსაც მაშინდელი რაიკომის მდივანი ედუარდ შევარდნაძეც ესწრებოდა, სიტყვით გამოვდიოდი. ტრიბუნაზე ვიდექი და ვამბობდი, რომ სცენარი, რომელიც მოსკოვში მიღებული იყო, თბილისში თვეები გაჩერდა, ვიკითხე: რატომ ხდება ეს-მეთქი. ამ დროს მესმის ვიღაცის ხმა: „ტყუილია, პირიქით, მოსკოვია უკმაყოფილო ამ სცენარითო“. შევხედე კაკოა ბაქრაძე, გავგიჟდი, ჩვენი მეგობარი იყო. ვკითხე, – კაკო, რას ამბობ, საიდან გაიგე ეგ-მეთქი. მიპასუხა, – მე იქიდან ჩამოვედი გუშინ დილით და ვიციო. მართალი გითხრათ, დავიბენი, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ძალიან, გამიკვირდა... კრება რომ დასრულდა, მოსკოვში გადავრეკე, ველაპარაკე ჩვენს რედაქტორს, იქ მითხრეს, კაკო ბაქრაძე საერთოდ არ ვიცით ვინაა, თვალით არასდროს გვინახავსო. უფრო მეტად გამიკვირდა, ვერ ვხვდებოდი რანაირად შეიძლებოდა; ამ კაცს ეს გაეკეთებინა, თანაც ჩვენი მეგობარი იყო, ყველაფერს თავი დავანებოთ, სცენარი რომ დავასრულეთ სპეციალურად დავურეკეთ კაკოს, რომ ჩამოსულიყო და ენახა. ჩამოვიდა კიდევაც და წაიკითხა. ჩვენ ახლობლად მიგვაჩნდა. სულიკო და ის ძმაკაცებადაც კი ითვლებოდნენ. ახლაც არ ვიცი, მაშინ რა მოხდა. კარგის მეტი არასდროს არაფერი გაგვიკეთებია მისთვის, მაგრამ არიან ადამიანები, რომელებსაც უბრალოდ, არ უყვართ სხვა ადამიანები, კაკოც, ალბათ, მათ რიცხვს ეკუთვნოდა. მოსკოვიდან მეორე დილითვე გამოგვიგზავნეს ტელეგრამა და დამიმოწმეს, რომ სცენარი მათგან მიღებული იყო. გადაღებებიც დაიწყო. სურათის გადაღება მთელი ეპოპეაა, განსაკუთრებით ისეთის, რომელიც ყველას ეხება და პოლიტიკურ სურათადაც კი ცხადდება. გადაღებებს, რა თქმა უნდა, ბევრი სასიამოვნო, მაგრამ ბევრი დრამატული მომენტიც ახლდა. ვარცლებით დავდიოდით თბილისიდან რუსთავში, რუსთავიდან მოსკოვში, მოსკოვიდან რიგაში...“
***
გახსოვთ, ალბათ, ფილმში, მახარაშვილს რომ არმიაში იტოვებენ, პირველად მრეცხავ ქალებს ეხმარება წყალი და ჭუჭყიანი ტანსაცმლები უნდა მიუტანოს გასარეცხად, მას არ მოსწონს ეს, ჩხუბობს, გაბრაზებული უსხამს წყალს, შეშას მიუყრის და ასე შემდეგ. თურმე, ეს ეპიზოდი სცენარში არ ყოფილა, შემდეგ დაუმატებია რეჟისორს. რუსთავში ჰქონიათ რაღაცა პატარა სცენის გადაღება. ვარცლები დაუმზადებიათ სასწრაფოდ და უფიქრიათ, ბარემ ამ ეპიზოდსაც აქ გადავიღებთ, მტკვარზეო. სად იყო და სად არა, პარტიული კომიტეტის წარმომადგენლები გამოჩენილან, ეტყობა, ვიღაცამ „ჩაუშვა“ ჯგუფი. მაშინ აკრძალული იყო ისეთი ეპიზოდის გადაღება, რომელიც დამტკიცებულ სცენარში არ ეწერა. გადამღებ ჯგუფს ვარცლები გადაუმალავს, ვერაფერი უპოვიათ და დაბრუნებულან უკან. შემდეგი გადაღებები, თურმე, მოსკოვში უნდა გაგრძელებულიყო. უფიქრიათ, იქ წავიღოთ ეს ვარცლები და „მასკვა რეკაზე“ მაინც გადავიღოთ ეს ეპიზოდიო, წაუღიათ კიდევაც, მაგრამ პარტიული კომიტეტი, რის კომიტეტი იყო, იქაც რომ პარტიულად არ გამოჩენილიყო. ისევ გადაუმალავთ ვარცლები. „გავიგეთ ვარცლები გქონიათ დამზადებული და აქ წამოგიღიათ გადაღებისთვისო, „ვიფიცე ყველაფერი, რა ვარცლები ვინ გაძლევთ ამ ინფორმაციებს, საიდან მოგაქვთ-მეთქი“, – იხსენებს რეჟისორი. შემდეგ ეს ვარცლები რიგაში წაუღიათ და როგორც იქნა, იქ გადაუღიათ ეს ეპიზოდი. „ეტყობა, იქ ვერ მოგვწვდნენ, ახლა კი სიცილით ვიხსნებ მაგრამ... როგორ შეიძლება, ასე დასდევდე ადამიანს ვარცლებით, თბილისიდან რუსთავში, რუსთავიდან მოსკოვში, მერე რიგაში“, – ამბობს რეჟისორი.
***
„გენიალურ ჩარლი ჩაპლინს ჰქონდა ასეთი თვისება, სურათს რომ გადაიღებდა, პირველად ბავშვებს შეკრებდა და მათ აჩვენებდა. მათ გულისფიცარზე ყველაფერი ყოველგვარი ტვინის ჭყლეტის გარეშე ისახება, ბავშვები ყველაზე უშუალო მაყურებლები არიან. მახსოვს, ჩვენი პირველი მაყურებლებიც ისინი იყვნენ პიონერთა სასახლეში. პიონერთა სასახლის მხატვრული კაბინეტის განყოფილების გამგე რუსთაველის თეატრის მსახიობი ნოდარ ჩხეიძე იყო. ვმეგობრობდით, მან შემომთავაზა, ფილმი ბავშვებისთვის გვენახვებინა. ჯერ არავის ჰქონდა ნანახი, იდეა მომეწონა და გადავწყვიტე, პირველი მაყურებლები ისინი ყოფილიყვნენ. ვერ წარმოგიდგენიათ რა რეაქციები ჰქონდათ. დამამთავრებელი კლასის ბავშვები იყვნენ, ზუსტად ისე გაიგეს ფილმი, როგორც მე მქონდა ჩაფიქრებული. მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერი სწორად იყო გაკეთებული. იქიდან ძალიან კარგ გუნებაზე წამოვედით. გათმამებულები... ძალიან ბევრი ქვეყანა წარმატებით მოვიარეთ: ამერიკის შეერთებული შტატები, ჩილე, პერუ, იაპონია, გერმანია, ჰოლანდია, სირია, ეგვიპტე, საფრანგეთი და ასე შემდეგ. ძალიან სასიამოვნო იყო თითოეული ჩვენება, ერთმანეთისგან განსხვავებული, საინტერესო ისტორიებით სავსე...“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან