რა დამსახურებისთვის აფასებენ განსაკუთრებით ჭიჭიკო ბენდელიანს საქართველოსა თუ უკრაინაში და როგორ მოიპოვა მან გმირის სახელი
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 11.02

კადრის ოფიცერი ჭიჭიკო ყაისარის ძე ბენდელიანი დაიბადა 1914 წელს, ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში. მან დაამთავრა სევასტოპოლის სამხედრო-საავიაციო სასწავლებელი.
მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. საბრძოლო ნათლობა ლეიტენანტმა ბენდელიანმა ომის პირველსავე დღეს, 22 ივნისს მიიღო, როცა კიევის დასაბომბად დაძრულ ოცამდე გერმანულ „იუნკერსს“ გზა გადაუღობა ოთხმა საბჭოთა მფრინავმა მოძველებული ბ-16-ით და მათი მოგერიება შეძლო.
ბრძოლის შემდეგ პოლკში დაბრუნებულმა ჭიჭიკომ ცოლ-შვილი ევაკუაციისთვის გაამზადა. მისი მეუღლე – ნადია არჩვაძე და ერთი წლის ქალიშვილი – ჯულიეტა სამხედრო დაბაში ცხოვრობდნენ და ყოველ წუთს შეიძლებოდა, მტრის ბომბების მსხვერპლი გამხდარიყვნენ. მაშინ სამხედროთა ოჯახებით სავსე ეშელონი საქართველოსკენ გამოემგზავრა.
სამამულო ომში ჭიჭიკო ბენდელიანი იბრძოდა უკრაინაში, სტალინგრადში, სამხრეთ-დასავლეთისა და ცენტრალურ ფრონტებზე. 1941 წელს ის მძიმედ დაიჭრა საჰაერო ბრძოლაში. მაშინ, როდესაც თ-16 (უკბ-12)-ით გერმანული Me-109-ის ტარანი განახორციელა, ანუ, კუდი ჩამოაჭრა გერმანულ თვითმფრინავს, რომელიც ჩამოვარდა, ბენდელიანი კი პარაშუტით დაეშვა. გამოჯანმრთელების შემდეგ ბენდელიანი ისევ პოლკში დაბრუნდა და კიდევ ბევრჯერ გამოიჩინა თავი.
ჭიჭიკო ბენდელიანის სახელზეა 410 საბრძოლო გაფრენა. მან მონაწილეობა მიიღო 70-ზე მეტ საჰაერო ბრძოლაში, გაანადგურა მტრის 30-ზე მეტი თვითმფრინავი. 75-ჯერ შეუტია მტრის ჯარებს, 45-ჯერ დაზვერა მოწინააღმდეგის ძალები, 110-ჯერ ახლდა თან საბჭოთა ბომბდამშენებსა და მოიერიშე თვითმფრინავებს, 155-ჯერ მისცა საჰაერო მხარდაჭერა საბჭოთა ჯარებს, რომლის დროსაც პირადად გაანადგურა მტრის 12 თვითმფრინავი, ხოლო ჯგუფურ ბრძოლებში – 20 თვითმფრინავი. ოთხჯერ შეუტია მტრის აეროდრომებს და გადაწვა 3 თვითმფრინავი.
ასე გამოიყურება ქერჩის 54-ე გვარდიის გამანადგურებელი საავიაციო პოლკის მეთაურის, ჭიჭიკო ბენდელიანის საომარი სტატისტიკა, რის გამოც, მას არაერთი ჯილდო გადასცეს.
1943 წლის 24 აგვისტოს ბენდელიანს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება – საჰაერო ბრძოლებში გამოჩენილი გმირობისა და თავგანწირვისთვის.
ჭიჭიკო ბენდელიანი დაიღუპა 1944 წლის 20 ივლისს უთანასწორო საჰაერო ბრძოლაში სოფელ ბიტენში, უკრაინის ქალაქ კოველის მახლობლად. დაკრძალეს კოველსკის რაიონის სოფელ გლებიში. საქართველოში გმირს შემდეგნაირად შეასხეს ხოტბა: „თბილისს მოვიდა ამბავი, დაიწვა გული მზიანი, ვარსკვლავებს მოსწყდა ვარსკვლავი, ჭიჭიკო ბენდელიანი!”
64 წელი განისვენებდა უკრაინის მიწაში ჭიჭიკო ბენდელიანი. 2008 წლის 6 მაისს, გიორგობას, ქართველი მფრინავის ნეშტი საქართველოში, თბილისში ჩამოასვენეს და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
უკრაინელებს მისი საფლავისა და სახელისთვის ყურადღება და პატივი არ დაუკლიათ. ქალაქ ლუცკის ერთ-ერთი ქუჩა ბენდელიანის სახელობისაა, ხოლო უკრაინულ სკოლაში სპეციალური კუთხეა შექმნილი მრავლისმთქმელი წარწერით – „მზიური საქართველოს სახელოვანი შევარდენი“. ქალაქ კოველში კი გმირის ბარელიეფი დააყენეს. ჭიჭიკო ბენდელიანის სახელი ამოტვიფრულია სტელაზე სტალინგრადის გმირების ხეივანში.
ქართველმა ხალხმა სახელოვანი შვილის გმირობის ამბავი ჯერ კიდევ ომის მსვლელობისას იცოდა. მასზე არაერთი ლექსი და სიმღერა შეიქმნა, სოფელ გორაბერეჟოულში არის მისი სახელობის მუზეუმი, ასევე ჭიჭიკო ბენდელიანის სახელს ატარებს ჩოხატაურის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი, სადაც ის სწავლობდა და ასევე, თბილისის ერთ-ერთ ქუჩა.
გამოყენებული მასალების წყარო: ვიკიპედია; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I; www.didisamamulo.ge/; მშველიძე, ნინო. ჭიჭიკო ბენდელიანი; www.nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან