საზოგადოება

რა დამსახურება აქვს ქართული მეცნიერების წინაშე კარპეზ დონდუას და როგორ გაუშვეს ის სასწავლებლად მასწავლებლებმა საკუთარი ხარჯებით

№44

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 08.11, 2023 წელი

კარპეზ დონდუა
დაკოპირებულია

კარპეზ დონდუა 1891 წელს ქუთაისში დაიბადა. მის მშობლებს, დარისპან და მარიამ დონდუებს, 9 შვილი ჰყავდათ. ოჯახი სოფელ მარანიდან ქუთაისში, მწვანეყვავილაზე იმიტომ გადასულა, რომ შვილებისთვის კარგი განათლება მიეცა.

დარისპანი ზაფხულობით სოფელში შრომობდა, ზამთარში კი ქალაქში პოულობდა სამუშაოს. მარიამი დიასახლისი იყო. მას განათლება ოჯახში ჰქონდა მიღებული, ზეპირად იცოდა „ვეფხისტყაოსანი“, „თამარიანი“, მრავალი ზღაპარი, ანდაზა, ლექსი და შვილებსაც ასწავლიდა. ამასთან ერთად, აჩვევდა შრომას.

მშობლების მონდომებას უნაყოფოდ არ ჩაუვლია. შვილები თავიანთი საქმის კარგი პროფესიონალები დადგნენ. უფროსმა ვაჟმა, ვიქტორმა, პარიზში მიიღო საექიმო განათლება და საცხოვრებლადაც იქ დარჩა. ვერამ მოსკოვში შეისწავლა საბიბლიოთეკო საქმე. მარგარიტა და მინადორა პედაგოგები გახდნენ. საინტერესოა, რომ მარგარიტა დონდუა „ვეფხისტყაოსნის“ მთარგმნელის, კონსტანტინე ბალმონტის ქართულის მასწავლებელი ყოფილა. ვარლამი გახლდათ ცნობილი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. დავითი – გეოგრაფი და პედაგოგი. ოლია მედიცინის და გახდა. უმცროსმა დამ, მარომ, კი აგრონომიული დაამთავრა.

ძმებს შორის განსაკუთრებული მონაცემებით კარპეზი გამოირჩეოდა. ეს თვალსაჩინო გახდა ჯერ კიდევ ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში სწავლის დროს. ნიჭიერი მოსწავლე მისმა გიმნაზიის მასწავლებლებმა, ალექსანდრე გარსევანიშვილმა და სერგი რობაქიძემ, თავიანთი ხარჯით გაუშვეს პეტერბურგში და საშუალება მისცეს, უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი დაემთავრებინა.

კარპეზ დონდუა ნიკო მარის მოსწავლე იყო. 1911 წელს ის უნივერსიტეტიდან გარიცხეს სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო. ცოტა ხნით დააპატიმრეს, შემდეგ ვოლოგდაში გადაასახლეს, საიდანაც ეტაპით გაამგზავრეს ქუთაისში. იქ პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და მხოლოდ 1914 წელს მოახერხა, სტუდენტობის უფლება აღედგინა. 1917 წლამდე ერთდროულად ორ ფაკულტეტზე სწავლობდა: ისტორიულ-ფილოლოგიურზე და აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე. 1918-1921 წლებში უნივერსიტეტმა ვაჟთა გიმნაზიაში გაამწესა პედაგოგად.

კარპეზ დონდუა, ნიკო მარის რეკომენდაციით, პეტროგრადის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ იქვე დარჩა სამუშაოდ. იმავე წელს ჩაირიცხა ვესელოვსკის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შტატში. 1922-1929 წლებში მიწვეული ლექტორის რანგში აღმოსავლური ენების ინსტიტუტში კითხულობდა კავკასიურ კურსს. 1924 წელს მიიღო პირველი თანრიგის მეცნიერი მუშაკის კვალიფიკაცია და დოცენტის თანამდებობა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიური ენების კათედრაზე. ამავე წლიდან იყო ნიკო მარის სახელობის ენისა და აზროვნების ინსტიტუტის შტატიანი მეცნიერი თანამშრომელი.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მოხდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიაში შემავალი სამეცნიერო დაწესებულებების ევაკუაცია შუა აზიის რესპუბლიკებში. კარპეზ დონდუა ოჯახით ტაშკენტში მიავლინეს, მაგრამ მან შეძლო საქართველოს სამეცნიერო წრეებთან დაკავშირება და მალე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოიძახეს.

1941-1945 წლებში კარპეზ დონდუა მუშაობდა თბილისში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იკვლევდა ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენებს, ზოგად ენათმეცნიერულ პრობლემებს.

კარპეზ დონდუას საენათმეცნიერო შრომათაგან აღსანიშნავია: „ემფათიკური ნათესაობითის საკითხისათვის ძველ სალიტერატურო ქართულში“, „ქართული ბრუნების აგლუტინაციური ხასიათის შესახებ“, „მრავლობითობის ორი სუფიქსის შესახებ ქართულში“, „აფემინიზებელი ხმოვანი ქართულში“, „ინკლუზივ-ექსკლუზივის კატეგორიის შესახებ სვანურში და მისი კვალი ძველ ქართულში”, „მიმართებითი ნაცვალსახელისა და მისამართი სიტყვის ურთიერთობისათვის ძველ ქართულში“, „შედარებით-აღმატებითი ხარისხის ფორმის გენეზისისათვის ქართველურ ენებში“, „ადიღეური ტიპის მოთხრობითი ბრუნვის გენეზისისათვის სვანურში“, „გრამატიკული უარყოფა, როგორც ზოგადი ენათმეცნიერების პრობლემა“, „დამოკიდებული წინადადების განვითარების ისტორიიდან ძველ ქართულში“, „ქართული ენის მესხური კილო“.

საყურადღებოა კარპეზ დონდუას კვლევები რუსთველოლოგიაში. ამ მიმართულებით მისი ნაშრომებია: „ამირანდარეჯანიანი“, „შოთა რუსთაველი და ქართული ლიტერატურა“, „მეტაფორა ფართო გაგებით და პოეტური მეტაფორა“, „კიდევ ერთხელ რუსთაველის ცხოვრებისადმი მიძღვნილი წიგნის შესახებ“, „ვეფხიტყაოსნის ერთი შესავალი სტროფის ლინგვისტური ანალიზისათვის“ და სხვა. მათში გაშუქებულია შოთა რუსთაველის ბიოგრაფიისა და შემოქმედების, აგრეთვე, მისი ეპოქის ქართული კულტურის საკითხები.

კარპეზ დონდუა იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ლენინგრადისა და თბილისის უნივერსიტეტების პროფესორი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კარპეზ დონდუა ლენინგრადის უნივერსიტეტში დაბრუნდა. ის გახლდათ ლენინგრადის უნივერსიტეტის კავკასიური ფილოლოგიის კათედრის უკანასკნელი გამგე.

კარპეზ დონდუა გარდაიცვალა 1951 წელს. დაკრძალულია სანკტ-პეტერბურგში, სერაფიმოვოს სასაფლაოზე.

კარპეზ დონდუას მეუღლე იყო ანასტასია პეტროვიხი. მათ ერთმანეთი 1918 წელს გაიცნეს, როცა ახალგაზრდა მეცნიერი პეტერგოფის გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობდა. იქ საბუნებისმეტყველო საგნებს ასწავლიდა პროფესორი ნიკოლოზ პეტროვიხი – ანასტასიას მამა. რამდენიმე წლის შემდეგ ახალგაზრდები დაქორწინდნენ და ორი ვაჟი – გიორგი და არჩილი შეეძინათ. გიორგი დონდუა იყო ფიზიკო-მატემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი და ლენინგრადის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში უმაღლეს მათემატიკას ასწავლიდა. არჩილ დონდუა ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორია და ახლაც მოღვაწეობს სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

გამოყენებული მასალების წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2; oralhistory.ru › tag › Дондуа_К_Д; Харатишвили, Генрико. Дондуа Карпез Дариспанович (1891-1951) // Грузины-профессора и преподаватели Восточного факультета Санкт-Петербургского университета / Генрико Харатишвили; nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა