საზოგადოება

რა დამსახურება აქვს გიორგი თუხარელს სამშობლოს წინაშე და რატომ არ იცოდა დედამისმა შვილის გარდაცვალების ამბავი

№35

ავტორი: ქეთი მოდებაძე 15:00 05.09

გიორგი თუხარელი
დაკოპირებულია

თუხარელების გვარი სამცხიდან მოდის და მეცხრე საუკუნის ციხე-ქალაქ თუხარისს უკავშირდება. მეთექვსმეტე საუკუნეში სამცხიდან დევნილი თუხარელთა გვარის წარმომადგენლები შიდა ქართლში დამკვიდრდნენ, ხოლო მეჩვიდმეტეში გვარი ორ – თეძმისა და საკორინთლოს შტოდ გაიყო.

გიორგი თუხარელი (ჟორა ტუხია) თეძმის შტოს ჩამომავალი იყო. დაიბადა 1908 წლის 25 აგვისტოს თბილისში, რკინიგზის ინჟინრის ოჯახში. მამა – ივანე გიორგის ძე თუხარელი იყო „სტატსკი სოვეტნიკის“ გიორგი ანდრიას ძე თუხარელის უფროსი ვაჟი, დედა – ანა შენგელია კი თბილისელი შეძლებული მეწარმის, მიხეილ გრიგოლის ძე შენგელიას ქალიშვილი.

პირველ საშუალო სკოლაში სწავლისას გიორგი თუხარელი ჩაბმულია ქართულ სპორტულ ორგანიზაცია „შევარდენში“ და ფეხბურთის ნაკრების წევრია. სწავლობდა ფრანგულ ენას. ძალიან უყვარდა საგვარეულო მამულში, მეტეხში საზაფხულო არდადეგების გატარება. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბარებდა საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, თუმცა უშედეგოდ. 1924 წლის აჯანყების შემდეგ თავად-აზნაურთა ოჯახებიდან სტუდენტების მიღება ძალზე გამკაცრებული იყო და გიორგი უნივერსიტეტში არ ჩარიცხეს. არსებულმა ვითარებამ და სწავლის გაგრძელების სურვილმა აიძულა, სამშობლო დაეტოვებინა. 1928 წლის 17 ნოემბერს გიორგი, მეგობრებთან ერთად, ახალციხის მხრიდან მალულად გადავიდა თურქეთში. 1929 წლის თებერვალში კი მეგობრები მარსელში გაემგზავრნენ ფრანგული გემით – „ტადლა“.

პარიზში გიორგი თუხარელი აქტიურად ჩაება ქართული ემიგრაციის კულტურულ, პოლიტიკურ და სპორტულ ცხოვრებაში. გახდა შოთა ნიკოლაძისა და მედეა ღამბაშიძის თაოსნობით დაარსებული სპორტული საზოგადოების „შევარდენის“ ფეხბურთელთა ნაკრებისა და შალვა ნებიერიძის მიერ დაარსებული ქართული თეატრალური დასის წევრი. მონაწილეობდა სპექტაკლებში და დრამატული საზოგადოების მიერ გამართულ საღამოებში. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს გიორგი თუხარელი ელექტროინჟინრის სპეციალობას დაეუფლა და მუშაობდა ერთ-ერთ ფრანგულ საინჟინრო კომპანიაში. კომპანიამ 1937 წელს პარიზის მსოფლიო გამოფენის ელექტრიფიცირებაზე კონტრაქტი მოიპოვა. ამ კონტრაქტით გიორგი თუხარელი ინგლისის პავილიონის სამუშაოებს ხელმძღვანელობდა და სამშობლოში დაბრუნების იმედს არ კარგავდა. თუმცა ეს იმედი განუხორციელებელ ოცნებად იქცა.

1937 წელს საფრანგეთის მთავრობამ ქართველ ემიგრანტებს საფრანგეთის ქვეშევრდომობა შესთავაზა, რაზეც გიორგი თუხარელმა უარი განაცხადა. 1938 წლის 7 აგვისტოს გამოგზავნილ წერილში მშობლებს სწერდა: „მე ეხლა მოლაპარაკება მაქვს, ეგების სადმე, უცხოეთში წავიდე სამხედრო სკოლაში. მირჩევნია იქ ვიყო ოფიცრად, ვინმემ საფრანგეთში ჯარისკაცად”. როგორც ჩანს, მას მოლაპარაკებები ჰქონდა მიხეილ კედიასთან, რომელიც ქართველ ემიგრანტებს გერმანიის სამხედრო სასწავლებლებში სწავლას სთავაზობდა. გიორგი შტუტგარდტის სამხედრო სკოლაში შევიდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ოჯახთან კავშირი გაწყდა...

საბჭოთა კავშირში აგორებულ რეპრესიებს ვერც თუხარელთა ოჯახი გადაურჩა: 1937 წელს დახვრიტეს გენერლები გიორგი ალექსანდრეს ძე და გიორგი სიმონის ძე თუხარელები. დააპატიმრეს და გადაასახლეს გიორგი თუხარელის ბიძა ნიკოლოზ გიორგის ძე და ბიძაშვილი მიხეილ სიმონის ძე. თუხარელთა მცირერიცხოვანი გვარისთვის ეს დიდი ტრაგედია იყო. გიორგის მამა, ივანე თუხარელი გადაურჩა დახვრეტა-გადასახლებას, თუმცა სამსახურიდან დაითხოვეს.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ ქართული ემიგრაცია ორ ბანაკად გაყო – ნაწილი ანტიგერმანულ ბანაკში აღმოჩნდა, ნაწილი კი საქართველოს გათავისუფლებას გერმანიის გამარჯვებას უკავშირებდა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა კომისრის, გრაფი შულემბურგის გეგმით გერმანიის კავკასიაში შესვლისთანავე საქართველო დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა, ქართული სამხედრო ნაწილები, გერმანულ ჯართან ერთად, წესრიგსა და საზღვრებს დაიცავდნენ, შემდეგ კი მომავალი არმიის ბირთვი გახდებოდნენ. ეს ამბავი საქართველოშიც უნდა შეეტყოთ. ამ მიზნით შტეტინში მიულერმა მოამზადა ქართველ მედესანტეთა ჯგუფი (შოთა თაქთაქიშვილი, ალექსანდრე სულხანიშვილი, გიორგი თუხარელი, ფაშალიშვილი და სხვა). საჰაერო-სადესანტო ნაწილს „თამარ პირველი” ეწოდა. მათ წვრთნიდნენ, როგორც პარტიზანულ რაზმს – ასწავლიდნენ აფთიაქში ნაყიდი წამლებით ბომბების დამზადებას, კავშირგაბმულობას, რუკების კითხვას, ორიენტირებას და ასე შემდეგ. მასში 17 კაცი იყო გაერთიანებული და მათი უმრავლესობა 1942 წელს საქართველოში დესანტის ჩასმის შემდეგ დაიღუპა.

დესანტი გერმანელებმა საქართველოს რამდენიმე რაიონში (ჭიათურის რაიონი, ქვემო სვანეთი, ამბროლაურის და ონის რაიონები, გურია, კახეთი) 1942 წლის სექტემბერში გადმოსვეს. დესანტი ოთხ ჯგუფად იყო დაყოფილი, გიორგი თუხარელი მე-4 ჯგუფში ირიცხებოდა. ეს ჯგუფი აფხაზეთ–სამეგრელოში – გალისა და წალენჯიხის რაიონებში მოხვდა. გამანადგურებელმა ბატალიონებმა დესანტის წევრები მალევე შეიპყრეს. გიორგი თუხარელი, ფრანც ეგერი და გრიგოლ მიროტაძე ცოცხლად არ დანებდნენ და ისინი 10 სექტემბერს წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარზენთან დახვრიტეს. შეპყრობილთაგან გაიგეს დაღუპულთა ვინაობა.

ივანე თუხარელმა 1942 წელსვე შეიტყო შვილის დახვრეტის ამბავი, იგი დაიბარეს უშიშროების კომიტეტში და ხელი თბილისიდან გაუსვლელობაზე მოაწერინეს. ივანემ ეს ტრაგედია არ გაანდო თავის მეუღლეს. ანა თუხარელს სიკვდილამდე სწამდა, რომ მისი შვილი ცოცხალი იყო და რომელიღაც ქვეყანაში ცხოვრობდა.

გამოყენებული მასალების წყარო: www.nplg.gov.ge; „ვიკიპედია“; .kvirispalitra.ge/; თუხარელი გიორგი // ქართველები უცხოეთში; გიორგი მამულია, მეორე მსოფლიო ომში ქართული ლეგიონის ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და თავისუფლებისათვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა