საზოგადოება

რა ბიზნესი წამოიწყო გიორგი მარგველაშვილმა მეგობრებთან ერთად და როგორი ცხოვრებაა მაკა ჩიჩუასთვის სამარცხვინო

№35

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 06.09, 2021 წელი

მაკა ჩიჩუა
დაკოპირებულია

„კურკოს ტყე“ – ამ დასახელებით ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და მისმა მეგობრებმა დუშეთში საცხენოსნო კლუბი ჩამოაყალიბეს. „კურკოვუდსი“ მარტო ცხენების მოყვარულთათვის არ არის მიმზიდველი ადგილი, მის შესახებ დეტალურად მოგვითხრობს ყოფილი პირველი ლედი.

მაკა ჩიჩუა: ეს იდეა გიორგისგან და მისი მეგობრებისგან წამოვიდა, მათ ძალიან უყვართ ცხენები. გიორგი ბავშვობიდან დადიოდა იპოდრომზე. ძალიან პატარამ ისწავლა ჯირითი და იპოდრომიდან მთაში გადაინაცვლა. ძალიან კარგი მხედარია. რადგან ქალაქგარეთ ვცხოვრობთ, მაგრამ არც ისე შორს ქალაქიდან და ჩვენთან არის არაჩვეულებრივი ადგილები საცხენოსნო ტურებისთვის, გიორგიმ და მისმა სამმა მეგობარმა გადაწყვიტეს, რომ საცხენოსნო კლუბი ჩამოეყალიბებინათ. პროცესში მივხვდით, რომ შეიძლებოდა, ამ ადგილისთვის სხვა დანიშნულებაც მიგვეცა. მაგალითად, თუ ადამიანს ნებისმიერი ივენთის გამართვა მოუნდება, ან სტუმრების ლამაზ ბუნებაში გაყვანა, აქ ამისთვის არაჩვეულებრივი გარემოა. სახელიც ძალიან ნატურალური შევურჩიეთ „კურკოვუდსი“ – იმიტომ, რომ ამ ტყეს კურკო ჰქვია. ჩავდგით პატარა ნაგებობა მწვანე გადახურვით, რომელიც დიდ ხანსაც ძლებს, პრაქტიკულიცაა და რაც მთავარია, ძალიან ბუნებრივად ერწყმის გარემოს. ძირს ქვა დავაგეთ და ბეტონის ნაცვლად ბალახებით გავჭედეთ. ჩვენი მეზობლები – პროფესიონალი მზარეულები, უგემრიელეს ქართულ კერძებს ამზადებენ. ასე რომ, ცხენის ტურის შემდეგ შეგვიძლია, გემრიელად გიმასპინძლოთ, თუმცა, ჩვენს ფიჭვის ტყეში ცხენის გარეშეც შეგიძლიათ, გვესტუმროთ ჩაიზე ან ყავაზე. ვცდილობთ დუშეთი კიდევ უფრო ახლოს გავაცნოთ ადამიანებს, ვიდრე იცნობენ. აქ რამდენიმე წლის განმავლობაში ილია ჭავჭავაძე მოღვაწეობდა, აქვე დგას კოშკი, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, ტაძარი – ეს ჩვენი ისტორიაა, რომელიც გვინდა, ქართველმაც გაიცნოს და უცხოელმაც. თუ ამის სურვილი გექნებათ, კაფე-რესტორანში თვითონაც შეგიძლიათ, მოამზადოთ გემრიელობები, ფილმის ყურება თუ გინდათ, ეკრანიც გვაქვს. შეგიძლიათ ბენდი ამოიყვანოთ, თუ არადა, კარაოკეთი ისიამოვნოთ. კარგად და ჯანმრთელად დასვენებისთვის აქ ბევრი პირობაა. ცხენოსნობის მოყვარულებისთვის – განსაკუთრებით, თუმცა, სამწუხაროდ, მე არ ვარ მხედარი.

– მეუღლემ ვერ აგიყოლიათ?

– ყველგან ბავშვებს დავდევ და ამისთვის ძალა აღარ მაქვს, ამიტომ ჯერ ფეხს ვითრევ, მაგრამ აუცილებლად დავჯდები, ძალიან მინდა. გიორგის ნათესავთან ერთად აქამდეც ჰყავდა ერთი-ორი ცხენი, მაგრამ თბილისიდან, თან უამრავი საქმის ფონზე, უჭირდა მოვლა.

ყველაფერი ჩვენი ხელით გავაკეთეთ და ძირითადად, ნატურალური მასალით, ბევრი რამ, მათ შორის მონარჩენი მასალებიც, ჩვენ და გიორგის მეგობრებს გვქონდა ოჯახებში. თანამედროვე მსოფლიოში მოაზროვნე ადამიანები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ძვირის გადახდა ბრენდებში, რომელსაც ერთხელ გამოიყენებ და მეორედ აღარ, სისულელეა. ფული მარტო იმაში არ უნდა დაგენანოს, რასაც მრავალჯერადად გამოიყენებ და ასეთი მასალა ყველას გვქონდა. ვისაც რა შეგვიძლია, იმას ვაკეთებთ. ესთეტიკის კუთხით მეც აქტიურად ვიღებდი ამ პროცესში მონაწილეობას. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენ ჩვენი სასტუმროც გვაქვს. თვალი არ ეცეთ, ჩვენი სტუმრები ყველანი ისეთი კულტურული და მოწესრიგებული ადამიანები არიან, მერე დასალაგებლად რომ შევდივართ, ყველაფერი ისე კულტურულად აქვთ დატოვებული, ელემენტარულის გაკეთებაღაა საჭირო.

– ცოტა კუდაბზიკობა გვახასიათებს ადამიანებს და პირველი ლედის სტატუსის შემდეგ ამ ყველაფერში მართლა იღებთ მონაწილეობას?

– რას ამბობთ?! ყველაფერს ვაკეთებ, რაც კი შემიძლია. ვის ანდობ ისე, როგორც საკუთარ თავს. ეს, ფაქტობრივად, ჩემი სახლია. დამხმარე, რა თქმა უნდა, მჭირდება, ოფიციანტადაც სიამოვნებით ვიმუშავებდი, მაგრამ ორი პატარა მყავს და ფიზიკურად არ მაქვს ამის შესაძლებლობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სტაფი არ გვყავს, სხვანაირად წარმოუდგენელია და ჩვენ ადგილობრივებს ვასაქმებთ, თუმცა ყველა ერთად ვშრომობთ.

– როცა ადამიანი დასასვენებლად მოდის და იცის, რომ ყოფილი პრეზიდენტი და პირველი ლედი მასპინძლობენ, ეს დიდი პლუსია.

– კი, ამაზეც აკეთებენ აქცენტს. „ეარბიენბიზე“ ვაქირავებთ ჩვენს კოტეჯს და უცხოელებიც გვეუბნებიან ხოლმე, გარდა იმისა, რომ ფოტოებიდან გარემო და კოტეჯი ძალიან მოგვეწონა, განსაკუთრებულად გვინდოდა აქ მოვხვედრილიყავითო – როგორია, პრეზიდენტთან მიდიხარ ტყეში. აღტაცებულები არიან, როცა ხედავენ, როგორი უშუალოა პრეზიდენტი და თავის ხელით აკეთებს ყველაფერს. დღეს ეს არის კულტურა და ეს არის მოდა. შენ უნდა დააფუძნო მოდა, ამას მივხვდი, შენ უნდა ასწავლო საზოგადოებას, რა არის სწორი და ჯანმრთელი, არა მოჩვენებით, არამედ გულწრფელად. ჩვენ ხომ ჩვენი სურვილით გადმოვედით აქ საცხოვრებლად, გიორგი პრეზიდენტობამდეც აქ ცხოვრობდა და მერეც, ეს ჩვენი არჩევანია.

– ულამაზესი ბაღი გაქვთ, მრავალფეროვანი ვარდებით, როგორ უვლით?

– ახლაც რომ გელაპარაკებით, თან ბოსტანს ვრწყავ. ჯერ მიწა უნდა მოამზადო, გაანოყიერო, მოთოხნო, ჩითილები ჩარგო, მერე ჭოკები შეუყენო და რომ წამოიზრდება, ააკრა. დააკვირდე ყოველდღიურად რომ მავნებლები არ შეესიოს, გვალვებში ყოველდღიურად მორწყა, ბალახი მოაშორო. თუ საჭიროა, შეწამლო – მოდუნების შანსი არ გრჩება (იცინის). თან ორ პატარაზე უნდა გეჭიროს თვალი, შეიძლება, უცებ შემოვარდნენ და გადაურბინონ შენს ნაფოფინებ და ნაფერებ ვარდებსა და პომიდვრებს. შარშან ძალიან ბევრი პომიდორი და კიტრი მქონდა და ვერ მოვუარე. მივხვდი, რომ ჩემს ძალებს აღემატებოდა. წელს სულ ოცდახუთი ძირი მაქვს, წიწაკები, ბადრიჯანი, მწვანილი, კიტრი – ამაზე შევჩერდი. ახლა კურკოს ტყეც რომ დაგვემატა, ძალიან ბევრი საქმეა. პლუს კიდევ ბაღი და ყვავილების მოვლა. ვინც იცის ეს რამხელა შრომას მოითხოვს, კარგად გამიგებს. თავიდანვე ისეთი მცენარეების შეგროვება დავიწყე, რომელიც ყინვას უძლებს. ვარდების თითქმის ყველა სახეობა ასეთია. სუბტროპიკული მცენარეც მაქვს – ჰორტენზია, რომელმაც ძალიან გამაწვალა, ცოტა წყალი თუ დააკელი, მომაკვდავი ხდება და ამაზე ძალიან ვნერვიულობ ხოლმე. ტერასებიანი ლანდშაფტია. ქვემოთ ბოსტანი მაქვს, ერთი ტერასით მაღლა – საცხოვრებელი სახლი, მერე უზარმაზარი ტერასა, სადაც ეს კლუბი და კაფე გავაკეთეთ. ტერასებს შორის ამდენი სირბილი ძალიან დამღლელია.

– ამიტომაც ხართ სულ ფორმაში, აღარ გჭირდებათ დამატებით ვარჯიშები.

– კი, ეგეცაა (იცინის). თუმცა, მე არ მიყვარს ჭამა, არ ვარ გემრიელობების მოყვარული. ალბათ, უფრო ამის დამსახურებაა, მაგრამ აქეთ-იქით სირბილი დიდი დოზით მიწევს. ზოგჯერ ხატვა მინდება – ეს ხომ ჩემი პროფესიაა, ამასაც დიდი დრო სჭირდება, ხან ერთი ბავშვი მოირბენს, ხან მეორე, მოკლედ, ამხელა ტერიტორიაზე ყველაფერი ხდება (იცინის). ოროთახიან ბინაში რომ ვცხოვრობდე, ბევრად გაადვილებული მექნებოდა ცხოვრება, ბოსტანში არ ვიქნებოდი გასაქცევი და ჰორტენზიებზე არ ვიდარდებდი, მაგრამ როცა მიწაა და თან, საკმაოდ დიდი ტერიტორია, გიწევს სირბილი და მუდმივი დარდი მოსავალსა თუ სხვა დეტალებზე. ერთი წამი არ გაქვს მოცლა. უტრირების გარეშე გეუბნებით, თავის მოსაფხანი დროც არ მრჩება. ეგ კი არა, ბავშვებს ვეხვეწები ხოლმე, საპირფარეშოში მინდა შესვლა, გამიშვით-მეთქი და იქაც მომდევენ (იცინის). სულ ვეჩხუბები, ძალიან მღლიან და მაგიჟებენ. სიბერეში რა დღეში ჩავიგდე თავი ამ ორი პატარა ხულიგანი ბავშვისთვის (იცინის). ამათი გადამკიდე ფეხზე ვეღარ ვდგები. დამხმარე ქალი მყავს, მაგრამ ისიც რამდენს გასწვდება.

– კიდევ ორ პატარას უნდა მოუმზადოთ საკვები, მეუღლესაც. კაცებს კი განსაკუთრებული მოთხოვნები აქვთ...

– გიორგი არ არის პრეტენზიული, მაქსიმალურად ცდილობს, არ გავართულოთ კვების ამბავი და ძალიან მარტივად გამოვძვრეთ. ბავშვებს ისედაც თავისი საკვები სჭირდებათ, ერთს – სხვა, მეორეს – სხვა. გიორგისთვის მთავარია, სახლში რაღაც იყოს, რისგანაც შეიძლება საკვები შეიქმნას. ხშირად ერთად ვამზადებთ. მე საერთოდ არ მიყვარს სამზარეულოში ყოფნა, ეს ჩემი ტრაგედიაა. შემიძლია, წავიდე მშენებლობაზე, იქ აგურები ვზიდო, ცემენტი მოვზილო – ძალიან გამძლე ვარ და ეს მირჩევნია სამზარეულოში ფუსფუსს. ალბათ, იმიტომ, რომ მე თვითონაც არ მიყვარს ჭამა-სმა, ეს ჩემთვის ტანჯვაა. ვერ ვხვდები, რატომ უნდა ვტიტყნო ამდენ ხანს და მერე ორ წუთში აღარაფერი დარჩეს და ყველაფერი თავიდან იყოს გასაკეთებელი.

– მეუღლე?

– გიორგის უფრო გამოსდის. ბოლო დროს რამდენიმე კერძი მოვიფიქრეთ, დამოუკიდებლადაც მოუმზადებია და გემრიელი გამოუვიდა. გიორგი ძალიან ნიჭიერი ადამიანია. ხეზე მუშაობა ისწავლა და მისგან ნივთების დამზადება, მერე შედუღაბება ისწავლა, დაბადების დღეზე პატარა „სვარკის“ აპარატიც კი აჩუქეს. რითაც დაინტერესდება, ყველაფერს სწავლობს, თან ლექციებს კითხულობს, ამასაც ხომ მომზადება უნდა. თან ყოფილი პრეზიდენტია და ახალგაზრდები განსაკუთრებული ყურადღებითა და სიყვარულით უსმენენ, თუმცა პრეზიდენტობამდეც ასე იყო. სულ ახალ საქმეს ეძებს, ძალიან ინტერესიანია. დედამისიც ასეთია, ქალბატონი მზია 86 წლის არის და სამ უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს. მისი ლექციებიდან დასვენებაზეც კი არ გადიან სტუდენტები. აფრენენ მასზე, ოცი წლის ახალგაზრდები სახლში აკითხავენ და თვალებში უყურებენ, აბა, რას მოუყვება. პროფესიით ფსიქოლოგია. გიორგის, ალბათ, დედისგან გადაეცა ეს ნიჭი და აღზრდაც შესაბამისი აქვს.

– თქვენს პიროვნებაზე ვისაუბროთ – ცოტა ხნის წინ ირაკლი ჩარკვიანთან ერთად გადაღებული ფოტო დადეთ. მრავალფეროვანი ინტერესები არც თქვენთვის არის უცხო – ხატვა, სიმღერა, მსახიობის პროფესია...

– არანაირად არ ვკომპლექსდები გიორგის გამო, რადგან მე ჩემი ბიოგრაფია მაქვს და საკმაოდ საინტერესო. ყოველთვის აქტიური ვიყავი შემოქმედებითი თვალსაზრისით. გიორგი რომ პრეზიდენტი გახდა, მე განვიხილებოდი ცალკე ადამიანად და არა მაინცდამაინც გიორგიზე მიბმულად. ან მლანძღავდნენ, ან მაქებდნენ (იცინის). არც ის იქნებოდა პრობლემა, მხოლოდ გიორგიზე რომ ვიყო მიბმული, უბრალოდ, რეალობა ასეთია და არა იმიტომ, რომ მიზანმიმართულად ვცდილობ ყურადღების მიქცევას, უბრალოდ, ესაა ჩემი ცხოვრება. ბევრ რამეში შეიძლება, არ ვჩანვარ, რადგან ძალიან თვითკრიტიკული ვარ. აი, ჩემს გამოფენას რომ გავაკეთებ, იქნებ მერე, როგორც მხატვარი, კიდევ სხვანაირად შემაფასოთ. რაც შეეხება ფოტოს ირაკლი ჩარკვიანთან ერთად – ეს არის აფხაზეთის ომის პერიოდი. კონცერტი გავმართეთ პიონერთა სასახლეში. ერთხელ გავიარეთ რეპეტიცია და გავედით ბენდთან ერთად. ირაკლი მღეროდა, მეც ვმღეროდი, დავხტოდით სცენაზე, მაშინ სულ სხვა ატმოსფერო იყო. ასეთი რამ აღარ მომხდარა. მერე ირაკლის უფრო დიდი კონცერტები ჰქონდა, ძალიან წარმატებული გახდა, იმ დროს ირაკლი ჩარკვიანი მხოლოდ ჩვენმა წრემ იცოდა – წრემ, რომელიც 90-იანებში ვცდილობდით, შემოქმედებით გადავრჩენილიყავით. გვიყვარდა ის, რასაც ვაკეთებდით. შეიძლება, ვიღაცას ავტომატი გაესროლა და ყველა ვინც ქუჩაში ვიყავით, ასფალტზე ვწვებოდით. ამ საგიჟეში იმხელა ენერგია მოდიოდა ჩვენგან და ისეთი მუხტი ტრიალებდა, რაც იმ ტრაგედიისგან გადარჩენის ძალას გვაძლევდა. პური გვქონდა, მარილიან წყალში ვწვავდით და ისე ვჭამდით ერთად. უამრავი ადამიანი ირაკლი ნიკოლაძის ერთოთახიან ბინაში ვიკრიბებოდით და სახლებში გარიჟრაჟზე ვბრუნდებოდით, ბედნიერები, იმიტომ, რომ ენერგია დავხარჯეთ, ის გავაკეთეთ, რაც გადარჩენის გზად გვესახებოდა, თავში ხელის რტყმისა და „ვაი რა უბედური ვარ“ ძახილის გარეშე. ხალხს საჭმელი არ ჰქონდა და ჩვენ კიდევ კონცერტი გავაკეთეთ შიგ პიონერთა სასახლეში, დავხტოდით ჰიპურად და ხულიგნურად. ყველანი მშივრები ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ გელა ჩარკვიანი შევარდნაძესთან მუშაობდა, მე ხომ ვხედავდი, რომ ირაკლიც ზუსტად ისევე იკვებებოდა და ისევე ეცვა, როგორც ჩვენ. ანუ, არც მას და არც ჩვენ არაფერი გვქონდა ენთუზიაზმის გარდა. ასე ჩავაგრიხინეთ 90-იანები და ყველაფრის მიუხედავად, ის დრო ყველას საუკეთესოდ გვახსენდება.

– იმ დროსაც და ახლაც, უამრავი პრობლემა და სტრესია ამ დროს თქვენ მუდმივად სიმშვიდეს ასხივებთ, როგორ?

– ნამდვილად არ ვარ მშვიდი, მაგრამ არც ისტერიული. როცა რაღაც საპანიკო ხდება, წონასწორობასა და ჩემს ღირსებას ვინარჩუნებ. თუ საკუთარ ღირსებასა და ღირებულებებზე იტყვი უარს, თუ ერთს ქადაგებ და მერე საპირისპიროს გააკეთებ, სიტყვას თუ გატეხ, ადამიანობაზე არ უნდა გქონდეს პრეტენზია. ეს ჩემთვის ძალიან მიუღებელია და ამას არასდროს გავაკეთებ გამიზნულად. ფული და გავლენა არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ხანდახან რომ მეკითხებიან, პირველ ლედობაზე გიოცნებიათო, ვწუხდები. ცხოვრებაში არაფერზე მიოცნებია, ყველაფერს, კარგსაც და დარდიანსაც ვიღებ, ვიცი, რომ ეს ჩემი გასავლელია. ჩემთვის მთავარია, ჩემს ღირებულებებს არ ვუღალატო. საკუთარი პრინციპების დაცვა ძვირი გვიჯდება, კონფორმისტობაა ძალიან მარტივი, უცებ გადაეწყობი იმაზე, რაც გაწყობს და აღმოჩნდები იქ, სადაც მეტად თბილი ადგილია, მაგრამ ჩემთვის ყველაზე რთულია, თავი ვიგრძნო ადამიანად, ვინც საკუთარ ღირებულებებზე თქვა უარი – სირცხვილია ასე ცხოვრება.

P.S. გამოყენებულია მაშო ჩიჩუას და ლელი ბრაგონრავოვას ფოტოები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი