საზოგადოება

რა ბედი ეწეოდა სამურაის, თუ ის ჰარაკირზე უარს იტყოდა

№40

ავტორი: რევაზ ტომარაძე 19:00 11.10

სამურაი
დაკოპირებულია

ჰარაკირი – უმაღლესი არისტოკრატიის თვითმკვლელობის (მუცლის გამოფატვრის) სახელგანთქმული წესი.

ჰარაკირის პროცედურის შესრულების წესი ძალზე მკაფიოდაა განსაზღვრული. სამურაი ჯდება მუხლმორთხმით, წერს თავის ბოლო ლექსს (ვაკა), რომელშიც თვალსაჩინოდაა გადმოცემული მისი შიდა სიმშვიდე სიკვდილის წინ. რის შემდეგაც 4 ყლუპით (ციფრი ოთხი იაპონურად ჟღერს, როგორც „სიკვდილი) არაყს – საკეს, შემდეგ განსაკუთრებული პატარა მახვილით – „ტანტოთი“ ასრულებს დაწესებულ რიტუალს, რის შემდეგაც მსახური ან ძველი მეგობარი უფრო დიდი მახვილის ჩარტყმით ბოლოს უღებს.

იაპონელები ძველთაგანვე მიიჩნევენ, რომ ღმერთებმა ადამიანებს სასიცოცხლო ძალა სწორედ მუცელში (ჰარა) ჩაუნერგეს და საკუთარი მუცლის გადახსნით ადამიანი სწორედ ამ სასიცოცხლო ძალას უშვებს გარეთ.

იაპონელ სამურაის ყოველთვის მტკიცედ ჰქონდა ჩანერგილი, რომ მის ცხოვრებაში შესაძლოა, ნებისმიერ დროს დამდგარიყო მომენტი, როცა სრულიად მშვიდად გაემგზავრებოდა ყოფიერების „ცოკოლის სართულისკენ“. ხოლო თუ მძიმე გადაცდომა დაუშვა მიკადოსთან (იმპერატორი) მიმართებაში ან თავისი ქვეყნის წინაშე, ჩამოურეცხავი საძრახისი საქმით შეირცხვინა თავი, სახელი, მაშინ, ვალდებული იყო, შეესრულებინა სწორედ ჰარაკირი.

სამურაის შეეძლო, ჰარაკირი შეესრულებინა მაშინაც კი, თუ მას საერთოდ არ ჰქონდა ჩადენილი ცოდვა, უბრალოდ, ომში იღუპებოდა მისი საყვარელი დაიმე (ბატონი, მბრძანებელი). სიცოცხლესთან ანგარიშის გასწორება და უცხო სამყაროში საყვარელ სიუზერენთან გასვლა შუა საუკუნეების იაპონიაში ერთგულების გამოხატვის უმაღლეს აქტად ითვლებოდა.

იაპონელი ოფიცრები, რომლებიც სამურაების შთამომავლებად მიიჩნევდნენ თავს, მეოცე საუკუნის დასაწყისშიც კი ფართოდ იყენებდნენ პრაქტიკაში ჰარაკირს. მაგალითად, 1912 წელს ეს რიტუალი თვით ნოგი მარესუკემ – იაპონელმა გენერალმა ჩაიტარა, რომელმაც პორტ-არტური აიღო. მან საკუთარი თავი დამნაშავედ მიიჩნია დიდ დანაკარგებში რუსული ციხესიმაგრის ხანგრძლივი ალყის დროს.

ჰარაკირის ფართოდ ცნობილი ბოლო მასობრივი აქტები ამომავალი მზის ქვეყანაში 1945 წლის ადრეულ შემოდგომაზე მოხდა. არცთუ ძნელად მისახვედრია, რომ ერთიმეორის მიყოლებით ემშვიდობებოდნენ სიცოცხლეს უმაღლესი რანგის იაპონელი ოფიცრები, რომლებიც გულდაწყვეტილი იყვნენ თავიანთი სახელმწიფოს დამარცხებით ამერიკელებთან ომში.

სეპუკუ (ჰარაკირი იაპონურ ენაზე), სხვათა შორის, დროდადრო დღესაც გვხვდება იაპონიაში. მაგალითად, 2001 წელს ასეთი თვითმკვლელობა გადაწყვიტა სახელგანთქმულმა იაპონელმა ძიუდოისტმა, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, ისაო ონოკუმამ... უბრალოდ, იმიტომ, რომ მან ფინანსურ კრახამდე მიიყვანა მისთვის მინდობილი სამშენებლო კომპანია.

საინტერესოა, რა ბედი ეწეოდა სამურაის, თუ უცებ უარს განაცხადებდა მუცლის გამოფატვრაზე.

აქ დიდი არჩევანი არ არის.

პირველი ვარიანტი: სამურაი, რომელსაც უბრალოდ, სახელი ჰქონდა გატეხილი, შეეძლო, ეცოცხლა ასე შერცხვენილს. შუა საუკუნეების იაპონია არცთუ დიდი, თანაც ჩაკეტილი სახელმწიფო იყო. სადმე საიმედოდ დამალვა სრულიად შეუძლებელი იყო. ახალ ცხოვრებას ვერსად დაიწყებდა. ასეთი ადამიანი საზოგადოებიდან საუკუნოდ გაძევებული რჩებოდა, რომელსაც მასხრად იგდებდნენ ყველგან, სადაც არ უნდა გამოჩენილიყო.

თუ ერთი იაპონელი არისტოკრატი მეორის მიმართ უღირსობას ჩაიდენდა, მისი მოძებნა სიძნელეს არ წარმოადგენდა, მოძებნიდნენ და სიცოცხლეს გამოასალმებდნენ მიგზავნილი საიდუმლო მკვლელები – ნინძები. თავისი მბრძანებლის მოკვლისთვის, შეეძლოთ, შური ეძიათ მის ერთგულ ვასალებს.

ლეგენდა გადმოგვცემს, თუ როგორ იძია შური 47 რონინმა (ჯარისკაცებმა, რომლებმაც სუზერენი დაკარგეს) თავიანთი მბრძანებლის, სამეფო კარისკაცის, კირა იოსინაკას მკვლელზე, რომელიც უარს აცხადებდა ჰარაკირის შესრულებაზე. იერიშით აიღეს მისი სასახლე და თავად ის მამა-პაპათა გზას გაუყენეს. შემდეგ კი ჩაბარდნენ ხელისუფლებას და მთელი „კოლექტივით“ შეასრულეს „თვითგვემა“ – სუბუკუ.

ანდა, მიკადოს ან სეგუნს შეეძლოთ დანაშაულის ჩამდენ სამურაისთვის და მისი შთამომავლებისთვის ჩამოერთმიათ მთელი მათი სიმდიდრე და ის სამუდამოდ ყოფილიყო გაძევებული, თუმცა სიცოცხლის ასეთი შენარჩუნება შეიძლება, ხშირად ნებისმიერ სიკვდილზე უარესი ყოფილიყო.

და ბოლოს, თუ სამურაი, სეგუნთან ერთად, ძალიან სერიოზულ დანაშაულს ჩაიდენდა სახელმწიფოს ან მიკადოს წინააღმდეგ, აქ უკვე მას დიდი არჩევანი აღარ რჩებოდა. ჰარაკირი პატივს სდებდა დამნაშავეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, წამების შემდეგ სამურაის, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, ხელმწიფის მსახურთა მიერ სამარცხვინო სიკვდილი ელოდა – თავის მოკვეთა, ჯვარცმა ან ჩამოხრჩობა.

* * * *

საერთოდ შემცოდე იაპონელი სამურაისთვის ჰარაკირი წარმოადგენდა მხოლოდ კარგ შესაძლებლობას, პირადად დაესრულებინა საკუთარი სიცოცხლე, ვიდრე თავლაფი დაესხა საკუთარი სახელისთვის, ხელში ჩავარდნოდა მტრებს და დასჯილი ყოფილიყო ბევრად უფრო ულმობელი სიკვდილით. ამიტომ, ჩვეულებრივ, იაპონელი მეომრები ამ რიტუალზე უარს არ ამბობდნენ, თუმცა არც განსაკუთრებული არჩევანი გააჩნდათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა