საზოგადოება

რა ასწავლა ჯაბა გეგეშიძეს პატრიარქთან გატარებულმა წლებმა და როგორ გააძლიერა ის პირადმა ტრაგედიებმა

№25

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 16:00 29.06

ჯაბა გეგეშიძე
დაკოპირებულია

ჯაბა გეგეშიძე პრაღის ნაციონალური დრამისა და ოპერის თეატრის მომღერალი გახლავთ. დღეს წარმატებული კარიერა აქვს, თუმცა აქამდე მოსასვლელად გრძელი და წინააღმდეგობებით სავსე გზის გამოვლა მოუწია.

ჯაბა გეგეშიძე: ჩემს სწავლა-განათლებაში დიდი წვლილი მამიდას მიუძღვის. მას სურდა, სამართალმცოდნე ვყოფილიყავი. მოგეხსენებათ, სამეგრელოში არის და იქნება ეს ტრადიცია – როდესაც ვაჟი იბადება, უნდათ, ან სამართალმცოდნე იყოს, ან ჰუმანიტარულ სფეროს მოჰკიდოს ხელი. მეც მაძალებდნენ ამ მიმართულებით წავსულიყავი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩემგან არცერთი არ გამოვიდოდა. მიუხედავად ამისა, მამიდის სურვილი გავითვალისწინე და იურიდიული წარჩინებით დავამთავრე.

რაც შეეხება მუსიკას, ბავშვობაში სულ ვღიღინებდი, რასაც ბებიამ მიაქცია ყურადღება. მე მრავალშვილიანი ოჯახიდან გახლავართ. ათი დედმამიშვილი ვიყავით, თუმცა, სამწუხაროდ, 7 დავრჩით. მამაჩვენი ფეხბურთელი გახლდათ, მაგრამ ბებია მთავარი ბუღალტერი იყო ფილმების ინდუსტრიაში და თურმე, მამა ხშირად დაჰყავდა თავის სამსახურში. აქედან გამომდინარე, მამა ხელოვნებასთან ახლოს იყო – კარგად ცეკვავდა, მღეროდა და მისგან შვილებზეც გადმოვიდა მუსიკალური და სამსახიობო უნარები. ჩემს უფროს დებს მუსიკალური განათლება ჰქონდათ მიღებული, მაგრამ ამ გზას არცერთი არ გაჰყვა. როცა მეც შევამჩნიე, რომ მუსიკალური ნიჭი მქონდა, მონდომებით დავეწაფე. მიყვარდა ეს საქმე. ვგრძნობდი, რომ სიმღერა ჩემი შინაგანი მოწოდება იყო. მაგრამ მერე მამიდამ მითხრა, ამით თავს ვერ ირჩენ, მაგ წრეში ახლობლობისა და ნაცნობობის გარეშე არაფერი გამოდისო და სხვა მიმართულებით წავედი. მაგრამ სიმართლე გითხრათ, მერე, როცა ყველაფრის მიუხედავად, მაინც ამ გზას დავადექი, წინ ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა და რომ არა მამიდას გაფრთხილებები და ბარიერები, რომელიც მან შემიქმნა, მე ამ წინააღმდეგობებისთვის ფსიქოლოგიურად მზად არ ვიქნებოდი.

გარდა ამისა, ჩემი ცხოვრება არ არის მარტივი – ტრაგიკულად დამეღუპნენ ძმები, შემდეგ პატარა დაც დამეღუპა. ჩემს ბიოგრაფიაში სწორედ მაშინ მოხდა ტრაგიკული მოვლენები, როდესაც მე კონსერვატორიაში ჩასაბარებლად ვემზადებოდი. მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამანაც გამაძლიერა.

წინააღმდეგობას წარმოადგენდა ჩემი ახლობლების წრეც – მათ ეს საქმე არასერიოზულ პროფესიად მიაჩნდათ. თუმცა, ეს ჩემთვის ბარიერი კი არა, დიდი სტიმული იყო. მართლაც, კონსერვატორიაში უფასოზე ჩავირიცხე. არასდროს მიფიქრია იმაზე, თუ ვინ რას იტყოდა ჩემზე. არადა, საქართველოში სწავლის წლებში მართლა საოცრებები მესმოდა ჩემ შესახებ და რომ არა კონსერვატორიაში შეხვედრილი წინააღმდეგობები, მე ვერაფერს მივაღწევდი.

თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არა თბილისის კონსერვატორიის იმჟამინდელი რექტორი მანანა დოიჯაშვილი, რომლის უდიდესი წვლილია ჩემს წარმატებაში, მე დღეს ამ მოცემულობაში ვერ ვიქნებოდი. ის ჩემი ერთადერთი იმედი იყო. მითხრა, ძალიან ლამაზი ხმა გაქვთ და მინდა მუსიკალური განათლება მიიღო, მე მაქსიმალურად შეგიწყობ ხელსო და მართლაც, ერთის ნაცვლად ოთხი პედაგოგი გამომიყო პროგრამის დასაძლევად – სრულიად უფასოდ.

– რა წინააღმდეგობები იყო კონსერვატორიაში?

– ძალიან მწყინს ამას რომ ვამბობ, მაგრამ მუსიკალურ კათედრაზე იყო დაპირისპირებები, რომელსაც სტუდენტები ვეწირებოდით. მიწერდნენ დაბალ ნიშანს და ვერ ვმონაწილეობდი კონცერტებში. ხელოვნურად მიქმნიდნენ ბარიერებს. სამწუხაროდ, პედაგობებს შორის იყო დაპირისპირება და მე შიდა ინტრიგების მსხვერპლი ვიყავი, თუმცა – არა მხოლოდ მე. მერე მაგისტრანტის სტატუსის მისაღებად საოცარი წინააღმდეგობების გადალახვა დამჭირდა. არადა, ეს აუცილებელი იყო უნგრეთში სწავლის გასაგრძელებლად. მონაცემები გავგზავნეთ უნგრეთში და მათ მე ამირჩიეს, მაგრამ ნაბიჯს ვერ გადავდგამდი, თუ თბილისის კონსერვატორია მაგისტრანტის ხარისხს არ მომანიჭებდა. მაგისტრატურაზე თუ ვერ მოვხვდებოდი, სწავლას ვერ გავაგრძელებდი. აქაც უდიდესი წინააღმდეგობა შემხვდა. გარეთ ვიდექი და კარის მეორე მხრიდან, ჩემი ყურით, ჩემი მისამართით ძალიან არასწორი და არაობიექტური შეფასებები მესმოდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი: რომ არა ეს შეფასებები და წინააღმდეგობები, ნამდვილად ვერაფერს მივაღწევდი. ამიტომ, მადლობა ამ ადამიანებს ამ წინააღმდეგობებისთვის.

– ამ ყველაფრის გამოც გადაწყვიტეთ კარიერის სხვა ქვეყანაში გაგრძელება?

– დიახ და უნგრეთში სწავლის დროს, კონკურსის შედეგად, მთავრობის სტიპენდია მოვიპოვე. მაშინ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს პირველად მიეცათ ასეთი შესაძლებლობა. ორ კვირაში ჩემს სასწავლო ვიზას ვადა გასდიოდა და მითხრეს, რომ მის გასაგრძელებლად საქართველოში უნდა ჩამოვსულიყავი. აქ თვე-ნახევრის განმავლობაში ვერ მოვძებნე სპონსორი, რომელსაც შეეძლო, ჩემთვის ხელი შეეწყო იმაში, რომ სწავლის გაგრძელება შემძლებოდა. მე თავის დროზე მამიდაჩემმა მიშვილა და პენსიონერ ადამიანს არ ჰქონდა ისეთი ფინანსური შესაძლებლობები, რომ ამ დროს გვერდით დამდგომოდა. მატერიალური სიდუხჭირის გამო ჩემში ყველანაირი კომპლექსი გადავლახე და მეუხერხულება კიდეც რომ მახსენდება, ისეთ ხალხს მივმართე. ესენი იყვნენ ბიზნესმენები, დეპუტატები, ბანკი, განათლების სამინისტრო. მათ არც მიიღეს ჩემი განაცხადი. უარით გამომისტუმრეს. გული ძალიან მქონდა ნატკენი, საკუთარ ქვეყანაში ვერაფერს გავხდი. უნგრეთში, ლისტის აკადემიაში სწავლის პერიოდში, სოციალური ქსელით გავიცანი მომღერალი, რომელიც უნგრეთში ჩამოვიდა და უფასო მასტერკლასი ჩამიტარა. სწორედ მან მითხრა, პრაღის ნაციონალურ თეატრში კონკურსი უნდა გაიმართოს და თუ სურვილი გექნება, მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელსო. მე ეს შანსი ხელიდან არ გამიშვია. გამაფრთხილა, რომ ძალიან რთული კონკურსი იქნებოდა და დასში მარტივად არ მიმიღებდნენ, ეს ჩეხეთის ნაციონალური დრამატული თეატრია, ამათ ენაზე უნდა იმღერო, ევროპის რიტმზე გადაეწყო, თუ გინდა, ამ გუნდის წევრი გახდე, ძალიან ბევრი სირთულე უნდა გადალახოო. გამაფრთხილეს, რომ დიდი შერკინება მელოდა და ამ ადამიანს საჭირო დროს კონკურსის შესახებ ინფორმაციის მოწოდების გარდა, სხვა დახმარება არ შეეძლო. იქ ჩაწყობა ან რამე მსგავსი გამორიცხული იყო, მაგრამ მე საქართველოდან ისეთი გაძლიერებული წამოვედი, ძალა არ დამიშურებია, უკან არ დამიხევია და მიზანს მივაღწიე. სიმართლე გითხრათ, მანამდეც ყველაფერზე წავედი, მეეზოვედაც კი ვიმუშავე იმისთვის, რომ წამოსასვლელი ფული შემეგროვებინა, ოთახებსაც ვალაგებდი. ამ დროს სხვები დამცინოდა, მათ შორის ერთ-ერთი ჩემი პედაგოგიც იყო. მას მერე მიულოცეს კიდეც ჩემი წარმატება. როცა უთხრეს, რომ პრაღის ნაციონალურ თეატრში მოვხვდი, სამწუხაროდ, მისმა მაშინდელმა ნათქვამმა საბოლოოდ გამიტეხა გული საქართველოზე. დამამცირა და დამცინა. უთქვამს, ტყუილია, როგორც საქართველოში ალაგებდა ობიექტებს, ალბათ, თეატრშიც იმავეს აკეთებსო.

თუმცა, იმასაც გეტყვით, რომ როცა კონსერვატორიაში ვსწავლობდი, პაატა ბურჭულაძის სახელობის სტიპენდიანტი გავხდი და ეს ფონდი ერთი წელი ძალიან მეხმარებოდა ფინანსურად. ამას რომ ვიხსენებ, მალამოსავით მედება გულზე და ვფიქრობ, რომ არაობიექტური და ცუდი ადამიანების გარდა, რომლებიც ამბობენ, რომ შენგან არაფერი გამოვა, კარგებიც არსებობენ და ისინი აუცილებლად დაგიდგებიან გვერდით. ამ წინააღმდეგობებმა და პრაღის ნაციონალურ თეატრში მოხვედრის შანსმა განაპირობა ჩემი საბოლოოდ წამოსვლა ევროპაში. თანახმა ვიყავი ნებისმიერ შემოთავაზებაზე, ოღონდ უკან არ დავბრუნებულიყავი. საქართველოში, მით უმეტეს, ჩემს სფეროში, შეუძლებელია, თავი განავითარო. სამწუხაროდ, შრომა აქ უფრო გიფასდება, უცხო ადამიანებისგან, ვიდრე საკუთარ სამშობლოში. საბედნიეროდ, ლისტის აკადემიაში ძალიან კარგ წრეში მოვხვდი.

– როგორია თქვენი მიღწევები პრაღის ნაციონალური დრამისა და ოპერის თეატრში?

– ეს ჩემი სახლია, ჩემი კერა. დილიდან საღამომდე თეატრში ვარ, აქ ვცხოვრობ, მეუბნებიან, რომ გიჟი ვარ, მაგრამ მე ამით ვსუნთქავ. საკუთარ თავზე საუბარი რთულია, მაგრამ ვამაყობ იმით, რომ ცნობილი რეჟისორებისგან მადლობა მიმიღია. ქართული სული და გენეტიკა მეხმარება, ვიყო ბუნებრივი და გამორჩეული – პროფესიონალიზმით, ვიზუალით და ხმის ტემბრით. რა ენერგიასაც გასცემ, იმას იღებ საპასუხოდაც. მე მაქსიმალურს გავცემ და მაქსიმალურს ვიღებ პუბლიკისგანაც.

– დიდი ხნის განმავლობაში პატრიარქთანაც მსახურობდით. ის წლები როგორ გახსენდებათ?

– პატრიარქთან ურთიერთობისას ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. საკუთარ დაბადების დღეზე უწმინდესმა სტიქაროსნად მაკურთხა და სამების ეკლესიაში 13 წლის განმავლობაში ვმსახურობდი. ეს ჩემი ცხოვრების დაუვიწყარი პერიოდია. პატრიარქთან მსახურების პერიოდმა უდრეკი ხასიათი ჩამომიყალიბა და სიმშვიდის ფასი მასწავლა, მაგრამ ჩემს პროფესიაში და თან ქართველისთვის, სიმშვიდე მთლად მარტივად მისაღწევი არ არის (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №33

15-21 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მამუკა ონაშვილი

როგორ აიტანა საშინელი ტკივილი მამუკა ონაშვილმა მეგ...