საზოგადოება

რა ამბები მოუწყო საქართველოში მსხვილ ბიზნესმენს, გელა ბარკალაიას, გიგი უგულავამ

№43

ავტორი: ეკატერინე პატარაია 15:35 29.10, 2024 წელი

გელა ბარკალაია
დაკოპირებულია

როცა შევარდნაძე დაბრუნდა და მერე...

თბილისიდან ბათუმამდე მანქანით ვერ ჩახვიდოდი. ჯერ გზები იყო ისეთი, რომ სურვილი არ გქონდა, მანქანით წასულიყავი. მატარებლით რომ წასულიყავი, შუშა არ ჰქონდა არცერთ ვაგონს. თუ რამე კარგი გეცვა, მაგარი ქუდიც რომ დაგეხურა, ქუთაისში რომ გაჩერებულიყავი, უეჭველი მაგასაც მოგაძრობდნენ თავიდან. შევარდნაძე რომ ჩამოვიდა, ნელ-ნელა დაიწყო ამის დალაგება. მე არ ვიცი, სხვა როგორ ფიქრობს, მაგრამ ძალიან დიდ პატივს ვცემდი შოთა კვირაიას, კარგად ვიცნობდი, მაგარი მინისტრი იყო, ბევრი რამე გააკეთა. ბევრიც უკმაყოფილო იყო მისი, მაგრამ ბევრი გააკეთა, ეს „მხედრიონი“ თავის ადგილას რომ მიეყენებინა.

ჩვენ, ოჯახი, მაშინ სენაკში ვცხოვრობდით, სენაკში გვქონდა ბიზნესი და ჩათვალეთ, რომ იქაც ზუსტად ასე იყო. თუ კარგად, ნორმალურად იქცეოდი, იქაც დალაგებული გქონდა სიტუაცია. უყურეთ, რა ხდებოდა: შუაღამისას, საიდანღაც, ტყიდან გამოვარდებოდნენ ზვიადისტები, გაყრიდნენ ამათ, სამთავრობო დაცვას, მხედრიონს თუ გვარდიას, ეგენი გარბოდნენ ქუთაისისკენ და ზვიადისტები ხუთი დღე ბატონობდნენ სენაკში. ესენი გეუბნებოდნენ: იმათ რატომ აჭმევდი პურსო, გავიდოდა ხუთი დღე, ისინი შემოცვივდებოდნენ, ზვიადისტებს გაყრიდნენ და ახლა, ისინი გეუბნებოდნენ: იმათთან რატომ ძმაკაცობდი, რატომ ედექი გვერდითო... ეს იყო გაუთავებლად და მადლობა ღმერთს, რომ ეს ყველაფერი ნელ-ნელა დალაგდა და დაწყნარდა. შევარდნაძის დროს რაღაც გადასახადი იყო, მაგრამ რეალურად მუშაობდი, გამუშავებდნენ. ხალხმა სახლები იყიდა, ავტომობილები, ჩაიცვა, დაიხურა, უფრო გაუმჯობესდა წესრიგიც, სინდისს ფასი დაედო. ყველაფერი შედარებით ნორმალურად იყო, მაგრამ შევარდნაძე რომ წავიდა და ის მთავრობა მოვიდა, მაშინ დაიწყო რეპრესიები „შავ სამყაროზე“ და ხელის შეწყობა ბიზნესზე. „შავი სამყაროს“ წარმომადგენელი ქუჩაში არ უნდა ყოფილიყო. ყველა ციხეში უნდა მჯდარიყო. არავინ დაგიწყებდა ფული მომეციო, ვინ გაბედავდა ამას. ერთი წელი, სამი წელი, ხუთი წელი ყველაფერი ძალიან კარგად იყო. ვინც მე მიყურებს და მისმენს, იცის, რომ საქართველოში პირველი „ტრანსპორტნიკი“ ვარ, ბიზნესმენი, რომელმაც ტრანსპორტი, როგორც ასეთი, ჩამოვაყალიბე. „ტრანსპორტნიკი“ – ასეთი თანამდებობა არ არსებობს. ვინ იყო ასეთი საქართველოში? არავინ. სახელმწიფოსგან დამევალა, რომ პირველი „პიკაპები“ მე შემომეყვანა. ავტომობილების საკითხებიც დავალაგეთ, „პროფილაქტიკები“ გავაკეთეთ, ავტონაწილებსაც ვყიდდით. ძალიან კარგად მიდიოდა საქმე. პირველი ცენტრი გავაკეთე „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან, მეორე – ბათუმში, მესამე – ნატახტარში. ყოველდღე მივიწევდით წინ. ავტომობილები შემომყავდა, ვურიგებდით პოლიციას, მებაჟეს, მესაზღვრეს, პროკურატურას. ამათ ვემსახურებოდით. წლების განმავლობაში ერთადერთი ვიყავი, ვინც ამათ გვერდში ედგათ, მაგრამ გავიდა დრო და ძალიან აურიეს, იმ დონეზე აურიეს, რომ უკვე საქართველოში გაჩერების სურვილი აღარ ჰქონდა ადამიანს.

დათმობილი თუ ჩამორთმეული ბიზნესი

როცა ცენტრი „ვეფხი და მოყმესთან“ გავაკეთეთ, გახსნაზე ნახევარი არაბეთი ჩამოვიდა, ჩემი პარტნიორები. სახელმწიფოში კაცი არ დარჩენილა, რომ ცენტრის გახსნაზე არ მოსულიყო. ასამდე არაბია ჩამოსული და ეუბნებიან: გელა ბარკალაია არის სახელმწიფო, სახელმწიფოზე მუშაობს და აბა, დაგვეხმარეთ.

როგორ დაიწყო ცუდი ურთიერთობა? ბიბლიაზე ხელს დავდებ და კაცურად გეტყვით, ვიღაცას რომ ჩემთვის რამე ისეთი ეთქვა ზემოდან, არ ყოფილა. პირიქით, მეუბნებოდნენ: ერთ ავტომობილს მოიყვან, ათას დოლარს ვიხდით, წინასწარ გიხდით ფულს, ოღონდ ბევრი ჩამოიყვანეო. ასე ვმუშაობდით. სისტემა ავაწყვეთ. თავდაცვაში, სპეცრაზმში, ლეგიონებში, პოლიციაში... ყველაფერი ჩემი, ერთი კაცის გაკეთებულია. შტაბი გვქონდა ნატახტარში. ესე იგი, ყველა ავტომობილი კეთდებოდა ნატახტარში. რას ნიშნავს კეთდებოდა? ამას საიდუმლო ავტომობილების შეკეთება ერქვა. მოგვყავდა ახალი ავტომობილები, „პიკაპები“, ვაწყობდით როგორც სამხედრო ავტომობილებს და ვაძლევდით ჯარს. ამ დროს მიბარებს გიგი უგულავა და მეუბნება: აქ უნდა გადმოვიდეს ხიდი და ეს ცენტრი უნდა დაინგრესო. აი, იმ წუთიდან იწყება უთანხმოება. მიზეზი იყო რა? ერთ-ერთი კომპანია ჩამოყალიბდა თბილისში. ძალიან დიდი სესხი აიღეს. ამ კომპანიაში გაწევრიანდა ყველა ყოფილი მაღალჩინოსანი და მათთვის მხოლოდ ერთი პრობლემა იყო – გელა ბარკალაია, იმიტომ რომ ვერ მუშაობდნენ. გელა ბარკალაია არის ადამიანი, რომელიც თავის ხელით აკეთებდა ყველაფერს მაშინაც და დღესაც. ერთი სიტყვით, გიგი უგულავას შეუკვეთეს ჩემი ჩამოცილება. თხუთმეტი წელია გასული და როგორც ხედავთ, იქ დღემდე სანაგვეა.

სახელმწიფოს თუ სჭირდება, ნებისმიერი რამე უნდა დათმო, როგორც კანონშია, თუ შენ აქ ხიდს აკეთებ – კი, ბატონო, მაგრამ მე თუ უნდა დავთმო, შენ სანაცვლოდ უნდა მომცე ფული, უნდა გადამიხადო. შეაფასებენ, რაც ღირს ესა თუ ის ადგილი და მე ჩემს გზაზე წავალ. არც გაცვლა იყო, არც ფულის მოცემა. დღეს აღარ მოვყვები ყველაფერს, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ერთ-ერთი კომპანია შეიქმნა და იმის შეკვეთას ასრულებდნენ. სანაპიროზე ნანახი გექნებათ, როგორი ავტოსადგომი მქონდა, ასი ავტომობილის სადგომი იყო. იქაც უგულავას შეუკვეთეს და ეს ადგილი წამართვეს. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება, რომელი მთავრობა. მთავარია, იყო კარგი და ბიზნესი არ შეაწუხო. ჩემნაირ ბიზნესმენს არ უნდა დახმარება. მთავარია არ შემაწუხო, პრობლემა არ შემიქმნა და შენგან არაფერი მინდა. პირიქით, ადამიანებს დაგისაქმებ, ბიუჯეტში ფულს შევიტან და სახელმწიფოს სადაც გამოვადგები, იქ დავდგები. რატომ არ გავიქეცი სადმე? იმიტომ, რომ მე ვაკეთებ ბიზნესს და ვარ სუფთა ბიზნესმენი. საქართველო პატარაა. დღესაც სამი კაცი რომ დაჯდეს ნებისმიერ ადგილას, ერთი მაინც მომიტანს ამბავს, რას ფიქრობენ ჩემზე. ადამიანი არაა საქართველოში, მე რომ არ მიცნობდეს. იქაც, სანაპიროზე რომ წაგვართვეს, თითქოსდა გზა უნდა გაფართოებულიყო... ეს მოხდა იმიტომ, რომ ახალი კომპანია შეიქმნა და იმის სასარგებლოდ ჩემი კომპანია უნდა გაჩერებულიყო. თუ მე არ გავჩერდებოდი, იმის კომპანია ვერ იფუნქციონირებდა. მოაყენეს ტრაქტორი და დაგვინგრიეს. გავჩერდით ერთი თვე, ორი თვე, მერე, „ვეფხისა და მოყმის“ ძეგლთან ავიღეთ ტერიტორია. წარმოიდგინეთ, ექვსი თვე მარტო ამ ტერიტორიას ვასუფთავებდით, ისეთი დაბინძურებული იყო და გავაკეთეთ ცენტრი. საქართველოში ყველაზე დიდი და კარგი ცენტრი რომელი გახსენდებათ? ყველაზე დიდი ცენტრი მქონდა მე – ლამაზი, კოხტა, დიდი რაოდენობით ავტომობილები შემოდიოდა და კარგად იყიდებოდა. ვმუშაობდით, მთელ სახელმწიფო ავტომიბილებსაც ვარემონტებდით. წარმოიდგინეთ, მუშაობ სახელმწიფოსთან, კარგი ურთიერთობა გაქვს და უცებ, გინგრევენ. უგულავამ მითხრა, რომ ზუსტად ათ დღეში აქ აღარ უნდა ვიყოთ. ეს მოხდა იმ ამბიდან, სამი, ოთხი წლის მერე, სანაპიროზე რომ დამინგრიეს. ამ საქმეს გიგი უგულავას სახელი არ ერქვა, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რომ იქიდან მოდიოდა. პირდაპირ მოვიდა იქიდან კაცი. თუ არ დაანგრევთ, ამას და ამას გიზამთ, რომ არ დავანგრიეთ, ყველაფერი გააკეთეს, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. აი, ეს არის გიგი უგულავა და დღეს კიდევ რომ იძახის, ხელისუფლებაში მოვდივარო... გიგი უგულავამ მარტო გელა ბარკალაია და მისი ოჯახი კი არ გაამწარა... არ დავთმე. პირდაპირ ვუთხარი: მე საქართველოში არ გავჩერდები, არ ვიმუშავებ, დაუძახეთ ვიღაცას, შეაფასეთ, გადამიხადეთ რაღაც თანხა და წავალ-მეთქი. არა, ასე არაო. მიწას მოგცემთო. კარგი. წამიყვანეს მცხეთაში და მანახვეს ადგილი, ისეთი, არაფერში რომ არ გამოგადგება. უარი ვუთხარი. დამიჭირეს. ორი თვე ვიჯექი. მერე, გინდა, არ გინდა, ხელი მომაწერინეს ჩუქებაზე და გამომიშვეს, მაგრამ ისიც არა... გიგი უგულავას დავალებით, თორმეტი თუ თხუთმეტი „ტოიოტას პიკაპი“ წაგვართვეს. ვინმე თუ არის ჩემი მტერი, ჩემი პრობლემის შემქმნელი პირველი დღიდან, არის გიგი უგულავა. ეს არ არის მოსაყოლად მარტივი. მერე იყო არჩევნები. დღეს ხვალ, დღეს ხვალ... წართმეულია ცენტრი, მაგრამ არ ანგრევენ. წააგეს არჩევნები და დარჩა ეს ჩემი ცენტრი ჰაერში. საბუთით წამართვა ეს ცენტრი უგულავამ, მერიის სახელზე გადაიფორმა და მისია ეს საკუთრება. სხვათა შორის, ამაზე იქნება ძალიან მაგარი გადაცემა, ფაქტებით. რომ მივედი და ვუთხარი: არა, მე ამას არ დავთმობ. მოვიდნენ, შეაფასონ, გადამიხადონ და წავალ, არ მინდა ეს ბიზნესი-მეთქი, ამ დროს გამოჩნდა „აზიის განვითარების ბანკი“, რომელიც ამათ აფინანსებდა. ეს შენი ცენტრაიო, – მკითხეს. კი-მეთქი. ესე იგი, გამოდის, რომ უგულავამ ჩვენ მოგვატყუა, ეს არის ქალაქის ტერიტორიაო. არა, უგულავამ წამართვა, აი საბუთი-მეთქი. დაურეკეს გიგი უგულავას და უთხრეს, ფული გადაუხადე, თორემ ჩვენ არ მოგცემთ ფულს ხიდის გასაკეთებლადო. ორშაბათს დამიძახეს თავისთან. 800 000 ჩამირიცხეს, მეორე დღეს დილის 11 საათზე კი ორი მილიონი წამართვეს, მომიხსნეს ანგარიშიდან. ამის დამადასტურებელი საბუთები, ყველაფერი არსებობს.

თუ აქ იყო ხიდის პროექტი და მაინცდამაინც ხიდი უნდა გაკეთებულიყო, კი ბატონო, მაგრამ მაშინ ისმის კითხვა – რატომ არ გაფართოვდა სანაპიროზე გზა და არ გაკეთდა ეს ხიდი? ის ავტომობილები, რომელიც სახელმწიფოს სჭირდებოდა, ვერავის შემოჰყავდა. იყო ცენტრები, თითო-ოროლა მანქანა შემოჰყავდათ. სად იყო ასე, ერთბაშად ასი მანქანა მინდა და ჰა... ნებისმიერ ცენტრში მიდით და უთხარით: მე მინდა ათი „მერსედესის ჯიპი“. სამი წელი უნდა დაელოდოთ რიგს და მე სამ დღეში მოგიყვან, რამდენსაც გინდა, 30 პროცენტით დაბალ ფასად, ნებისმიერ „ტოიოტას“, „ლექსუსს“... მე, სადაც ვმუშაობ, ამ განუბაჟებელ ზონაში, როგორც გითხარით, ხელშეკრულება მაქვს დადებული. 30 წელია, ამ ხალხთან ვარ. ამას უნდა ძალიან დიდი დრო, ნაცნობობა, ურთიერთობა, დალაგება, მოყვანა, ნდობა... მარტო ის არ არის, ავტომობილი მოიყვანე და გაყიდე. კარგი. მოვიყვანე მაგალითად, „პრადო“ და გავყიდე ვიღაცაზე, იმ კაცს ხომ უნდა გარანტია. ვინ მისცემს? მისცემ შენ? ვერ მისცემ. საგარანტიოდ ყველაფერი ისე უნდა გქონდეს მოწყობილი, როგორც ოფიციალურ დილერებს აქვთ და მათზე უკეთესადაც. პირველი – დიაგნოსტიკა უნდა გქონდეს, სავალი ნაწილების შემოწმება უნდა მოხდეს; „ხადავჩიკს“, „ელექტრიკს“ რომ ვეძახით, უშუალოდ ავტომობილის დიაგნოსტიკას, ორიგინალური უნდა გქონდეს.

კომუნისტების დროს იყო პროფესიული სასწავლებელი, რომელსაც ტექნიკუმი ერქვა, გახსოვთ ყველას, მაგრამ დიდი არაფერი. დღეს საქართველოში 90 პროცენტი თვითნასწავლი ხელოსანია. თანამედროვე ცენტრი თუ გაქვს და ბრენდს ყიდი, მაშინ უნდა წახვიდე იმ ქარხანაში, სამი თვე, ხუთი თვე... გასწავლიან, ჩვეულებრივად დიაგნოსტიკის აპარატს მოგცემენ და იმუშავებ. ჩვენს ხელოსანზე უკეთეს ხელოსანს, ვერც დუბაიში ნახავთ, ვერც ჩინეთში, ვერც თურქეთში. ჩვენები მაგრები არიან! ჩვენი ხელოსანი რომ არ მოიფიქრებს და არ გააკეთებს, ისეთი არაფერი არ არსებობს. თუნდაც, ექიმები. ჩვენნაირი ექიმები დედამიწის ზურგზე არ არიან, მაგრამ მაინც სხვა ქვეყანაში მიდიან სამკურნალოდ. იმიტომ მიდიან, რომ არ აქვთ დიაგნოსტიკის აპარატები, ხელსაწყოები არ აქვთ. ხელოსნებიც ასე არიან. უკვე თანამედროვე მანქანები რომ შემოვიდა, საჭირო გახდა ინგლისურის ცოდნა ამ დიაგნოსტიკისათვის. ახალგაზრდები მოდიან, ამას სწავლობენ და მუშაობენ, თუმცა მარტივი არაა, მარტივი რომ იყოს, ყველა გააკეთებდა. ბევრი ცენტრი კარგად მუშაობს. ჩემი ცენტრი ერთ-ერთი იყო და დღესაც არის, რომელიც რეალურ ფასებში ყიდის მანქანებს და საქართველოში ბაზარს არეგულირებს. „მათე მოტორსი“ რომ არ იყოს, ნებისმიერი ბრენდი ფასს ასწევდა მაღლა და მაღლა, ძალიან გააძვირებდა.

პირადად ჩემთვის და ჩემი კომპანიისთვის ასეა: მე ავტომობილებს ვყიდდი, ვყიდი და ხვალაც გავყიდი, თუ ამის საშუალება მექნება. გითხარით – მთელი საავტომობილო სისტემა საქართველოში წინა ხელისუფლების დროს, ჩემი აწყობილია. როცა სჭირდები, გაგაკეთებინებენ, მერე ვიღაც ახლობელი მაღალჩინოსნის სადღაც რაღაცას გააკეთებს, შენ არ სჭირდები და სასწრაფოდ ჩაგანაცვლებენ. ასეა. თუ თქვი, რა ხდება, მერე კი იცით, რაც ამას მოჰყვება. მთელი ბიზნესიდან ჩახსნას ვგულისხმობ. მარტო ტენდერიც არ არის ბიზნესი. ტენდერს ვინ მოგაგებინებს, ვერასდროს მოიგებ თუ რეალურად არ იქნება ნება, თანაც უნდა გქონდეს ის ინფრასტრუქტურა, რაც ტენდერს სჭირდება. ჩვენ, იმდენად ბევრი ცენტრი გვქონდა და იმდენად კარგად ვემსახურებოდით, ვერ წარმოიდგენთ. ამას სახელი ერქვა – საიდუმლო შესყიდვა. სჭირდებოდა თავდაცვას და რა ქნას, მეტი არსად არაა. მოდიოდნენ და ყიდულობდნენ ავტომობილებს, საბურავს, ზეთს... უკვე ბოლო დროს ხალხს საქართველოდან წასვლა უნდოდა, არავის აღარ უნდოდა აქ მუშაობა. რეპრესია, დაჭერები, ვაი-ვუი არ დამთავრდა. როგორც უკვე გითხარით, ეს ყველაფერი მეც შემეხო, იმიტომ რომ მე არ ვარ ის კაცი, რაღაც მითხრა და ყველაფერზე სულელურად „კი ბატონო“ ვიძახო, უკან წავიწიო და დავდგე. გამორიცხულია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა