საზოგადოება

რა აკრძალვებით გაზარდა გიორგი ღოღობერიძე მამამ და როდის ჩაერთვება ის პოლიტიკაში

№35

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 06.09, 2021 წელი

გიორგი ღოღობერიძე
დაკოპირებულია

გიორგი ღოღობერიძე დროის საკმაოდ მოკლე მონაკვეთში მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მისი ვიდეოები, რომლებიც სამედიცინო სფეროს სხვადასხვა საჭირო თემას ეხება, უამრავი ადამიანისთვის აღმოჩნდა საინტერესო და ინტერესი გაჩნდა მათი ავტორისადმიც, რომელმაც წარმატების მისაღწევად, როგორც ამბობს, ბევრი იშრომა და დღეს საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

გიორგი ღოღობერიძე: გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსურად ძალიან გვიჭირდა, ფიზიკური შრომა გვიწევდა. თუმცა, ეს ჩემთვის ტრაგედია არ ყოფილა, პირიქით – ძალიან მიყვარდა სოფლის ცხოვრება. ზამთარი თუ მოდიოდა, შეშა უნდა დამეჩეხა, მაგრამ ჯერ უნდა მომეტანა და მარაგი გამეკეთებინა. გაზაფხულია და უნდა დაბარო, დათესო სიმინდი იქნება თუ ლობიო და შემოდგომაზე მიღებული ნაყოფი შეინახო. ის მომენტი, რომ საკუთარი შრომის ნაყოფით ვიკვებებოდით, ბედნიერებას მანიჭებდა. თუ ადამიანმა შრომის ფასი არ იცის, რთულად მიხვდება ამ სიტყვების მნიშვნელობას.

– რატომ მოგიწიათ პატარა ასაკიდან ამ პასუხისმგებლობების აღება?

– როცა დედა ფიზიკურად მუშაობს, ხელში ცული უჭირავს და შეშას ჩეხს, ხედავ, რომ ეს მისთვის ძალიან რთულია და გინდა, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. მით უმეტეს, როცა გარდატეხის ასაკი გაქვს და შრომის დროს კუნთების ზომა იზრდება, ეს დიდი სტიმულია (იცინის). გინდა, მამაკაცური ღირსება გამოავლინო, მით უმეტეს, დედასთან მიმართებით.

– მეურნეობის ამბების გარდა, რით იყო დაკავებული პატარა გიორგი?

– ჩემი სახლის უკან ძალიან დიდი ტყეა, იქ უამრავი ხილია, მთელი შემოდგომა წაბლს ვაგროვებდი და 25-30 ტომარა წაბლი ოჯახისთვის დიდი მოგება იყო. ძალიან გემრიელი წყაროს წყლები გვქონდა, ულამაზესი ჩანჩქერი გვაქვს და ბუნების მშვენიერებები იყო ჩემი გართობის მთავარი საშუალება. როცა ვხედავდი, რაც ბაღში იზრდება ის მხოლოდ კუჭს გივსებს, მაგრამ სხვა საჭიროებებიც არსებობს და ოჯახს ფინანსები არ აქვს, გამოსავალს ვეძებდი. ჩვენს სოფელში ძალიან ბევრი მიტოვებული შენობა იყო, ნანგრევებში მეტალს ვეძებდით ან ჩანჩქერზე ვიზიტორების მიერ დატოვებულ ბოთლებს ვაგროვებდით, ვაბარებდით და შემოსავლის წყარო იყო ეს ჩვენთვის. ვერ ვიტყვი, რომ მარტო მე ვიყავი ამ პირობებში, სხვებსაც არ გადასდიოდათ თავზე და ყველა ერთად ვშრომობდით. ლაღად მახსენდება ის დრო, მაშინ დედა ცოცხალი მყავდა და ოჯახი ერთად ვიყავით, ამიტომ მიღირდა იმ ყველაფრად, თორემ ოჯახი რომ ასეთი არ მყოლოდა, ძალიან რთული იქნებოდა.

– მაშინ რაზე ოცნებობდით?

– მაშინ ქალაქში უკვე შემოსული იყო ინტერნეტი, მაგრამ სოფელში არ გვქონდა. არადა, ინტროვერტობის მიუხედავად, ძალიან მიყვარდა ადამიანების გაცნობა. დედაჩემის ტელეფონს ვიპარავდი, ვდებდი ჩემს სიმბარათს, რომელიც კლასელმა მიყიდა და ვეძებდი წარმატებულ ადამიანებს. ვეკითხებოდი, როგორ მიაღწიეს ამას სხვადასხვა პროფესიებში. მათი გამოცდილებებით ვსწავლობდი და ვცდილობდი, მეც შევმდგარიყავი ადამიანად, რომლის ადგილიც იქნებოდა წარმატებულ საზოგადოებაში. ძალიან მინდოდა, ადვოკატი ვყოფილიყავი, ძალიან მიზიდავდა ეს პროფესია.

– მამას ჰქონია დიდი როლი ამ პროცესში...

– მამამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. როცა სოფელში იზრდები, გარშემო სახლის, ყანის და მინდვრის გარდა ვერაფერს ხედავ. ძროხა, ქათამი და ძაღლი – იქ მეტი არაფერია და მომავლის პერსპექტივებს ვერ დაინახავ, რადგან გარშემო განსხვავებული არაფერი ხდება. შესაბამისად, წიგნის სიყვარული იმ პირობებში ძალიან ძნელია. მამამ ძალიან დიდი როლი ითამაშა, წიგნი შემაყვარა, მთხოვდა, კარგად მესწავლა. დილის შვიდ საათზე მაღვიძებდა, ჯერ მისთვის უნდა ჩამებარებინა, რაც ვისწავლე. როცა ამას სისტემური ხასიათი აქვს, ეჩვევი და რაღაც დროის მერე, ეს შენთვის იმდენად ბუნებრივია, რომ პროცესი მშობლის ჩარევას აღარ საჭიროებს.

– დამოუკიდებლობა რა ასაკიდან აიღეთ საკუთარ თავზე?

– მეათე კლასიდან, როცა დედას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. მამამ შეასრულა უდიდესი როლი ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში, შრომისმოყვარეობა გამომიმუშავა, მაგრამ დედამ, მისმა მდგომარეობამ და ჯანმრთელობის პრობლემებმა მომცა მიმართულება და გადამაწყვეტინა ექიმობა.

– ამაზე გიოცნებიათ, რაც თქვენს თავს ხდება?

– კი, ამაზე ვოცნებობდი, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ეს მოხდებოდა. ძალიან მინდოდა, გამორჩეული ექიმი ვყოფილიყავი, ძალიან ჭკვიანი ყველა სპეციალიზაციაში და ადამიანებისთვის შუამავალი გავმხდარიყავი ფინანსებსა და მედიცინას შორის. გარემოში, რომელშიც მე ვიზრდებოდი, ბევრს არ ჰქონდა საშუალება, ექიმთან მისულიყო და გამოკვლევები ჩაეტარებინა. ამიტომ, ვოცნებობდი მედიცინა, ხარისხიანთან ერთად, ხელმისაწვდომი გამეხადა. ჩვენთან, სოფელში, ცნობილი იყო რამდენიმე ექიმი, რომლებზეც ამბობდნენ: მის დასმულ დიაგნოზს წყალი არ გაუვა. ის რომ იტყვის, მერე მთელმა მსოფლიომ რომ შეამოწმოს, იმავეს იტყვისო. ეს სიტყვები ჩამებეჭდა გონებაში, მინდოდა, მეც ასეთი ექიმი გავმხდარიყავი.

მახსოვს, მამა ტელევიზორზე კოდს აყენებდა, მე რომ ვერ ჩამერთო, თუ ჩავრთავდი, მაინც ვერაფერს ვუყურებდი. მხოლოდ უნდა მესწავლა, მეკითხა. ეს ძალიან დიდი შეზღუდვა იყო ჩემთვის, ვბრაზდებოდი, გართობას არ მაცდიდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს ძალიან სწორი ნაბიჯი იყო მისი მხრიდან. დრო, რომელიც შეიძლებოდა ტელევიზორთან დამეკარგა, წიგნებთან გავატარე. თუმცა, მაშინ პროტესტი მქონდა, ვერ ვხვდებოდი, რა საჭირო იყო ეს ყველაფერი და მხოლოდ და მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ვსწავლობდი და ვკითხულობდი. თუმცა, დრო რომ გავიდა, მერე მივხვდი, რომ ეს მოვალეობაზე გაცილებით მეტი იყო და ძალიან გამომადგებოდა ცხოვრებაში.

– ღამე მართლა ორი საათი გძინავთ?

– ჩემს ცხოვრებაში მედიცინის გარდა არაფერია. მე ამით ვცხოვრობ. ორი საათი მძინავს, დანარჩენი ვმუშაობ, მაგრამ ეს ჩემთვის, შეგრძნების დონეზე, მუშაობა კი არა, სიამოვნებაა, განტვირთვა უფროა. იმიტომ, რომ მიყვარს ეს საქმე. ძილი საჭიროა, მაგრამ, როცა რაღაც ძალიან გიყვარს და გინდა, ბევრი გააკეთო, უბრალოდ, ვერ დაიძინებ. ახლა ზაფხულის პერიოდია და 3-4 საათიც მშვენივრად მძინავს, მაგრამ შემოდგომიდან დავუბრუნდები ისევ ორსაათიან ძილს. არ მიჭირს, იმიტომ, რომ აბიტურიენტობის დროს, ზედიზედ სამი დღე არ მეძინა ხოლმე. მეოთხე დღეს ვიძინებდი რვა საათი, მომდევნო სამი დღე ისევ არ მეძინა და მეოთხე დღეს ისევ რვა საათს ვატარებდი ძილში. მივეჩვიე ამ რეჟიმს. შეიძლება ვერ დაიჯეროთ, მაგრამ ასეა. ძილის გარეშე ერთჯერადად სამ დღეს, ალბათ, ბევრი გაძლებს, მაგრამ ამის გაკეთება მთელი წლის განმავლობაში საკმაოდ რთული გამოწვევაა მით უმეტეს, მოზარდისთვის. მაგრამ იმ პერიოდში სხვანაირად არ გამოვიდოდა, ცოდნა უნდა დამეგროვებინა.

სოფელში ერთადერთი ფანჯარა იყო, რომელშიც შუქი არასდროს ქრებოდა, მთელი ღამე ენთო და ეს ფანჯარა ჩემს სახლში იყო. მე ოთახში მთელი ღამე წიგნით ხელში ვიჯექი. იმიტომ კი არა, რომ ვიღაცას დავენახე, იმიტომ, რომ ვიცოდი, აუცილებლად გამოიღებდა შედეგს ჩემი შრომა და ასეც მოხდა. მაშინ რა მიზნებიც დავსახე, ყველაფერს მივაღწიე და თან, ისე კარგად, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი. სოფლიდან აღმოჩნდე უნივერსიტეტში, საუკეთესო სამეულში, შემდეგ კი სტუდენტებს შორის პირველ ადგილს იკავებდე წლების განმავლობაში, ყველგან მაქსიმალური ქულები აიღო, ეს ჩემს ბავშვობაში წარმოუდგენლად მეჩვენებოდა.

– როცა ფანჯრიდან ყოველთვის სინათლე გამოდიოდა, არ ფიქრობდნენ, ეს ბიჭი ცოტა გიჟიაო?

– კი და დედაც კრიტიკულად იყო განწყობილი. ერთხელ ატირებულმა შემომიღო კარი, მაგრამ როცა ხედავ, დედას როგორ ეამაყები, ეს კიდევ უფრო დიდი მოტივაციაა. გარშემო მყოფები მართლა შოკში იყვნენ. სკოლაში ათოსანი ვიყავი, მაგრამ მერე მთელი საქართველოს მასშტაბით საუკეთესოებს შორის აღმოვჩნდი. ბევრი სწავლა კი არ არის მთავარი, მე არ მისწავლია ბევრი, ვისწავლე ის, რაც მე მჭირდებოდა.

– იღბალი?

– მე და იღბალი ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან, მხოლოდ შრომისმოყვარეობა. ცხოვრებაში არაფერი მომიგია. ყოველთვის უმოწყალოდ ვმარცხდები.

– უფასო კლინიკის იდეას რა ბედი ეწია?

– თუ გამოჩნდება ბიზნესმენი, ვისაც ენდომება, ადამიანებს დაეხმაროს, მე სულ მზად ვარ. მაგრამ როცა საქმე უფასოს ეხება, ბიზნესმენები თავს იკავებენ. არავის უნდა რამდენიმე მილიონი ჩადოს ვიღაც გიორგის პროექტში, ვისაც აქვს ამბიცია, ხალხისთვის შექმნას უფასო კლინიკა, თუ მას მოგება არ ექნება. თავიდან ეს რეალურად წარმომესახა, მაგრამ უკვე ბევრ ბიზნესმენს და პოლიტიკოსს შევხვდი და მივხვდი, რომ ამის გამკეთებელი არავინაა. ამიტომ, ახლა ვფიქრობ, რომ შეიძლება იყოს ფასიანი, მაგრამ ხელმისაწვდომი და ხარისხზე ორიენტირებული და იმედია, ეს მაინც გამოვა.

– ბევრს პოპულისტი ჰგონიხართ.

– ადრე უფრო წერდნენ ასეთებს. ზოგი ფიქრობდა, რომ არჩევნებში მინდოდა მონაწილეობა და ამიტომ დავიწყე უფასო კლინიკაზე საუბარი, არადა ამაზე პირველივე კურსიდან ვფიქრობ. ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად აფასებს სიტუაციას, ამიტომ რამის მტკიცებას სჯობს, საქმე ვაკეთო.

– ისე, გაქვთ პოლიტიკური ამბიციები?

– ამ მომენტისთვის – არა. პოლიტიკა ძალიან დროებითია ჩვენს რეალობაში – დღეს ხარ, ხვალ კი იმდენად აღარ, რომ სხვაც ვეღარაფერი გახდები. ამიტომ, ამაზე ფიქრი ძალიან რთულია. თუმცა თუ ვნახე, რომ პოლიტიკაში მოსვლა აუცილებელი გახდა, რათა ჩემი მიზნის მისაღწევად შესაბამისი პირობები შევქმნა, შეიძლება, ეს ნაბიჯი გადავდგა, მაგრამ მანამდე სხვა გზებს ვეძებ, იქნებ შევძლო და პოლიტიკას გვერდი ავუარო. შემოთავაზებების მეტი რა არის, მაგრამ ამ მომენტში მე თვითონ არ ვარ დაინტერესებული ამ სფეროთი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი