საზოგადოება

რა აკავშირებდა „თბილისის დინამოსთან“ საქართველოს პატრიარქს ნოდარ ახალკაცის მეშვეობით

№1

ავტორი: ეკატერინე პატარაია 13:30 17.01

ახალკაცი
დაკოპირებულია

საქართველოს ყოველთვის ჰყავდა გამორჩეული ქართველები, რომლებმაც თავად შექმნეს თავიანთი სახელი, ბრენდი, რაც გინდათ, დაარქვით, ამასთან, ისინი აკეთებდნენ ღირებულს ამ ქვეყნისთვის, ისეთს, რაც აუცილებლად ჩაიწერებოდა ისტორიაში. მე დღეს უფროს ნოდარ ახალკაცზე მოგიყვებით. კაცმა, რომელმაც „დინამო“ შექმნა, ის „დინამო“ რომელიც 1970 წელს ჩამოყალიბდა დავით ყიფიანის, ვიტალი დარასელიას, ძმები მაჩაიძეების, რამაზ შენგელიას, ალექსანდრე ჩივაძის, ოთარ გაბელიას და სხვათა შემადგენლობით.

ნოდარ ახალკაცი თავისი დროის შვილი იყო. მას ჰქონდა საკუთარი სამყარო და მთელი საფეხბურთო ცხოვრების განმავლობაში იცავდა ამ სამყაროს. აქ ნოდარ ახალკაცი ხელმწიფე იყო, გაუცინარი ხელმწიფე და გამგებელი და როდესაც ვინმე დააპირებდა მისი საუფლოს საზღვრების გადალახვას, აქვე, ამ სამყაროს კიდეზე ხვდებოდა ძნელად დასაძლევი რამ – ახალკაცის ცხოვრებისა და საქმის ფილოსოფია... სანამ ახალკაცი ფეხზე იდგა, სანამ ის თავად გადაწყვეტდა რაიმეს, მისი სამყარო შეურყეველი გახლდათ. ასე იყო მწვრთნელობისას და ასე იყო ფეხბურთის მმართველობის დროსაც. ჩვენ არ ვლაპარაკობთ ცუდსა და კარგზე. უბრალოდ, ვამბობთ, რომ ნოდარ ახალკაცი გამორჩეული, ძლიერი, შთამბეჭდავი ხასიათის იყო. ხშირად ძნელი იყო მისი სიტყვებისა და პოზიციის გაზიარება. ძნელი იყო, მიგეღო მისი სკაბრეზი და ურთიერთობის ფორმები. ხშირად გინდოდა, გეპოვა ღიმილი მის სახეზე, მაგრამ მაშინ შენ ვერ ფიქრობდი იმაზე, რომ ის ხელმწიფე იყო, თავისი სამყაროს სწორუპოვარი გამგებელი. ქვეყანაში, სადაც არეულობა ყოველდღიური წესი იყო, ახალკაცმა პირადად შექმნა ახალი ქართული ფეხბურთის მიკროსამყარო. თან, ისე, რომ შინაურთაგან არავის დახმარება არ დასჭირვებია. ის არ იყო დახმარების მომლოდინე და მოწუწუნე კაცი – წინ ყოველთვის თავისით მიდიოდა. თავის გზასაც თავადვე საზღვრავდა. მანამდე კი იყო ფეხბურთი: თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის სავარძელი. ესეც ახალკაცის სამყარო იყო, სამყარო, რომელმაც გაიმარჯვა... იყო მარცხიც, იყო დიდი გუნდის გარდაცვალებაც, მაგრამ გამარჯვებამ ყველაფერი გადაფარა. ღმერთმა ქნას და ოდესმე, რომელიმე ქართულ გუნდს კიდევ ჰქონდეს ასეთი ხუთწლეული, ჰყავდეს ასეთი ფეხბურთელები და ასეთი მწვრთნელი.... ორი თასი, ჩემპიონობა, სხვადასხვა ხარისხის მედლები და რაღა თქმა უნდა, დიდი ევროპული ჯილდო, ლეგენდარული ოთხმატჩიანი სერია ჩემპიონთა თასზე… ადრე გუნდს ფეხბურთელის სახელებს ვუკავშირებდით, ახლა შეგვიძლია ვთქვათ: ახალკაცის „დინამო“ ჩვენი ფეხბურთის ყველაზე ტიტულიანი და სტაბილური გუნდი იყო. ეს გუნდი ახალკაცმა შექმნა, მის ხელშივე დაიწყო დაშლა, მაგრამ დიდი და საყვარელი გუნდები ხომ მალე ქრებიან? ასე ამბობდა ელენიო ერერა და ასეცაა. ნოდარ ახალკაცი – ფეხბურთის გაუცინარი ხელმწიფე – იცავდა და უვლიდა თავის სამყაროს მთელი ძალითა და ხასიათით, რადგან ეს სამყარო ძვირფასი იყო მისთვის. ის ჭკვიანი და ფიქრიანი კაცი გახლდათ. ალბათ, არავინ იცოდა ბურთის ავანჩავანი ისე, როგორც მან. მას უყვარდა ფეხბურთი, ფეხბურთი მისი სამყარო იყო. ამ სამყაროში კი ქუდმოუხდელს არავის შეუშვებდა. მისი ფეხბურთი გამარჯვებული იყო. მისი სამყარო რთული და ძლიერი. ეგებ, სხვაგან და სხვა ეპოქაში სულ სხვაგვარი ადგილი სჭეროდა, მაგრამ ის თავისი დროის შვილი იყო. მისი ღონიერი და ძლიერი ფიგურა მისი ფეხბურთის საზღვართან იდგა.

„არასდროს დამიყვია ფეხბურთი „შემტევად” და „დაცვითად”. არიან მწვრთნელები, რომლებიც ბურთს წინდაწინ აძლევენ მოწინააღმდეგეს და უცდიან, როდის დაიწყებს მეტოქე შეტევას. ასეთების ერთადერთი მიზანი ისაა, რომ თავდასხმებს გაუძლონ და თუ გაუმართლათ, კონტრშეტევით გაიტანონ გოლი. ჩემი აზრით, ეს ფეხბურთი არ არის.“ ნოდარ ახალკაცი იცავდა თავის სამყაროს, სამყაროს, რომელიც თავადვე შექმნა და რომელიც გასაოცრად და ჩუმად უყვარდა. არ იყო ლამაზი სიტყვების, მოხდენილი კოსტიუმების, იაფი ნაბიჯების მოყვარე. ის ფიქრის კაცი გახლდათ, ფიქრისა და ფეხბურთის.

კათალიკოსის თანადგომას დიდი ძალა აქვს

„ყველას კარგად მოეხსენება, რომ ფედერაციის დაარსების შემდგომ ჩვენთან ქართული ფული, ფაქტობრივად, არ შემოსულა. თავდაპირველ წლებში რამდენიმე ორგანიზაციამ გადმორიცხა თანხები, ყველაზე მეტად კი მშენებლები აქტიურობდნენ. თუმცა, შემდგომ ეს პროცესიც შეჩერდა. როდესაც ფედერაცია დავაფუძნეთ და ანგარიში გავხსენით, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან მივედი და ვთხოვე, სიმბოლურად 1 მანეთი ჩაერიცხა. მან კი თავის თანაშემწეს დაავალა, სასწრაფოდ 150 ათასი რუბლი გადმოერიცხა. ეს იმ დროისთვის ძალიან დიდი ფული იყო, რომლითაც ფედერაციას სამი თვე შეგვეძლო თავის შენახვა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ კათალიკოსის თანადგომას დიდი ძალა აქვს და ამიტომაც, ჩვენი წაქცევა მარტივი არაა”, – ამბობდა ახალკაცი.

გრანდიოზული ტვინის პატრონი

რევაზ ჩელებაძე იხსენებს: „გრანდიოზული ტვინის პატრონი! უჭკვიანესი ადამიანი! ვიცი, რომ ინსტიტუტში გამოცდებს ისე აბარებდა, საერთოდ არ ემზადებოდა: მიდიოდა, კორიდორში ვიღაცა ჩასაბარებელი საგნის შინაარსს მოუყვებოდა და ნოდარი ხუთიანს იღებდა; ისინი კი, რომლებიც საგანს მთელი ღამე იზეპირებდა – სამიანს. მახსოვს, როგორ მოდიოდნენ „დინამოში“ ედუარდ შევარდნაძე, ხალხი საქართველოს კომპარტიის ცეკადან. სიტყვებით გამოდიოდნენ, ლაპარაკობდნენ, ხოლო შემდეგ ახალკაცი ადგებოდა და ისეთ სიტყვას იტყოდა, ისეთი გამორჩელი იყო მისი ლოგიკა, მისი საუბრის მანერა, რომ ყველანი სიმაღლეში „იკლებდნენ”. როგორც მწვრთნელი, ძალიან მკაცრი იყო.“

პატრიარქის დეპეშა

„...13 მაისს, დიუსელდორფში, ფინალამდე საათ-ნახევრით ადრე ბიჭებს ვესაუბრებოდი. გასახდელის კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. კარი გავაღეთ, ვხედავ „ჰამბურგის” ყოფილი მენეჯერია, ვისთანაც კარგი დამოკიდებულება გვქონდა და ჩვენთან იყო მომაგრებული. დეპეშა გადმოგვცა. ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის დეპეშა იყო – გუნდს გვლოცავდა და გვამხნევებდა. ეს „დინამოსთვის” დიდი სტიმული იყო!“

„ვაი, დედა“

„ძალიან კარგად მესმის, თუ რას ნიშნავს სპორტში ფსიქოლოგია. როცა „დინამოში” ვმუშაობდი, ჩემი პირველი დამხმარე ძალა ფსიქოლოგთა ჯგუფი იყო: ნორაკიძე, საყვარელიძე, გრიგოლავა, დვალი... ყველა ფეხბურთელზე, ვინც ჩვენთან იყო, ფსიქოლოგიური დახასიათება მაქვს. ეს ისეთი მასალაა, რომელსაც არცერთი ფეხბურთელი პირადად გაცნობილი არ არის. ეს მხოლოდ მე და ფსიქოლოგებს გვაქვს. ეს მასალები რომ შევკრა და წიგნად გამოვცე, ბევრი „ვაი, დედას” იყვირებს.“

ამერიკული და ევროპული ფეხბურთის სინთეზისკენ

„ყოველთვის სამხრეთამერიკული და ევროპული ფეხბურთის სინთეზისკენ ვისწრაფოდი. იმავდროულად, არც ფიზიკურ მომზადებას ვივიწყებდი. სხვათა შორის, სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში სპორტის სხვა სახეობებსაც ვადევნებდი თვალს: მაგალითად, რაგბის, ჰოკეის, კალათბურთს და რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ვცდილობდი, რაღაც კომბინაციები ამ თამაშებიდან ფეხბურთში გადამეტანა.“

უხეში მწვრთნელი ვარ

„საკუთარ თავში ყოველთვის ბევრ ნაკლს ვხედავდი. ამაზე საჯაროდ არასდროს მისაუბრია, მაგრამ ხანდახან ვგრძნობდი, რომ ამის საჭიროებაც დგებოდა. უეცარი აფეთქება ვიცი, ხანდახან ბიჭებთან ურთიერთობაში უხეშიც ვარ, ვერასდროს ვეგუები, როცა ვინმე უგულისყუროდ ვარჯიშობს. ასეთი შეიძლება, საწვრთნელი პროცესიდანაც დავითხოვო...“

გუნდში მერყევი ხასიათები არ მჭირდება.

...1982 წლის გაზაფხულზე თბილისის „დინამოსა” და ლიეჟის „სტანდარდის” ნახევარფინალურ მატჩებს იმ კონკრეტული მომენტისთვის საბჭოთა ფეხბურთის მთავარ მოვლენად განვიხილავდი, მაგრამ მოსკოვში, საფეხბურთო კავშირში ასე არ მიიჩნევდნენ – არგენტინაში დაგეგმილ ამხანაგურ ტურნეში, ოფიციალურ თამაშებამდე, ნაკრებში 7 დინამოელი მიიწვიეს. ამ არაფრის მომცემი შეხვედრებით მხოლოდ „დინამო” დაზარალდა, თუმცა, ცხადია, მხოლოდ არგენტინაში გამოსვლით არ აიხსნება ბელგიელებთან ჩვენი წაგება... 1982 წლის ჩემპიონატის მიწურულს, კიეველებთან იმ ცნობილი მარცხის შემდეგ (16 ნოემბერს 1:5 თბილისში), ბიჭები შინ გავუშვი. ვიფიქრე, ყოველივე, რაც დაგვემართა, სჯობს, მშვიდ ატმოსფეროში გადაიტანონ და გაიაზრონ-მეთქი. სამწუხაროდ, ჩემი გუნდის სამი წევრი სასტუმრო „აჭარის” რესტორანში შევიდა. ეს რომ გავიგე, ძალიან გავბრაზდი. ცხადია, ისინი დაისაჯნენ. რა, სხვანაირად უნდა მოვქცეულიყავი? მათ ეგონათ, რომ ყველაფრის უფლება ჰქონდათ, ეს კი ასე არაა. გუნდში მერყევი ხასიათები არ მჭირდება. არასაიმედო კაცი მინდორზეც არასაიმედო იქნება, ამას კი არასდროს დავუშვებ...“

ასე ფიქრობდნენ

„თბილისში ჩამოსულმა „ვალენსიის” თავკაცმა, მილიან მილიანიჩმა, ასეთი ამბავი მიამბო. როცა ის მადრიდის „რეალს” წვრთნიდა, გუნდმა ერთ-ერთი საერთაშორისო შეხვედრა მოულოდნელად წააგო. მატჩის შემდეგ კლუბის პრეზიდენტმა სანტიაგო ბერნაბეუმ ყველა თავისთან მიიწვია ვახშამზე. ფიქრობდნენ, რომ პრეზიდენტი მთავარ მწვრთნელს დაითხოვდა და ზოგიერთ ფეხბურთელსაც მიაყოლებდა, ბერნაბეუმ კი თქვა: „დღეს თქვენ წააგეთ მატჩი, მაგრამ ვხედავდი, რომ მოგება გინდოდათ და საამისოდ ყველაფერი გააკეთეთ. სწორედ ამიტომ მჯერა თქვენი. ყველანი პრემიას მიიღებთ და ვიმედოვნებ, რომ ამ მარცხს გააანალიზებთ და მომავალში თქვენს გულშემატკივრებს გულს აღარ ატკენთ”. როცა კიეველებთან თბილისში ჩვენთვის უმაგალითო ანგარიშით წავაგეთ, მეგონა, რომ მომდევნო შეხვედრაში ოდესის „ჩერნომორეცთან” გულშემატკივრები აღარ მოვიდოდნენ. ძალიან გამიხარდა, რომ ოდესელებთან „დინამოს” მხარდასაჭერად თითქმის 40 ათასი კაცი შეიკრიბა. მგონი, გუნდმაც შეძლო და მადლობა „გადაუხადა” – ჩვენ ხომ ის თამაში მოვიგეთ!“

დინამოსთვის დანაკლისი

„იჩქარა თუ არა დავით ყიფიანმა ფეხბურთიდან წასვლა? მე ვერ გავკიცხავ მას. ის საკუთარი თავისადმი ძალზე მომთხოვნია და თამაშის დონის დაქვეითება მისთვის ტანჯვა იქნებოდა. სხვა საქმეა, რომ ფეხნატკენ ყიფიანს მეტი შეუძლია, ვიდრე ზოგიერთ სხვა მოთამაშეს ორი ფეხით, მაგრამ აბა, წამით დაფიქრდით, თავად დავითი თუ იქნებოდა კმაყოფილი? ხანდახან სახელის შენარჩუნება უფრო ძნელია, ვიდრე სახელის გათქმა. ყიფიანის პიროვნული მასშტაბი იმ ღირსებამ გამოაჩინა, რომლითაც შეძლო და წავიდა. მისი წასვლა თითოეული დინამოელისთვის დანაკლისი იყო.“

ვინც მომწონდა

„დინამოში” მუშაობისას აღრიცხვაზე მყავდა ყველა, ვინც მომწონდა, ისინიც კი, ვინც ამა თუ იმ მიზეზით საქართველოს ფარგლებს გარეთ მიდიოდა, მაგალითად, სასწავლებლად ან ჯარში. დიღმის ბაზაზე ყოველთვის ვმასპინძლობდით იმ გუნდებს, რომლებიც „სიჭაბუკის” ან „იმედის” თასზე მიემგზავრებოდნენ. ბიჭებს, რომლებიც მომავალ დინამოელებად მოიაზრებოდნენ, ყოველთვის საქმეში ვნახულობდი.“

„ტრიბუნების რეაქცია ცხადია, თამაშზეც აისახება, ვინაიდან შეძახილი, პირველ რიგში, მოთამაშეზე ახდენს გავლენას. ზოგს ჰგონია, რომ ლანძღვა-გინება კარგი ტონია და რადგან ბილეთში ფული გადაიხადა, საკუთარ თავს ყველაფრის უფლება უნდა მისცეს. იცით, ერთმა როყიო სიტყვამაც კი შეიძლება, ისეთ ნოკდაუნში ჩააგდოს რომელიმე ნიჭიერი მოთამაშე, რომ შესაძლებლობები არათუ იმ კონკრეტულ მატჩში, მთელი კარიერის განმავლობაშიც ვეღარ გამოავლინოს. ამიტომ, ქომაგებს დიდი სიფრთხილე მართებთ. ფეხბურთელს ყველამ პატივი უნდა ვცეთ. თუნდაც იმიტომ, რომ მისი საქმე ჩვენთვის სიხარულის მოტანაა. თუ რაღაც არ გამოუვიდა, შეეცადეთ, მასში ადამიანი დაინახოთ და გვერდში დაუდგეთ. თუ ფეხბურთის ადამიანურ არსს არ ჩასწვდი, ვერც ფეხბურთში გაერკვევი.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

20-26 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა