საზოგადოება

რა აკავშირებდა ელისე პატარიძეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმთან და როგორ გახსნა - მან ემიგრაციაში ქართული სტამბა

№5

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 07.02

ელისე პატარიძე
დაკოპირებულია

პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ჟურნალისტი და გამომცემელი ელისე პატარიძე ქუთაისის მახლობლად, სოფელ ნაკარევში დაიბადა. ოთხი წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა. დაობლებული ბავშვის აღზრდაში დედას მაზლიშვილები ეხმარებოდნენ. ახალგაზრდები რევოლუციურ მოძრაობაში იყვნენ ჩაბმული და რადგან პატარა ელისეს გვერდიდან არ იშორებდნენ, ისიც უნებლიეთ ბავშვობიდანვე გახდა მოწმე კაზაკთა დამსჯელი რაზმების არაერთი მხეცური საქციელისა.

ელისე თავდაპირველად სასწავლებლად ჭიათურაში მიაბარეს, მაგრამ უდედოდ ვერ გაძლო და სოფელში გაიქცა. მოგვიანებით დედამ ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში შეიყვანა, სადაც საუკეთესო მოწაფე გახდა. 1917 წელს, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა თბილისის ახლად გახსნილ უნივერსიტეტში, ეკონომიკური განხრით.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი პირველი ყრილობა 1917 წელს შედგა. ელისე პატარიძე ყრილობაზე ბათუმის ოლქიდან წარადგინეს და ახალგაზრდებიდან სწორედ ის აირჩიეს მთავარი კომიტეტის წევრად. ის დიდი ხნის განმავლობაში იყო კომიტეტის მდივანი და ღირსეულად ატარა ეს საპასუხისმგებლო ტვირთი. ესწრებოდა 1919 წლის 12 მარტს მოწვეულ საქართველოს დამფუძნებელი კრების სხდომებს და ანგარიშებს ეროვნულ დემოკრატიული პარტიის მთავარ ორგანოში, გაზეთ „საქართველოში” აქვეყნებდა. ბუნებით ლიდერი იყო, უნივერსიტეტშიც სტუდენტთა კავშირის წევრად აირჩიეს და რითაც კი შეეძლო, აქაც ყველას ეხმარებოდა. პარალელურად, თანამშრომლობდა ეროვნულ-დემოკრატ ახალგაზრდათა ჟურნალ „ახალ ძალაში“.

1918 წელს, ბათუმისთვის წარმოებული ბრძოლების დროს, ელისე პატარიძე უყოყმანოდ წავიდა თურქების წინააღმდეგ საბრძოლველად. წითელი არმიის შემოჭრისას არტილერისტ ილიკო მახარაძის ნაწილში იბრძოდა ტაბახმელასა და კოჯორში. 1921 წელს, საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ, ემიგრაციაში არ წასულა. აქტიურად მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1922-1924 წლებში თანამშრომლობდა ანტიბოლშევიკური აჯანყების ორგანიზატორ საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტთან.

1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ ელისე პატარიძე ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმს შეუერთდა და შალვა ამირეჯიბთან ერთად დატოვა საქართველო. საფრანგეთში, ვალენტინეში ჯერ საავტომობილო ფირმა „პეჟოს“ ქარხანაში ფიზიკურად მუშაობდა, ფრანგულის საკმარისად შესწავლის შემდეგ კი, 1930 წლიდან, „პეჟოს“ პარიზის ბიუროში მსახურობდა.

ელისე პატარიძე ემიგრაციაშიც აქტიურ საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ საქმიანობას ეწეოდა. მისი დამსახურებაა, რომ ვალენტინეში ამოქმედდა ქართული სტამბა. მან ეს საქმე დიმიტრი სინჯიკაშვილთან ერთად გააკეთა. ამ სტამბაში არაერთი წიგნი და ჟურნალი გამოიცა: ქართული კალენდარი, ალექსანდრე ასათიანისა და ზურაბ ავალიშვილის წიგნები, აქვე იბეჭდებოდა „სამშობლო” და „მხედარი”.

ელისე პატარიძე პარიზის წმინდა ნინოს ქართული ეკლესიის ერთ–ერთი დამაარსებელი და სამრევლო საბჭოს მდივანი იყო. გარკვეული ხნით თავმჯდომარეობდა ქართულ სათვისტომოს. ლევან ზურაბიშვილთან ერთად დააარსა „ქართული ეროვნული ცენტრი”. 1949 წლიდან ხელმძღვანელობდა ჟურნალ „ივერიას“. 1953 წლიდან ის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე იყო. გარკვეული პერიოდი უცხოეთში მოღვაწე ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირსაც თავმჯდომარეობდა.

ელისე პატარიძის ინტენსიური ჟურნალისტური მოღვაწეობა 1929 წელს ჟურნალ „სამშობლოს” ფურცლებზე დაიწყო. წერდა პოლიტიკურ და ისტორიულ სტატიებს. პუბლიცისტური წერილების გარდა, ამავე პერიოდში გამოქვეყნდა მისი წიგნი: „დემოკრატიზმი”. ახალი ეტაპი მის ჟურნალისტურ ცხოვრებაში 1949 წელს, „ივერიის” დაარსების დღიდან დადგა. ელისე იყო ამ საქმის სული და გული. ის აგვარებდა ფინანსურსა თუ ტექნიკურ მხარეს, სარედაქციო და საგამომცემლო საქმეებს. სწორედ ამიტომ, ამ ჟურნალის გამოცემა მუდამ მის სახელთან იქნება დაკავშირებული.

ელისე პატარიძე 79 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა. დაკრძალულია ლევილში.

უცხოეთში მან არაჩვეულებრივი ქართული ოჯახი შექმნა. მისი მეუღლე გახლდათ – თამარ ალშიბაია, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა: თინა და ტყუპები – გულნარა და ოთარი.

ელისეს ემიგრაციაში წასვლამდეც ჰყავდა ცოლ-შვილი. მისმა პირველმა მეუღლემ, სოფიო გიორგაძემ, უცხოეთში წასვლაზე უარი თქვა და პატარა ვაჟთან ერთად საქართველოში დარჩა. გასაკვირი სულაც არაა, რომ მათ საბჭოთა რეპრესიების მძიმე გზა გამოიარეს. 1950-იან წლებში ყაზახეთშიც იყვნენ გადასახლებული. 60-იანი წლებიდან ოდნავ შვებით ამოისუნთქეს, არჩილ პატარიძე საქართველოს დამსახურებული ექიმი გახდა და თბილისის ერთ–ერთი მსხვილი, რესპუბლიკური გაერთიანების მთავარ ექიმად მუშაობდა.

80-იანი წლებიდან და–ძმებმა ერთმანეთთან დაკავშირება შეძლეს. ოთარ პატარიძე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს ერთ–ერთი ხელმძღვანელია. გულნარა პატარიძე-ურატაძისა ცნობილი ჟურნალისტი გახდა და 1986 წლიდან გარდაცვალებამდე რადიო „თავისუფლების” ქართული რედაქციის დირექტორი იყო მიუნხენში.

ელისე პატარიძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი ცენტრს მისმა ვაჟმა, ოთარ პატარიძემ გადასცა 2007 წელს.

გამოყენებული მასალების წყარო: ქართველები უცხოეთში; შარაძე გურამ. ფრანგული დღიური; wikipedia.org; presa.ge; nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული