პროფესიული განვითარების უმაღლესი სტანდარტი– როგორ ქმნის ბათუმის სამედიცინო აკადემია ახალი თაობის პროფესიონალებს
ავტორი: „თბილისელები“ 10:00
ბათუმის სამედიცინო აკადემია უკვე სამი ათწლეულზე მეტია, რეგიონში პროფესიულ განათლებას ახალ სტანდარტს უწესებს. მეგობრების მიერ შექმნილი პატარა იდეა დროთა განმავლობაში ძლიერ საგანმანათლებლო სივრცედ გადაიქცა, სადაც სწავლება, ინოვაცია და ადამიანებზე ზრუნვა ერთად ქმნის მომავალი სპეციალისტების წარმატების საფუძველს.
დღეს აკადემია განახლებულ ინფრასტრუქტურას, საერთაშორისო პარტნიორობებსა და შედეგზე ორიენტირებულ სწავლას აერთიანებს — გარემოს, სადაც ახალგაზრდებს არა მხოლოდ პროფესიის დაუფლების, არამედ საკუთარი ცხოვრების შეცვლის შესაძლებლობა ეძლევათ.
აკადემიის შექმნის და განვითარების საინტერესო ისტორიის, სასწავლო პროგამებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ბათუმის სამედიცინო აკადემიის დირექტორს, ქალბატონს შორენა უზუნაზეს ვესაუბრეთ.
- როგორ შეიქმნა ბათუმის სამედიცინო აკადემია?
შორენა უზუნაძე: ბათუმის სამედიცინო აკადემია 1992 წელს სამმა მეგობარმა დააფუძნა. ისინი იყვნენ ადამიანები, რომელთაც სჯეროდათ, რომ ბათუმს სჭირდებოდა ძლიერი სამედიცინო განათლების ცენტრი. დღეს ჩვენ, მათი მემკვიდრეები, ვაგრძელებთ მათ დაწყებულ დიდ საქმეს — პასუხისმგებლობით, ერთგულებითა და სიყვარულით.
- როგორ ხდება სტუდენტების მიღება?
–სტუდენტთა მიღება ხდება როგორც პროფესიული ტესტირებითა და მოტივაციური გასაუბრებით, ისე შიდა რეგულაციების საფუძველზე უცხოელი სტუდენტებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აკადემიური შედეგი, არამედ მოტივაცია, ადამიანურობა და გულწრფელი სურვილი ემსახურო სხვებს.
- რა პროგრამებზე გაქვთ მიღება?
–აკადემია ახორციელებს შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს: საექთნო განათლება, ფარმაცია (სააფთიაქო ) და კბილის სატექნიკო საქმე. ამასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ ჯანდაცვის მიმართულების ახალ, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ პროგრამებზე.
- რა შეიცვალა თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში?
–ჩემი მმართველობის პერიოდში აკადემიამ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა. განვახორციელეთ ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო რეფორმები, ავამაღლეთ ხარისხის სტანდარტები და გავაფართოვეთ საერთაშორისო პარტნიორობა.
მივიღეთ აშშ საელჩოს ტექნიკური და პროფესიული განათლებისა და სწავლების (TVET) მხარდაჭერით გრანტი, რომლის მიზანია პროფესიული სწავლების სტუდენტების დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობების ხელშეწყობა აჭარის რეგიონში.
გავხდით ცირკულარული ეკონომიკის პლატფორმის წევრი, გავწევრიანდით EFVET-ში (European Forum of Vocational Education and Training), ხოლო ახლახან მოვიპოვეთ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის თანადაფინანსება გაციფრულებისა და HR-ის მიმართულებით. ეს ყველაფერი ჩვენთვის არა მხოლოდ მიღწევაა, არამედ განვითარების მუდმივი სტიმული — ნაბიჯი უკეთესი განათლებისა და სტუდენტებისთვის მეტი შესაძლებლობისკენ.
- როგორი სტატისტიკა არსებობს დასაქმების კუთხით?
–ჩვენი კურსდამთავრებულების დიდი ნაწილი დღეს წარმატებით მუშაობს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში - საავადმყოფოებში, აფთიაქებში, სტომატოლოგიურ კლინიკებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში.
მნიშვნელოვანია, რომ ბევრი მათგანი არა მხოლოდ დასაქმებულია, არამედ აგრძელებს განვითარებას — უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს და საკუთარი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნავს.
აკადემია აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ კლინიკებთან და ფარმაცევტულ ქსელებთან, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, პრაქტიკის ეტაპზევე დაამტკიცონ თავიანთი უნარები და ხშირად სწორედ იქვე მიიღონ დასაქმების შეთავაზება.
ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი პროგრამები შედეგზე ორიენტირებულია — ვამზადებთ პროფესიონალებს, რომლებიც არა მხოლოდ იპოვიან სამუშაოს, არამედ რეალურად ემსახურებიან საზოგადოებას.
- რა უპირატესობებით სარგებლობს აკადემია?
-აკადემიის მთავარი უპირატესობაა ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა. ჩვენთვის სტუდენტი მხოლოდ მოსწავლე კი არა — ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრია. მცირე ჯგუფებში სწავლა, ინდივიდუალური მენტორობა და პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების პროცესი ქმნის ისეთ გარემოს, სადაც სტუდენტი არა მხოლოდ ცოდნას იღებს, არამედ იზრდება პროფესიულად და პიროვნულად.
გარდა სასწავლო პროცესისა, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სტუდენტურ ცხოვრებასაც — აკადემიაში მოქმედებს ფოტომოყვარულთა, კინომოყვარულთა კლუბები და თეატრალური დასი, რაც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, გამოავლინონ თავიანთი შემოქმედებითი მხარე და უფრო მრავალფეროვნად განვითარდნენ.
ჩვენი მიზანია, რომ აკადემია იყოს სივრცე, სადაც განათლება, მეგობრობა და ინოვაცია ერთმანეთს ერწყმის.
- კონკურენციის პირობებში რა ნაბიჯები გადადგით აკადემიის განვითარებისთვის?
-განათლება მუდმივად ცვალებადია, ამიტომ ჩვენც არ ვჩერდებით. შევქმენით გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია, რომელიც ეფუძნება ხარისხის გაუმჯობესებას, ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და საერთაშორისო თანამშრომლობას.
ამ პროცესის მთავარი საყრდენი არის აკადემიის ძლიერი და ერთიანი გუნდი, რომელიც ყოველდღიურად შრომობს იმისთვის, რომ აკადემია წინ მიდიოდეს და ახალგაზრდებს მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ.
გუნდთან ერთად სამუშაო ვიზიტებით ვიყავით ესპანეთში, პოლონეთში, თურქეთში და გერმანიაში, სადაც გავიზიარეთ წამყვანი სასწავლო დაწესებულებების საუკეთესო გამოცდილება. ეს გამოცდილება უკვე წარმატებით ინტეგრირებულია ჩვენს საქმიანობაში და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს აკადემიის განვითარებას.
-წარმატებული კარიერის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის მხარდაჭერა, გაგვაცანით თქვენი ოჯახი...
-ჩემს უკან დგას ჩემი დიდი ოჯახი. ჩემთვის ოჯახი მხოლოდ მეუღლე და შვილები არ არის — ჩემს გვერდით ყოველთვის მედგნენ და მაძლიერებდნენ ჩემი მშობლები, და და ძმა, დედამთილი. მათი მხარდაჭერა ჩემთვის უდიდესი ძალაა.
ჩემს წარმატებაში ლომის წილი აქვს ჩემს ძვირფას მამას, რომელიც ერთი წლის წინ გარდაიცვალა. ის იყო სიძლიერისა და სიმართლის მაგალითი — მან მასწავლა, რომ რა გარემოებაშიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენი საქმე ღირსეულად უნდა ვაკეთოთ და ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას.
ყოველთვის გვერდით მიდგანან და მაძლიერებენ ჩემი ქმარი და სამი უმშვენიერესი შვილი — ისინი ჩემი ყოველდღიური შთაგონების წყაროა.
-როგორია აკადემიის განვითარების სამომავლო ხედვა?
-ჩვენი მიზანია, ბათუმის სამედიცინო აკადემია დარჩეს სივრცედ, სადაც სწავლება, ინოვაცია და ადამიანურობა ერთმანეთს ერწყმის. გვინდა, რომ აკადემიის თითოეული კურსდამთავრებული იყოს პროფესიონალი, რომელსაც ცოდნასთან ერთად გულიც დიდი აქვს — მზად არის ემსახუროს ადამიანებს და საკუთარ ქვეყანას.
სამომავლოდ ვხედავთ აკადემიას, როგორც რეგიონულ ლიდერს პროფესიული განათლების სფეროში — თანამედროვე ინფრასტრუქტურით, საერთაშორისო პარტნიორობითა და სწავლების ინოვაციური მიდგომებით.
ჩვენი მიზანი ერთია — შევქმნათ გარემო, სადაც განათლება ცხოვრების სტილია და თითოეულ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი შრომით შეცვალოს რეალობა უკეთესობისკენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





