საზოგადოება

პროექტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთისგან არ მიიღო, რეალურად გვიბრუნებდა აფხაზეთს

№35

ავტორი: ეკატერინე პატარაია 20:00 06.09

შევრადნაძე
დაკოპირებულია

ჯემალ გახოკიძე: „ალბათ, იცით, გია ჭანტურიას მკვლელობა რასთანაც იყო დაკავშირებული. ჭანტურიას სააშკარაოზე გამოაქვს „მხედრიონის“ საქმიანობა, აკრიტიკებს. ორჯერ თუ სამჯერ ახსენა ჯაბა... არ აპატიეს და არც დიდი ხანი აცდევინეს – მანქანაში ჩაცხრილეს. 

მერე, როცა ეს ყველაფერი დალაგდა, აღმოჩნდა, რომ ძირითადად შვიდი, რვა კაცისგან დატრიალდა ყველაფერი. შემსრულებლებს ვგულისხმობ. მაგალითად, გია ორმა ბორჯომელმა მხედრიონელმა მოკლა, მაგრამ გელაშვილთან იყვნენ დაახლოებული და ეს იქიდან მოდიოდა. ხაბეიშვილიც იმავე სიტუაციაში აღმოჩნდა. როგორც ჩანს, შევარდნაძე და ხაბეიშვილი ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ხაბეიშვილი იკრებდა ძალას. უცხოეთში დადიოდა. სასტუმრო „მეტეხი“ მან ააშენა, მისი დამსახურებაა. ყოველთვის ფიქრობდნენ, რომ თუ ვინმე შევარდნაძეს ფინანსურად დაუდგებოდა გვერდში, ეს ხაბეიშვილი იქნებოდა და ასეც იყო. მას სერიოზული კავშირები ჰქონდა. ინვესტორებს ეძებდა და პოულობდა კიდეც. ხაბეიშვილი მოკლეს. შევარდნაძე წასული იყო უცხოეთში და გაიგო თუ არა, მაშინვე წამოვიდა. წესია, როცა თვითმფრინავი, რომელშიც პრეზიდენტია, აეროპორტში ჯდება, იქ უნდა დახვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი, უშიშროების მინისტრი, უშიშროების საბჭოს მდივანი... ქვეყნის პირველი პირები. კვირაია იყო ჩემთან და მთხოვა, წადი, შენ დახვდიო. ეტყობა, გიორგაძემ ავთო იოსელიანს უთხრა, შენ დახვდიო და მოკლედ, ქვეყნის პირველი პირები არ მოვიდნენ. შევარდნაძეს ეს გამორჩებოდა? ჩამოვიდა. ხელი უნდა ჩამოგვართვას. ნუგზარ საჯაიას ჩამოართვა ხელი. ავთოს ეუბნება: ავთო, ერთი გამაგებინე, თქვენი სამინისტრო უშიშროებისაა თუ საშიშროებისო და ჩვენკენ წამოვიდა. დანარჩენებსაც ჩამოგვართვა ხელი და გაბრაზებული წავიდა. უკვე ხვდებოდა, რომ „მხედრიონი“ და უშიშროება მეტ-ნაკლებად თანამშრომლობდნენ. ჩვენთან – ვერა, ეს არ გამოსდიოდათ. შევარდნაძეს, „მხედრიონის“ სახით, სერიოზული ძალა ჩამოშორდა, გვარდიაც დისტანციაზე დააყენა და ძირითადად, მაინც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეყრდნობოდა. უშიშროებაში ირაკლი ბათიაშვილი გაუშვა. იქიდან საფრთხეს არ ელოდებოდა და ამ თვალსაზრისით მეტ-ნაკლებად ამოისუნთქა. „მხედრიონის“ დაჭერა, კიტოვანის დაჭერა, ყველაფერი ჩვენს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასე ვთქვათ, კისერზე გადავიდა. კიტოვანი მეორედ რომ დაიჭირეს ზესტაფონში, ეს გიორგაძემ ითავა. მართლა, დღემდე არ ვიცი, რატომ? ასეთი მომენტებიც იყო. შევარდნაძის მეორე ტერაქტამდე ქვეყანაში საინტერესო პროცესები მიდის. ერთი სიტყვით, გამოვცოცხლდით, მე უკვე უშიშროებაში გადავედი, კახა შინაგან საქმეთა სამინისტროში დარჩა. 1999 წელს სტამბოლის სამიტი ჩატარდა და ელცინი დაითანხმეს, რომ გაიყვანს ბაზებს საქართველოდან. ამის იურიდიული დოკუმენტი შედგა, თუმცა მოხდა ასეთი რამ: ამ დროს სამიტზე ჩასულია – კლინტონი, შევარდნაძე, ალიევი, ელცინიც... მოკლედ, ელცინი დაითანხმეს, კი ბატონო, ოღონდ უნდა მომხდარიყო ასეთი ჩანაცვლება: სამხედრო გარნიზორების ნაცვლად, თანახმა ვიყავით, ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრები შეგვექმნა ჩვენ და რუსებს ბათუმსა და ახალქალაქში, თუმცა ეს აღარ შესრულდა. მეორე დღეს უნდა მოხდეს ხელმოწერა. ელცინმა დაადო თავი და გაფრინდა. ხელი არ მოუწერია. მე არ ჩავსულვარ სტამბოლში, მაგრამ იქიდან მირეკავენ ირაკლი მენაღარაშვილი, ყველანი... მთელი ამბავია. კლინტონი არ ელოდა ამას. კაცმა სიტყვა მისცა და ხვალ უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება. უთქვამს, მაგ დოკუმენტს მე ხელს არ მოვაწერ. მატვინენკოს მიეცით და ის მოაწერსო. მან მოაწერა ხელი, მაგრამ უფლებამოსილება აქვს პრეზიდენტისგან. ჩვენ იმ პერიოდში დაწყებული გვაქვს ძალიან სერიოზული სამუშაოები ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მიმართულებით, დაცვის სამსახურებს ვეძებთ. პროექტი გაკეთებულია. ფული ნაშოვნია და იწყება მუშაობა. იგივე პროცესი მიდის გაზსადენზე. ბაქო-სუფსის ნავთობსადენის პროექტი თითქმის სრულდება. ეს გადაწყვეტილებები და პროექტები მოგებიანი იყო არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენ საკითხი ეროვნული უსაფრთხოების დონეზე ავიყვანეთ – ასეთი მაგისტრალები სადაც გადის, იქ ომის დაწყებას ვერავინ ბედავს, იმიტომ რომ ამ საქმეში ჩართული ქვეყნები მას ყველანაირად დაიცავენ. ამიტომ, ეს თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის მისწრება იყო. სწორედ ამ მოტივით გაკეთდა ეს პროექტები. სხვათა შორის, მე ვარ ის პიროვნება, რომელმაც ორჯერ ჩავუტანე შევარდნაძის გამოტანებული წერილი ალიევს, მაგრამ რა ეწერა, რა თქმა უნდა, დღემდე არ ვიცი. შევარდნაძემ ამას ალიევთან და თურქეთის პრეზიდენტთან ერთად მოაბა თავი. ეს იყო ძალიან დიდი ნაბიჯი ქვეყნის წარმატებისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად არ უნდოდა ეს რუსეთს, რომ ჩვენთან უშიშროების საბჭოს მდივანი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი შაილო ჩამოვიდა. გვხვდება რამდენიმე კაცს, მათ შორის, თედო ჯაფარიძესაც. გვთავაზობენ ასეთ რამეს: იფიქრეთ, აფხაზეთი ხომ თქვენთვის ყველაფერიაო. მართლაც ყველაფერია. ჩვენ სულ მაგას გავიძახოდით ყოველთვის: აფხაზეთი! აფხაზეთი! აფხაზეთი! გვეუბნება: სუფსის ნავთობსადენი გავაკეთოთ... ოთხი თვეა, ჩვენი პორტი არ მუშაობს და იმ პერიოდში, ვიდრე ამუშავდება, ხომ არ ჯობია, ნავთობმა აქედან იაროსო. ნავთობსადენი რომ აფხაზეთზე გაივლის და თქვენთან შემოვა, ეს, ფაქტობრივად, აფხაზეთის მხრიდან და ჩვენი მხრიდანაც საქართველოს აღიარებას ნიშნავს. ეს თქვენ არ გაინტერესებთ? ამას მერე მოჰყვება მოლაპარაკებები, შერიგებაო... იმ მომენტში ჩვენთვის, მართლაც, მისაღები წინადადება იყო და ძალიან გამიხარდა, მაგრამ, მერე გვეუბნება ასეთ რამეს: იმ პროექტებს თავი დაანებეთო. ჩვენ მაშინვე ვუთხარით, არა! იმიტომ, რომ ვიცოდით, ის დაპირება არ გამოვიდოდა. მერე არაერთხელ მივიღეთ გაფრთხილება, რომ ეს რუსეთის ინტერესებში არ შედის! საელჩოები წერილებს გზავნიდნენ ჩვენთან, რუსეთის ელჩი მოდიოდა, შეხვდებოდა სახელმწიფო მინისტრს, შეხვდებოდა შევარდნაძეს, შემხვდებოდა მე და იმავეს გვეუბნებოდა: რად გინდათ? ჩვენ ხომ საბოლოოდ მაინც უნდა დავმეგობრდეთ, ისევ უნდა აღვადგინოთ ურთიერთობები... მოდი, ერთად გავაკეთოთ კარგი პროექტები, ის, ეს... ასე შეპარვით გველაპარაკებოდნენ. შევარდნაძემ უკან არ დაიხია, არც ალიევმა. მეორე ტერაქტის შემდეგ მოხდა საოცრება. ღამეა (ტერაქტი11:30 მოხდა). შევარნაძესთან ვიმყოფებით მე, კახა თარგამაძე და ვახტანგ ქუთათელაძე. იქ არიან ოჯახის წევრებიც. ტელეფონი არ გაჩერებულა. ურეკავენ, ულოცავენ. უცებ გავარდა ხმა, რომ შევარდნაძე გადარჩა. კარგა ხანი გავიდა. ალბათ, ასე, დილის ხუთი, ექვსი საათია და დარეკა ელცინმა. გამიხარდა გადარჩი, ღმერთი შენკენო... გვესმის ეს ლაპარაკი. ბოლოს ამთავრებს ასე: ძალიან გთხოვ, გაითვალისწინო, დაანებე თავი ამ ბაქო-ჯეიჰანის პროექტს. უბრალოდ, დაივიწყეო. რომ დადო ყურმილი, შევარდნაძემ თქვა: ხედავთ ამას რა აწუხებსო?.. მერე ჩვენ ეს საქმე, (ტერაქტის მიზეზი) კარგად გავხსენით. მე კმაყოფილი ვარ. ამ საქმეზე როგორც გამომძიებელი, ისე ვმუშაობდი. ესენი ყველანი ზვიადისტები იყვნენ, მაგრამ ჩეჩნეთში არაბი ინსტრუქტორის და რუსი გერეუს პოლკოვნიკის, დენიევის მომზადებულები. პატიმრებმა გვითხრეს მისი გვარი. თვეში ერთხელ ჩამოდიოდა და გვასროლინებდა, გვამოწმებდა, გვაგინებდა: ვინ ხართ თქვენ, არ ვარგიხართო. არაბი ინსტრუქტორი კი, საერთოდ, კაცის მკვლელი იყოო... მოკლედ, მოამზადეს ეს ხალხი. ამას დაემატა კიდევ ის, რომ რუსეთმა გაითამაშა ასეთი რამ: შეგვატყობინეს, რომ შევარდნაძეზე შეიძლება ტერაქტი მოხდესო. საიდან, როგორ – ვიკითხეთ. ეგ თქვენ გაარკვიეთო. მერე განხორციელდა კიდეც ეს ტერაქტი. ლარსიდან შემოვიდნენ. ერთი თვე იყვნენ აქ, კარგად განლადგნენ. გოჩა ესებუა იყო ამათი სულის ჩამდგმელი. ფული ჩამოიტანა, დაახლოებით, სამასი ათასი და მერე კიდევ ორასი ათასი დოლარი ზუგდიდში, ბიჭებს დაურიგა, რომ ამ ტერაქტის მერე იქ ბუნტი აეტეხათ. მარტო ტერაქტი კი არ აწყობდათ, შეიარაღებულები უნდა წამოსულიყვნენ თბილისისაკენ და ასე უნდა დაებრუნებინათ გამსახურდიას ხელისუფლება. მერე, ზუგდიდში გოჩას რომ შევხვდი, ყველა კარტი გამიხსნა. იმედია, გურამ აბსნაძეს არ ეწყინება, თუ ვიტყვი. მოსკოვში დიდი ბანკეტია მოწყობილი წინდაწინ, რომ ეს ამბავი მოხდება. ასეთი გამოკვეთილი ლიდერი არავინ ჰყავდათ. არაფერი გამორიცხული არ არის. შეიძლება, სულ სხვა ადამიანზე აკეთებდნენ „სტავკას“. გურამ აბსნაძე იყო, ნემო ბურჭულაძე, გუგუშვილი, გერმანიაში იყო კიდევ რამდენიმე დეპუტატი. ამ საქმეში არცერთი არ მონაწილეობდა. გურამ აბსნაძე აქტიური მონაწილე სხვა მხრივ იყო, ამისთვის ფინანსებიც დახარჯა, იმიტომ რომ არაბ ინსტრუქტორს ბევრი ფული მიჰქონდა. ისე, სმოლენსკში მას ორი დიდი სპირტის ქარხანა ჰქონდა და საკმაოდ დიდი შემოსავალიც. ჭკვიანი კაცია, ბიზნესის საოცარი ნიჭი აქვს. მაშინ სპირტის ქარხნებში დიდი ფული იშოვებოდა. სხვათა შორის, ფილმი გადაიღეს და ინტერვიუ ჩამომართვეს. მკითხეს: აბსნაძე ტერაქტის მონაწილეაო? იურისტი ვარ, გამომძიებელი. სასამართლომ მოუხსნა ეპიზოდი და როგორ ვთქვა, რომ კი, მონაწილეა-მეთქი. თუ მონაწილეა, მაშინ რატომ არ დადგა გამამტყუნებელი დანაშაულიო, არ მკითხავენ? ამიტომ, მოვიქეცი როგორც იურისტი. ვთქვი, რომ იყო რაღაც მასალები, მაგრამ გაქრა და სასამართლომ შეწყვიტა მისი საქმე ამ ნაწილში. ალბათ, სწორად მოიქცა სასამართლო-მეთქი, ვიფიქრე. მერე, ფილმი რომ მაჩვენეს, შევხედე – აბსნაძეს ართმევენ ინტერვიუს და თვითონ ამბობს, მე ვიყავი ხელმძღვანელი, აბა, ვინ იყო და ფულიც მე დავხარჯე ამ საქმეშიო...

„ფეესბეს“ და „გერეუს“ თვალწინ

...გოჩა ესებუა თანამშრომლობს გურამ აბსნაძესთან. გადაწყვიტეს, რომ უნდა მოკლან შევარდნაძე. რანაირად? გურამი ეუბნება: თუ ხალხს იპოვი, მოამზადო ჩეჩნეთში და მერე ეს ჩაატაროთ, მე ყველანაირად ხელს შეგიწყობთო. ჩამოდის გოჩა. 12 კაცს აგროვებს, ზუგდიდელებს და მიჰყავს იქ. არაბი ინსტრუქტორიც მონახეს... ყველაფერი ეს ხდება „ფეესბესა“ და „გერეუს“ თვალწინ მათთან ურთიერთობაში. ისე ვინ გაბედავდა იქ, ამხელა ჯგუფის მომზადებას. ამ დროს მასხადოვია პრეზიდენტი. ჩეჩნეთი ორად არის გაყოფილი. ზოგი იქით არის, ზოგი – აქეთ. ოღონდ მასხადოვის ინტერესებში ეს არ შედიოდა. მან არაფერი იცოდა, დაუმალეს ეს ამბავი. შეწუხდა. ჩამოვიდა აქ, ბოდიშები იხადა. იმ 12 კაცს კი აქ ოთხი ჩეჩენი ახლდა, სულ 16 ჩეჩენი ჩამოვიდა. მოკლედ, კარგად მოემზადნენ. როცა შევარდნაძეზე ტერაქტი მოხდა, მოსკოვის სპეცსამსახურები ჩემზე გამოვიდნენ და მეუბნებოდნენ, რამე დაგვავალე, რომ დაგეხმაროთ, ჩვენ მზად ვართო. მეც გადავწყვიტე, მეთხოვა. შევარდნაძეს ვუთხარი: მოდი, ამ პოლკონიკ დენიევზე ვთხოვ, ვინ არის, რა არის, გავიგებ-მეთქი. დავურეკე „ფეესბეს“ დირექტორს, დამიდგინეთ ეს კაცი ვინ არის-მეთქი. რად გინდაო. მე ვუთხარი, სადღაც გვარი გაჟღერდა და ისე, დამაინტერესა. ჩვენ ხომ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს-მეთქი. ტელეხიდი გავაკეთეთ მე და კოვალიოვმა, „ფეესბეს“ დირექტორმა და მან პირდაპირ მითხრა: ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ნებისმიერ საკითხში, ეს ჩვენთვის პრობლემა არ არის. ნაცნობი გვარია. ყველაფერს დავაზუსტებო. მესამე დღეს დამირეკა: ასეთი არავინ არსებობსო. მოგვატყუა. გადის ოთხი თვე. მასხადოვს მეორე ვადით ირჩევენ. პრეზიდენტობის კანდიდატები გამოჩნდნენ და მათ შორის იყო ეს პოლკოვნიკი დენიევიც. ესე იგი, მაინც როგორი კაცი იყო შევარდნაძე. მე არ მინახავს ეს გადაცემა. თურმე, შევარდნაძეს უნახავს გადაცემა. დამირეკა და მეუბნება: შენ გახსოვს დენიევზე რომ მიყვებოდიო?.. კი, როგორ არ მახსოვს-მეთქი. აბა, ერთი ნახე ეს გადაცემაო. ვნახე და ვხედავ დენიევი პრეზიდენტობის კანდიდატად არის მითითებული, სპეცსამსახურების წარმომადგენელი ცენტრალური აპარატიდან. ერთ კვირაში გააგორეს, ვიღაც სხვა დაჯგუფებამ, რომელიც ვერ იტანდა რუსეთს. იფიქრეს, ალბათ, რუსი გვინდა ახლა პრეზიდენტიო? და მოკლეს. ასე დამთავრდა ეს ამბავი. საბოლოო ჯამში, ამ ტერაქტმა მართლა ძალიან გამოგვაფხიზლა. მე ამერიკაში ჩავედი. თვითონვე მოინდომეს ძალიან. დავსვი საკითხი, თუ თქვენ ისე არ დგვეხმარებით, როგორც წესი და რიგია, შეიძლება, ისევ განმეორდეს ეს ამბავი-მეთქი. ყველაფერი ეს დასტურდება იმით, რომ პირველ რიგში, ელცინმა უთხრა პირდაპირ, მეორე – რუსებმა შემოგვითვალეს: ტერაქტი მზადდება და მიხედეთ თქვენს თავსო, მესამე – თვითონ ტერაქტის მონაწილეები ამბობდნენ – დენიევი იყო „კაგებეს“ პოლკოვნიკი, ის გვამზადებდა. ის რომ უკან, თავის უფროსებთან ბრუნდებოდა, მათ მოახსენებდა ხოლმე, როგორ მიდიოდა მზადებაო. მოკლედ, კარგად იყო ორგანიზებული. ბევრი რამ იყო გათვლილი. ჩვენ ჩეჩნების ერთ ნაწილთან კარგად ვიყავით. თუ ჩეჩნები მიიღებდნენ მონაწილეობას შევარდნაძის მოკვლაში, მაშინ, თავისთავად, ჩვენ ჩეჩნებთან ურთიერთობა გვიფუჭდებოდა. ეს ზვიადისტების ინტერესებშიც შედიოდა. გოჩას რომ ვხვდებოდი და ველაპარაკებოდი, ერთი ორი დღე ჭკუიდან გადამიყვანა, გაიძახოდა: ჩვენ მაინც მოვკლავთ შევარდნაძეს. რა მნიშვნელობა აქვს, ახლა თუ ვერ გავაკეთეთ ესო. ტერაქტის მომდევნო დღეებში ჩვენ აქ ოთხი კაცი დავაკავეთ. გოჩა ესებუას დაკავებაც გვინდა, მაგრამ გაგვეპარა აქედან. ჩავიდა ზუგდიდში. ზუგდიდში მან ოთხი უცხოელი გაეროს დამკვირებელი გაიტაცა და ჯიხასკარში მოკალათდა, თავის ბიჭებთან ერთად. ერთი, ოცდაათი ბიჭი ჰყავდა თან. აი, მაშინ ვხვდებოდი ერთი ერთზე და მივხვდი, რომ იქ არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა. ერთი ორი შეხვედრა ცუდად დავამთავრეთ. იქ მეუბნებოდა სწორედ: მე უნდა მოვკლა შევარდნაძეო. ძმა მოუკლეს მას აქ, პარლამენტის წინ, კიბეებზე. ტყვია მოხვდა იმ დღეს, როცა გამსახურდია წავიდა. გარდაცვლილ ძმას ჯვარი შეხსნა და თან ატარებდა“.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

ეკატერინე პატარაია

იაგო ხვიჩიას გადაცემათა ციკლიდან – „საქართველოს დაბადება“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

2-8 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი