საზოგადოება

ფრიდონ სულაბერიძე: იცხოვრე კაცად, მოიქეცი კაცურად და იყავი ქართველი

№49

ავტორი: ეთო ხურციძე 20:00 13.12, 2021 წელი

ფრიდონ სულაბერიძე
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ ფრიდონ სულაბერიძესთან 👇

სახელი: ფრიდონი.

გვარი: სულაბერიძე.

პროფესია: მოცეკვავე.

– ბავშვობა...

– ძველი ბიჭების რაიონში გავიზარდე – ნახალოვკაში. მამამ ადრე დაგვტოვა და მე და დედა დავრჩით სრულიად მარტო. დედას ყველა იცნობდა და დიდ პატივს სცემდნენ. სამსახურში რომ წავიდოდა ხოლმე, მეზობლები არ მაძლევდნენ უფლებას, „ყომარბაზებთან“ მივსულიყავი და აზარტული თამაშები მესწავლა. მათი დამსახურებით, დღემდე არც ერთი თამაში არ ვიცი. ამით იმის თქმა მინდა, რომ უბანმა მომიარა და იზრუნა, წესიერ კაცად რომ ჩამოვყალიბებულიყავი.

– მშობლების როლი...

– დედა იყო არაჩვეულებრივი პიროვნება, საოცარი ადამიანი, რომელიც ყოველთვის ზრუნავდა ჩემზე. მახსოვს, სამსახურს რომ მორჩებოდა, გარეთ ველოდებოდი ხოლმე და რასაც ჰქვია, მოფრინავდა ჩემთან შესახვედრად. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ საკმაოდ რთული პერიოდი იყო, ხალხს უჭირდა, უმეტესობა შიმშილობდა, მისი დამსახურებით ეს გაჭირვება არ მიგრძნია.

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

– ცეკვა ყოველთვის მომწონდა, უბრალოდ, ასეთ ანსამბლში თუ მოვხვდებოდი, ფიქრადაც არ მქონდა. ავთანდილ თათარაძემ გამიკვილია ეს გზა და მერე მეც მივყევი ამ პროფესიას. მეზობელი მყავდა მიშა მაისურაძე, არაჩვეულებრივი მოცეკვავე, „სუხიშვილების“ სოლისტი და კარგი გარეგნობის კაცი იყო. მისი და მასწავლიდა ფრანგულს და მათთან მივდიოდი ხოლმე ოჯახში. კედელზე მიშას სურათები იყო გაკრული, ზოგი ყაბალახში და ზოგიც სხვადასხვა ფორმაში. ოთახში რომ შევიდოდი, ფრანგული სულ მავიწყდებოდა და სურათებს ვუყურებდი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ცეკვა ბავშვობიდან მომწონდა და ყოველთვის მქონდა ამ პროფესიის მიმართ სიყვარული. მიშა რომ დამინახავდა, ფოტოებს ვათვალიერებდი მეტყოდა: ისწავლე, ისწავლეო. წლების მერე, როცა ჩემი ცეკვა ნახა, გაგიჟდა, ისე მოეწონა და მაშინ თქვა: მე ცეკვას ვუკრძალავდი და თურმე, როგორ ვაშავებდიო.

– პირველი ნაბიჯები ცეკვაში...

– უბანში, სადაც გავიზარდე, არაჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობდნენ – ყველანაირად ვაჟკაცი ბიჭები იყვნენ. ბევრი მათგანი ცეკვავდა. მაშინ პლეხანოვის ცნობილი კლუბიც არსებობდა და უმრავლესობა „სუხიშვილების“ ანსამბლში იყო. მე რომ ცეკვა დავიწყე და ამ ბიჭებმა გაიგეს, ხუმრობით მითხრეს: შენც დაიწყე ცეკვაო. გულწრფელად ვამბობ, არ მწყენია მათი დამოკიდებულება, პირიქით, სტიმული მომეცა და შევუდექი შრომას. ცეკვა ურთულესი რამაა, თუ გინდა, პროფესიონალი გახდე, ბევრი უნდა იშრომო. ეს კარგად ვიცოდი და შრომაც არ მეზარებოდა, ამიტომ ბევრს ვვარჯიშობდი. დავამთავრე ქორეოგრაფიული განყოფილება, არაჩვეულებრივი პედაგოგი მყავდა – ავთანდილ თათარაძე, რომელმაც შემასწავლა ყველაფერი, რაც კი ამ სფეროსთან არის დაკავშირებული. შემდეგ ვიყავი სოლისტი და ერთ-ერთ კონკურსზე გავიმარჯვე, სადაც ჟიურის თავმჯდომარე თავად ილიკო სუხიშვილი გახლდათ. რაღაც პერიოდის მერე ქუჩაში ილიკო შემხვდა და მკითხა: შვილო, რას შვრებიო. ფინეთში მივდივარ-მეთქი, ვუპასუხე. მან კიდევ მითხრა, რა გინდა ფინეთში, ანსამბლში მოდი და მთელ მსოფლიოს მოივლიო. მეც მივედი და მაშინ დაიწყო ჩემი პროფესიონალური მოღვაწეობა „სუხიშვილებში“. ქალბატონი ნინო, რომელიც ქართული ცეკვის დედოფალი იყო და ილიკო სუხიშვილი არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, მათ ხელში მოვხვდი და აქედან დაიწყო ყველაფერი.

– ჩემი პროფესია განაპირობა...

– დედაჩემი იყო თვითნასწავლი მოცეკვავე, მეგრელი გახლდათ, ნადია ჟვანია. აბაშაში ეწყობოდა ხოლმე შეკრებები და რომ გამოდიოდა, საოცრად ცეკვავდა, ძალიან იხდენდა. როცა პატარა ვიყავი, მან მასწავლა რამდენიმე ილეთი, მათ შორის ქართულის გასმა. ძალიან უნდოდა, მოცეკვავე ვყოფილიყავი და ნაწილობრივ მისი გავლენაც იყო, თუმცა არ ეგონა, თუ საბოლოოდ ამ სფეროს ავირჩევდი და გავყვებოდი.

– ადამიანში ვაფასებ...

– პატიოსნებასა და წესიერებას. მგონია, ეს ორი ყველაზე ღირსეული თვისებაა ადამიანში. უდიდეს პატივს ვცემ კაცს, რომელიც ჩამოყალიბებულია, უყვარს თავისი სამშობლო, ხალხი, ოჯახი და მეგობრები. კიდევ, ტრადიციული ადამიანები მიყვარს და ვთვლი, რომ ყველა ქართველი ტრადიციული უნდა იყოს. ასეთ ხალხს ნამდვილად ვაფასებ.

– ვრისკავ...

– მშიშარა არასდროს ვყოფილვარ, ყველაფერზე მივდიოდი, თუ ვიცოდი, კარგი საქმე იყო. ბუნებრივია, შეიძლება, რაღაც არ გამომსვლოდა, მაგრამ არასდროს ვნებდებოდი, ყოველთვის ბევრს ვშრომობდი და ვიბრძოდი მიზნის მისაღწევად.

– ბედისწერა...

– მჯერა, რომ არსებობს. გარკვეული მიზეზების გამო ჩემს ბედისწერაზე ვერ ვისაუბრებ... მგონია, რაც აწერია ადამიანს, არ ასცდება, წინასწარ არის რაღაცები განსაზღვრული, მათ შორის ისიც, თუ როგორ წავა შენი ცხოვრება.

– ღმერთის ჩემეული აღქმა...

– ღმერთი უნდა გწამდეს და გიყვარდეს, მასთან უნდა იყო პირნათელი და მართალი. უფალი საოცრებაა და მის გარეშე არ უნდა იცხოვრო, ღმერთი გეხმარება იმაში, რომ სწორ გზაზე დადგე. ცხოვრება ურთულესი რამაა. ამ რთულ ყოფას კი ადამიანს მასთან სიახლოვე უმარტივებს.

– ვერიდები...

– ცუდ ადამიანებს, უვარგის ხალხს. არ მაქვს სურვილი მათთან შეხვედრის, საუბრისა და ზოგადად, ურთიერთობის.

– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისია...

– რთულია ამ საკითხზე საუბარი. დროსთან ერთად ბევრი რამ იცვლება. ახლა ისეთი დრო მოვიდა, ყველას ვეღარ ენდობი და ვერ გექნება ახლო ურთიერთობა. ადრე სხვანაირი ადამიანები იყვნენ, სულ სხვა ხასიათით – საოცარი სითბოსა და სიყვარულის მატარებლები. ქალაქში რომ გამოვიდოდი, იმდენი ნაცნობი მხვდებოდა, ისე მოგესალმებოდნენ, მოგიკითხავდნენ, მოგეფერებოდნენ... ახლა ეს დამოკიდებულება დაიკარგა. სად წავიდნენ ეს ადამიანები, არ ვიცი. დღეს ქუჩაში რომ გამოხვალ, შეიძლება, ნაცნობი სულ არ შეგხვდეს.

– სიყვარული არის...

– ყველაფერი, მის გარეშე სიცოცხლე არაფერია. თუ არ გიყვარს ძალიან რთულია ცხოვრება. სიყვარული გახარებს, გაკეთილშობილებს და გაცოცხლებს. უსიყვარულო ადამიანი არაფერი არაა. პირადად მე ამ გრძნობის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

– დრო და სიყვარული...

– თუ გიყვარს, ეს გრძნობა ყოველდღე ძლიერდება. როცა ოჯახი გაქვს, ყოველდღიურად მის გვერდით ხარ და ერთად გადიხართ ცხოვრების გზას, რა თქმა უნდა, ძლიერდება. ეს არის მაცოცხლებელი გრძნობა.

– მეშინია...

– რომ გითხრათ, რაიმე კონკრეტულის მეშინია – არა, უბრალოდ, მინდა, ყველა ჩემი ახლობელი მყავდეს კარგად და ჯანმრთელად. ისეთი დრო მოვიდა, ჯანმრთელობა ძალიან დავაფასეთ და ყველა მინდა კარგად იყოს. რაც მთავარია, სითბო და სიყვარული გვქონდეს ერთმანეთის მიმართ. სიკეთე უნდა ვთესოთ ადამიანებმა.

– ვნანობ...

– ისე არაა, რომ რამეს ვნანობდე, კარგად მიდის ჩემი ცხოვრება, ყველაფერი ისეა, როგორც მინდოდა, ყოფილიყო.

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

– ცუდი რამ მომივიდა, რომლის გახსენებაც არ მინდა. ამ ამბავმა შემცვალა, ნამდვილად შემცვალა...

– არასოდეს დამავიწყდება...

– ჩემთვის ყველაზე მთავარი ხალხის სიყვარულია. გარეთ რომ გავდივარ და ყველა მეფერება, მეკითხებიან: ბატონო ფრიდონ, როგორ ხართო – ეს ყველაზე დიდი ჯილდოა. დაუვიწყარი მოგონებაა ჩემს ცხოვრებაში, როცა „შოთა რუსთაველის პრემია“ მივიღე.

– თავისუფლება არის...

– ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი რამ. თავისუფალი უნდა იყო შინაგანად. მასზე კარგი და ძვირფასი არაფერია.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– ჩემი უსაყვარლესი ადამიანის, ავთანდილ თათარაძის რჩევა მახსოვს. ყოველთვის მეუბნებოდა: იცხოვრე კაცად, მოიქეცი კაცურად და იყავი ქართველი. მთელი ცხოვრება მომყვება ეს სიტყვები და მაქსიმალურად შევეცადე, ყოველთვის ყველგან გამეთვალისწინებინა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი