საზოგადოება

პაატა ბურჭულაძე: თმას ვიჭრი მხოლოდ იმ დღეს, როდესაც ეს შეიძლება ვარსკვლავების მიხედვით

№5

ავტორი: ეკატერინე პატარაია 22:00 07.02, 2023 წელი

პაატა ბურჭულაძე
დაკოპირებულია

პაატა ბურჭულაძე – მასზე რა შეგვიძლია ისეთი ვთქვათ, რაც არ ითქვა, დაიწერა. ამიტომ, რეგალიებს არ ჩამოვთვლი. მხოლოდ ერთს ვიტყვი: ალბათ, ადვილი არაა ამ ცხოვრებაში, როცა სიძულვილი და აგრესია ასე სჭარბობს, ბოლომდე შეინარჩუნო მაღალი რეპუტაცია, თითქმის ნახევარი საუკუნე ერთგულად ემსახურო საკუთარ პროფესიას, მაყურებელს, მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო სცენაზე იდგე წამყვან ვარსკვლავებთან ერთად, მერე ყველა ეს დიდებული პიროვნება გახდეს შენი ნამდვილი მეგობარი, გქონდეს ბევრი საქმიანი თუ არასაქმიანი შეხვედრა, უამრავი რეპეტიცია, დიდი ოჯახი და, ამასთან, იყო დიდი ქველმოქმედი, ყველა ეს ვარსკვლავი შენი უდიდესი პატივისცემის ნიშნად ჩამოდიოდეს ყველა შენ მიერ დაგეგმილ საქველმოქმედო კონცერტზე სრულიად უსასყიდლოდ და აკეთებდეს იმას, რაც შენ გინდა. ადამიანების გულის გასახარად ამაზე მეტი კიდევ რა არის საჭირო? ერთ მხარეს ნასიამოვნები მაყურებელი და მსმენელი, მეორე მხარეს – უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახების, ბავშვების, დედების მადლიერების ცრემლით გაბრწყინებული თვალები და ღიმილი. მასთან ინტერვიუც ასეთ მყუდრო, თბილ გარემოში ჩაიწერა ჩვენთვის საინტერესო კითხვებისდა მიხედვით.

– ბატონო პაატა, აი, დადგა 2023 წელიც. ჯერ ადრეა, ვისაუბროთ ახალ წელზე, თუ ვის რა ცვლილებებს, სიახლეს მოუტანს ცხოვრებაში, სამაგიეროდ, შეგვიძლია, შევაჯამოთ განვლილი წლები, რა ზიანი ან სიხარული მოგვანიჭა ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის წელმა. საერთოდ, რა არის ყოველი ახალი წლის მოსვლა თქვენთვის? რაიმე შიშის, კარგის მოტანის მოლოდინის თუ სხვა განცდებს აღძრავს?

– საერთოდ, ძალიან მიყვარს ახალი წელი, ჩემი დაბადების დღე. ზოგი რომ ამბობს, რა არის ეს დაბადების დღე? ერთი წელი მოგემატა, რა უნდა გიხაროდესო. პირიქით მგონია. ღმერთს მადლობა, რომ კიდევ ერთი წელი მოგვცა და კიდევ გაძლევს საშუალებას, რომ იცხოვრო ამ ქვეყანაზე. ცხოვრება, მიუხედავად სირთულეებისა, მაინც მშვენიერია, ყველას გვეხალისება. არავის უნდა მისი დატოვება. ამიტომ, ახალი წელიც იგივენაირად სასიამოვნოა ჩემთვის, როგორც დაბადების დღე.

– და მაინც, რა იყო გასული ბოლო ოთხი-ხუთი წელი თქვენთვის?

– ჩემთვის გასული წელიც კარგი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ცუდიც მოხდა, უახლოესი მეგობარი დავკარგე, მაგრამ თვითონ წელი კარგი და მნიშვნელოვანი იყო.

– ბოლო წლებში ვიგულისხმე თქვენი გახმაურებული ამბავი ფონდთან დაკავშირებით.

– რაც შეეხება წინა წლებს, ჩემთან მიმართებაში რაც იყო, მთელი ეს სიბინძურე... რას ვიზამთ, უნდა მივეჩვიოთ ერთ რამეს – როდესაც ოლიგარქიულ ქვეყანაში ცხოვრობ, სადღაც ჩირქს მოგცხებენ. ასე მხოლოდ საქართველოში არ არის, ყველგან ხდება, სადაც დიქტატორული რეჟიმია. ცდილობენ, ვისაც ქვეყანაში კარგი რამ გაუკეთებია, ტალახი ესროლონ, ვითომ ის კარგი მოსყიდული იყო, ან შავი ფული გააკეთა, ან, რა ვიცი, რაღაც საშინელება უნდა მოიფიქრონ. მე ვიყავი პირველი, ვისზეც ეს მოისინჯა და სხვათა შორის, უნდა გითხრათ, კარგად გამოუვიდათ. ჩემთვის ეს არ იყო დიდი მოულოდნელობა, რომ რაღაც სიბინძურეს მომიგონებდნენ, მაგრამ იმას, რომ თურმე, მე მშიერი, უსახლკარო ბავშვების ყულაბებიდან ხურდა ფულს ვითვისებდი, ნამდვილად არ ველოდი.

– რა გააკეთეთ ასეთი, ბატონო პაატა?

– ჩემს ცხოვრებაში რაღაც ისეთი მართლა მაქვს გაკეთებული, რითაც შემიძლია ვიამაყო. ბოდიში, ამას ხმამაღლა რომ ვამბობ, მაგრამ რეალობა ასეთია. ეს არის ჩემი სასიმღერო კარიერა, ფონდი „იავნანა“, რომელმაც სასწაული გააკეთა, ხალხი გააერთიანა, ეს არის „ივერიის“ ფონდი, რომელმაც მახათას მთაზე უნიკალური ტაძარი ააგო და კიდევ უფრო საამაყო, რაც მაქვს, არის ის, რომ როდესაც ივანიშვილი თავისთან მეპატიჟებოდა, რათა სულ მის გვერდით ვყოფილიყავი, გვერდში არ დავუდექი. თითქოს ღმერთმა გადამარჩინა! მიუხედავად მისი დაპირებებისა, შემოთავაზებებისა, არაფერი გამოუვიდა. აი, ესაა ჩემი ყველაზე დიდი დამსახურება. დღეს ვინც ბოლომდე მის გვერდშია, ისინიც ძალიან ინანებენ, მის მატარებელში მოხვედრას.

– ამ ამბავმა როგორ იმოქმედა თქვენს კარიერაზე, თქვენს თბილისელ და უცხოელ მეგობრებთან ურთიერთობაზე?

– მართლაც რთული პერიოდი იყო. მაგალითად, მე ლონდონში ვარ, რეპეტიციები მაქვს. ყოველთვის ვეცნობი ახალ ამბებს. „ინტერპრესნიუსის“ გვერდზე შევდივარ და ვკითხულობ: დღეს, საღამოს 6 საათზე, პაატა ბურჭულაძე დაბარებულია პროკურატურაში. წარმოიდგინეთ!

– ალბათ, როგორი უსიამოვნოა.

– უსიამოვნო? უსიამოვნო კი არა, ეს არის საშინელება. მეტს გეტყვით. მაგალითად, „მეტროპოლიტენში“ ან „ლა სკალაში“... სადაც არ გამოვდიოდი, აუცილებლად ვიღაც რეკავდა (ვინც რეკავდა, გასაგებია) და ამბობდა, რომ ჩემთან ინტერვიუს ჩაწერა უნდოდა. რომ ეკითხებოდნენ, ვინ ბრძანდებით, რაზე გინდათ ინტერვიუ, ასე პასუხობდნენ: იცით, რა, ჩვენ საქართველოდან ვრეკავთ, პაატას 7-იდან 11- წლამდე ციხე ელოდებაო და ... ესე იგი, საქმის კურსში აყენებდნენ.

ძალიან ძნელი მომენტები იყო. ხანდახან ვფიქრობ, რომ ბოროტება უნდა მიუშვა. არც უნდა ებრძოლო. აი, ხომ ხედავთ, მივუშვი. თავის მართლება იმაზე, რაზედაც მე ბრალს მდებდნენ, არის აღიარება. ასეთი რამის მტკიცება არ შეიძლება. რაც მთავარია, მათ თავისი საქმე გააკეთეს – ჩირქი მომცხეს და გაჩერდნენ. მორჩა ეს ამბავი. არც აღარავის აინტერესებს. ყველა პროკურატურას ვეკითხებოდით: გვითხარით, ბატონო, თუ რაღაცაში ვარ დამნაშავე, დამსაჯეთ. არავინ არაფერს არ გაურბის. აგერ ვარ. ექვსი წელია, პასუხი ერთი და იგივეა. არც დამნაშავე, არც დაზარალებული, არც მომჩივანი ნაპოვნი არაა, მაგრამ მიმდინარეობს გამოძიება. ვიღაცას ჰგონია, რომ ფონდში ორასი კაცი მუშაობს. არადა სულ 11 კაცი მუშაობს. აქედან ერთი დარაჯია, ერთი მძღოლი, ორი დამლაგებელი. ეს ხალხი უნდა გამოიკითხონ და ამისთვის ექვსი წელია საჭირო, მაგრამ რისი თქმა მინდა, იცით, რომ ამაში თავის მართლება სისულელეა. უნდა მიუშვა. ყველას იმდენი რამე დააბრალეს, დღეს უკვე კაციშვილს აღარ სჯერა ეს სისულელე. საერთოდ, ისეა ეს ცხოვრება მოწყობილი, მაგრამ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე. საქართველოში უკვე მიხვდენენ, რომ ეს იყო ცილისწამება. წინათ ინტერნეტში, პირადში მწერდნენ უსიამოვნო რაღაცებს – ბავშვების ფული მიითვისეო. საზღვარგარეთ ძალიან ძნელია აუხსნა, რომ პროკურატურამ აღძრა შენს წინააღმდეგ საქმე, რომელიც არ არსებობს. ვერ გაიგებენ, იმიტომ რომ იქ ეგეთი რაღაცები არ ხდება. ახლა ველოდები და როგორც კი შეიცვლება მთავრობა, აუცილებლად აღვძრავ საქმეს ცილისწამებაზე. ეს ფონდი მაინც არსებობს, ჩვენ კიდევ ვაკეთებთ და გავაკეთებთ კარგ საქმეებს. 115 სახლის გასაღები გადავეცით მრავალშვილიან ოჯახებს, 110-ზე მეტი ბავშვი დავუბრუნეთ თავის დედას და მამას სახლებში, შვიდი ათასზე მეტ სტუდენტს დავეხმარეთ... მე კი არ გავაკეთე ეს, ეს გავაკეთეთ ჩვენ, ყველამ ერთად, გავერთიანდით ხალხი.

– ამის გამო თქვენს შემოქმედებით გზაზე ბევრი სანერვიულო შეგხვდათ, რა გავლენა იქონია ამან პირადში? რამდენია ასე, როცა სამსახურიდან შინ სულ გაღიზიანებული ბრუნდება და ოჯახის წევრებთან არ კონტაქტობს ან უხეშად ელაპარაკება. აქვე გკითხავთ, თუ შეცვლიდით რამეს ცხოვრების ამ ეტაპზეც, რადგან თქვენ არაერთხელ დაოჯახდით.

– რა თქმა უნდა, როგორც ყველას, პირად ცხოვრებაში მეც მქონია რთული პერიოდი, მაგრამ რომ გითხრათ, რამეს შევცვლიდი-მეთქი, ნამდვილად არა. ყველაფერს ზუსტად ისე გავაკეთებდი, როგორც მაშინ. შესაძლოა, რაღაც დიდი შეცდომა დავუშვი, მაგრამ იმ დიდ შეცდომას სპეციალურად ხომ არ ვუშვებდი. მოხდა ასე. შეცდომების გარეშე ადამიანი ხომ არ არსებობს. მოვიყვანე ცოლი და გავშორდი, მაგრამ ისე ხომ არ მოვიყვანე, მიყვარდა და მოვიყვანე. ეს ცხოვრებაა. ხან ისე იქნება, ხან ასე. მაგალითად, ჩემს ახლანდელ მეუღლესთან, ანჟელასთან ერთად 28 წელია ვარ. მე ვფიქრობ ადამიანი უნდა დაღვინდეს და მერე მოიყვანოს ცოლი. ახლა ასე ვფიქრობ, მაგრამ ახალგაზრდა რომ ხარ, 16, 17 წლის ბიჭი, არაფერზე ფიქრობ. მოგწონს, გიყვარს, თავბრუ გეხვევა, გაიპარე, გამოიპარე... სულ ესაა.

– ზოდიაქოს ნიშნით ვინ ხართ? ეზოთერიკა თუ გაინტერესებთ, ვარსკვლავები, ნიშნები?

– ზოდიაქოს ნიშნით მერწყული ვარ. ყურადღებას ვაქცევ, კი. მაგალითად, თმას ვიკრეჭ მხოლოდ იმ დღეს, როდესაც ვიცი, რომ ვარსკვლავების მიხედვით, ეს შეიძლება. ვკითხულობ, როდის არის კარგი და როდის – ცუდი დღე. რაც მე მჭირდება იმას ვკითხულობ, ცოტა ძნელი იყო ბოლომდე ჩაწვდომა, ბოლომდე არც მაინტერესებს, მაგრამ მაინც.

– თქვენ „ფეისბუქის“ აქტიური მომხმარებელი ხართ. კარგად აითვისეთ ინტერნეტსივრცე?

– „ფეისბუქიც“ და „ინსტაგრამიც“ მაინტერესებს, მჭირდება, ტელეფონშიც კარგად ვერკვევი. რაც მაინტერესებს და რამდენადაც მჭირდება ავითვისე და მაქვს. ამ ყველაფრის ერთად ათვისებას, ახალ ტექნოლოგიებში გარკვევას, ერთი ინსტიტუტის დამთავრება სჭირდება.

– სახლში როგორი ხართ? ერთი მთლიანი დღე რომ ავიღოთ.

– ხანდახან არის ასეთი დღეც. იშვიათად, მაგრამ არის. ამ დროს აბსოლუტურად ვისვენებ, არც კომპიუტერი, არც ტელეფონი. საერთოდ, კვირაში ერთი დღე აუცილებელია, დაფიქრდე, რამე შეცდომას ხომ არ უშვებ...

– არის რამე ისეთი, რაც გინდოდათ და არ ან ვერ აისრულეთ?

– მე სიმღერაც არ მინდოდა, შემთხვევით მოვხვდი. ჩემს მშობლებს რომ არ დაეძალებინათ, კონსერვატორიაში არ ჩავაბარებდი. მერე მომეწონა. სცენა როგორი რაღაც არის, იცით? ერთხელ ტაშს რომ დაგიკრავენ, მერე იქიდან ვეღარ მიდიხარ. მამაჩემისა და დედაჩემის ხათრით ჩავაბარე კონსერვატორიაში.

– შეიძლება ეს კითხვა უადგილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ როგორ ცხოვრობთ, როგორია თქვენი ყოფა?

– მე მთელი ცხოვრება ისე ვიცხოვრე, ახლა უკვე მაქვს იმის საშუალება, რომ ნორმალურად ვიცხოვრო აქაც და უცხოეთშიც. 45 წლის სტაჟი მაქვს, ისე ხომ არ ჩაუვლია ამ ყველაფერს, მაღალი ჰონორარებითა და ყველაფრით... პენსია ჯერ არ მეკუთვნის. კონსერვატორიის პროფესორი ვარ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა