საზოგადოება

პაატა ბურჭულაძე: ისეთი შეყვარებული ვიყავი, სიმღერაც კი მიჭირდა

№53

ავტორი: ეკა პატარაია 22:00 04.01

პაატა ბურჭულაძე
დაკოპირებულია

  რომ არა პაატა ბურჭულაძე, საქართველო ვერასდროს იხილავდა მსოფლიო საოპერო ვარსკვლავებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დიდ სცენაზე თუ ბათუმის სცენაზე, ვერასოდეს მიიღებდნენ ის მრავალშვილიანი, სიღარიბეში მყოფი, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები სანუკვარ თბილ სახლს. „მე მინდა, მქონდეს თბილი სახლი“ – ეს პაატა ბურჭულაძის ცხოვრებაა სხვის ცხოვრებაში. თუმცა მსოფლიო ბანი ,,თბილისელებთან"  ექსკლუზიურ ინტერვიუში მსოფლიო შემოქმედებით მხარეზე ნაკლებად მოგიყვებათ. ჩვენ მას უფრო პირადი ცხოვრების კუთხით გაგაცნობთ ახლოს. 

– ბატონო პაატა, მინდა, გაიხსენოთ თქვენი ცხოვრების ის მნიშვნელოვანი პერიოდები, სანამ პროფესიულ სცენაზე გამოხვიდოდით. ვინ იყავით, რით იყავით გატაცებული, რა ინტერესები გქონდათ? როგორც ვიცი, საერთოდ არ გინდოდათ ოპერის მომღერლობა.
– ჩემს დროს მუსიკაზე სიარული არ ითვლებოდა „კაცურ“ საქმედ, ამიტომ არც ერთ ჩემს თანატოლს არ უნდოდა მომღერლობა. სკოლა რომ დავამთავრე, მხოლოდ დედაჩემის დიდი თხოვნის გამო გავედი კონსერვატორიაში გამოცდაზე. მამაჩემი კი მანქანას შემპირდა, თუ კონსერვატორიაში ჩავაბარებდი. ჩავაბარე, მაგრამ პარალელურად, სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტიც გავხდი, სადაც სწავლა ბევრად პრესტიჟულ და კაცურ საქმედ მიმაჩნდა. რაც შეეხება კარიერას. პირველი წარმატება ჩემს პედაგოგს დიზი ხელაშვილს და კონსერვატორიის სტუდიის სცენაზე პირველ გამოსვლას უკავშირდება გუნოს „ფაუსტში“. შემდეგ იყო პირველი პრემია ჩაიკოვსკის კონკურსზე, „ვერდის ხმებში“ გამარჯვება და ბევრი სხვა. ორი უდიდესი მუსიკოსი და პიროვნება, ვინც გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში, იყვნენ ჰერბერტ ფონ კარაიანი და ლუჩანო პავაროტი. ლუჩანომ წამიყვანა პირველად ამერიკის გასტროლზე, მასთან ერთად ვენის ოპერის თეატრშიც დაუვიწყარი სპექტაკლები ვიმღერე „ლუიზა მილერში“, ლიბრეტოს მიხედვით, ლუჩანოს მამის პარტიას ვასრულებდი.
– ყველა წარმატებული მამაკაცის ან ქალის უკან დგას ისეთი პირადი ცხოვრება, რამაც მის პროფესიულ საქმიანობაში ძალიან დიდი როლი ითამაშა, ჩამოაყალიბა ნამდვილ პიროვნებად, ზოგჯერ პირიქით – წარუმატებლობა ცუდი პირადი ცხოვრებიდან მოდის. თქვენს შემთხვევაში რა და როგორ მიხდა?
– ორი ძალიან მნიშვნელოვანი ქალი მედგა გვერდით, ბებია – მარიამ ბურჭულაძე, რომელიც 22 წელი იყო განათლების მინისტრის მოადგილე (სხვათა შორის, მაშინ მინისტრებად მხოლოდ პარტიული მუშაკები ინიშნებოდნენ, მაგრამ ბებია ისეთი პედაგოგი იყო და პროფესიონალი, რომ სიცოცხლის ბოლომდე, ოთხმოც წელს გადაცილებულიც ამ სფეროში და თანამდებობაზე მუშაობდა) და ასევე მთავარი ადამიანი, ვინც, მგონი, ჩემი დაბადებითანავე გადაწყვიტა, რომ მომღერალი უნდა ვყოფილიყავი, დედა – ნუნუ ჭანტურიძე.
– „ჭრიჭინა“ გამახსენდა, მისი სიმღერის ჩასაწერად რომ მივლენ მიკროფონით და ის, სიმღერის ნაცვლად ლაპარაკს იწყებს. დედა, ბებია... არაჩვეულებრივია, მაგრამ პირადი ცხოვრება რომ ვახსენე, ბატონო პაატა, აქ სხვა ქალი ვიგულისხმე. ქალს შეუძლია ააშენოს კაცის პირადი ცხოვრება და კარიერა ან პირიქით – ორივე ერთნაირად დაანგრიოს.
– ასეთი შემთხვევაც ყოფილა, კი ბატონო. ერთხელ ისეთი შეყვარებული ვიყავი, სიმღერაც კი მიჭირდა, ვერაფერზე ვკონცენტრირდებოდი. ოღონდ, ნუ მკითხავთ, ვინ იყო ის ქალი. ცოტა დიდხანს რომ გაგრძელებულიყო ის მდგომარეობა, არავინ იცის, საერთოდ იქნებოდა თუ არა სცენა და ჩემი მომავალი.
წარმოგიდგენიათ ქალის გარეშე ცხოვრება? ძალიან ბევრი ქართველი კაცი ვიცი, ვინც ნანობს ცოლის მოყვანას, უფრო სწორად, თავბედს იწყევლის, ხმამაღლა თუ არა, თავისთვის, გულში. იშვიათი შემთხვევაა, კაცი ცოლის შერთვით ფრთებგამოსხმული დადიოდეს. აი, თქვენ ხომ რამდენიმე ქორწინება გქონდათ...
– იცით, ვიღაცებისთვის, უცოლო კაცი უფრო გემრიელად ცხოვრობს.
– მართალია, კაცის გული კუჭზე გადისო?
– ეგ არ ვიცი, მაგრამ ჩემი მეუღლე ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს სწორ კვებას და არა მარტო ჩემი. არადა, ერთდროულად გემრიელიც და სასარგებლოც, იშვიათია. კაცებს ხშირად გვიწევს მეუღლეების რეკომენდაციების გათვალისწინება, ცხადია, ისევ ჩვენი ჯანმრთელობის გამო, მაგრამ გემრიელ ჭამასა და მოლხენას რა სჯობს?! ამის მერე გალაღება და თავისუფლებაც რაღად უნდა კაცს? საბოლოოდ, ყველა გზა მაინც საყვარელი მეუღლის აღმოჩენამდე მიდის.
– გიფიქრიათ, რომ არა მომღერალი, ვინ შეიძლებოდა, ყოფილიყავით, როგორ გაგრძელდებოდა თქვენი ცხოვრება მით უმეტეს, საქართველოში რომ დარჩენილიყავით?
– რომ არა მომღერალი, მაშინ არ ვიცი, ვინ შეიძლებოდა, ვყოფილიყავი, თუმცა, როგორც გითხარით, კონსერვატორიის პარალელურად; სამშენებლო ფაკულტეტზეც ვსწავლობდი. ყველა ბიჭისთვის მამა ხომ ავტორიტეტია და მამაჩემი – შუქურა ბურჭულაძე, პროფესორი და კვლევითი ინსიტუტის განყოფილების გამგე გახლდათ, რაღაც პერიოდი ლექციებსაც კი მიკითხავდა, რაც ძალიან მომწონდა. ახლა რომ მანდ ვიყო... შეუძლებლად მიმაჩნია, ამ ხელისუფლების ხელში, რაიმე განვითარდეს, რადგან მათი მთავარი ორიენტირი ქვეყანაში სიძულვილის გაღვივებაა. ქართველ ხალხს წარსულით ცხოვრებას აიძულებენ. ეს დიდი ბოროტებაა, არ შეიძლება, ადამიანებს მომავალი მოჰპარო. იმის ნაცვლად, რომ წინ ახედებდნენ და საიმედო გეგმებს უსახავდნენ, მათ წარსულში აბრუნებენ, ქართველებს შორის ზიზღს სთესენ.
– თქვენ ხართ მამაკაცი, რომელიც ძალიან ადვილად იპყრობთ ქალების გულს. თითქმის ყველასთვის მისაღები, ძალიან განათლებული, წარმატებული და საყვარელი პიროვნება ხართ. რომ შეიძლებოდეს, ამ მხრივ, რაიმეს შეცვლა რეალურად, რას შეცვლიდით?
– თუ მართლა მასეა და ყველას მოვწონვარ, მაშინ არაფერს შევცვლიდი. ახალგაზრდობიდან მოყოლებული, მუდმივად იყო ხუმრობის თემა, რომ უფრო მეტად 75-ს გადაცილებული ქალები ხდებოდნენ ჩემი თაყვანისმცემლები. დღემდე ასეა. ნელ-ნელა უკვე მეც ვუახლოვდები მაგ ასაკს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

11-17 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ჯუბა

როგორ უდგას კოვიდპანდემიის დროს ქვეყანას მხარში „ა...